"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
18 ოქტომბერი, 2010
კონსტიტუცია დამტკიცებულია. მისი უზენაესობა კი გამყარებულია "ესემესით", რომელიც სააკაშვილმა ვენეციის კომისიის პირველი პირისგან მიიღო. ასე რომ, პალიკოებს აღარ დასჭირდათ გაუთავებლად თითის ქნევა ოპოზიციისთვის (ცნება პირობითია), რომ მათ საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობაში თავის დროზე უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
ლევან გაჩეჩილაძე, ოქრუაშვილი, სუბარი, კიწმარიშვილი და გუნცაძე კი ფეშენებელურ ოფისში დაჯგუფდნენ. ოქრუაშვილი "მაშინ ჩამოვა, როცა ამის დრო დადგება".
ამ ჯგუფიდან, რომელსაც, სხვათა შორის, "ქართული პარტია" ეწოდა, მედიაში ყველაზე ხშირად სოზარ სუბარი ჩნდება. მას უწევს, ახსნა მოუძებნოს თავის გადაწყვეტილებას, თუ რატომ შეუამხანაგდა ოქრუაშვილს. და სოზარიც არ იბნევა: ის ხაზს უსვამს, რომ: ოქრუაშვილთან დაკავშირებული პრობლემები უკვე წარსულია; ჩვენ კი, საქართველოს კეთილდღეობისთვის, რაღაცების დათმობა უნდა შევძლოთ. საინტერესოა, რა ფასი აქვს თავის დროზე რეიტინგული ყოფილი სახალხო დამცველისთვის ასეთი ტიპის კომპრომისს.
და, ასევე, საინტერესოა, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ეროსი კიწმარიშვილის მტკიცება (რომლითაც ბოლო დროს, როგორც ამბობს, დაიღალა), რომ ის ტელეკომპანია "მაესტროს" სათავეში უკვე კარგა ხანია, აღარ არის.
საინტერესოა ისიც, როდემდე დამალავენ ოქრუაშვილი და მისი მეგობრები ინფორმაციას "ქართული პარტიის" დაფინანსების წყაროს შესახებ.
ყველაზე საინტერესო კი, ალბათ, ის არის, შეძლებს თუ არა ეს ჯგუფი ძალაუფლების მოპოვებას. ამისთვის მას ხალხის მხარდაჭერა, ალბათ, დასჭირდება. ვნახოთ, რას მოიტანს ამჯერად კიწმარიშვილის რევოლუციური გამოცდილება, ოქრუაშვილის საფრანგეთიდან შემოგზავნილი ენერგეტიკა, სუბარის "ქართული იდეა" და გაჩეჩილაძის გამოცდილება, რომელიც გულისხმობს საიდუმლო მოძრაობას მიტინგებიდან მიშასკენ და პირიქით.
რამდენიმე დღის წინ გია ყარყარაშვილმა შენიშნა, - ლევან გაჩეჩილაძის გარეშე ქართულ პოლიტიკაში მოწყენილობააო. ჰოდა, კიდევ ერთხელ გავმხიარულდეთ!
* * *
მცხეთის სალობიეს კი უკვე დოკუმენტურად გამყარებული მაღალი ლეგიტიმაცია აქვს.
და, სხვათა შორის, პაატა ბურჭულაძესაც, როგორც ჩანს, უკვე სწყალობს მიხეილ სააკაშვილი.
ჩვენს სახლებში კი, ამ დღეებში, კომუნალური გადასახადების ქვითართან ერთად, ნიშანდობლივი ქვეტექსტით დატვირთული ფლაერი მოაქვთ: მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის აშენებაში მოქალაქეთა მონაწილეობის მიღება პრაქტიკულად სავალდებულო ხასიათს იძენს. საინტერესოა, რა პასუხი აქვთ ამასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და ბ-ნ პაატა ბურჭულაძეს. შესაძლოა, სააკაშვილისთვის ქველმოქმედება იძულებითი აქტია და არა ნებაყოფლობითი, მაგრამ ეს ქვეყანა მხოლოდ მიშასი არ არის. და არც - მხოლოდ საპატრიარქოსი. არც - ორივესი ერთად. სახლში მოძღვარიც რომ დამადგეს ბ-ნ პაატასთან ერთად, თეთრს არ გავიღებ ასეთი "ქველმოქმედების" სახელით.
Комментариев нет:
Отправить комментарий