12 апреля, 2011

პაატა ზაქარეიშვილი: "ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია დევნილთა გამოსახლების პროცესის ლეგიტიმაციას ცდილობს"

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
14 თებერვლი, 2011


საერთაშორისო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 24 იანვარს გაავრცელა პუბლიკაცია დევნილთა გამოსახლებების პრობლემასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი პაატა ზაქარეიშვილი კრიტიკულად აფასებს აღნიშნულ სტატიას და მიიჩნევს, რომ მისი ასეთი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის კონტექსტში განიხილება.

- იმ ფონზე, როდესაც დევნილთა გამოსახლების პროცესში იყო სრული ინფორმაციული ვაკუუმი; როცა მინისტრი სუბელიანი აბსურდულ განცხადებებს აკეთებდა; როცა არ არსებობდა შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან კონტაქტის საშუალება, ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო ამ თემაზე პირველი პუბლიკაციის გამოჩენა. ეს პუბლიკაცია კი ეკუთვნოდა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობას". საერთოდ, ოცი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ და, მათ შორის, ჩემთვის ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, სწორედ, "საერთაშორისო გამჭვირვალობაა". მაგრამ, როცა 24 იანვრით დათარიღებულ ზემოთ აღნიშნულ სტატიას გავეცანი, მან ძალიან შემაშფოთა.
ყველაზე შემაშფოთებელი კი მისი პოლიტიკური ანგაჟირება იყო. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩანს სტატიის პირველივე ფრაზაში: "იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმდინარე გამოსახლებამ, რომელსაც საპროტესტო აქციები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამ საკითხით მანიპულირება მოჰყვა". რა შუაშია აქ ოპოზიციური პარტიები?! ანალოგიური ქვეტექსტი იკითხება, ასევე, პუბლიკაციის ბოლოს: "ოპოზიციური პარტიები სარგებლობენ ამ მდგომარეობით". ნიშანდობლივია, რომ ზემოთ მოყვანილი ორივე ფრაზა გრძელდება შეფასებით: "არც მთავრობას უცდია, ნათელი მოეფინა ამ საკითხისათვის". ანუ: ოპოზიცია მანიპულირებს, მთავრობა კი, მართალია, კარგ საქმეს აკეთებს, მაგრამ არ ცდილობს, ეს პრობლემა ახსნას. საცოდავი მთავრობა! "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ესმის, რა მდგომარეობაშიც ჩავარდა იგი!
კარგად მესმის, რომ ამ დონის საერთაშორისო ორგანიზაციებმა მთავრობები საჯაროდ არ უნდა აკრიტიკონ. მაგრამ რატომ აკრიტიკებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა" ოპოზიციას? მე მომეჩვენა (და იმედია, მხოლოდ მომეჩვენა), რომ ამით მან ხელისუფლებას გული მოულბო. ხელისუფლებაც ხომ სწორედ ასე იქცევა: მუდმივად აპელირებს ოპოზიციის, ხშირ შემთხვევაში, არასწორი მოქმედებებით. ამ შეფასებას ვიზიარებ, მაგრამ ცალსახაა, რომ დევნილების გამოსახლების თემის განხილვის დროს ოპოზიციაზე საუბარი ნამდვილად არ შედიოდა საერთაშორისო ორგანიზაციის უფლებამოსილებაში.
პუბლიკაციაში, ასევე, აშკარად ჩანს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პრეტენზია, აგვიხსნას ის პრობლემური საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა გამოსახლების კონტექსტში. და ძალიან ნიშანდობლივია, რომ დოკუმენტში არ არის ნახსენები, თუ როგორ ეწინააღმდეგება სოპ-ი (იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით შენობის გამოთავისუფლების/დევნილთა სხვა საცხოვრებელში გადაყვანის ოპერაციული პროცედურები) კანონის სულისკვეთებას. ამ შეფასებას კი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მე ყველაზე მეტად ველოდებოდი, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ კანონში (ერთ აბზაცში!) ჩადებულია მთელი კონცეფცია,  თუ როგორ უნდა ექცეოდეს სახელმწიფო დევნილებს. კანონის მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტში წერია, რომ საბინაო საკითხებთან დაკავშირებული დავები წყდება სასამართლო წესით. ამასთან, საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე, საქართველოს იურისდიქციის აღდგენამდე, დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტიდან არ ხდება დევნილების გამოსახლება - გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, კერძოდ, როცა: დევნილებთან იდება წერილობითი შეთანხმება; გამოიყოფა შესაბამისი საცხოვრებელი ფართობი, რომლითაც არ უარესდება დევნილის საყოფაცხოვრებო პირობები; ხდება სტიქიური ან სხვა მოვლენები, რაც ითვალისწინებს განსაზღვრულ კომპენსაციებს და რეგულირდება საერთო წესით; დევნილს ფართობი დაკავებული აქვს თვითნებურად, კანონის დარღვევით. თუკი დავა ჩნდება ამ პოზიციებში, დევნილები სასამართლოში უნდა წავიდნენ და არა - სოპ-ში.
კანონის სულისკვეთება არის, მაქსიმალურად დაიცვას დევნილი და განსაკუთრებულ გამონაკლისამდე დაიყვანოს მისი გამოსახლება, სოპ-ის სულისკვეთება კი არის, კონვეირად აქციოს დევნილების გამოსახლების გარდაუვალი პროცესი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა", 24 იანვრის პუბლიკაციით, პრაქტიკულად, ხაზს უსვამს დევნილთა გამოსახლების გარდუვალობას - მაშინ, როდესაც აქცენტი სწორედ მათ დაცვაზე უნდა კეთდებოდეს.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ "პროცედურები ახდენენ ამ სფეროში არსებული კანონმდებლობის ერთ დოკუმენტში თავმოყრას". ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, ვინ დაამტკიცა ეს პროცედურები; მასზე არც თარიღია მითითებული, არც ბეჭედი აქვს დასმული. როგორ შეიძლება, ამ დოკუმენტმა თავის თავში მოახდინოს მთელი კანონმდებლობის თავმოყრა - მაშინ, როდესაც, მისი უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონის სკულისკვეთებას?
სხვათა შორის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" შენიშნავს, რომ "პროცედურები არც ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არის გამოსახლების შემდეგ, ახალ საცხოვრებელ ადგილზე განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობები". თუ ასეა, მაშინ როგორ ითვალისწინებს სოპ-ი კანონის უზენაესობას, სადაც წერია, რომ დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობები არ უნდა გაუარესდეს?
გარდა ამისა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" სტატიაში წერია, რომ "600 დევნილი ოჯახი ახალი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოასახლონ". ეს ეწინააღმდეგება თუ არა კანონს? კანონის შესაბამისად უნდა გამოასახლონ თუ - პროცედურების შესაბამისად? პროცედურები ხომ დევნილთა ასეთ პოზიციებს არ ითვალისწინებს?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კანონი მკაფიოდ აყალიბებს ტერმინს "კომპაქტური განსახლების ობიექტი". "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კი ლექციას გვიკითხავს, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის დასახლება და მოგვიწოდებს, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი სხვადასხვა ტიპის დასახლება - კომპაქტური განსახლების ობიექტი და დროებითი თავშესაფარი. მაშინ, როცა კანონს იღებდნენ, ასეთი ცნებები არ არსებობდა. სოპ-ში კი ტერმინი - კომპაქტური განსახლების ობიექტი ერთხელაც არ არის ნახსენები. სოპ-ში დევნილების დაბრუნებაზეც არაფერი წერია; არ წერია, რომ მათ რაღაც უფლებები აქვთ დაბრუნებამდე. ის, რაც კანონში, ერთ წინადადებაში წერია, არ წერია სოპ-ში, რომელიც თხუთმეტ გვერდს მოიცავს!
ისევ ციტატა: "დღესდღეობით მიმდინარე გამოსახლებები ეხება დროებით თავშესაფრებში არალეგალურად მცხოვრებ დევნილებს. არ უნდა მოხდეს ამ პროცესისა და კომპაქტურად განსახლების ობიექტიდან გამოსახლების პროცესის არევა". ყველაზე მეტად "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ამ პოზიციამ შემაშფოთა. ეს ის პათოსია, რასაც მინისტრი სუბელიანი გამუდმებით ახმოვანებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა დევნილი არალეგალურად გახდა იმ ფართის მფლობელი, რომელზეც შემდეგ სახელმწიფომ ზრუნვა განახორციელა. თუკი ამ კუთხით მივუდგებით, კომპაქტურად ჩასახლებული ნებისმიერი დევნილის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას ეს პოზიცია. და გადაამოწმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", კონკრეტულად, ვინ არის უკანონოდ შესახლებული და ვინ - კანონიერად? რატომ აკეთებს ასეთ დასკვნას აბსოლუტურად ყველა დევნილზე? უღირსები დევნილთა შორისაც არიან. მათ მეც ვიცნობ. მაგრამ ის, ვისაც ორი-სამი სახლი აქვს, ყველა ჩუმადაა, დამალულია, - არ წამართვანო. "საერთაშორისო გამჭვირვალობამ", ამ შეფასებით, სამინისტროს პოზიცია გადმოამღერა. ეს ძალიან უსამართლო შეფასებაა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ერთ-ერთ საჯარო შეხვედრაზე ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები გამოვთქვი, სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა - ქ-ნმა ქეითლინ რაიენმა მითხრა, - როგორც ვხვდები, თქვენ პოლიტიკური პარტიიდან ხართო. როგორც ჩანს, მის სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიის წევრს სამოქალაქო აქტივობა ეკრძალება. და, თუ ასე არ არის, მაშინ ჩვენს ქვეყანაში რატომ უნდა იყოს აკრძალული? მექმნება შთაბეჭდილება, რომ მას ხელისუფლებაში ჩემ წინააღმდეგ რაღაცები მოუსმენია - იმიტომ, რომ რეაქცია იყო მყისიერი, მისი ლექსიკა კი ძალიან ჰგავდა გიგა ბოკერიას თუ აკაკი მინაშვილის ლექსიკას, რომლებსაც ისინი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მაშინ იყენებენ, როცა ოპონენტის პოზიციის წინააღმდეგ დამაჯერებელი არგუმენტი არ აქვთ. რა კარგად სცოდნია ქ-ნ რაიენს ჩემი დოსიე! ჩემ მიმართ გამოხატულ რეაქციაშიც და წერილის სულისკვეთებაშიც ნათლად გამოჩნდა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიზანი, გადაფარებოდა საქართველოს ხელისუფლებას დევნილთა მიმართებით ატეხილ სკანდალში. იგი, ისევე როგორც ხელისუფლება, ცდილობს, წინ წამოსწიოს ამ პროცესში ოპოზიციის არაჯანსაღი ჩართულობა და სამოქალაქო სფეროში ცდილობს, შეუტიოს ოპონენტებს პოლიტიკური კონტექსტით - მაშინ, როცა მათ წინააღმდეგ სხვა არგუმენტი არ აქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий