29 марта, 2011

ადგილობრივი არჩევნების ხიბლი: თბილისი - სააკაშვილის გარეშე?!

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
31 აგვისტო, 2009


დავით ბერძენიშვილი: "ბაჩო ახალაიას დანიშვნა ვერ უშველის თბილისში არჩევნებში სააკაშვილს!"
"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო მეტ-ნაკლებად ასატანი იქნება. ამის ალბათობა კი მაღალია", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი. და კიდევ ერთი არგუმენტი: "თბილისის მოსახლეობის 80% ვარაუდობს, მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებში უნდა ჩაერთოს ოპოზიცია".
რისი იმედით მიდის "ალიანსი საქართველოსთვის" სააკაშვილის მიერ შემოგდებულ მორიგ არჩევნებში?
"მთელი კვირის" შეკითხვებს რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი პასუხობს.
- მე ყოველთვის ხაზგასმით ვამბობდი, რომ გაზაფხულის აქციები - ეს იყო 9 აპრილი-26 მაისის აქციები. ეს პერიოდი, პრაქტიკულად, ამ თარიღებით იყო შემოსაზღვრული. დროთა განმავლობაში სხვებიც ეთანხმებოდნენ იმას, რომ 9-ში, 10-ში, 11-სა და 12-ში სააკაშვილი არ მიდიოდა და რაიმე არსებითი ხასიათის ცვლილებები ხელისუფლებაში მოსალოდნელი არ იყო.
პარტია გადაიდო. ოპოზიციას რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია, და რაიმე განსაკუთრებული დანაკარგიც არ ჰქონია. არც ხელისუფლებას გამოუვლია რაიმე განსაკუთრებული დანაკარგით ეს - მისთვის ძალიან მძიმე პერიოდი, და არც მას მიუღწევია რაიმე განსაკუთრებული წარმატებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოვლენას აქვს მრავალი მხარე: 9 აპრილს და 26 მაისსაც ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან სერიოზული ძალის დემონსტრირება მოხდა.
სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ივლისის მეორე ნახევარში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თბილისში რეიტინგული მაჩვენებლების პრაქტიკულად ისეთივე თანაფარდობაა, როგორიც მარტის შუა რიცხვებში იყო.
- და რა გამოდის? 9 აპრილი-26 მაისის პროცესმა რისთვის ჩაიარა: იმისთვის, რომ ეს ტენდენცია, უბრალოდ, კიდევ ერთხელ დაფიქსირებულიყო?
- 9 აპრილი-26 მაისის პროცესმა დაადასტურა ის ტენდენცია, რომ ხელისუფლება თბილისში ელექტორალური თვალსაზრისით არის სუსტი.…
- ეს ხომ მარტშიც ვიცოდით? სწორედ 9 აპრილი-26 მაისის აქციების პერიოდში თქვენ ხაზგასმით ამბობდით, რომ ეს პროცესი არის ხელისუფლების ჩამოწერის პროცესი. მაგრამ ვერაფერს მიაღწიეთ.
- ხელისუფლებას აღმოაჩნდა უნარი, მისი რეიტინგის ვარდნის ტემპი შეეჩერებინა. და ბუნებრივია, იმის შესაძლებლობა არ ჰქონია, რომ რეიტინგს აღმასვლა დაეწყო. ეს იყო ხელისუფლების ჩამოწერის პროცესის ეტაპი, და იმ ეტაპმა თავისი ფუნქცია - იმ დოზით, როგორც ამის შესაძლებლობა აღმოჩნდა, შეასრულა. ხელისუფლებისთვის დედაქალაქში ასეთი მაჩვენებელი კატასტროფაა.
იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ ჩატარებული ბოლო - ივლისის მეორე ნახევრის კვლევაში ჩანს, რომ რეიტინგული თვალსაზრისით, ოდნავ გამყარდა ის კარგი სასტარტო პირობები, რაც ჰქონდა "ალიანსს საქართველოსთვის". ალიანსი და "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში ისევ პირველ-მეორე ადგილებზე არიან (დაახლოებით 15-16%-ის ფარგლებში). ხელისუფლებას ჰქონდა 15-16% და აქვს ეს პროცენტები. ეს რეალურად არის სახელისუფლებო რესურსი. მაგრამ ხელისუფლებამ მეტი დაკარგა თბილისის გარეთ: გაზაფხულის პროცესებმა მაინც გარკვეული ეფექტი მოახდინა მთელი ქვეყნის მასშტაბით: "ნაციონალურმა მოძრაობამ", მინიმუმ, 5-6% დაკარგა