"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
10 იანვარი, 2011
პაატა ზაქარეიშვილი: "შეიძლება - უსამართლოდ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების აზროვნებას მე ბიზანტიური ტიპის აზროვნებას ვუწოდებ"
"დღეს თუ არა, რატომ არა ხვალ? მე თუ არა, რატომ არა სხვა? რატომ არა ჩემი შვილი? მე თუ ვერ ვასწრებ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩემმა შვილმა მაინც მოასწროს ამის გაკეთება! და რატომ არ შეიძლება, ყველამ გავიმარჯვოთ? თუკი სხვა იმარჯვებს, მე რატომ ვარ დამარცხებული? ან, მე თუ ვიმარჯვებ, რატომ ვთვლი სხვას დამარცხებულად?" - ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე "მთელ კვირას" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.
- 3 იანვარს, ომში დაღუპულთა მემორიალთან მოშიმშილე ვეტერანების ხელისუფლების მიერ დარბევის ფაქტს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ხელისუფლება ისტერიკაშია. ყველამ კარგად იცოდა, რომ ვეტერანები 6-ში დაიშლებოდნენ. სხვა საკითხია, რომ ამ აქციის შესახებ, დაინტერესებული ხალხის გარდა, არავინ იცოდა. ამის შესახებ არაფერი იცოდა საზოგადოებამ.
მაგრამ, მიუხედავად ამისა, სააკაშვილმა ვერ აიტანა წარმატებული აქცია - დროში მკაფიოდ განსაზღვრული და შედეგზე გათვლილი. ეს იქნებოდა მაგალითი სხვებისთვის - რომ შეიძლება რაღაც დაიწყო და დაასრულო. სწორედ ეს იყო სააკაშვილისთვის წარმოუდგენელი: ეს ხალხი იმიტომ კი არ შეწყვეტდა საპროტესტო აქციას, რომ ამას პატრიარქი ან სხვა ვინმე სთხოვდა, არამედ თავისი ნებით. აი, ასეთ პანიკაშია ხელისუფლება და მისი, როგორც ძირმომპალი კბილის მოშორება უკვე ძალიან იოლია - თუკი საზოგადოება ამას მოინდომებს.
გონიერი ხელისუფლება ასე ხომ არ იქცევა? ზუსტად ასე დაიწყო 2007 წლის 7 ნოემბერი. იმ პერიოდისთვის აქციები უკვე ცხრებოდა. 7-ში რომ არ დაერბია სააკაშვილს, 15-თვის აქციები აღარც იქნებოდა. მაგრამ ვერ აიტანა, რომ რაღაც პროცესი სრულდებოდა მისი ჩარევის გარეშე. სწორედ ამიტომ დაარბია. და მიიღო ცხვირ-პირში. მიიღო იმიტომ, რომ იმ პერიოდისთვის ხალხი მობილიზებული იყო. ახლა კი ის მობილიზებული არ არის.
- ახლა რასთან გვაქვს საქმე? თქვენი აზრით, რატომ შეხვდა საზოგადოება დუმილით მოშიმშილეთა ვანდალური დარბევის ფაქტს?
- ეს, ერთი მხრივ, ცუდია; მეორე მხრივ კი, ცუდი არ არის. საზოგადოებამ ეს ფაქტი, წესით, უნდა დაიმახსოვროს.
ახლა საზოგადოება დაღლილია. და, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ იგი არის გადაღლილი და აპათიური, მან სერიოზული შეცდომა დაუშვა. მოშიმშილე ვეტერანებს დარბევით არაფერი დააკლდათ, უფრო - პირიქით. ხელისუფლებას კი იმდენი ჭკუა არ ეყო, რომ ქართული საზოგადოების მიმართ თავისი ავადმყოფური დამოკიდებულება კიდევ ერთხელ არ გამოეაშკარავებინა.
- თქვენ ამბობთ, რომ ქართული საზოგადოება დაღლილი და აპათიურია. ეს რამ გამოიწვია, თქვენი დაკვირვებით?
- ოპოზიციის მხრიდან არასწორად დასახული მოლოდინების გაცრუებამ.
- თქვენ ამბობთ, რომ ეს პრობლემა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას უკავშირდება?
- რა თქმა უნდა. ეს მოლოდინები ჯერ ოპოზიციის გაერთიანების მოწოდებამ განაპირობა: აბსოლუტურად სხვადასხვა იდეოლოგიის, ისტორიის, პიროვნული თვისებების, ნიჭის, წონის პარტიები ხალხის ნების ვითომდა დასაკმაყოფილებლად გაერთიანდნენ. მაგრამ მასში ვერ დამყარდა ის ერთობა, რისი დამყარებაც შეუძლებელი იყო. ეს სისუსტე კარგად გამოიყენა ხელისუფლებამ და ოპოზიციაში განხეთქილებას მიაღწია. საბოლოოდ კი, ამ პროცესმა საზოგადოებაში გულაცრუება გამოიწვია.
ზოგადად, დაღლა ცუდი არ არის. ადამიანი ჭამისგანაც კი იღლება - როცა იმდენს ჭამს, რომ ვეღარ სუნთქავს. ახალი წლის დღეებში ეს კარგად ჩანს. მაგრამ დაღლა სიკვდილს არ ნიშნავს.
- მაგრამ საზოგადოებას რეფლექსია არ ჰქონდა: არც მაშინ, როცა დევნილებს კანონის უხეში დარღვევით ასახლებდნენ კომპაქტური ცენტრებიდან; არც ახლა, როცა, ასევე, კანონის უხეში დარღვევით დაარბიეს მოშიმშილე ვეტერანები. ეს რას შეიძლება ნიშნავდეს, თქვენი აზრით?
- დააკვირდით, სააკაშვილი როდის დევნის ხალხს: დილით ადრე, ზაფხულში, ზამთარში - მაშინ, როცა საზოგადოების მობილიზება შედარებით რთულია. ის, რომ საზოგადოებას რეფლექსია არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ეს არც ცუდი არ არის. არ შეიძლება, საზოგადოება მუდმივად მობილიზებულ მდგომარეობაში გყავდეს. ცხენი ყოველთვის შეკაზმული ვერ იქნება. საჭიროა გარკვეული მოდუნებები. სააკაშვილმა ამის შესახებ კარგად იცის და სწორედ მოდუნებების დროს ავლენს თავის პარანოიას. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თავისთავად, გმირთა მოედანზე მომხდარი ფაქტი საზოგადოებას იმდენად არ წარმოაჩენს უარყოფითი კუთხით, რამდენადაც - ხელისუფლებას.
- ასეთ პირობებში კი, ხელისუფლება საზოგადოებაზე სწორედ მისი ინდიფერენტულობით მანიპულირებს.
- იმიტომ, რომ საზოგადოება აძლევს მანიპულირების საშუალებას. ეს სააკაშვილის სიძლიერეზე კი არა, საზოგადოების სისუსტეზე მეტყველებს.
საზოგადოება იცემება ხელისუფლების მხრიდან იმდენად, რამდენადაც იგი აძლევს მას ამის უფლებას. სააკაშვილის პარანოია კი ადასტურებს, რომ მას ასეთი, დაღლილი საზოგადოებისაც კი ეშინია.
ახლა ციხეებში პატიმრებს რეგულარულად სცემენ. ციხეს ასე მართავენ - პატიმრების დამორჩილებით. და, რაც ახლა საქართველოს ციხეებში ხდება, ზუსტად იგივე პროექცირდება მის გარეთ. მათ საქართველო დიდ ციხედ აქციეს. ჰგონიათ, რომ რაც უფრო სცემენ საზოგადოებას, მით უფრო დაიმორჩილებენ. მაგრამ ციხეებში ზოგჯერ ბუნტიც ხდება ხოლმე - ჩაგვრა ყელში ამოსდით. ასეთი დრო საზოგადოებაშიც დადგება.
- თქვენ ამ დროის დადგომის პერსპექტივას ხედავთ?
- ჩემი აზრით, თუკი სააკაშვილი ასე გააგრძელებს, 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებისთვის, ძალიან სერიოზულ საზოგადოებრივ პროტესტს შეიტანს მის წინააღმდეგ. მას საზოგადოების დაშინება, თავში წამორტყმა აუცილებლად შემოუბრუნდება. წესით, არჩევნების წინ უნდა გავიღვიძოთ.
- გამოღვიძება მაინცდამაინც არჩევნებს უნდა უკავშირდებოდეს?
- ხელისუფლების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნების ან რევოლუციების დროს ჩანს. რევოლუციის პერსპექტივა კი დღეს, უბრალოდ, არ იკვეთება. არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლა არაკონსტიტუციური გზით შეიძლება, პოპულარული არ არის: საზოგადოება მათ ამაში არ მიჰყვება.
ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: დემოკრატია ან დემოკრატიის გარეშე. 2012 წლისთვის საქართველო გზაგასაყარზე დგება. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან ემსგავსება შევარდნაძის პერიოდის 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებს. სააკაშვილი უნდა წავიდეს. სამართლებრივად, კონსტიტუციით უნდა წავიდეს. ფაქტობრივად დარჩება თუ არა, სხვა საკითხია, და ამაზე მთელი საზოგადოება მსჯელობს. ფორმალურად კი, ქვეყანას სერიოზული მოსახვევი უწევს. როდესაც მატარებელი სწრაფად მიდის და წინ დიდი მოსახვევია, სიჩქარეს აგდებს. საქართველოში ისეთი დრო დგება, როცა ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს დამუხრუჭება. ეს ისეთი დამუხრუჭებაა, როდესაც შეიძლება შეახტე მატარებელს და სააკაშვილი იქიდან გადმოაგდო. სააკაშვილი პრეზიდენტი ვერ იქნება. ის ერთი ნავიდან მეორეში უნდა გადაჯდეს. მას არ ჰყავს მდგრადი, პოპულარული ფიგურა, რომელიც ჩაანაცვლებდა და მოქმედ პოლიტიკას საფრთხეს არ შეუქმნიდა. შესაბამისად, ახლა მთელი საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციისთვის უნიკალური შანსი არსებობს. ოპოზიციას შეუძლია, ეს შანსი წარმატებით გამოიყენოს და, მინიმუმ, 40%, ხოლო მაქსიმუმ, 60% აიღოს საპარლამენტო არჩევნებში. თუკი ოპოზიციის ერთიანი ფრონტით ბევრი პარტია გავა პარლამენტში, ანუ ბევრი პარტია აიღებს 5%-ზე მეტს, და თუკი მთელი საზოგადოება მივა არჩევნებზე, შეგნებულად ხმას არ მისცემს ხელისუფლებას და თავის ხმებს სხვა პარტიებზე გადაანაწილებს, მაშინ პარლამენტში ოპოზიციიდან 60%-ის მოსვლა საკმაოდ რეალურია. რეალურია იმიტომ, რომ სააკაშვილის პოპულარობა 25%-ს არ სცილდება.
შენი მოსაწონი აუცილებლად უნდა ნახო. სახლში არ უნდა დარჩე. ბაზარში რომ მიდიხარ, შეიძლება, შენი მოსაწონი პროდუქტი ვერ იშოვო, მაგრამ ოჯახს მშიერს ხომ ვერ დატოვებ? ქვეყანაც ასეა: შეიძლება, საუკეთესო არჩევანი არ გაქვს, მაგრამ რაც გაქვს, იმის მიხედვით უნდა გააკეთო ეს არჩევანი.
ამიტომ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. თუკი სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ეს რეჟიმი შერჩებათ და პროცესების მართვას გააგრძელებენ, მაშინ ქვეყანაში კრიზისი, სულ ცოტა, კიდევ ათი წლის განმავლობაში მაინც გაგრძელდება.
ხელისუფლება შეგნებულად 2013 წელზე ლაპარაკობს - ვითომდა აკნინებს 2012 წლის მნიშვნელობას. არადა, 2012 წელი გაცილებით მნიშვნელოვანია. ამიტომ არის, რომ სააკაშვილი, მისივე ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ, "აჩმორებს" ქართველ ხალხს, რათა 2012 წლისთვის მობილიზაცია არ მოხდეს. მას ჰგონია, რომ პროტესტის ჩახშობით საზოგადოებას აშინებს - და შეიძლება, ამას აღწევს კიდეც. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ 2012-თვის გზაგასაყარზე ვდგებით: ან დემოკრატიული, ან - არადემოკრატიული სამყაროსკენ. დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 20% ცხოვრობს დემოკრატიაში. 2012 წელს ქართველ ხალხს აქვს მორიგი შანსი. ეს შანსი პირველად მას ჰქონდა 1990 წელს - როცა გამსახურდია ავირჩიეთ. მაშინ ჩვენმა საზოგადოებამ ეს შანსი გაუშვა - ხმების აბსოლუტური უმრავლესობა გამსახურდიას მისცა; გამსახურდიამ კი ნაციონალიზმში ჩაახშო ქვეყანა და ეთნიკური კონფლიქტებით უკან დასწია სახელმწიფო.
