22 დეკემბერი, 2008
"პერევი არის შეჩვევა იმისა, რომ შეიძლება რუსეთი შემოვიდეს"
"შტატებში რუსეთ-საქართველოსთან მიმართებით ბალანსის მისაღწევად ერთადერთი ვარიანტი აქვთ: აქ უფრო მეტი დემოკრატია უნდა შემოიტანონ.
ევროპაში კი დაინახეს, რომ სააკაშვილის მიერ პოლონეთის პრეზიდენტის ახალგორისკენ წაყვანა იყო გამოწვევა, რათა ევროპა საომარ ვითარებაში ჩართულიყო. ვინ ჭამს ამას? იქ მითხრეს: გადაეცი შენს პრეზიდენტს: ვერავინ გვაიძულებს, რომ ომში ჩავერთოთო", - "მთელ კვირას" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე - სალომე ზურაბიშვილი ესაუბრება.
- დასავლეთში ვიზიტის შემდეგ თქვენ საქართველოში ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებს ხვდებით. რა მიზნით იმყოფებოდით უცხოეთში?
- შეხვედრები მქონდა კონგრესის "სტაფერებთან" - მათთან, ვინც ახალ ადმინისტრაციას შესაძლო პოზიციებს უმზადებს. შეხვედრები მქონდა, ასევე, სამ ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტში: ბრუკინგსის, უილსონის, კარნეგის ცენტრებში...
შტატებში ვთქვი, რომ ჩვენ არ გვინდა, შეიცვალოს საქართველოს მხარდაჭერის, მის უსაფრთხოებაზე ზრუნვის ორიენტირი, მაგრამ გვინდა, რომ შეიცვალოს ამ პოლიტიკის გატარების ფორმა. პერსონალურმა ურთიერთობებმა თვითონ პოლიტიკა დაამახინჯა. დემოკრატიასა და უსაფრთხოებას შორის კი ისეთი კავშირებია, რომელსაც ვერ გაწყვეტ. თუ ქვეყანა დემოკრატიული არ არის, ხშირ შემთხვევაში, ხდება ის, რაც მოხდა ჩვენთან აგვისტოში. არადემოკრატიული ქვეყანა ლეგიტიმაციას, ხშირ შემთხვევაში, ომში ეძებს.
ისინი დღეს თავიანთ პოზიციებს არ ამჟღავნებენ, თუ არ ჩავთვლით სტატიებს პრესაში: "ვაშინგტონ პოსტის" ედიტორიალებში უკვე არის საუბარი იმაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკა უნდა გაატაროს ახალმა ადმინისტრაციამ. ასე რომ, ვფიქრობ, ცვლილებისთვის განწყობა არსებობს, მაგრამ ამას გაძლიერება, ჩვენი მხრიდან ხაზგასმით თქმა სჭირდებოდა; იმის ხაზგასმით თქმა, რომ ჩვენ ველოდებით პიროვნულ ურთიერთობებზე დაფუძნებული პოლიტიკის ცვლილების კონკრეტულ ნიშნებს.
ინსტიტუციური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. გამორიცხული არაფერია; არც ის, რომ შეიძლება გადახრები აქაც მოხდეს, მაგრამ დასაწყისში ალბათ მაინც უნდა ველოდოთ ასეთ დახმარებას.
შტატებში, ასევე, ვამბობდი: ჩვენ არ ვუყურებთ ამერიკას, როგორც იმ ქვეყანას, რომელმაც ჩვენი მომავალი უნდა გადაწყვიტოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მისგან არ ველოდებით არც სააკაშვილის წაყვანას და არც ახალი ლიდერის მოყვანას.
- თქვენ არ გიგრძვნიათ შტატებში საქართველოში ხელისუფლების ცვლილებისთვის მზადყოფნა?
- შევამჩნიე ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ნდობა ამ ხელისუფლების მიმართ აღარ არსებობს.
- მაგრამ მნიშვნელოვანია ისიც, უნდა თუ არა დასავლეთს აქ ხელისუფლების ცვლილება - მისი ჩარევით.
- ეს არ არის მნიშვნელოვანი. მათ აზრს - უნდა შეიცვალოს თუ არა აქ ხელისუფლება _ არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამას იქაც ვამბობდი და ეს აქაც უნდა გავიგოთ.
- საქართველოში ყველა ამაზე საუბრობს.
- იმიტომ, რომ ჩვენ პოსტკოლონიალური (მენტალობითაც) ქვეყანა ვართ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას სხვა ქვეყანა არ შეცვლის.
- "ვარდების რევოლუციის" დროს ვინ შეცვალა ხელისუფლება?
- ხალხმა.
- და აქ შტატების როლი არაფერ შუაში იყო?
- როლი როგორ არ იყო. როლიც იყო, დახმარებაც იყო, მაგრამ იყო ხალხის თანხმობა.
- ხალხს შესთავაზეს ასეთი ალტერნატივები.
- ალტერნატივა რამდენიმე იყო და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამერიკისთვის სააკაშვილი უფრო იყო ალტერნატივა, და არა ბურჯანაძე ან ჟვანია.
- ეს გასაგებია, მაგრამ მე პრინციპი მაინტერესებს. ვის შესთავაზებენ, რა მნიშვნელობა აქვს? ვიღაცას უნდა გვთავაზობდეს დასავლეთი?
- ეს მცდარი მოსაზრებაა. ჯერ ერთი, ამერიკამ შევარდნაძესაც არ გაუშვა ხელი. იმ დროს, როცა უკვე დაწყებული იყო რევოლუცია და თბილისში ჩამოსული ივანოვი დემონსტრანტებთანაც მივიდა, ამერიკა შევარდნაძეს უჭერდა მხარს. მაშინ საფრანგეთის ელჩად ახალი დანიშნული ვიყავი და ამერიკის ელჩი ამაზე მელაპარაკებოდა: ცვლილებას ალბათ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის უნდა ველოდოთო.
დღეს ამერიკაში დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, უნდა შეიცვალოს თუ არა საქართველოს ხელისუფლება. დღის წესრიგში სხვა რამ დგას: არის თუ არა საქართველო სტაბილური ქვეყანა, და რამდენად არის შესაძლებელი, აქ ვითარება დააწყნარონ, რათა მათ არ შეექმნათ ახალი პრობლემები. ხვდებიან, რომ სტაბილურობას ხელს არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საქართველოს არადემოკრატიული ხელისუფლებაც უშლის. ამიტომაც არის განზრახვა, რომ აქ დემოკრატიის განვითარებას უფრო ეფექტურად დაუჭირონ მხარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ომის დაწყების საფრთხე გაჩნდება. იმას, რაც პოლონეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით მოხდა, ამერიკაში კრიტიკით შეხვდნენ, და კიდევ უფრო მძაფრი კრიტიკით შეხვდნენ ამ ფაქტს ევროპაში.
- რატომ გაჰყვა მაშინ პოლონეთის პრეზიდენტი სააკაშვილს?
- მან ეს რატომ გადაწყვიტა, არავინ იცის. სხვათა შორის, ძალიან ბევრი კითხვა ისმის ამასთან დაკავშირებით პოლონეთში, პრეზიდენტის მიმართ. მისი დაცვის უფროსი კი მოხსნეს. ამ ფაქტმა საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დასავლეთში მთლიანად გაანადგურა. მათ სჭირდებათ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება; ვისაც ენდობიან და ეცოდინებათ, რომ ის არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ევროპას ან ამერიკას გამოუვალ მდგომარეობაში, ომში ჩათრევის საფრთხის წინაშე ჩააყენებს.
ახლა ჩვენთან ასეთი მითიც არსებობს: თითქოს რომელიმე ქვეყნის თვითმფრინავი ჩამოვა და მოგვაშორებს მიშას - იმიტომ, რომ ის ძალიან გაუთვალისწინებელი გახდა. მართალია, გრძნობენ, რომ ეს ხელისუფლება უფრო პრობლემებს ქმნის, ვიდრე აწყნარებს სიტუაციას, მაგრამ ბერკეტები მის შესაცვლელად არ აქვთ და არც ფიქრობენ მათ შეძენაზე. მათთვის მნიშვნელოვანია, გარე საფრთხეები შეაკავონ. მსოფლიოში ბევრად უფრო პრიორიტეტული საკითხები არსებობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ, გაიგონ, რა ხდება ამ ქვეყანაში. ეს ჩვეულებრივი ინტერესია იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც ერთ-ერთ იმ ადგილზე მდებარეობს, სადაც ამერიკის საგარეო ინტერესები იკვეთება. ასე რომ, ინტერესი არსებობს; არსებობს სურვილი, რომ ამ რეგიონში უფრო ეფექტურად გაატარონ თავიანთი პოლიტიკა. სხვა, რაღაც ფარული სტრატეგიები ჩვენ მიმართ არ არსებობს.
- რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ შტატების ადმინისტრაციის მხრიდან ზემოქმედების ფაქტორი, როგორც ნეგატიური ფაქტორი, მაინც არსებობს; რომ საქართველოში ხელისუფლება იცვლება იმის მიხედვით, ეთანხმება თუ არა ამ არჩევანს ამერიკის ადმინისტრაცია. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ვფიქრობ, არ არის ისეთი საგარეო ვითარება, რომ ამერიკამ, ევროპამ ან მოსკოვმა გადაწყვიტოს, კონკრეტულად რომელი ადამიანი სჯობს საქართველოსთვის. ამას, პირველ რიგში, ჩვენ არ უნდა ვუშვებდეთ გონებაში. სანამ ასეთი მოლოდინი იარსებებს, ნეოკოლონიალური ქვეყანა ვიქნებით.
- რატომ ხვდებით ოპოზიციის წარმომადგენლებს?
- შევხვდები ყველას - ოპოზიციურ და საზოგადოებრივ სპექტრში. ამ ხელისუფლების ნდობა - რომ ქვეყანას უშველიან, ქვეყნის შიგნით აღარ არსებობს, და მით უფრო აღარ არსებობს ქვეყნის გარეთ. მინდა, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ერთიანი პოზიცია გამოვხატოთ, ჩემი აზრით, მთავარ საკითხებში: რომ ეს ხელისუფლება, როგორც ამ ქვეყნის დაღუპვის მთავარი ფაქტორი, უნდა მოვაშოროთ, და მერე სასწრაფოდ გაიმართოს არჩევნები.
- არჩევნებამდე როგორ უნდა მოაშოროთ ეს ხელისუფლება?
- ჩვენი სიმტკიცით. ერთად უნდა დავდგეთ, რათა ეს ხელისუფლება წავიდეს.
- თავისი ნებით წავა?
- თავისი ნებით კი არა, ჩვენი ნებით წავა.
- ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.?
- აბა რა! მნიშვნელოვანია, ოპოზიციაში რაღაც მინიმალური კოორდინაცია არსებობდეს. ისევ გაერთიანების შექმნა, ანუ ადრინდელი შეცდომის გამეორება ხელისუფლებას ჩვენ წინააღმდეგ თამაშისთვის ბერკეტს მისცემს. არავის აღარ აქვს იმედი რაღაც ხელოვნური გაერთიანების და, მაინცდამაინც, არც სურვილი აქვს. ახლა სხვა ფორმის გაერთიანებების ჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს.
- თქვენ მარტო ყოფნა გირჩევნიათ?
- გადაწყვეტილი არ მაქვს. ჩემს თავს მივხედავ. მთავარი დღეს ის არის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე. სიტუაციიდან გამოსვლა არც ისე მარტივია.
- ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებზე მუშაობას იწყებს.
- ეს არის ახალი ტაქტიკა: უნდათ, რომ ამაში ჩაგვითრიონ. ერთი მხრივ: არჩევნები - არაო, მეორე მხრივ - საარჩევნო კოდექსზე ვიმსჯელოთო. მერე ეტყვიან უცხოელებს: რა გინდათ, ოპოზიციასთან ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვმართავთ და გვაცალეთო. ჩვენ არავის არ ვაცლით. ეს საკითხი თუნდაც რომ არ მოგვარდეს, როცა ეს ხელისუფლება წავა, ერთ კვირაში შეიძლება ისეთი კარგი საარჩევნო კოდექსი გადმოიწერო ნებისმიერი მეგობარი ქვეყნიდან...
- თქვენ კანონების გადმოწერის მომხრე ხართ?
- არ ვარ მომხრე, მაგრამ ესტონეთში გადასარევი საარჩევნო კანონი აქვთ. შეიძლება გამოგვადგეს - თუ მოფიქრებისთვის დრო აღარ გვექნება.
- ესტონეთსა და საქართველოს შორის ანალოგის გავლება შეიძლება?
- ამ საკითხში შეიძლება. საერთოდ, კანონების გადმოწერა ყველაზე ცუდი ვარიანტია, მაგრამ თუ დრო აღარ გვექნება... მე სხვა რამეს ვამბობ: ჩვენი სტრატეგია არ უნდა გადავუხვიოთ მთავარი გზიდან. ბევრი მცდელობა იქნება, რომ სხვადასხვა დეტალში ჩაგვითრიონ: მოდით, ვილაპარაკოთ, როგორი უნდა იყოს "პირველი არხი"... ვილაპარაკოთ, ვინ უნდა იყოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე...…ეს უკვე გავიარეთ!
- რამდენიმე ხნის წინ "ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სამხედრო ექსპერტთა დასკვნაში (რომელიც ხაზგასმით კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ) აღნიშნულია, რომ ობამას რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რათა დაიცვას ბალანსი საქართველოს დახმარებასა და მოსკოვის გაღიზიანების საშიშროებას შორის. თქვენი აზრით, შეძლებს ამას ობამას ადმინისტრაცია?
- ვფიქრობ, რომ შეძლებს. ამ საკითხებზე ვრცლად ვესაუბრე ბზეჟინსკის. ერთი რამ ცხადია: მათთვის საქართველოს უსაფრთხოება რჩება ერთ-ერთ მთავარ ინტერესად; და ცხადია, რომ მათ არავითარი სურვილი არ აქვთ, დაუპირისპირდნენ რუსეთს, მეტადრე მაშინ, როცა ახალი ადმინისტრაცია მოდის. მათ დაძაბულობის განმუხტვა უნდათ, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე. ამერიკაში მინდოდა მეთქვა, რომ ამაზე არც ეფიქრათ, მაგრამ ამის არავითარი ნიშანი არ მინახავს. ისინი არ აპირებენ საქართველოს მიტოვებას, მაგრამ არც საქართველოს "ხუშტურების" გამო გაიფუჭებენ საბოლოოდ რუსეთთან ურთიერთობას. მათში ეს ბალანსი არსებობს.
- მაგრამ, თუ საქართველო წინსვლას ვეღარ შეძლებს, მაშინ როგორ დაიცავს შტატები ამ ბალანსს?
- ცხადია, ეს რთულია. ბზეჟინსკის ვუმტკიცებდი, რომ არ შეიძლება ეს მოხდეს დემოკრატიის გარეშე; რომ მათ ამ ბალანსის მისაღწევად ერთადერთი ვარიანტი აქვთ: აქ უფრო მეტი დემოკრატია უნდა შემოიტანონ. დემოკრატიული ხელისუფლება არ მიდის სიგიჟეზე, არ მიდის პროვოკაციაზე, არ მიდის ავანტიურაზე.
- თქვენ საუბრობთ იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ საქართველოსთან მიმართებით. მაგრამ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას დაახვედრებენ შტატების ახალ ადმინისტრაციას. საქართველოში სამხედრო ბაზების განთავსებაზე, ამერიკა-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულებაზე საუბრობენ. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? როგორ შეიძლება ეს ხელშეკრულება განვიხილოთ საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობის კონტექსტში?
- ახლა სამხედრო ბაზებზე საუბარიც კი პროვოკაციას ნიშნავს. ეს გამოგონილი თემაა - მხოლოდ იმისთვის, რომ ამას რუსეთი გამოეხმაუროს და აქ ახალი დაძაბულობა შეიქმნას. ეს საფრთხეს შეიცავს და ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც წითელ ნაჭერს - ხარისთვის. სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში გამორიცხულია. რაც შეეხება ჩარჩო-ხელშეკრულებას: მისი გაფორმება სამომავლოდ შესაძლებელია, მაგრამ - არა დღეს. დღეს ასეთი განცხადებით შესაძლოა, საერთოდ ჩაშალონ ეს გეგმა.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს არის ამათი პროპაგანდა, რაც არ ვიცი, რას ემსახურება. ამერიკაში ჩემი ვიზიტის დროს ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ცხადია, შეუძლებელია, ამ დაძაბულობის დროს ახალ ადმინისტრაციას ასეთი ხელშეკრულება დახვდეს.
- არსებობს მოსაზრება, რომ ვაშაძის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა ერთგვარი მესიჯია როგორც შტატების, ისე - რუსეთის მიმართ. შტატებთან მიმართებით ეს მესიჯი ასე ყალიბდება: "დემოკრატიული რეფორმების გატარებას თუ მომთხოვ, რუსეთისკენ გავიხედავ". თქვენ როგორ აფასებთ ამ საკადრო ცვლილებას?
- შეიძლება, ეს ცოტა მარტივი დაკავშირება იყოს ვაშაძის პერსონასთან. თუმცა, ამ ორ ფაქტორს შორის დაპირისპირება მართლაც არსებობს. უკვე სააკაშვილმაც კარგად იცის, რომ ახალი ადმინისტრაცია ყველაფერს არ მოუთმენს. ამიტომ შესაძლებელია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს მიუბრუნდეს. მაგრამ ამერიკელებმა კარგად იციან, დემოკრატიული ინსტიტუტები როგორ უნდა გააძლიერონ.
რაც შეეხება ევროპას: მან ხელი ჩაიქნია - რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ თქვენთვის და თუ ამას ვერ აფასებთ; თუ ვერ ხედავთ, სად არიან თქვენი მეგობრები, მაშინ თავში ქვა გიხლიათო. ეს განწყობა ბევრად უფრო ნათლად ევროპაში ჩანს, ვიდრე ამერიკაში. ევროპა ხედავს, რომ საქართველო არა მხოლოდ ზუსტად არ აფასებს იმას, რაც მოხდა, არამედ პროვოკაციულ ნაბიჯებზეც მიდის. იქ დაინახეს, რომ სააკაშვილის მიერ პოლონეთის პრეზიდენტის ახალგორისკენ წაყვანა იყო გამოწვევა, რათა ევროპა საომარ ვითარებაში ჩართულიყო. ვინ ჭამს ამას? იქ მითხრეს: გადაეცი შენს პრეზიდენტს: ვერავინ გვაიძულებს, რომ ომში ჩავერთოთო. ისინი, ჩვენგან განსხვავებით, თითოეული ადამიანის სიცოცხლეს უფრთხილდებიან. აქ კი ვიღაცები აცხადებენ: ის, რაც მოხდა, გვიღირდა - იმიტომ, რომ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რა არის რუსეთიო. ე.ი. შენთვის ის ახალგაზრდები, ასი თუ ას ოცი (რამდენი დაიღუპა, დღემდე არ ვიცით) გიღირს იმად, რომ რაღაც პროპაგანდა ჩაატარო!
- თქვენ ომის განახლების საფრთხეს ხედავთ?
- ვხედავ ამათი მხრიდან ავანტიურისა და პროვოკაციების საფრთხეს. რუსეთის ინტერესში კი დღეს ომის განახლება არ არის.
- პერევში რუსული ჯარის მიმოსვლა რას ნიშნავს?
- იქ რუსული ჯარის დაბრუნება პრეზიდენტის განცხადებებმა გამოიწვია. მაგრამ ამასთან, აქ უკვე მიდის რაღაც თამაში, რომელიც ორივეს აწყობს. პერევში შედიან და ეს არის ყველაზე ტრაგიკული: რუსების შემოსვლა უკვე კონფლიქტის ზონის აქეთ აღარ ითვლება არაფრად. წითელუბანი იყო მიჩვევა იმისა, რომ რუსეთი გბომბავს. და, სხვათა შორის, ისე გბომბავს, უშიშროების საბჭოს მოწვევასაც არ მიიჩნევ საჭიროდ. განმუხურიც, ასევე, იყო იმ განწყობის მომზადება, რომ ჩვენ შეიძლება გავურიგდეთ რუსებს და ვითომ უკან დავახევინოთ. დღეს კი პერევი არის შეჩვევა იმისა, რომ შეიძლება რუსეთი შემოვიდეს.
- თქვენი აზრით, რატომ ითხოვს ევროსაბჭო კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო ძალების შეყვანას?
- არსებობს ასეთი განწყობა: ძალიან რთული პროცესია და ძალიან ბევრი საფრთხის მომტანი. რატომ ავიღოთ ეს რისკები ჩვენს თავზე, როცა საქართველოს ხელისუფლება სანდო აღარ არის? სამშვიდობო პროცესი კი სხვაგვარად როგორ უნდა წარიმართოს? ჟენევაში არაფერი ხდება: პროცესი დაბლოკილია რუსული და ქართული მხარეების მიერ.
- მაგრამ იქ ხომ საერთაშორისო სუბიექტებიც მონაწილეობენ.
- ისინი მხარეები არ არიან. მათ მხარეები მოლაპარაკების დასაწყებად მოიყვანეს. მაგრამ შენ თუ არ გინდა... ჟენევის შეხვედრებიდან სერიოზულს ვერაფერს ვხედავ. ასეთ სიტუაციებში მნიშვნელოვანია, ძალიან სწრაფად დაიწყოს არგუმენტების წინ წაწევა და პრიორიტეტების ასახვა: ხაზგასმით უნდა ითქვას, რა არის საქართველოსთვის პრიორიტეტი. იცით თქვენ, რა არის საქართველოს პრიორიტეტი, რისი მიღწევა უნდა ჟენევაში? ჯერ ვაშაძე ჰყავდათ დელეგაციის ხელმძღვანელად, მეორე შეხვედრის წინ კი გაიყვანეს. ეს წარმოუდგენელია! მე მას არც ვიცნობ, მაგრამ, თუ ეს მოლაპარაკება შენთვის მნიშვნელოვანია, იქ დელეგაცია ხელუხლებელი უნდა იყოს - სანამ პროცესი არ დამთავრდება. არ შეიძლება, სამ რაუნდს შორის სამჯერ შეცვალო ხელმძღვანელი!
რუსეთი ჟენევიდან მეტს ვერაფერს წაიღებს. მისი პირდაპირი ინტერესია, რომ იყოს გაუთავებელი ჟენევა. ჩვენ უნდა მოგვენდომებინა, რაღაც მიგვეღო იმ მოლაპარაკებებიდან. ევროკავშირის ყველა დედაქალაქში, ამერიკაში უნდა ჩავსულიყავით და გვეხმაურა, მაგალითად იმაზე, რომ კოდორში არც რუსებს და არც აფხაზებს არაფერი ესაქმებათ - იმიტომ, რომ იქ ომი არ ყოფილა. არის ბევრი სხვა საკითხი, რომელზეც შეიძლებოდა ლობისტური კამპანიის ჩატარება, მაგრამ ამისთვის განკუთვნილი უზარმაზარი თანხები საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებულია იმისთვის, რომ სააკაშვილი გაათეთრონ!
Комментариев нет:
Отправить комментарий