"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
7 თებერვალი, 2011
ლელა იაკობიშვილი: "რევოლუცია კულტურის ორგანიზმის ნგრევაა. მის ნანგრევებში სულები ჰყვებიან, და არამხოლოდ სხეულები"
"თუკი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების დროს ყველაფერი თითქოს გასაგები იყო, ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება სრულიად უმართავი პროცესები დაიწყოს: შეიძლება პროცესები რელიგიურ დაპირისპირებებში გადაიზარდოს; გადაიზარდოს იდეოლოგიურ დაპირისპირებებში. ეგვიპტის მაგალითი ამაზე მეტყველებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კულტურის ქსოვილი ინგრევა: მასში ვირუსი შედის.
ბოლო ოცი წლის გამოცდილებამ საქართველოში რევოლუციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. ჩვენს კულტურას რევოლუციის მიმართ იმუნური სისტემა არ აქვს, პირიქით: მას მაღალი მგრძნობელობა აქვს. ამიტომ ეს ხელისუფლებამაც და ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი.
- ტუნისისა და, განსაკუთრებით, ეგვიპტის რევოლუციის შემდეგ, საქართველოშიც დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად არის მოსალოდნელი ახლო მომავალში რევოლუციის ტალღის გავრცელება საქართველოშიც. თქვენი აზრით, რამდენად რეალურია ახლა ჩვენს ქვეყანაში ამ თემაზე აქცენტირება?
- ზოგადად, ეპოქა გვიდგას ძალიან უცნაური. მაგალითად, ევროპული რევოლუციების - ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების პირველმა ტალღამ, პრაქტიკულად, მთელი ევროპა მოიცვა; მან სრულიად ახალი პარადიგმული სივრცე შექმნა და ღირებულებათა ძალიან სერიოზული ცვლილებები გამოიწვია. ჩემი აზრით, მაშინაც, რევოლუციური განწყობილებები ვირუსულად გავრცელდა - გადამდები გახდა.
ფაქტია, რომ ახლაც ატმოსფერო ძალიან დამუხტულია. და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა; მხოლოდ ეგვიპტის პრობლემა; მხოლოდ ტუნისის პრობლემა და ა.შ. აშკარაა, რომ ფერადი რევოლუციების ტალღამ გადაიარა. მაგრამ დაიწყო რაღაც სხვა ტიპის რევოლუციები, რომლებსაც, ჯერ ვერ ვიტყვი, რომ აქვთ მკვეთრად განსაზღვრული კონცეფცია.
როგორც ჩანს, კულტურის ახალ პარადიგმულ სივრცეში შევდივართ - იმ განწყობილებებში, როდესაც სახელმწიფოებრივი მოწყობის, ძალაუფლების სქემების, დემოკრატიის ფორმატები მეტ-ნაკლებად მონიშნული იყო და, მეტ-ნაკლებად, ერის კულტურული კონსტიტუციის მიხედვით ხერხდებოდა ან ვერ ხერხდებოდა ნაციის, სახელმწიფოს ამ ფორმატში შეყვანა. მაგალითისათვის: იმპერია, თავისთავად, ძალაუფლების სტრუქტურაა. ძალაუფლების ფორმატი - სულ ერთია, ეს იქნება ინფორმაციული ძალაუფლება, ტირანია თუ სხვა - ძალაუფლების ფორმატია. მეორე მხრივ, თუ არ იარსებებს მართვის სქემები, ნამდვილად ანარქიისკენ წავალთ.
ახლა ის პერიოდი დაგვიდგა, როდესაც ჩემთვის ირაციონალური ძალები იღვიძებს - ძალები, რომლებიც სრულიად არ ეთანხმება (და ეს უფრო კულტურის ქსოვილში ხდება, ვიდრე ძალაუფლების სხეულში) მართვის იმ ფორმატებს, რომელიც მეტ-ნაკლებად მონიშნულია და მმართველებისთვის თუ სახელმწიფოს სტრუქტურის იდეოლოგებისთვის მისაღებია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მაგრამ, როგორც ჩანს, იქ, სადაც ყველაფერი გათვლილია და დათვლილი, ყოველთვის გვავიწყდება ირაციონალური ცდომილების მონაწილეობა. წეღან ბესიკ ხარანაულზე ვსაუბრობდით. ფანტასტიკური ფრაზა აქვს - ჭკუით დაწყებული საქმე უკვე აღარ გამოსწორდებაო. თუმცა, აქ ის ადამიანები იგულისხმება, რომლებმაც იციან, რომ ჭკუას გულიც სჭირდება; სჭირდება რაღაც მეტი, ვიდრე მხოლოდ ჭკუაა. მას ჰარმონიზებული კულტურის სხეული სჭირდება.
ახლა კულტურა იმ ფორმებს ვერ იღებს, რომელსაც ახვევენ. კულტურა მხოლოდ ღირებულებათა სისტემა არ არის. იგი სასიცოცხლო ველია. კულტურა, ღირებულებათა სისტემასთან ერთად, მოიცავს რაღაც ირაციონალურს, რომელსაც სამშობლოს ვუწოდებ. სამშობლო კი მაინცდამაინც ტერიტორიას არ გულისხმობს. სამშობლო ოჯახია, დედაა; არაცნობიერია; სამშობლო ღვთაებრივთან მიმართებაა. როდესაც სამშობლოს შენვე ქმნი, როდესაც იგი შენივე შემოქმედების ნაყოფია, მაშინ შენს სასიცოცხლო ველს შენივე შემოქმედებითი ნებით ქმნი. აი, ასეთ შემთხვევაში, ძალიან ადვილია, რომ განწყობები სწორედ არარევოლუციური იყოს. რა თქმა უნდა, კონფლიქტები ასეთ შემთხვევაშიც იქნება, მაგრამ მისი გადალახვა შესაძლებელია, ვინაიდან კულტურა, თავისთავად, კონფლიქტური რეჟიმია: თუკი კულტურამ კონფლიქტი არ გამოიარა, იგი ვერ სუნთქავს.
- გინდათ თქვათ, რომ საქართველოში რევოლუციის აცილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?
- უნდა ავიცილოთ. რევოლუცია ნგრევაა - სტრუქტურების ნგრევა. კულტურის ორგანიზმის ნგრევა. ძალაუფლების სქემის ნგრევაა. მის ნანგრევებში სულები ჰყვებიან, და არამხოლოდ სხეულები. ეს მეტაფორა არ არის.
- თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად, რა გავლენა მოახდინა ჩვენს კულტურაზე ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხელისუფლებების არაკონსტიტუციური (არჩევნების გარეშე) გზით ხელისუფლებების ცვლილებებმა?
- ბოლო ოცი წლის გამოცდილებამ საქართველოში რევოლუციური რეჟიმი ჩამოაყალიბა. ჩვენს კულტურას რევოლუციის მიმართ იმუნური სისტემა არ აქვს, პირიქით: მას მაღალი მგრძნობელობა აქვს. ამიტომ ეს ხელისუფლებამაც და ყველა ოპოზიციურმა ძალამ უნდა გაითვალისწინოს. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ჩვენი კულტურული ქსოვილი დამუხტულია რევოლუციური განწყობებითა და ცვლილებებით, რომელსაც ხან სასიკეთოს ვეძახით, ხან კი - აღარ მოგვწონს. ასე რომ, შესაძლებელია, რაღაცებმა იფეთქოს - მით უფრო, თუკი ამას შიგნიდან თუ გარედან წაეშველებიან.
- თქვენ ზემოთ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების ანალოგია მოიყვანეთ, და ახსენეთ დამუხტული გარემოც. ეს, ალბათ, შემთხვევითი არ იყო. კონკრეტულად, რა იგულისხმეთ?
- რა თქმა უნდა, შემთხვევით არ მიხსენებია. ინფორმაციული ერა გვიდგას. ძალიან ძნელია, ინფორმაციულ გლობალიზმს წინააღმდეგობა გაუწიო. კომპიუტერულ სისტემებშიც ხომ ვირუსების გვეშინია. ის კლავს ყველა შემოქმედებით სტრუქტურას, რომელიც უკვე დადებულია ფაილების, ფოლდერების და ა.შ. სახით. ტრანსფორმაცია კი არ მოხდება, არამედ წაიშლება. ეს ფატალური სურათია და მოვლენების ასე განვითარება ღმერთმა დაგვიფაროს. ჩვენი მონაწილეობა თუ არ იქნება ჩვენივე ბედისწერის შექმნაში, მაშინ ქრისტიანებიც აღარ ვყოფილვართ.
ამ ვირუსების გარემოცვაში შემოქმედებითობის კულტივირება, ხელოვნებისკენ მიმართვა არის რაღაც ტიპის იმუნური დაცვა. მაგრამ, როდესაც მხოლოდ ხელისუფლების სქემაში ზის ნებისმიერი რამ, მათ შორის - ხელოვნება, მათ შორის - საინფორმაციო ველი, მათ შორის - ინფორმაციის სტრუქტურირება, მაშინ იმუნური სისტემაც კვდება. სწორედ ამიტომ, საშიშროება ძალიან დიდია. ოღონდ, ეს მხოლოდ საშიშროებაა, და იგი გადააზრებას საჭიროებს. მინდა, რომ პოლიტიკოსებმა ამაზე იფიქრონ - თუკი მათ სტრუქტრურების შენარჩუნება სურთ. ხოლო, თუ უნდათ, რომ ვიღაც ხელისუფლება იყოს და ვიღაც - ოპოზიცია, ეს სტრუქტურაც წაიშლება - იმიტომ, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც უკვე კულტურული სხეულის სტრუქტურებია. და, თუკი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციების დროს ყველაფერი თითქოს გასაგები იყო, ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება სრულიად უმართავი პროცესები დაიწყოს: შეიძლება პროცესები რელიგიურ დაპირისპირებებში გადაიზარდოს; გადაიზარდოს იდეოლოგიურ დაპირისპირებებში. ეგვიპტის მაგალითი ამაზე მეტყველებს.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც კულტურის ქსოვილი ინგრევა: მასში ვირუსი შედის. და ასეთ დროს მუშაობას იწყებს სწორედ ის, რასაც რაციოს ცნებით კატეგორიაში ვერ მოაქცევ. ვერ იტყვი, რომ ამ დროს მხოლოდ კულტურა იწყებს ლაპარაკს, ან - რელიგია. მოქმედებენ ეს კომპონენტებიც და კიდევ რაღაც, რომელიც, ვფიქრობ, რომ რეპრესირებული შემოქმედებითი ნებაა. შემოქმედება კი, თავის მხრივ, რამდენადაც რაციონალურია, იმდენად არის ირაციონალური. იქ რა ნაკადები წამოვა - პერსონალური თუ ღვთაებრივი ძალისხმევით, წინასწარ თქმა ძალიან ძნელია. ასე რომ, ყოველთვის უნდა ვიგულისხმოთ რაღაც "დელტა" - ცდომილება, რომელიც უნდა გაითვალისწინო, თუკი გინდა, რომ სწორი მოდელირება გააკეთო. სხვა შემთხვევაში, "მოდელირებული ქრონიკა" გამოგივა.
Комментариев нет:
Отправить комментарий