10 апреля, 2011

ლელა იაკობიშვილი: "ახლა ჩვენი კულტურული ორგანიზმის გარედან შველა შეუძლებელია"

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
22 ნოემბერი, 2010


"ის, რასაც ოპოზიცია სოციალურ აპათიას უწოდებს, სინამდვილეში, ბუნებრივი რეაქციაა კომუნიკაციის შეწყვეტაზე"

"ჩვენი საზოგადოება კრეატიული ვერ გახდა. იგი ვერ შობს თავის პოლიტიკურ ხმას. და, რამდენადაც ვეღარავინ მახმოვანებს, გავჩუმდი. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც სოციალურმა ორგანიზმმა უნდა გადაიაზროს.
ვფიქრობ, რომ ის, რასაც ახლა სოციალურ აპათიას უწოდებენ (განსაკუთრებით ხშირად ამაზე ოპოზიცია საუბრობს), სინამდვილეში, აპათია კი არა, ბუნებრივი რეაქციაა კომუნიკაციის შეწყვეტაზე - რათა როგორმე გავუუცხოვდე და საკუთარ თავში რესურსების ძებნა დავიწყო", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი.

- ქართულ საზოგადოებაში გარკვეულ მიჯნად იქცა მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში ჩამოყალიბებული შედეგებისა თუ ტენდენციების ერთგვარად განმსაზღვრელი მოვლენა. თქვენი დაკვირვებით, კონკრეტულად, რა ცვლილებასთან გვაქვს საქმე?
- კულტურის თვალსაზრისით, ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს მდგომარეობას სტაგნაცია ჰქვია. არანაირი ცოცხალი შფოთი კულტურის ორგანიზმში ჯერ არ არის. ჩვენ ჯერ ისევ ახალ გარემოსთან იდენტობების ძიებაში ვართ. ეს არჩევნები კი კულტურის ცოცხალ სხეულში არაფერს ცვლის.
ადგილობრივმა არჩევნებმა, უბრალოდ, კიდევ უფრო ლუსტრირებული გახდა ოპოზიცია; საზოგადოება ხელისუფლებასთან მიმართებით კიდევ უფრო დისტანცირებული გახდა.
საბოლოოდ, რეჟიმი, კულტურის თვალსაზრისით, შენარჩუნდა. პოლიტიკურ კულტურაზე არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ კულტურაზე, როგორც ჩვენი არსებობის პირობაზე; სასიცოცხლო ველზე.
ჩვენი საზოგადოება კრეატიული ვერ გახდა. იგი ვერ შობს თავის პოლიტიკურ ხმას. ჩემი ხმის პოლიტიკოსის მიერ გახმოვანებას კი ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. იგი ნიშნავს ჩემი სულის გაჟღერებას მსოფლიოსათვის. და, რამდენადაც ვეღარავინ მახმოვანებს, გავჩუმდი. უფრო ოპოზიცია და ხელისუფლება მოდის ჩემთან კონტაქტზე; მათ უფრო ვჭირდები, ვიდრე მე მინდა, რომ მათში ჩემიანი ვიპოვო. ორივესთან მიმართებით დავკარგე იდენტობა.
ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც სოციალურმა ორგანიზმმა უნდა გადაიაზროს. იქნებ ღირდეს კიდეც, ამ ეტაპზე, რკინის ფარდის დაშვება - იმიტომ, რომ თუკი ეს რეჟიმი არ აეწყობა, მაშინ სოციალური ორგანიზმი არ შედგება და კულტურაც დაიმსხვრევა - ისევე, როგორც ბოლშევიზმის დროს თავშესაფარი ქართულმა კულტურამ არქაულ ფორმებში მოძებნა და გაქვავდა. არსებობს არაჩვეულებრივი მითოლოგემა: "უკან არ მიიხედო, თორემ გაქვავდები". ჩვენ იქ გავქვავდით. და ახლა ჩემთვის გაუგებარია, რა არის გამოსავალი. ჩემთვის ჯერ არის ჩიხი. ისევ ქართული მითოსიდან მოვიყვან მაგალითს: როდესაც ტყეში მიმავალ ადამიანს ჭინკა თუ ქაჯი გამოუხტება, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი გამოთქმა: "არ გამოელაპარაკო, თორემ დაგიმონებს!" ანუ, ამ კომუნიკაციის მიმართ დაუნჯება შენს გადარჩენას, ხსნას შეიძლება ნიშნავდეს. ვფიქრობ, რომ ის, რასაც ახლა სოციალურ აპათიას უწოდებენ (განსაკუთრებით ხშირად ამაზე ოპოზიცია საუბრობს), სინამდვილეში, აპათია კი არა, ბუნებრივი რეაქციაა დაუნჯებაზე, კომუნიკაციის შეწყვეტაზე - რათა როგორმე გავუუცხოვდე და საკუთარ თავში რესურსების ძებნა დავიწყო. და მხოლოდ ამის შემდეგ მოვახდინო პერსონათა სტრუქტურირება, რომლებიც სამყაროსათვის ჩემი პოლიტიკური ხმა იქნება.
რადგან ახლა არანაირი კომუნიკაცია არ არის, ამიტომ ირონიულად ვარ განწყობილი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობის მიმართ. ხელისუფლების წარმომადგენლებიც და ოპოზიციონერებიც უსაზრისო პროცენტების ენით მელაპარაკებიან. მომხრეებს ითვლიან! უხერხულია ამაზე ლაპარაკი - იმიტომ, რომ სრულიად დასაშვებია, მათ მიერ გამოცხადებული ზუსტად იგივე პროცენტი "მხარდამჭერებისა" ჯერჯერობით ვერ ახერხებდეს პოლიტიკოსის ძალადობისგან თავის დაღწევას.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ოპოზიციონერთან რადიოინტერვიუ მოვისმინე. ისეთი მენტორით ეჩხუბებოდა პირდაპირ ეთერში ჩართულ მსმენელებს, რომ თავზარი დამეცა. პოლიტიკოსები ვერ ხვდებიან, რომ ადამიანებთან კონტაქტი დაკარგეს და ახლა მათზე ძალადობენ. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ 2003 წელს, ახალ პოლიტიკურ დისკურსში რევოლუციური გზით ჩავერთეთ. იქამდე მივედით არა ჩვენი შემოქმედებითი ნებით, არამედ რაღაც ტექნოლოგიური პროცესით. ეს იმ დროისთვის, რა თქმა უნდა, მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში ჩართვის შანსი იყო. მაგრამ ჩვენ, გასაგები მიზეზის გამო, არ შეგვეძლო, ჩვენი კულტურული იდენტობა პოსტინდუსტრიული კულტურის რეჟიმში გადაგვერთო.
ყოველი ახალი ექსპერიმენტი კი კიდევ უფრო დაგვაცილებს სოციალური ორგანიზმის, კულტურული ორგანიზმის შემოქმედებით რესურსს. სამი წლის ბავშვს, ხელოვნური გზით, ორმოცი წლის კაცად ვერ აქცევ. ასეთი ექსპერიმენტის შედეგად, შეიძლება საფრთხის შემცველი გახდე არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვისაც.
ჩვენ უნდა შევდგეთ, როგორც ერი-სახელმწიფო. და, თუ არ შევდგებით, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებიდან გავირიყებით. ამ ეტაპზე, ძალიან მიჭირს, გავარკვიო, გვაქვს თუ არა ამისთვის რესურსი. არამხოლოდ ეკონომიკური სიდუხჭირის პრობლემას ვგულისხმობ.  გაცილებით მნიშვნელოვანი შემოქმედებითი რესურსის სიდუხჭირისს პრობლემაა, თორემ ეკონომიკას სულაც სხვაგვარად გადავაწყობდით.  სულ ოთხმილიონიანი ქვეყანა ვართ - რომელიღაც მეგაპოლისის ერთი პატარა უბანი.
- სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ისევ გაიმეორა, რომ საქართველო ძველი ევროპული ქვეყანაა და რომ იგი მშობლიურ სახლში დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ, თქვათ?
- ახლა ამაზე პასუხის გაცემა მიჭირს. ჩვენი ლტოლვა, ევროპული კულტურის პარადიგმაში მოვქცეულიყავით, რა თქმა უნდა, ბიზანტიური ხანიდან დაიწყო და პერიოდულად, მეტ-ნაკლებად, ხერხდებოდა კიდეც. ევროპული ღირებულებები, ძირითადად,  ქრისტიანულ მსოფლგანცდაზე აიგო. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, იდენტობა, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ მეორე მხრივ, იგივეს თქმა შეუძლია რუსეთს, რომელსაც ევროპად ქცევის რესურსი არასოდეს ჰქონია (ვგულისხმობ იმ ევროპას, რომელსაც ჩვენ დასავლეთ ევროპას ვუწოდებთ). ერთადერთი მცდელობა პეტრე I ჰქონდა, პეტერბურგის სახით, და ვერც მან მიაღწია საწადელს: პეტერბურგი აიგო, როგორც ევროპული სამყაროს ეკლექტური არქიტექტურული ტოპოსი, მაგრამ პეტერბურგში ევროპელები ვერ გაჩნდნენ.
ჩვენ აღმოსავლური ქრისტიანობის პარადიგმაში მოვექეცით. ჩვენსა და ევროპელს შორის კი მსოფლგანცდა (და არა მსოფლმხედველობა) განსხვავებული აღმოჩნდა. თუმცა, სულ იქით მივილტვით.
არ ვიცი, გვეყოფა რესურსი, რომ აქ და ახლა, ჩვენი შემოქმედებითი რესურსი ვაქციოთ მსოფლიო თანხმიერების ელემენტად? ჩვენთან ბუნებრივ სამართალსა და კანონს შორის აცდენაა, ევროპაში კი სწორედ სამართლიანობა გაფორმდა კანონად. ევროპული განწყობილებების ქონის სურვილი გენეტიკურად მოგვდევს. მოგვდევს ქრისტიანული მსოფლგანცდიდან. და კიდევ იქიდან, რომ რუსული პოლიტიკური ფორმატის ჯოჯოხეთში გავატარეთ ორი საუკუნე. და კიდევ უფრო გადავიხვეწეთ წარსულში; კიდევ უფრო გავქვავდით. სალამური გვჭირდება, რათა ქვიდან  სული გამოიტანოს - როგორც "ცისკარას" ზღაპარშია. სალამურზე დამკვრელი (ანუ პოლიტიკოსი) კი არავინ არის. ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენი კულტურული ორგანიზმის გარედან შველა შეუძლებელია.
- საინტერესოა, თქვენი დაკვირვებით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ახალგაზრდებს რა როლის შესრულება შეუძლიათ? რა რესურსი აქვთ მათ? რამდენიმე დღის წინ ლევან გაჩეჩილაძემ სწორედ ახალგაზრდებს მიმართა, რომ მათ გარეშე რევოლუცია ვერ მოხდება. მეორე მხრივ კი, სწორედ ახალგაზრდები უსმენდნენ მორჩილად მიხეილ სააკაშვილის გახმაურებულ გამოსვლას "თავისუფალ უნივერსიტეტში".
- ...და ლევან გაჩეჩილაძე ისევ რევოლუციაზე ფიქრობს?
თუკი ნებისმიერი პოლიტიკოსი პოლიტიკური ბრძოლის იარაღად ისევ ახალგაზრდებს გამოიყენებს, კიდევ უფრო გართულდება ჩვენი სვლა საკუთარ თავსა და, შესაბამისად, თანამედროვე მსოფლიო კონტექსტში. მე სწორედ ახალგაზრდების იმედიღა მაქვს. იქ არის სერიოზული შფოთი; არის უნდობლობა ჩვენი თაობის მიმართ - მიუხედავად იმისა, რომ არიან სახელები, რომელთა მიმართ მათ მგრძნობელობა არ დაუკარგავთ.
- მაგრამ "თავისუფალი უნივერსიტეტის" მაგალითი რაზე შეიძლება მეტყველებდეს?
- ვერ გეტყვით, კონკრეტული სტუდენტი რას ფიქრობდა. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ: ეს ის ასაკია, როდესაც მსოფლგანცდა არსებობს - იმიტომ, რომ არსებობს გენეტიკური მეხსიერება; იმიტომ, რომ ცოცხალი მგრძნობელობები არსებობს. მაგრამ ჯერ არ არსებობს მსოფლმხედველობა. ვიდრე ადამიანს მსოფლმხედველობა არ ჩამოუყალიბდება, ის მხოლოდ იარაღი შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესებისათვის.
მინდა, ხმა მივაწვდინო პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულ ადამიანებს: არ დაუშვან, არ დაუშვან ამ პროცესებში ახალგაზრდობის გამოყენება. ეს აქვავებს ახალგაზრდებს. რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს.  ისინი საკუთარ სულს ვეღარ მოუსმენენ.
გადაშვება იმ ბრძოლაში, რომელსაც დღეს თვალს ვადევნებ, და რომლისგანაც გაუცხოებული ვარ, ნიშნავს თავის გაწირვას ახალი ჯოჯოხეთისთვის. არ ვუსურვებ ახალგაზრდებს, რომ პოლიტიკური პროცესების ინსტრუმენტები გახდნენ.
- მაგრამ გაიხსენეთ: განვლილი ოცი წლის განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში სწორედ ახალგაზრდები იყვნენ გამოყენებული "გამწევ ძალად". ახლა რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვალსაზრისით?
- სწორედ იმიტომ დავდივართ ერთსა და იმავე მოჯადოებულ წრეზე. აქ ხომ განათლების სისტემა სიტუაციურ აზროვნებას ეფუძნება. ანუ: ჩვენ ვერ ვხვდებით, რისთვის ვამზადებთ ბავშვებს. ერთი მხრივ, გვაქვს კონსერვირებული ცნობიერება. ჩვენ აღარ ვსწავლობთ გოგებაშვილის "დედა ენას". მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, მაგალითად, გუთანზე მოთხრობას სწავლობდეს პირველკლასელი, მაგრამ სწავლება, პირიქით, სწორედ "დედა ენის" მეთოდოლოგიაზე უნდა აგვეწყო. "აი ია" - ორი ხმოვნით აწყობილი წინადადება - ალბათ, გენიალური შენაძენია განათლების სისტემისათვის.
მეორე მხრივ, დღევანდელი მსოფლიო ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნას მოითხოვს. და უცებ, ამ პატარა ბავშვებს ვასწავლით ინგლისურსაც და კომპიუტერსაც. და რამდენიმე წლის შემდეგ მსოფლიოში, მაგალითად, ჩინური დომინანტა რომ ჩამოყალიბდეს? ან - რომელიმე აფრიკულმა ენამ იფეთქოს, როგორც სრულიად სხვა ტიპის კრეატივმა სამყაროსათვის? მაშინ რა გავაკეთოთ? ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. სწორედ ასეთი ექსპერიმენტების შედეგი იყო ჩვენი თაობა. რუსულის ცოდნა სავალდებულო იყო. რა თქმა უნდა, სიტუაციური თვალსაზრისით, მისი ცოდნა საჭირო იყო, მაგრამ რუსულის პარალელურად, საჭირო იყო ჩვენი შემოქმედებითი უნარების გაცოცხლება, რომელიც მოგვცემდა შანსს, ოცი წლის ასაკში ის აგვეთვისებინა, რასაც მსოფლიო გვთავზობდა.
რა თქმა უნდა, ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნა საჭიროა, მაგრამ ენაც და კომპიუტერიც დღეს ტექნოლოგიაა და არა შემოქმედება. რას აძლევს დღევანდელი განათლების სისტემა ჩვენს ბავშვებს იმისათვის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ (პროცესები კი ძალიან სწრაფად ვითარდება) ის გლობალური სივრცის ადეკვატური იყოს ყოველ წამს, მყისიერად? ეს, ჩემი აზრით, დრამაა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პროცესები არანაირად აღარ მაღელვებს. პოლიტიკოსებს აქვთ სურვილი, რომ ისინი მახმოვანებდნენ. აქ კი მათ გასახმოვანებელი აღარაფერი რჩებათ. იმ რესურსს ვეღარ ვხედავ, რომლითაც მათ ჩემი ხმა გლობალურ სირვცეში უნდა გაიტანონ.
დედამიწას კი კოსმოსში ძალიან პატარა ადგილი უჭირავს. უბრალოდ, ღამით გამოდით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედეთ და მიხვდებით: ვინ ხარ, სად ხარ და რა ამბიცია გაქვს.

Комментариев нет:

Отправить комментарий