"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
14 სექტემბერი, 2009
"თბილისის უბნებსა და რეგიონებში სააკაშვილის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სიებს ადგენენ"
"მიუხედავად სააკაშვილის ხშირი განცხადებისა, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტია და არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა", ბოლო ხანებში აშკარა ხდება, რომ ყველა, ვისაც ის კონკურენტად აღიქვამს, ამა თუ იმ ხარისხით დაზარალდა, თბილისის უბნებსა და რეგიონებში კი მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სიებს ადგენენ. გირგვლიანის მკვლელების ციხიდან გამოშვებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დიდხანს არ დამყარდება. მკვლელების გამოშვება რიგითი ადამიანის ნების პარალიზებისაკენ არის მიმართული".
"მთელ კვირას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრება.
- ზაფხულში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ გაზაფულის აქციების შემდეგ საპროტესტო ელექტორატში საპროტესტო შეურიგებელ აქციებზე მეტად აქტუალური გახდა დიალოგის იდეა - მოლაპარაკებები და კომპრომისები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ალასანია ახლა სწორედ ამ ტაქტიკით მოქმედებს, მაგრამ ჯერჯერობით, შედეგის მიღწევის თვალსაზრისით, ამ შეხვედრებიდან დამაიმედებელი არაფერი ჩანს. თქვენი აზრით, ალასანიას ტაქტიკა როგორ იმუშავებს?
- ალასანიას მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით შედეგი რომ ვერ გამოიღო, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, ალასანია ახალი კაცია ქართულ პოლიტიკაში და მისთვის ჯერჯერობით მაინც უცხოა ქართული პოლიტიკური ქცევის წესი. უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის არის, რომ ხელისუფლება ძნელად თუ დაუშვებს, რომ მასთან მოლაპარაკებებს (შედეგის მიღების თვალსაზრისით) გარკვეული პოლიტიკური პერსპექტივა ჰქონდეს. ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური სტილი: მან საზოგადოებას გამუდმებით სიმართლის მატარებლად და გამარჯვებულად უნდა შემოგვთავაზოს თავი. მას დიალოგი ამის დასადასტურებლად სჭირდება და არა საიმისოდ, რისთვისაც მე და თქვენ. მით უმეტეს, რომ ის ნამდვილად გრძნობს თავს გამარჯვებულად გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. ჩვენი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ მიერვე შეთხზულ რეალობაში ცხოვრობს და ამას საზოგადოებრივ დაკვეთას უწოდებენ. არადა, ასეთებს უკვე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნდა ეგრძნოთ, რომ საზოგადოებრივი სიტუაცია სწრაფად იცვლებოდა და პროტესტის მატარებელი ადამიანი მათგან რაღაც სხვას მოითხოვდა. ხელისუფლებასთან დიალოგის მოთხოვნა მეტყველებს არა იმაზე, რომ საზოგადოება დროებით ისვენებს და, როგორც კი სააკაშვილი ახალ შეცდომებს დაუშვებს, კვლავ ქუჩაში გამოვა, არამედ იმას, რომ მას რევოლუცია არ უნდა. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იგი ვერ ხედავს იმ ძალას, ვისაც რევოლუციის განხორციელება შეიძლება ანდო ისე, რომ უარესი შედეგი არ მივიღოთ. იგი ვერც პერმანენტული საპროტესტო აქციების აზრიანობაში დაარწმუნეს. უნდა დამეთანხმოთ, რომ ყველაფერი ეს საზოგადოების სიმწიფის ნიშანია და არა მისი პასიურობისა. რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების რიგითი წევრი უფრო ნათლად გრძნობს, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი არ ნიშნავს მასთან თანამშრომლობას და რომ დიალოგი და საპროტესტო აქციები სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ეს ზოგჯერ ჰგონიათ.
მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, ვინც იცის, რომ სწორედ მან მოიყვანა სააკაშვილი ხელისუფლებაში და თავად მათ აქვთ დიალოგის პრობლემა და არა ჩვენს საზოგადოებას. ასეთებმა მიიჩნიეს, რომ წარმატება ძალზე ახლოს იყო და არ იყო საჭირო წვრილმან პრობლემებამდე დასვლა. სააკაშვილმა სწორედ ეს გამოიყენა თავის სასარგებლოდ. არაერთხელ მითქვამს, რომ მას ყველაზე მეტად ამორფული პროტესტი აწყობს. ამას რატომღაც რადიკალიზმს უწოდებენ. რადიკალიზმი სხვა რამ არის, ამორფულობა - სხვა.
- ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ფაქტობრივად უარს ამბობს ხელისუფლებასთან დიალოგზე და მასში პერსპექტივას ვერ ხედავს, რა გზა რჩება თავის არსენალში?
- დიალოგი ისეთივე იარაღია პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორც აქციები და კიდევ ბევრი სხვა რამ. რომელიმე მათგანის კატეგორიული გამორიცხვა მე პირადად პოლიტიკურ გულუბრყვილობად მიმაჩნია. დიალოგი ნიშნავს რაღაც ისეთი წერტილის მოძებნის მცდელობას, რომელიც სარგებლობის მომტანი იქნება არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის, არამედ სახელმწიფოსათვის და რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდება. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს სიტუაციის განმუხტვისა და მოვლენათა რევოლუციური განვითარების თავიდან აცილების მცდელობა. ჩანს, ჯერაც ვერ გაგვიაზრებია, რომ ყოველი საპროტესტო აქცია არ გახლავთ სიკეთისა და ბოროტების საბოლოო და გადამწყვეტი შეტაკება და რომ, ერთხელაც იქნება, ისტორია უარს გვეტყვის, ამგვარი ინფანტილიზმი გვაპატიოს. არადა ამას ვუცქერთ წლების განმავლობაში: ყოველ აქციას უნდა მოჰყვეს ან ყველაფერი, ან - არაფერი. ამავდროულად, ერთი კონკრეტული შედეგიც კი არ იქნა მიღწეული. არჩევნებს ისევ მთლიანად ხელისუფლება განაგებს, მთლიანად მის განკარგულებაში რჩება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა ისეთი უმნიშვნელოვანესი ძალა, როგორიც იყო უნივერსიტეტი, ებრძვიან ეკლესიას და ასე შემდეგ. უბრალო ადამიანი გრძნობს ამგვარი ამორფული ქცევის უპერსპექტივობას და დიალოგისაკენ მოუწოდებს. არ ვიცი, ვინმემ მიაქცია თუ არა ყურადღება, რომ აქციების მონაწილეთა საშუალო ასაკი 40 წელი და ცოტა მაღლა იყო. იმის განსჯა, თუ რას ნიშნავს ეს, თქვენთვის მომინდვია.
ის, რომ ოპოზიცია უარს იტყვის დიალოგზე, ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს, რადგან აშკარაა, რომ ასეთი ოპოზიცია იოლად დაკარგავს საშინაო და საგარეო მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ძალზე რთული იქნება და სულ მცირე წინსვლაც კი უდიდესი ენერგიის ხარჯზე მოხდება. მაგრამ ამას აქვს თავისი სასიკეთო მხარე: უბრალო ადამიანი დაინახავს აზრს ოპოზიციის ქცევაში და მზად იქნება, გადამწყვეტ მომენტებში მას მხარი დაუჭიროს. ხელისუფლების აბსოლუტურ ბოროტებად წარმოჩენა და მიზნად მისი დაუყოვნებლივ მოშორების დასახვა, უბრალოდ, პოლიტიკური ინფანტილიზმია. სხვა თუ არაფერი, პოლიტიკური ცხოვრების მიზანი ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება და გაძლიერება უნდა იყოს და მას არ უნდა ვავნოთ, თუნდაც იმით, რომ რევოლუციას პოლიტიკური ცხოვრების საყველპურო მოვლენად ვაქცევთ. თანახმა ვარ, სააკაშვილი აღარ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში. შარშანდელი აგვისტოს შემდეგ ის უმაღლესი ხელისუფალი არ უნდა ყოფილიყო. და ვერც იქნებოდა, ოპოზიციის ნაწილს პოლიტიკური ცხოვრება სამიტინგო ტაშ-ფანდურთან რომ არ გაეიგივებინა და იარაღად იმავე სააკაშვილისეული პიარი რომ არ მოემარჯვებინა. უბრალო ადამიანმა დაინახა, რომ იმ საპროტესტო აქციების მიღმა არ იგულისხმებოდა ნათელი ხედვა, თუ საით წავიდოდა სახელმწიფო მოქმედი ხელისუფლების წასვლის შემდეგ და შებრკოლდა: მან აქცენტი გააკეთა დიალოგზე. ეს ბუნებრივიც არის - იმიტომ, რომ 2003 წელს მან უკვე გამოსცადა, რა მოაქვს იმას, როდესაც დაუფიქრებლად მიიღებ რადიკალურ გადაწყვეტილებებს. იგივე იგრძნო ოპოზიციის ნაწილმაც.
სხვათა შორის, ის გარემოება, რომ გაზაფხულზე მოვლენები რევოლუციურად არ განვითარდა, დიდწილად არის ოპოზიციის ერთი ნაწილის დამსახურება. სწორედ მათ განმუხტეს სიტუაცია კრიტიკულ წუთებში. ცხადია, ხელისუფლებამ ეს საკუთარ თავს მიაწერა, რაც საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს მისთვის. ყველაზე იოლად მოწყვლადი ხომ საკუთარ ძლევამოსილებაში დარწმუნებული ძალაა. ვგრძნობ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილს პოლიტტექნოლოგიური არსენალის გამდიდრების აუცილებლობაც ესმის.
- ამ კონტექსტში საინტერესოა ოპოზიციის ერთი ნაწილის პოზიცია. ამ პოზიციის მიხედვით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა იქნება სააკაშვილის შემდეგ, არამედ ის, რომ ჯერ სააკაშვილი უნდა იქნას გაშვებული ხელისუფლებიდან.
- ეს იმ კაცის ლოგიკას ჰგავს, რომელსაც ცოლის გაგდება უნდა და ფიქრობს: ოღონდ ეს ცოლი არ მყავდეს და ვინც გინდა, იყოსო. 2003 წელს ჩვენ სწორედ ამ ლოგიკით მოვიქეცით.
- ზემოთ ალასანიასა და მისი გუნდის მოქმედების ტაქტიკაზე საუბრობდით. მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე შეხვედრა უკვე გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რეპრესიები მაინც გრძელდება.
- ცხადია, გაგრძელდებოდა. ამაში ეჭვიც არ უნდა შეგვპარვოდა. მართალია, ეს არ არის ისეთი მასშტაბის რეპრესიები, რომ საბჭოთა რეპრესიებს შევადაროთ, მაგრამ რეპრესიები ყველა შემთხვევაში რეპრესიებია; ყველა შემთხვევაში საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ შეთქმულ ხელისუფლებას ნიშნავს. ეს რეპრესიებიც პოლიტიკური ინიციატივის ფლობის ფორმაა. ზოგადად თუ ვიტყვით, სააკაშვილს პოლიტიკური ინიციატივის ხელიდან გაშვება არ უნდა. იგი ფიქრობს, რომ მცირე დათმობაც კი სისუსტედ და პოლიტიკური ინიციატივის ხელიდან გაშვებად იქნება აღქმული და მისი ხელისუფლების ეროზიას გამოიწვევს.
როგორც ჩანს, სააკაშვილმა ჯერჯერობით მოძებნა ის ხერხები და მეთოდები, რომლითაც ამ პროცესის შეჩერება შეძლო. როგორც ვთქვი, მას მიაჩნია, რომ ერთი დათმობაც კი გამოიწვევს შიშსა და ეჭვს ხელისუფლებაში და, გარკვეულწილად, ეს ასეც არის. რაც მთავარია, უბრალო ადამიანსაც შეეპარება ეჭვი მის ძლევამოსილებაში. ამიტომაც მან შეიძლება რაღაც მომენტში დათმობების შთაბეჭდილება შექმნას, მაგრამ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მალევე გააწონასწორებს ამ შთაბეჭდილებას იმით, რასაც თქვენ რეპრესიები უწოდეთ. მიუხედავად ხშირი განცხადებისა, რომ მთელი საქართველოს პრეზიდენტია და არა მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობისა", ბოლო ხანებში აშკარა ხდება, რომ ყველა, ვისაც ის კონკურენტად აღიქვამს, ამა თუ იმ ხარისხით დაზარალდა, თბილისის უბნებსა და რეგიონებში კი მისი მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების სიებს ადგენენ. გირგვლიანის მკვლელების ციხიდან გამოშვებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა დიდხანს არ დამყარდება; რომ არ მოქმედებს ელემენტარული სამართლიანობის კრიტერიუმები; რომ ხელისუფლების მომხრეებს მკვლელობაც კი შეიძლება მიეტევოთ. ამ ფაქტით ხელისუფლებამ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა უბრალო ადამიანის სამართლიანობის გრძნობას, რათა ამ უკანასკნელმა ბოლოს და ბოლოს მიიჩნიოს, რომ სამართალისთვის ბრძოლას აზრი არ აქვს. მკვლელების გამოშვება არ არის, უბრალოდ, უგუნური ნაბიჯი; იგი რიგითი ადამიანის ნების პარალიზებისაკენ არის მიმართული. სრულიად ასევე, ნამდვილად არ არის უგუნური ნაბიჯი და შეცდომა იმის მცდელობა, რომ ოპოზიციური სპექტრიდან წინა პლანზე იყვნენ ის პერსონალიები, რომელთაც ნდობის საკმაოდ დაბალი ხარისხი აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის გარეთ. ისინი, შესაძლოა, საინტერესოები არიან, როგორც სახალხო ტრიბუნები, მაგრამ არა როგორც პოლიტიკოსები, ვისაც ჩვენი ბედი შეიძლება ვანდოთ. სწორედ ისინი გამოჰყავთ წინა პლანზე. ამის მოხერხება ყოველთვის შეიძლება მართული ტელევიზიების მეშვეობით. ეს გახლავთ იმ არსენალის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს. სააკაშვილი ფლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან იარაღს: მას ძალუძს, ყოველწამიერად იცვალოს ნიღბები და მეტოქეებს არ მისცეს საშუალება, რომ ამოიცნონ იგი და მის წინააღმდეგ ცალსახა სტრატეგია შეიმუშავონ. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სამიტინგო ტაშ-ფანდურით, პოლიტიკური სადღეგრძელოებითა და სწორხაზოვანი აზროვნებით შეუძლებელია.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ გირგვლიანის მკვლელების გათავისუფლების მიზანი რიგითი ადამიანის ნების პარალიზებაა. ფიქრობთ, რომ სააკაშვილი საზოგადოებრივი პროტესტის საბოლოოდ ჩახშობას შეძლებს?
- უსახო პროტესტი არ არსებობს. ყველა შემთხვევაში, პროტესტს განასახიერებენ კონკრეტული პოლიტიკური ძალები. იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც პროტესტის განსახიერებასა და ორგანიზებას კისრულობდნენ, სამწუხაროდ, ამოწურეს თავიანთი რესურსი. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებდა ამგვარ საპროტესტო მუხტს და სერიოზულ დათმობებზე წავიდოდა, ალტერნატიული პოლიტიკური ძალა რომ არსებობდეს და ოპოზიციის კრიტიკულად დიდ ნაწილს არ მიეჩნია, რომ პრეზიდენტის გაშვება მხოლოდ დროისა და ტექნიკის საქმე იყო. ხელისუფლებას თავის ამოცანად დღეს სწორედ ის დაუსახავს, რომ არ დაუშვას პროტესტის მობილიზება (საკანონმდებლო დონეზეც). როგორც ჩანს, მას საამისო ინსტრუმენტებიც გააჩნია. თუმცა კი ისიც აშკარაა, რომ შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ვერავითარი ხრიკი ვეღარ გაჭრის. ეს კი უკვე რევოლუციასა და ყველაფრის ხელახლა დაწყებას ნიშნავს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს არ მოხდეს. რაც მთავარია, თავად ხელისუფლებამაც უნდა იგრძნოს ეს საფრთხე. სახელმწიფოებრივმა მორალმა უნდა აჯობოს ცალკეულთა ინტერესებს. სახელმწიფოებრიობის უპირველესი საფუძველი ხომ სახელმწიფოებრივი მორალია. სახელმწიფოებრივი ქცევის წესია. სადაც ის სუსტია, სადაც თვალსაჩინო საჯარო ფიგურები თავს უფლებას აძლევენ, არ დაიცვან სახელმწიფოებრივი ეთიკის ელემენტარული ნორმები, სახელმწიფო ვერ აიგება. იქ გამყიდველი შეიძლება აღმოჩნდეს ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, მასმედიაც და ა.შ. შეიძლება ვიღაცამ ეტატიზმში დამდოს ბრალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ეტატიზმს; მაშინ იგივე ბრალი დავდოთ ფრანგებს, შვედებს, ჰოლანდიელებს, ამერიკელებს, ბრიტანელებს, დანიელებს.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ალასანია ჯერჯერობით ვერ დადებს პრინციპული მნიშვნელობის შედეგებს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გზით - თუნდაც იმის გამო, რომ ის ახალი კაცია ქართულ პოლიტიკაში. ამბობთ იმასაც, რომ მოქმედი ხელისუფლება გაზაფხულის აქციების შემდეგ თავს გამარჯვებულად აღიქვამს. თუ ასეა, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს ალასანიას მცდელობას?
- ხელისუფლებასთან დიალოგი ყველა შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს. უნდა წამოყენებულ იქნას რეალური და განხორციელებადი მოთხოვნები და არა ისეთები, რომელთა განხორციელების შესაძლებლობაც თავადვე არ გჯერა. ეს უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე საზოგადოების წევრთა უდიდესი ნაწილისათვის ნათელი არ გახდება, რომ ამ ხელისუფლების მთელ არსენალს სატელევიზიო სივრცის ფლობა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შეთქმულება წარმოადგენს და მეტი არაფერი. და რომ იგი ყოველდღიურად და სააშკარაოდ ქვეყნის მართვის სტალინური მეთოდების იმიტირებას ახდენს - და ზოგჯერ ეს იმიტირება არც ისე უმწეო და უმტკივნეულოა. არც ისე შორია არჩევნებამდე და თუ ჩვენ ყველაფერი ეს შევძელით, რაც მთავარია, კარგად თუ განვსაზღვრავთ იმ ორ-სამ რამეს, რა გვინდა და რა არ გვინდა, სააკაშვილის ხელისუფლებას უკვე არჩევნების გზით მოვიშორებთ და ეს იქნება გამარჯვება არამხოლოდ სააკაშვილსა და სააკაშვილიზმზე, არამედ საკუთარ თავზეც, რადგანაც რევოლუციათა და ხელისუფლებათა გაგდების მანკიერი წრიდან დავაღწევთ თავს. ისევ და ისევ: არ შეიძლება საკითხის ასე დასმა: ან მოლაპარაკებები, ან - აქციები. თუ ჩვენ სიმართლის გრძნობა გვაქვს, თუ ჩვენ საკუთარ თავს ვენდობით, ერთიც საჭიროა და მეორეც - ოღონდ ისე, რომ არ იზარალოს ქართულმა სახელმწიფომ და სამართლიანობამ. თავისთავად, საპროტესტო გამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ უბრალო ადამიანი მხარს უჭერს კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას. საპროტესტო გამოსვლა საკუთარი პროტესტის გამოხატვას ნიშნავს და თუ მე რომელიმე პოლიტიკოსს ვანდობ ამ პროტესტის გაჟღერებას, მხოლოდ მის მიმართ საკმარისი ნდობის პირობით და არა - უპირობოდ. როდესაც მეუბნებიან, რომ ამ გამოსვლების მიზანი სააკაშვილის ხელისუფლების თავიდან მოშორებაა იმის გარკვევის გარეშე, თუ რა პროცესებს შეიძლება დაედოს სათავე, ვინ შეიძლება მოვიდეს და რა შეიძლება მოიტანოს, ასე მგონია, რომ ისევე მაბითურებენ, როგორც მრავალი ათასი ადამიანი გააბითურეს 2003 წელს. აშკარაა, რომ დიდია ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების მოსვლის ალბათობა, რომელთა მიმართაც სერიოზული ეჭვები არსებობს. სწორედ ამ საფრთხეს გრძნობს უბრალო ადამიანი, როდესაც დიალოგს უჭერს მხარს.
- მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელი - გოგა ხაინდრავა ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს მოძრაობა არ მიიღებს პოლიტიკურ სტატუსს, და ამბობს, რომ ეს გაერთიანება პოლონური "სოლიდარობის" ანალოგი უნდა გახდეს. ეს, თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი? მოსალოდნელია თუ არა, რომ ამ მოძრაობამ საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვოს?
- ამგვარი მოძრაობა ნდობის ძალზე მაღალი ხარისხის მქონე პერსონალიებს გულისხმობს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოიყრიან მასში თავს ამგვარი ადამიანები.
- საერთოდ, რამდენად შესაძლებელია, შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საზოგადოებრივი მოძრაობა აღმოჩნდეს უფრო ანგარიშგასაწევი, ვიდრე პოლიტიკური სტატუსის მქონე გაერთიანება?
- დადგენილი ნორმები და საზღვრები, ალბათ, არ არსებობს. შესაძლებელია, გარკვეულ სიტუაციებში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოძრაობებს შორის საზღვრებიც მოიშალოს. გულახდილად ვიტყვი: მე არ მჯერა, რომ ჩემი წარმატება დამოკიდებული იქნება მხოლოდ იმაზე, თუ რას დავარქმევ ჩემს აქტივობას.
- მიმდინარე პროცესებში დასავლეთის ფაქტორს რა როლს ანიჭებთ?
- მთავარი დასავლური ფაქტორი ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერაა, საერთაშორისო თვალსაზრისით - პოლიტიკური მხარდაჭერაც. მაგრამ გულუბრყვილობაა იმაზე საუბარი, რომ დასავლეთის როლი ჩვენს საშინაო პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტია. ამით მხოლოდ საკუთარ პასუხისმგებლობას გვინდა გავექცეთ.
- თქვენ ცალსახად ამბობთ, რომ დასავლეთის მხარდაჭერას უპირატესად მორალური დატვირთვა აქვს?
- მორალური მხარდაჭერა ხშირად აშკარა პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ არის გადამწყვეტი. შეერთებული შტატები გამოკვეთილად უჭერდა მხარს ირანის შაჰს, მაგრამ ამ უკანასკნელმა მუსლიმ ფუნდამენტალისტებს ვერაფერი მოუხერხა. რუსებმაც ვერ შეძლეს ლამის ორ ათეულ სახელმწიფოში მათვის სასურველი ხელისუფლების დასმა ან შენარჩუნება.
- "ვარდების რევოლუციასთან" დაკავშირებით რას იტყვით?
- "ვარდების რევოლუციის" ბედი გადავწყვიტეთ ჩვენ და არა ვინმემ ჩვენს გარეთ. ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე ვერავინ ვერაფერს გააწყობდა. ნუ ვეძებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გასაღებს სადღაც სხვაგან. სააკაშვილმა მშვიდობიანად ჩაამთავრა გასული გაზაფხული არა იმიტომ, რომ დასავლეთი უჭერდა მხარს, არამედ, ნაწილობრივ, იმ მიზეზთა გამო, რომელთა შესახებაც უკვე ვილაპარაკე. რაც შეეხება დასავლეთს, იგი ნამდვილად ისურვებდა სხვა პარტნიორს საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ალტერნატივა ვერ დაინახა.
- მაგრამ, მაგალითად, "ალიანსი საქართველოსთვის", როგორც ჩანს, ამერიკისთვის უფრო გასაგებ ენაზე საუბრობს. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?
- ალიანსს ნამდვილად აქვს განსხვავებული პოლიტიკური აზროვნების პოტენცია. ის, თუ როგორი იქნება მისი პოლიტიკური ქცევის წესი, მალე გამოჩნდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий