10 апреля, 2011

"ისევ ჩაიფსი, მიხეილ?" - დაცინვა უკან შემოგვიბრუნდა

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
27 სექტემბერი, 2010


პალიკო კუბლაშვილმა შემოგვიბღვირა, - ოპოზიციის ხათრით კონსტიტუციაზე სამსჯელოდ დროის გაწელვას არ ვაპირებთო. ალბათ, უსაფუძვლოდ აენთო - ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ სურთ: კონსტიტუცია მათ  ეკუთვნით, რადგან იგი არც აქამდე განიხილებოდა ჩვენი საზოგადოების ინტერესების სფეროთა შორის.
და, რადგან ეს ლუკმა ყელზე აღარ დაადგათ, შესაბამისად, ყველა სხვა ლუკმაც მათია.
მათ უკვე შეუძლიათ, დაგვაპატიმრონ  ნებისმიერი მიზეზით. და,  როგორც ჩანს, ამ პირობებსაც დავემორჩილებით. ქვეყანაში, სადაც თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ყოფილი სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ოქრუაშვილს უამხანაგდება ცნობილი მიზეზის გამო, როგორც ჩანს, ღირებულებათა შკალაზე ყველაფერი წესრიგში არ არის.
და, როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ყველაზე გამოკვეთილი სიმპტომური ცვლილება, რასაც შემოდგომისთვის ხელისუფლების მიმართ პროტესტით განწყობილი საზოგადოება ელოდებოდა.
ან, რა შეიძლება აჩენდეს არსებითი ცვლილებების მოლოდინს - ის, რომ ირაკლი ალასანია თავისი პარტიის  რეგიონულ ორგანიზაციებს აარსებს? თავის დროზე მაღალი რეიტინგის მქონე ალასანიას უგულავასთან სერობით ტესტი უკვე ჩაბარებული აქვს.
ვერც ბურჯანაძემ შეძლო (სავარაუდოდ, მისივე პოლიტიკური წარსულის გათვალისწინებით) წარმომადგენლობითი სახალხო კრების საერთო ოპოზიციურ იდეად ქცევა.
და, ჯერჯერობით, არც "ეროვნული ფორუმის" მიერ რამდენიმე თვის წინ შემოპარული მუქარანარევი ტონის შედეგი გვინახავს.
როგორც ჩანს, უსისტემო ბრძოლისგან ქანცგაცლილი ოპოზიცია იმ ბედნიერ დღეს ელოდება, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი - გიგა ბოკერია მათ ბანაკში აღმოჩნდება და მთელ საქართველოს მორალის კითხვას ამჯერად ოპოზიციური ტრიბუნიდან დაუწყებს.
ამასობაში კი, ცოტა ხნის წინ პოპულარული გამოთქმა - "ისევ ჩაიფსი, მიხეილ?" - მისმა გმირმა, ფაქტობრივად, უკან შემოგვიბრუნა.
ვნახოთ, რას გვეტყვის ის დღეს, როცა ბოლო დროს უცნაურად შეცვლილი სახით აფხაზეთის ომში დაღუპულთა ძმათა სასაფლაოს შემოირბენს.
...სულ ცოტა ხნის წინ, როცა დევნილებს თბილისის კომპაქტური ცენტრებიდან ყრიდნენ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ზაალ სამადაშვილმა (რომელსაც, სხვათა შორის, მწერალიც ჰქვია), განაცხადა: დევნილებს  იქ უნდა ეცხოვრებოდეთ, სადაც მათ ცხოვრებას შესთავაზებენო.
დევნილებმაც, როგორც ჩანს, უნდა ვაღიაროთ, რომ ასე ცხოვრება დავიმსახურეთ. და ამას დღეს, სოხუმიდან წამოსვლის ჩვიდმეტი წლის თავზე, ქვეყნის მეთაური კიდევ ერთხელ, ალბათ, ანაკლიის პლაჟიდან დაგვიდასტურებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий