10 апреля, 2011

დეტალები ბიოგრაფიებიდან: რას ინახავს ჩვენი პრობლემური მეხსიერება?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
13 დეკემბერი, 2010


გასულ კვირას სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ძალზე საინტერესო ცნობა გავრცელდა. იგი ეფუძნებოდა საქართველოს პრეზიდენტის საიტზე მოცემულ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიის ჩვენთვის აქამდე უცნობი დეტალების შესახებ.
ვებ-გვერდიდან ცნობილი ხდება, რომ, თურმე, "როგორც ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა, მან უზრუნველყო ქართველებსა და აფხაზებს შორის პატიმართა გაცვლის შეთანხმებები და აგრეთვე სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის რომლებიც დატყვევებულნი იყვნენ მთიანი ყარაბახისათვის საომარი მოქმედებების დროს" (სტილი დაცულია).
შეიძლება, საქართველოში ამ კაცს მართლაც აქვს შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ყველაზე უტიფარი ტყუილი სიმართლედ გაასაღოს. მაგრამ საინტერესოა, რას იტყვიან ამ საკითხთან დაკავშირებით სომხები და აზერბაიჯანელები.
ჩვენს ქვეყანაში კი, ალბათ, აღარც ახსოვთ, ან, უფრო მეტიც - არც კი იციან, რეალურად, ვინ მუშაობდა აფხაზეთის ომში ტყვეთა გაცვლის საკითხებზე - იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ამ საქმეს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებდა ცეცხლიან აფხაზეთში, ამის თაობაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობს.
საქართველოში კი, როგორც ჩანს, სწორედ, სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს, იყვიროს და იხტუნაოს, რათა ამბავი (მით უფრო, მის ღირსებებთან დაკავშირებული) სარწმუნო გახდეს.
როგორც ჩანს, მას ძალიან უნდა, რომ ამ ქვეყანაში მასობრივად ყველას ყველაფერი დაავიწყოს. ბატონო მიხეილ, ჩვენ სწორედ ასეთ დეტალებს ვიმახსოვრებთ.
სამწუხაროდ, სააკაშვილმა უზრუნველყო, ქვეყნის შიგნით მისი ლეგიტიმაციისთვის მიეღწია. და ახლა, რაც უნდა იფაფხურონ ოპოზიციურმა (ცნება, რა თქმა უნდა, პირობითია) ძალებმა სხვადასხვა ფრონტზე, ეს, ძირითადად, მხოლოდ მასტიმულირებელ ფონს უქმნის მას.
მაგალითისთვის, თუნდაც, სახალხო კრების ორგანიზატორთა მიერ მოწყობილი აქციის განხილვა შეიძლება. იმ იდეის მომავალი, რომელსაც ნინო ბურჯანაძე ჯერ კიდევ ეჭიდება და ცოცხლად ასაღებს, პრაქტიკულად, 25 ნოემბერს გამოიკვეთა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, 26 მაისს დანიშნულ აქციაზე ქ-ნი ბურჯანაძე იმიტომ არ მივიდა, რომ ვერ გარისკა - ცოტა ხალხი მოვაო. 25 ნოემბერს კი, ფაქტობრივად, კრების ხელმძღვანელად, საჯაროდ, ნონა გაფრინდაშვილი დაასახელა. როგორც ვიცით, ასეთი სტატუსით წარდგენა ქ-ნ ნონასთვის მოულოდნელი იყო.
საინტერესოა, რას გულისხმობს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა, რომელსაც ბურჯანაძე და მის გარშემო მყოფი ადამიანები გაზაფხულისთვის გეგმავენ. ალბათ, მიშას უკვე სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს იდეა. და იქნებ, ეს ირონია სულაც არ არის საფუძველს მოკლებული?
ამასობაში კი, ფაქტობრივად, გაქრობის პირას დგას კიდევ ერთი მითი "ეროვნული ფორუმის" მიერ მთების გადადგმის შესახებ.
და სულ უფრო ცხადი ხდება ისიც, რომ ირაკლი ალასანიას სიქა ეცლება (ან იქნებ, არც არასდროს ჰქონია) თვით ამ უსახო პოლიტიკურ თამაშებშიც კი. სხვათა შორის, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, აპრილის აქციების დროს, ქუჩაში ორი კვირის განმავლობაში დგომის შემდეგ, სწორედ მის გუნდში დაიწუწუნეს, - როდემდე უნდა ვიყოთ ოპოზიციაშიო. როცა ასეთი სუსტი და სულსწრაფი ხარ, გიგი უგულავა, ცხადია, სიხარულით მიგიღებს და ორ ადგილსაც მოგიგდებს დედაქალაქის საკრებულოში.
რაც უნდა სცადოს ალასანიამ გიორგი თარგამაძის განაპირება პოლიტიკური სპექტრიდან, ფაქტია, რომ, როგორც თავად თარგამაძე ამბობს, "ქრისტიან-დემოკრატები" იცნობენ თამაშის იმ წესებს, რომელიც ზოგადად პოლიტიკაში და კონკრეტულად, ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრდა და ამ წესებით თამაშობენ.
ალბათ, ამ წესების ნაწილია თარგამაძის არცთუ წარუმატებელი მცდელობა, დაგვარწმუნოს, რომ: "იმ ვითარებაში, როდესაც ასლან აბაშიძე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ის პროგრესული, პოზიტიური მოვლენა იყო ქართულ პოლიტიკურ სივრცეში".
გიორგი თარგამაძე ამბობს, - მარტივი გზით არ მივლიაო. და მაშინ, როცა ალასანიას რაციონალური რჩევების გათვალისწინების სურვილიც აღარ აქვს, რა ხერხი შეიძლება მოიფიქროს მან, რათა შტატებში გიორგი თარგამაძის მიმართ სიმპათია მისმა სახემ დაჩრდილოს?
ამ ფონზე, ლევან გაჩეჩილაძეს, ალბათ, სრული საფუძველი აქვს, ისევ გაბედოს და ახალგაზრდებს განუცხადოს, რომ რევოლუცია მათ გარეშე, უბრალოდ, არ გამოვა. ჯერ თქვენი ინტერნეტთანამებრძოლი ოქრუაშვილი ჩამოვიდეს, ბატონო ლევან, და შემდეგ მოუწოდეთ ახალგაზრდებს გადატრიალებისკენ. სისხლი ვინც ვნახეთ, მათაც გვეყოფა. რევოლუცია ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო კარგავს ალტერნატივის მნიშვნელობას. შეურიგებლობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ამისთვის კი ახალგაზრდებს ცოდნა და, ამასთან, გონიერი მეგზური სჭირდება. თქვენს შვილს გამოიყვანთ იარაღით ხელში და გაწირავთ ისეთი ცხოვრებისთვის, როგორშიც მისი წინა თაობები აღმოჩნდნენ?! ჩვენ შავნაბადას შეხვედრებიც გვახსოვს. ეს სულ ცოტა ხნის წინ ხდებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий