"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
17 ოქტომბერი, 2009
"თუკი საუბარია ეკონომიკური პროცესების სინგაპურიზაციაზე, მაშინ რა გვინდა ნატო-ში? ან - ევროკავშირში? ასეთ შემთხვევაში, იქ ვინ გველოდება? წარმოუდგენელია, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება საუბრობდეს პოლიტიკის დასავლეთ ვექტორსა და ეკონომიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ვექტორზე. ეს არის აბსურდი, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში გამოიხატა", - "რეზონანსს" ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ესაუბრება.
- რამდენიმე დღის წინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ბრძოლის ორი გზიდან საერთო გეგმას შეიმუშავებს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა ვადებში დასრულდება ამ საკითხზე მოლაპარაკება. ამ განაცხადის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- ჩემი აზრით, ოპოზიცია დიდი ხანია, შეთანხმებულია ერთ საერთო აზრზე ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით. სხვა საკითხია, რას აკეთებენ ამ მიზნის მისაღწევად. მაგრამ მიმაჩნია, რომ ოპოზიციის საქმიანობაში ტაქტიკური სხვადასხვაობა უფრო ლოგიკურია, ვიდრე მცდელობა იმისა, რომ ქართული საზოგადოების წინაშე ტყუპისცალებად წარმოჩნდნენ.
- მაგრამ გაჩეჩილაძე, როგორც ჩანს, სწორედ ტაქტიკური გზების ერთიანობაზე საუბრობს.
- ეს ეტაპი საზოგადოებამ გაზაფხულზე გაიარა. ტაქტიკური მეთოდების ერთიანობა, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურ პროცესს გააღარიბებს. ახლა, როცა ოპოზიციურ სპექტრში ტაქტიკური გზები მკაფიოდ არის გამიჯნული; როცა სპექტრი ლაგდება შეურიგებლებიდან ზომიერებამდე, რასაკვირველია, უფრო აშკარად გამოჩნდება ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ყოფნა-არყოფნის პერსპექტივა. გაზაფხულზე, გადაწყვეტილების მიღებისას, რამდენიმეკაციან პარტიას და ათასობით წევრის მქონე პარტიას თანაბარი უფლება ჰქონდათ. ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს ასეთი რამ არ ახასიათებს. თუ ვინმეს სურს, რომ მას შეუერთდნენ, ეს პრეტენზია დასაბუთებული უნდა იყოს. მეორე მხრივ, ველოდები, როდის დადგება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დრო, როდესაც პარტიათა რაოდენობის შემცირება დაიწყება; როდესაც ბლოკებისა და კოალიციების შექმნის კი არა, ამა თუ იმ პარტიათა ერთ პოლიტიკურ ძალად შერწყმის საკითხი დადგება. მცირერიცხოვანი პარტიები მხოლოდ აკნინებს პოლიტიკურ პროცესს. პარტიის წარმატებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი რეგისტრაცია. პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივად კერძო შპს-დ წარმოჩენა საფრთხეს უქმნის ზოგადად, პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში.
- სააკაშვილი ჯერჯერობით ახერხებს, ყველა ოპოზიციური ძალის გეგმები ჩაშალოს - მათი მასშტაბების მიუხედავად.
- სააკაშვილის ხელისუფლებას შეუძლია, ჩაშალოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის გეგმები, რადგან ეს პარტია უკვე კარგა ხანია, აღარ მოქმედებს პოლიტიკური მეთოდებით. ხოლო ძალადობა, რომლის უზარმაზარი პოტენცია გააჩნია სახელმწიფოს, დღეს, უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიმართ გამოიყენება. დღეს სახელმწიფოს ფუნქციად იქცა: არ დაუშვას ცვლილება სახელისუფლებო ელიტაში. თუკი ხელისუფლება საზოგადოების წინაშე ვალდებულებას არ იგრძნობს, ძალიან გაჭირდება პოლიტიკური ბრძოლის ისეთი მეთოდების დამკვიდრება, როგორსაც ნორმალური საზოგადოება იყენებს.
- და რამ შეიძლება, ხელისუფლება იძულებული გახადოს, აიღოს ეს ვალდებულება? 9 აპრილი-26 მაისის პროცესმა ამ თვალსაზრისით, ფაქტობრივად, ვერაფერი შეცვალა.