შემდეგ შანსი 2003 წელს გვქონდა. მაშინ, ყველამ ერთად (საუბედუროდ, მათ შორის, მეც ვიყავი), ხელისუფლება რევოლუციური გზით შევცვალეთ, რამაც, საბოლოოდ, აღვირახსნილ ავტორიტარიზმამდე მიგვიყვანა.
ახლა ისევ გვაქვს შანსი. ამ პერიოდში ქართველები არ გავჩერებულვართ: ნელ-ნელა, მაგრამ მაინც, უკეთესობისკენ ვიცვლებოდით: ქარიზმატული ლიდერების მიმართ განწყობა უკვე აღარ არის ისეთი აბსოლუტური, როგორიც ადრე იყო. უკვე აღარ არის ხბოს აღტაცება გამსახურდიების, სააკაშვილების მიმართ. უკვე გამოჩნდა იდეოლოგიური პარტიები. მაგალითად, ვისაც რესპუბლიკური პარტია არ მოსწონს, ამბობს - ეგ ლიბერალებიო. ანუ, იდეოლოგიური ნიშნით დასცინიან. ეს ძალიან კარგია: უკვე დასცინიან არა კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იდეოლოგიას, რაც, თავისთავად, აღიარებაა. ადრე კი, ვინმეს დაცინვა თუ გვინდოდა, ვამბობდით - ზვიადისტიო. ახლა პარტიებში ერთპიროვნული ლიდერების ეპოქა სრულდება.
ასე რომ, ჩვენ ვიზრდებით, მაგრამ - ძალიან ნელა. აშკარად ჩანს რაღაც პათოლოგია, რაც მას ზრდაში მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
- თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოებამ უნდა დაიმახსოვროს ის, რასაც ახლა სააკაშვილი და მისი ხელისუფლება სჩადის. დამახსოვრებას შესაბამისი შინაგანი რესურსი სჭირდება. თქვენ როგორ აფასებთ ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერებას?
- ჩვენი საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება ნულის ტოლია. რაც შეეხება ნაციონალისტურ ცნობიერებას, იგი ძალიან მაღალია. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოებრივი აზროვნება ჯერ კიდევ ვერ გასცდა ნაციონალისტური აზროვნების ჩარჩოებს.
- და ასეთი შეფასების გათვალისწინებით, ასეთ მოკლე პერიოდში - 2012 წლისთვის დამაიმედებელი პერსპექტივა როგორ შეიძლება, გაჩნდეს?
- მე ვამბობ მხოლოდ იმას, რომ შანსები გვიჩნდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შანსები გამოყენებული იქნება. შანსი მინიმალურია, მაგრამ - რეალური. მისი გამოყენება შეიძლება.
საზოგადოება ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, რომ მის ხელშია ქვეყანა. მან უნდა დააფუძნოს ქვეყანაში საარჩევნო დემოკრატია - იმიტომ, რომ ერთადერთი დღე, სადაც მთავრობა, ავტორიტარული რეჟიმი ხვდება თავის ხალხს საქართველოში, არჩევნების დღეა. სხვა დღეები არ არსებობს. მოშიმშილეების სასამართლოზეც კი არ დაუშვეს არავინ. რატომ? იმიტომ, რომ კარიკატურული ავტორიტარიზმი გვაქვს.
პუტინი უშვებს ხოდორკოვსკის სასამართლოზე ხალხს - იმიტომ, რომ ფეხებზე ჰკიდია ყველას აზრი და ამბობს: "ასეთი ვარ; კეთილი ინებეთ და ასეთს გამიწიეთ ანგარიში". სააკაშვილს კი ეშინია, თქვას - "მე ეს ვარ" - იმიტომ, რომ სინამდვილეში, არავინაა: შეგიძლია, თავში წამოარტყა და წააქციო. პანიკიორია. ძალიან ისტერიული. პუტინი ღონიერი ავტორიტარია, სააკაშვილი კი - ძალიან მშიშარა. ამიტომ ის სასამართლოსაც კი არ ხსნის, რათა მსოფლიომ არ დაინახოს, ვინ არის სინამდვილეში. ასეთი ადამიანის მოშორება ძალიან იოლია.
მაგრამ ჩვენი ტრაგედია ის არის, რომ საზოგადოება კიდევ უფრო სუსტია. ძალიან ხშირად ამუნათებენ ოპოზიციას - რომ იგი ვერ სთავაზობს საზოგადოებას იმას, რაც უნდა. სინამდვილეში, ოპოზიციაც საზოგადოების ნაწილია.
საზოგადოებამ უნდა ჩამოაყალიბოს, რა უნდა, ბოლოს და ბოლოს; საითკენ უნდა წასვლა. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. ჩვენ ასეთები რომ ვართ, ეს ყველას პრობლემაა. არ შეიძლება, საზოგადოება იყოს კარგი და ოპოზიცია - ცუდი; საზოგადოება იყოს კარგი და ხელისუფლება - ცუდი. ეს აბსურდია. ჩვენ, ყველანი, ერთ ქვაბში ვიხარშებით. საზოგადოებამ კეთილი უნდა ინებოს და ჩამოაყალიბოს, როგორი ქვეყანა უნდა, რომ ჰქონდეს. ამის გაკეთება კი შეიძლება მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის ხმების მიცემის საშუალებით. გინდა მემარცხენეობა ან სოციალიზმი? ლეიბორისტული პარტია გყავს. გინდა ნაციონალიზმი? არის ნაციონალისტური პარტიები. გინდა ლიბერალიზმი? არის ლიბერალური ტიპის პარტიები. ანუ, ქვეყანაში უნდა არსებობდეს არჩევანის საშუალება. საზოგადოებამ კი არ იცის, რა უნდა. ამიტომ დავანებოთ თავი თავზე ნაცრის დაყრას და ყველაფრის მხოლოდ ოპოზიციისთვის დაბრალებას.
შეიძლება თუ არა, არსებული პოლიტიკური სპექტრიდან რაღაც შეიზილოს და შეიქმნას? საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არა ოპოზიციის გაერთიანების, არამედ არჩევანის გაკეთების მოთხოვნილება. ადამიანი მე მეკითხება: "ვის მივცე ხმა?" "გვეშველება რამე?" ან კიდევ, ამბობს: "როგორ ვნანობ, რომ ხმა ვიღაცას მივეცი"!
ეს სამი მომაკვდინებელი ფრაზა საქართველოში ძალიან პოპულარულია. და ვიდრე მათ არ ჩაანაცვლებს: "მომეცით არჩევანის საშუალება; მე მინდა, გავაკეთო არჩევანი", მანამდე სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე საუბარი ზედმეტია.
- ზოგადად, ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებას როგორ დაახასიათებთ?
- იგი ძალიან სტატიკურია. ძალიან გვიან მიხვდა ბიზანტია, რომ იქ უკვე აღარაფერი არსებობდა, კონსტანტინეპოლის გარდა. შეიძლება - უსამართლოდ, მაგრამ ჩვენი საზოგადოების აზროვნებას მე ბიზანტიური ტიპის აზროვნებას ვუწოდებ.
ეს არის არადინამიური აზროვნება: ან დღეს, ან - არასდროს; ან მე, ან - არავინ; ან გამარჯვება, ან - დამარცხება. მაქსიმალისტები ვართ. და მხოლოდ ჩვენს თავზე ვფიქრობთ.
და დღეს თუ არა, რატომ არა ხვალ? მე თუ არა, რატომ არა სხვა? რატომ არა ჩემი შვილი? მე თუ ვერ ვასწრებ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას, ჩემმა შვილმა მაინც მოასწროს ამის გაკეთება! და რატომ არ შეიძლება, ყველამ გავიმარჯვოთ? თუკი სხვა იმარჯვებს, მე რატომ ვარ დამარცხებული? ან, მე თუ ვიმარჯვებ, რატომ ვთვლი სხვას დამარცხებულად?
ჩვენ ვართ უაღრესად უპასუხისმგებლო საზოგადოება, რომელიც თავად არასოდეს არაფერში არის დამნაშავე და პრობლემების წყაროს ყოველთვის საზღვრებს გარეთ ეძებს: სააკაშვილი და მისი გუნდი - რუსეთში, საზოგადოების ნაწილი - ამერიკაში; ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც საკუთარ თავსაც აკისრებს გარკვეულ პასუხისმგებლობას.
ეს მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი აზროვნება არ არის. ეს პოსტსაბჭოთა, ტოტალიტარული აზროვნების შედეგია - როცა სხვა ფიქრობდა ჩემს ნაცვლად; როცა მე მენატრება, ვიყო საძოვარზე მიშვებული საქონელი; ვიღაც კეთილი მწყემსი მოვიდეს, და სანამ დამკლავს, მიპატრონოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий