8 ნოემბერი, 2008
მწერალი კოტე ჯანდიერი: "პატრიოტიზმი ეროვნულ და საკაცობრიო კულტურაში უნდა აღმოვაჩინოთ"
"წესიერ, ღირსების მქონე საზოგადოებაში ოპოზიციონერებად წოდებული ადამიანები არ ქეიფობენ ხელისუფლებად წოდებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად; თავისი თავისა და პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტები პაგონებიან დამნაშავეებთან ერთად არ მონაწილეობენ მკვლელობის დაფარვასა და სამხილების ფალსიფიკაციაში; ღირსების მქონე ბიზნესმენები არ იყრიან კენჭს კერძო საკუთრების ხელყოფაში შემჩნეული პარტიის სიით; პატიოსანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან დაკავებული სახელმწიფო ძალმომრეობის გამამართლებელი კანონების მომზადებით და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებთან მორალური ანგარიშსწორებით; ხოლო ელემენტარული პასუხისმგებლობისა და საღი აზრის მქონე მოქალაქეები წაგებული ომის შემდეგ არ ზეიმობენ "სახელოვან და უპრეცედენტო გამარჯვებას".
ვის აზრს უნდა უსმინოს საზოგადოებამ - ყველა ბინძური საშუალებით ლაფშესხმული, "ჩარეცხილი" და მარგინალიზებული ექს-ინტელიგენციის? თუ ამ ახალი "თავისუფალი ინტელექტუალების", რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ნიღაბი ჩამოიხსნეს და თავისი ნამდვილი სახე გვაჩვენეს?" - "მთელ კვირას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრება.
- 7 ნოემბერი საქართველოში, შეიძლება ითქვას, ადამიანებს შორის ურთიერთობის ერთგვარად განმსაზღვრელი თარიღი, წყალგამყოფი გახდა. თქვენ როგორ აღიქვამთ მას?
- პირადად ჩემთვის გასული წლის 7 ნოემბერი არავითარი წყალგამყოფი არ ყოფილა, უბრალოდ, იმ დღეს კიდევ ერთხელ თვალნათლივ დადასტურდა ის, რასაც მე ამ ხელისუფლებაზე ვფიქრობდი 2003 წლიდან მოყოლებული. წყალგამყოფი კი უფრო ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, განსაკუთრებით კი ამ უსინდისო მკვლელობის ბინძური სცენარი იყო. ეს უკანასკნელი უკვე მკვდარი კაცის ხელმეორე, ახლა უკვე მორალურ და სოციალურ მკვლელობას ისახავდა მიზნად. 7 ნოემბერს ჩემთვის არაფერი მოულოდნელი არ მომხდარა, უბრალოდ, თვალნათლივ გამოჩნდა მათი კაცთმოძულების, სიმხდალისა და ძალაუფლებისადმი მანიაკალური ლტოლვის მთელი მასშტაბი. სიმხდალე რა შუაშია? აბა, რა ჰქვია იმას, როცა საკუთარ ხალხთან დიალოგის ნაცვლად ჯარისკაცების, პოლიციელების და პოლიციელებად გადაცმული სადისტების, არაკაცების ზურგს ამოფარებული ჩმახავ რაღაც ავადმყოფურ, თავიდან ბოლომდე სიცრუეზე აგებულ შეთქმულების თეორიებს საკუთარი ბოროტმოქმედების გასამართლებლად.
7 ნოემბრამდე ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდებისაგან დაკომპლექტებული ხელისუფლება გარკვეულ შეცდომებს უშვებს, მერე კი ამ შეცდომების აღიარება უჭირს, მაგრამ ქვეყნის განვითარების ვექტორი მაინც სწორია. იცით რა, ნებისმიერი ნორმალური ადამიანისათვის არავითარი "ვექტორი" აღარ უნდა არსებობდეს, როდესაც კაფეში შელაპარაკების პასუხად საქმეში ერთვება ლამის მთელი სახელმწიფო მანქანა და შედეგად სასტიკად ნაწამები ახალგაზრდა კაცის გვამს ვიღებთ. ვიღაც იტყვის, რომ ასეთი ფაქტები სხვაგანაც ხდება ხოლმე. ჯერ ერთი, ჩვენთვის ვერაფერი ნუგეშია, თუკი ასეთი მხეცობა სხვაგანაც ჩაუდენია რომელიმე თანამდებობის პირს. მაგრამ არც ეს არის მთავარი. ეროვნული მასშტაბის უბედურება იწყება მაშინ, როდესაც ხელისუფლების იატაკის ჩვრად ქცეული სამარცხვინო სასამართლო საერთოდ არ ინტერესდება მკვლელობის დამკვეთთა და ორგანიზატორთა ვინაობით, ხოლო უშუალო შემსრულებლებისათვის მინიმალური სასჯელის დაკისრებას ცდილობს. ასეთ ვითარებაში, ჩვენ უკვე საქმე გვაქვს არა კონკრეტულ ბოროტმოქმედებასთან, არამედ ქვეყნის სათავეში მოკალათებულ ბოროტმოქმედთა ჯგუფთან, რომელიც ხიფათს უქმნის თითოეულ მოქალაქეს და მთელ საზოგადოებას. ეს სახელმწიფო დანაშაულია.
- თქვენ წლების წინ დაწერეთ მოთხრობა - "საოჯახო ქრონიკა". მისი გმირები ერთმანეთთან მხოლოდ წერილებით ურთიერთობენ. ახლა როგორ დაახასიათებთ ქართული საზოგადოების ცხოვრებას? საერთოდ, თქვენი აზრით, რა ღირებულებების მატარებელი ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში?
- ვერ გავკადნიერდები და მთელი ქართული საზოგადოების განსჯას ვერ დავიწყებ, მაგრამ ერთი კი ცხადია: წესიერ, ღირსების მქონე საზოგადოებაში ოპოზიციონერებად წოდებული ადამიანები არ ქეიფობენ ხელისუფლებად წოდებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად; თავისი თავისა და პროფესიის პატივისმცემელი ჟურნალისტები პაგონებიან დამნაშავეებთან ერთად არ მონაწილეობენ მკვლელობის დაფარვასა და სამხილების ფალსიფიკაციაში; ღირსების მქონე ბიზნესმენები არ იყრიან კენჭს კერძო საკუთრების ხელყოფაში შემჩნეული პარტიის სიით; პატიოსანი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან დაკავებული სახელმწიფო ძალმომრეობის გამამართლებელი კანონების მომზადებით და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებთან მორალური ანგარიშსწორებით; ხოლო ელემენტარული პასუხისმგებლობისა და საღი აზრის მქონე მოქალაქეები წაგებული ომის შემდეგ არ ზეიმობენ "სახელოვან და უპრეცედენტო გამარჯვებას". უბედურება ისაა, რომ ყველამ ყველაფერი იცის, ზურგს უკან ამაზე ბევრი, ვითომდა ხელისუფლების მომხრეც ლაპარაკობს, მაგრამ პირადი კეთილდღეობა, ფული, გავლენიან პირებთან ახლობლობა, თანამდებობა და ა.შ. უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე მორალური პრინციპები. სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტი და ზნეობრივი ორიენტირების არარსებობა განსაზღვრავს დღეს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ცნობიერებას.
- თქვენ წერთ სცენარებს ქართული ტელესერიალებისთვის. ვინ უყურებს მას? რა კატეგორიის მაყურებელი? და აქვე: თქვენი აზრით, კინოსცენარი, რომელსაც თქვენ წარადგენთ, ქართულ რეალობას სრულად ასახავს? კონკრეტულად, როგორია ეს რეალობა?
- რეალობას რაც შეეხება, მე მგონი, ამაზე საკმარისად ვილაპარაკეთ. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სრულად ასახავს ამ რეალობას ჩემი და ნუგზარ შატაიძის სცენარით შექმნილი ერთადერთი ქართული სერიალი - "ცხელი ძაღლი", ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობდით, პატიოსნად, შეულამაზებლად აღგვეწერა გარემომცველი სინამდვილე, ადამიანური და პროფესიული ღირსების მქონე პიროვნებათა დაქსაქსული, სპორადული მცდელობა ვითარების შესაცვლელად და სასიკვდილო ხიფათი, რომელიც ასეთი ყაიდის მოქალაქეებს ამ ქვეყანაში ემუქრება. ჩემდა სასიხარულოდ, გამოირკვა, "ცხელ ძაღლს" უყურებს პრაქტიკულად ნებისმიერი კატეგორიის მაყურებელი, მაღაზიის გამყიდველებიდან დაწყებული, ინტელექტუალებით დამთავრებული, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, ისინი მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენენ.
- საინტერესოა თქვენი მოსაზრება: ინტელექტუალური წრეები ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში რა როლს ასრულებენ? კონკრეტულად, ვის აზრს ითვალისწინებს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (კონკრეტულად, როგორია ეს მსოფლმხედველობა)? ვინ არის პროგრესული აზრის მატარებელი და ვრცელდება თუ არა ასეთი მსოფლმხედველობა საზოგადოებაში? თუ ვრცელდება - რა საშუალებებით? თუ ვერ ვრცელდება, რა უშლის ამას ხელს?
- დღეს სიტყვა "ინტელიგენცია", როგორც წესი, უარყოფით კონტექსტში მოიხსენიება ხოლმე. ამას თავისი ობიექტური მიზეზიც აქვს. საქმე ისაა, რომ კომუნისტური მმართველობის ბოლო რამდენიმე ათწლეულში მართლაც ჩამოყალიბდა მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ, პრივილეგირებულ ადამიანთა კასტა, რომლებიც ქმნიდნენ იდეოლოგიურად უხიფათო ინტელექტუალურ პროდუქტს; ხანდახან ზოგიერთი მათგანი პატარა "ცუღლუტობის", ანუ რეჟიმის გაკენწვლის უფლებასაც კი აძლევდა თავს. როგორც წესი, ხელისუფლება ამაზე თვალს ხუჭავდა და კრიტიკულ ვითარებაში თავის სასარგებლოდ იყენებდა ამ ხალხის ავტორიტეტს. თვითმფრინავის გატაცების ამბავი და უკან წაღებული ხელმოწერები ინტელიგენციისა და ხელისუფლების ურთიერთობის ნათელი მაგალითია. ინტელიგენციის ფენაში ისეთი მახინჯი მოვლენის გავრცელება, როგორიცაა მექრთამეობა, ცხადია, მხოლოდ მთავრობის წაყრუების, ხშირ შემთხვევაში კი პირდაპირი წაქეზების პირობებში იყო შესაძლებელი.
თუმცა, ცხადია, არსებობდა არარეკლამირებულ, არატირაჟირებულ პატიოსან მეცნიერთა და ხელოვანთა დიდი რაოდენობა, რომლებიც არ იყვნენ ხელისუფლებასთან ათქვეფილი, მაგრამ ახერხებდნენ თავისი თავის რეალიზაციას და, ამავე დროს, თავიანთი მორალური პრინციპების შენარჩუნებას. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ აპოლიტიკურობის სანაცვლოდ, კომუნისტები ხელს არ უშლიდნენ მათ მონაწილეობას სამეცნიერო და სახელოვნებო საქმიანობაში და უზრუნველყოფდნენ ელემენტალური საყოფაცხოვრებო პირობებით. ისინი პატიოსნად და კვალიფიციურად ასრულებდნენ თავის პროფესიულ მოვალეობას, ქმნიდნენ სამეცნიერო და სახელოვნებო ცენტრებს, ფასდაუდებელი წვლილი შეჰქონდათ ქართული კულტურის განვითარებაში, თუმცა სამოქალაქო ცნობიერებისა და კულტურის ჩამოყალიბების პროცესი რედუცირებული იყო მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამის მიუხედავად, მათ მაინც შეძლეს გარკვეული დაუწერელი მორალური კოდექსის შემუშავება. ასე თუ ისე, მაშინდელ საზოგადოებაში არსებობდა რაღაც, რისი გაკეთებაც სირცხვილი იყო და გარკვეულ საზოგადოებრივ გაკიცხვას იმსახურებდა. განა მაშინ არ იყვნენ ისეთები, ვინც ადამიანებს აბეზღებდა, ქრთამს იღებდა, ან სხვის ინტელექტუალურ პროდუქტს ითვისებდა, მაგრამ არსებობდა ეკოლოგიური ნიშა, სადაც ეს ყველაფერი სირცხვილად ითვლებოდა. და კიდევ, სირცხვილი იყო უწიგნურობა, უვიცობა, უკულტურობა, თავხედობა. დღეს ეს ყველაფერი დაშვებულია.
"ვარდების რევოლუციით" მოსულმა ტიპებმა, "თავისუფლების ინსტიტუტის" "მოღვაწეებმა" და მასთან დაახლოებულმა სუბიექტებმა ინტელიგენცია კანონგარეშე გამოაცხადეს. ყველა ერთიანად, განურჩევლად, განუკითხავად ჩარეცხეს. მათ თქვეს: ჩვენ არ გვჭირდება ინტელიგენცია, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ინტელექტუალები, როგორც ეს მიღებულია თავისუფალ ქვეყნებში. ერთი შეხედვით, ეს თითქოს ნორმალური ამბავია, მაგრამ უბედურება ისაა, რომ თავისუფალ ინტელექტუალებად ადამიანების გამოცხადება-არგამოცხადების საკითხი "ნაცმოძრაობის" ელიტაში და "თავისუფლების ინსტიტუტისა" და მისი მსგავსი რამდენიმე ორგანიზაციის ანალებში წყდება. ეს, ახალი ტიპის "ინტელექტუალები" რამდენად თავისუფალნი არიან, მშვენივრად გამოჩნდა 7 ნოემბერს საღამოს, სახელისუფლებო არხების ეთერში, როდესაც ტელეეკრანიდან ინტელექტუალებად წოდებული პროფესიონალი ცილისმწამებლები და ჯალათები გველაპარაკებოდნენ და მზად იყვნენ, გაემართლებინათ მმართველი ბანდის მხეცობა და უკანონობა. ვის აზრს უნდა უსმინოს საზოგადოებამ - ყველა ბინძური საშუალებით ლაფშესხმული, "ჩარეცხილი" და მარგინალიზებული ექს-ინტელიგენციის? თუ ამ ახალი "თავისუფალი ინტელექტუალების", რომლებმაც უკვე დიდი ხანია, ნიღაბი ჩამოიხსნეს და თავისი ნამდვილი სახე გვაჩვენეს?
- საქართველოში ბევრი ამბობს, რომ მშვიდობა სურს. მაგრამ რიტორიკა, განსაკუთრებით, ტელემედიის საშუალებით გავრცელებული (ანუ, მასაზე გავრცელებული), სრულიად საპირისპირო - მილიტარისტული სულისკვეთების მატარებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები იტყუებიან და ისინი სწორედ ასეთ - ომის, ძალადობის სულისკვეთებას იზიარებენ?
- ვერ დაგეთანხმებით. მე მგონი, საქართველოში არ არსებობს ნორმალური ადამიანი, ვინც ომისა და ძალადობის სულისკვეთებას იზიარებდეს, გარდა იმ აბსულუტური, მაგრამ ძალიან საშიში უმცირესობისა, რომელსაც ესმის, რომ თავისი პოზიციების შენარჩუნებას მხოლოდ ამ პირობებში შეძლებს. უბრალოდ, საზოგადოებაში ფეხმოკიდებული ორმაგი სტანდარტი, შიში ან ნიჰილიზმი აიძულებს, გაჩუმდეს და ყველაფერს შეეგუოს: "მე ეს არ მომწონს, მაგრამ რა ვქნათ, ახლა ასეა საჭირო".
- ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები საქართველოში მუდმივად იმეორებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია ყვავის. პრობლემები კი მოწინავე დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოში კრიზისის საფრთხეს მხოლოდ რუსეთი ქმნის? რუსეთი არის ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს განვითარება და ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება?
- "ქართულ დემოკრატიაზე" კომენტარის გაკეთება ზედმეტად მიმაჩნია. ეს ღია კარის მტვრევაა. ეს რომ დემოკრატიის კარიკატურაა და სხვა არაფერი, თავად სააკაშვილმაც აღიარა. უფრო სწორად, საქართველოს პოლიტიკურმა პარტნიორებმა აიძულეს, გაეკეთებინა ასეთი აღიარება. ტოტალიტარული, მილიტარისტული, ალოგიკური და უმართავი რუსეთის მეზობლობა მოქმედი ვულკანის სიახლოვეს ცხოვრებას ჰგავს. არასდროს არ იცი, რა მორიგი უბედურების წინაშე აღმოჩნდები. ასეთ პირობებში მმართველობა მაინც უნდა იყოს კომპეტენტური, ეფექტური და ხალხზე მზრუნველი. მინიმუმ ის მაინც უნდა შეძლოს, რომ დროულად გააფრთხილოს მოსახლეობა: "ხალხო, ვულკანმა ამოფრქვევა დაიწყო და დროულად მოახდინეთ ევაკუაციაო". სააკაშვილის არსებობა აათკეცებს იმ რისკებსა და ხიფათს, რაც რუსეთთან მოსჯილი მეზობლობითაა გამოწვეული. მე რუსეთის ფედერაციას აღვიქვამ, როგორც ველურ, საშიშ და არაპროგნოზირებად სტიქიურ ძალას, გარდაუვალ მოცემულობას, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერსად გავექცევით. მაგრამ მჭირდება ხელისუფლება, რომელიც ამ რისკებს კი არ გაზრდის, არამედ შეამცირებს; ვულკანის ამოფრქვევას ხელოვნურად კი არ გაუკეთებს პროვოცირებას, არამედ დამცავ ჯებირებს ააშენებს. დღევანდელი ხელისუფლება კი, უბრალოდ, საშიშია ქვეყნისათვის.
- როგორ ფიქრობთ, სად არის ის ადგილი საქართველოში, სადაც ადამიანები თავს მშვიდად გრძნობენ; სადაც მათთვის სივრცე გახსნილია: ეკლესიაში, სადმე სხვაგან, თუ?...
- არ ვიცი. რელიგია ადამიანებს სიმშვიდეს და გაძლების საშუალებას აძლევს. მრავალ სასულიერო პირს მე პატივს ვცემ და ვიცი, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ეკლესიაში მისულმა ადამიანმა სულიერი სიმშვიდე და მორალური სიმტკიცე მოიპოვოს. თუმცა, მიმაჩნია, რომ არსებობს დიდი სხვაობა რწმენას, რელიგიასა და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის. მე მაგალითად, მომკალით და თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდი ისეთი რელიგიური ინსტიტუტის წიაღში, რომელსაც საპარლამენტო არჩევნების წინ შეუძლია, რამდენიმე ათეული ძვირფასი ავტომანქანა მიიღოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან.
- თქვენი აზრით, სად შეიძლება, მოვისმინოთ მასტერკლასები პატრიოტიზმის თემაზე: პატრიოტთა ბანაკებში, მთავრობის გაფართოებული სხდომებიდან, მიტინგებიდან?
- ბანალურია, მაგრამ, მე მგონი, პატრიოტიზმის მასტერკლასი ეროვნულ და საკაცობრიო კულტურაში, პირველ რიგში კი, საკუთარ სულში და აზროვნებაში უნდა აღმოვაჩინოთ.
Комментариев нет:
Отправить комментарий