- გეთანხმებით. მაგრამ ამ პროცესმა, ისევე, როგორც განვლილმა ერთმა წელიწადმა, მთელ მსოფლიოს აჩვენა საქართველოს ხელისუფლების სიყალბე. საერთაშორისო საზოგადოებას უკვე აღარ სჯერა, რომ ეს ხელისუფლება მართლაც ერთგულია იმ ფასეულობების, რომლებზეც ის გამუდმებით ლაპარაკობს. დასავლეთმა სააკაშვილს უკვე ზურგში შეაქცია.
- ეს შეიძლება თუ არა გულისხმობდეს დასავლეთისგან საქართველოს იზოლაციასაც?
- ნაწილობრივ, რასაკვირველია, ამასაც გულისხმობს. ხელისუფლების იზოლაცია სხვანაირად შეუძლებელია წარმოვიდგინოთ.
- გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, მომზადდება ე.წ. "თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტი", და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პარტიები ერთმანეთს არ დაუპირისპირდებიან. შეიძლება ითქვას, დოკუმენტს თვალშისაცემი ფორმულირება აქვს...
- არ ვფიქრობ, ასეთი სახელწოდება ველური თავდასხმის მოლოდინიდან გამომდინარეობდეს. თუმცა, ცხადია, რომ პოლიტიკური სუბიექტები საჯარო სივრცეში ერთმანეთზე საუბრისას სიმკაცრეს ავლენენ. ვინაიდან ოპოზიციურ სპექტრში ერთიანი სტრატეგიული მიზანი არსებობს, რასაკვირველია, ასეთი ტიპის შეთანხმებები საჭიროა. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი შეთანხმება შედეგიანი გამოდგეს: ძალიან მგრძნობიარეები ვართ.
- როგორ შეიძლება განვითარდეს პოლიტიკური პროცესები იმ შემთხვევაში, თუკი ბურჯანაძის მიერ გამოთქმულ ინიციატივას - წინააღმდეგობის დემოკრატუილი ფრონტის შექმნასთან დაკავშირებით - შეუერთდებიან გაჩეჩილაძე და ოქრუაშვილი?
- დემოკრატიული ფრონტი მსოფლიოში მიღებული ფორმაა საპროტესტო ელექტორატისთვის. სწორედ ეს ნიშა დარჩა თავისუფალი ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მას შემდეგ, რაც ალასანიამ შექმნა ალიანსი და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ბრძოლის საკუთარი მეთოდები. ვფიქრობ, რომ სწორედ შეურიგებლობისა და ზომიერების მიჯნებს შორის ექნება საზოგადოებას შესაძლებლობა, იმოძრაოს - თავისი პოლიტიკური სურვილების, გემოვნების შესაბამისად. საზოგადოებაში ასეთი არჩევანი თუ არ არის, მაშინ ჩნდება ინფანტილიზმი. ამ ეტაპზე, ეს ორი კოალიცია, ჩემი აზრით, დაფარავს საზოგადოებაში არსებულ მისწრაფებებს. კიდევ რჩება ნიშა - ჩემი აზრით, არადასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ძალების წარმოსაჩენად.
- კონკრეტულად, რას გულისხმობთ?
- ვთქვათ, ნატო-ში გაწევრიანების საწინააღმდეგო განწყობილებას.
- ნათელაშვილი?
- შეიძლება. ნათელაშვილს ბევრი სხვა განმასხვავებელი ნიშანიც აქვს. ის, ზოგადად, არ ცნობს კოალიციის იდეას. ასე რომ, პოლიტიკური სპექტრი მხოლოდ შეურიგებლებისა და ზომიერებისგან არ შედგება. გაჩნდება ადგილი ისეთი პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომლებიც საზოგადოებას საკუთარ, სხვა ტიპის შეთავაზებას წარუდგენენ.
- საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი - ლევან ვეფხვაძე საუბრობს იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეთანხმება მიღწეული არ იქნეს და ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენი პროგნოზი როგორია?
- ეს კიდევ ერთი მკაფიო ნიშანია გულუბრყვილო საზღვარგარეთელი პოლიტიკოსებისთვის. თვეების განმავლობაში გოდებდა "ნაციონალური მოძრაობა" იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია არ უერთდებოდა მის ინიციატივას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. და როგორც კი ალასანიას ალიანსი დათანხმდა ამ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, ახლა უკვე "ნაციონალური მოძრაობა" აღარ ესწრება და რამდენიმე შეხვედრა ჩაშალა კიდეც. აი, აქ ვლინდება ჭეშმარიტება "ნაციონალური მოძრაობის" ლოზუნგისა - "საქმე ლაპარაკის ნაცვლად". ნებისმიერი საქმე, რომელსაც შეიძლება შედეგი ჰქონდეს, წარმოადგენს საფრთხეს ასეთი ხელისუფლებისთვის.
დიდია იმის ალბათობა, რომ ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდეს. ხელისუფლებას არ აქვს დაპირებების განხორციელების პრაქტიკა. თუნდაც ტელევიზიის მეორე არხთან დაკავშირებული დაპირება გაიხსენეთ, ოპოზიციისთვის რომ უნდა ეჩუქებინათ. ან - მინისტრის მოადგილეების პოსტებთან დაკავშირებით მიცემული დაპირება. ახლაც, სრულიად ღია ჩანს იმის მცდელობა, რომ საარჩევნო გარემოს გამოსწორებისთვის არანაირი სერიოზული კონსენსუსი არ შედგეს.
- "ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი - დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩართული შტატების სახით.
- ეს ასეა. მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე ჩვენი საარჩევნო სისტემის გაყალბების "ნოუ-ჰაუ" იმდენად იხვეწება, რომ დასავლეთი ვერ მისდევს ამ ტექნიკას. უპირველესი საკითხი, რაზეც შეთანხმება მიღწეული უნდა ყოფილიყო, ვიდეოთვალთან დაკავშირებული საკითხია. იგი იქნებოდა არა თარხნიშვილის, არამედ ეუთო-ს ქონება; ეუთო იქნებოდა პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის გავრცელების გამჭვირვალობაზე. ეს არ შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივა. მოქმედ ხელისუფლებასაც ვგულისხმობ და ყველა მომავალსაც: არ ვართ ჩვენ ისეთი ცივილიზებულები, რომ საკუთარ მარცხს მშვიდად ვუყურებდეთ. თუ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმდებიან, შემდეგ წინსვლა უფრო მარტივი იქნება. რატომ უნდა ეშინოდეს ვინმეს იმის, რომ სრული ჩანაწერი არსებობდეს? ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცნობიერება ამისთვის მზად არ არის. ამდენად, დაახლოებით თანაბარია იმის მოლოდინი, რომ არჩევნები არ შედგება, ან - გაყალბდება. უკეთესის მოლოდინი ჯერჯერობით საფუძველს მოკლებულია.
- და ასეთი მოლოდინის ფონზე, თქვენი აზრით, პოზიტიური შედეგის მიღების მოლოდინი უფრო რომელ პოლიტიკურ ძალას შეიძლება უკავშირდებოდეს: ალიანსს თუ ბურჯანაძის ფრთას? თქვენივე დეფინიცია რომ გამოვიყენოთ: ზომიერებს თუ შეურიგებლებს?
- თუკი საარჩევნო გარემოს გასაკეთილშობილებლად შედეგი არ იქნება, რასაკვირველია, ბურჯანაძის გზას მეტი მხარდაჭერის შანსი გაუჩნდება. მაგრამ მერწმუნეთ: ზომიერებაც და შეურიგებლობაც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერებისთვის ერთნაირად მიუღებელია. ამიტომ: არ ჩათვალოთ, რომ ზომიერებს უფრო მეტად დაუთმობენ, ვიდრე შეურიგებლებს. "მხოლოდ ჩვენ" - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ლოზუნგი. "მხოლოდ ისე, როგორც ჩვენ გვინდა".
- ამ ლოგიკით, თქვენი აზრით, რა გზა რჩება საზოგადოებას?
- ჯერ ეს ორი გზა უნდა გავიაროთ. უნდა ისწავლოს ოპოზიციურმა სპექტრმა, რომ ზეპირსიტყვიერებიდან დოკუმენტების შექმნის პრაქტიკაზე უნდა გადავიდეს. ეს მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის. ზეპირსიტყვიერების დისკურსში შემოზღუდული პოლიტიკური ძალების სატელევიზიო თუ სამიტინგო გამოსვლების გარეგნული ეფექტები, ბოლოს და ბოლოს, ქვიშაში გაპარული წყალივით დარჩება.
- "კონსერვატორი" კახა კუკავა ამბობს, რომ საპროტესტო ელექტორატს ახლა ის კი არ აინტერესებს, თუ რას სთავაზობს რომელიმე ოპოზიციური პარტია სააკაშვილის შემდეგ; ახლა მისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, გაიგოს, ოპოზიციური ძალები რა გზებს სთავაზობენ სააკაშვილის გასაშვებად.
- როგორ შეიძლება საზოგადოებას არ აინტერესებდეს, ხელისუფლების ცვლილების პრეტენზიის მქონე პოლიტიკურ ძალას რა ხედვები, რა უნარები აქვს?! მე უფრო ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ პარტიებში იმ ანალიტიკოსების დეფიციტია, რომლებიც საკუთარი ხედვის მკაფიოდ წარმოჩენას და ღია დებატების გამართვას შეძლებდნენ. შესაძლებლია, ეს პროცესი ნაადრევად იყოს აღქმული (დებატებს ვგულისხმობ), მაგრამ ის კი უდავოა, რომ დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალთა შორის განსხვავების მოძებნის საშუალება არ არსებობს. ეს კი საზოგადოებას ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას უყალიბებს. ცხადია, იმის თქმა არ მინდა, რომ ანალიზს არც ერთი პოლიტიკური ძალა არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური ნიშნით გავრცელებული ინფორმაციის სახით ეს პროცესი საზოგადოებისთვის მიუწვდომელი რჩება. მიმაჩნია, რომ ამ საკითხებით არც ქართული მედია ინტერესდება.
- ზემოთ ქვეყნის იზოლაცია ახსენეთ. რამდენიმე დღის წინ, მოსკოვში ვიზიტით მყოფმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ელემენტები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება. მაგრამ შეიარაღების კონტექსტში კლინტონი, ასევე, აცხადებს: შტატები დაეხმარება ქართველ ხალხს, იგრძნოს, რომ თავის დაცვა შეუძლია. ამ დროს კი იწერება რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა. იგი არ გამორიცხავს ბირთვულ დარტყმას პრევენციული თვალსაზრისით. საფრთხის მნიშვნელობას რუსეთი თავად განსაზღვრავს. მოსკოვმა საქართველო ალ-კაიდას თემასაც "მიაბა". პროცესების რა მიმართულებით განვითარებას ვარაუდობთ?
- ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ, რომ რუსეთი თავის პოზიციებს გადახედავს. ჩვენ მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გავხადოთ ვითარება ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრებზე, რათა რუსეთს არანაირი საბაბი არ მივცეთ.
- ეს რას ნიშნავს?
- ეს ნიშნავს იმას, რომ ახალაიას მსგავსი ლიდერი არ უნდა ჰყავდეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელი ინციდენტი აზერბაიჯანის საზღვართან სწორედ თავდაცვის სამინიტროს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების მიერ იყო აღკვეთილი.
საქართველომ მოახერხა და რუსულ-ამერიკული დაპირისპირების ფრონტის წინა ხაზზე დამკვიდრდა. ჯერჯერობით არ იკვეთება არანაირი პოლიტიკური ხედვა საზოგადოების იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველო პირველი არ შეუშვერს შუბლს ხიფათს. ამ საფრთხის გაცნობიერება ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. ხელისუფლება არ უნდა ცდილობდეს, პრიმიტიული ტყუილით იურთიერთოს საზოგადოებასთან. თუკი საუბარია ეკონომიკური პროცესების სინგაპურიზაციაზე, მაშინ რა გვინდა ნატო-ში? ან - ევროკავშირში? ასეთ შემთხვევაში, იქ ვინ გველოდება? წარმოუდგენელია, რომ ერთი და იგივე ხელისუფლება საუბრობდეს პოლიტიკის დასავლეთ ვექტორსა და ეკონომიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ვექტორზე. ეს არის აბსურდი, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში გამოიხატა.
Комментариев нет:
Отправить комментарий