აპრილი-მაისის მოვლენების შედეგად. და თუ, ვთქვათ, თბილისში ლეიბორისტებს, "ფორუმს" დღეს 10-11% აქვთ, ამის ნახევარი აქვთ მათ ქვეყნის მასშტაბით - თბილისს გარეთ. "ქრისტიან-დემოკრატების" რეიტინგის კლება თვალსაჩინოა, მაგრამ ისინი რჩებიან ქართული პოლიტიკური ხუთეულის შემადგენლობაში. მეექვსე პარტია ჯერ არ ჩანს. კვლევები აჩვენებს, რომ რომელიმე სხვა პარტია, რომელიც შეიძლება ახლოს იყოს ამ ხუთეულთან, ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შესაძლოა გაჩნდეს - ვთქვათ, ან "დაიცავი საქართველოს" ბაზაზე, ან რაიმე სხვა კონფიგურაციით.
- რატომ ახსენეთ "დაიცავი საქართველო"? მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ ეს სრულიად აპოლიტიკური მოძრაობაა.
- იმიტომ ვახსენე, რომ ლევან გაჩეჩილაძე იქ არის. ის კი პოლიტიკური ფიგურაა.
- თქვენ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა, მან ეს გაერთიანება პოლიტიკაში აქტიური მოძრაობისთვის სასტარტო პოზიციად გამოიყენოს?
- არ ვიცი. მე, უბრალოდ, კვლევის შედეგებზე ვსაუბრობ. კითხვარში შეტანილი იყო "დაიცავი საქართველო" - ლევან გაჩეჩილაძე, როგორც არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანება. და კვლევაში მან გარკვეული შედეგი მიიღო: 5-6% თბილისში. თუკი ეს მოძრაობა რეიტინგულ პოლიტიკურ გაერთიანებად ჩამოყალიბდება, მაშინ ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ქართული პოლიტიკური პალიტრის მეექვსე სუბიექტი გახდეს.
ახლა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ 30 მაისს იქნება ადგილობრივი არჩევნები. ჯერ ერთი, ეს არანაირი ვადამდელი არჩევნები არ არის: ოთხი თვით ადრეა გადმოტანილი, ვიდრე კანონით არის განსაზღვრული. მეორე მხრივ, არანაირი პროცედურები იმისათვის, რომ არჩევნები 30 მაისს გაიმართოს, პარლამენტში ჯერ არ დაწყებულა. 30 მაისს არჩევნები ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუკი კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შევა. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ სააკაშვილის ინიციატივაა და მეტი არაფერი. თეორიულად, არც ის არის გამორიცხული, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს მომავალი წლის შემოდგომაზე, და არც ის არის გამორიცხული, რომ ჩატარდეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე. ზოგადად კი, საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინი რესპუბლიკელებსა და ალიანსს არ გვქონია და ამას არც ვმალავდით. ამიტომაც ვაფართოებდით მოთხოვნებს.
- პირადად თქვენ არ იძახდით, - ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებიო?
- ჩვენ ვამბობდით: "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელი მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".
- თავიდან, ბატონო დავით...
- მაგრამ ჩვენ არასოდეს ვამბობდით, რომ ეს არის ერთადერთი მოთხოვნა. იყო ოპოზიციაში ერთი ნაწილი, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა სააკაშვილის გადადგომასა და ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მათი ტექსტი გაჟღენთილი იყო ფრაზებით: "სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არჩევნების ჩატარებას ჩვენ არ დავუშვებთ"; "ჯერ უნდა გადადგეს და მერე უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები". ჩვენ ასეთი ილუზიები არ გვქონია. ჩვენ შევადგინეთ ექვსპუნქტიანი მოთხოვნა და სხვა ოპოზიციური ძალებიც ამაზე დავითანხმეთ (მაისის შუა რიცხვებში). ეს, რეალურად, საპროგრამო მოთხოვნაა, რომელიც დროში არ არის შეზღუდული ერთი თვით, ორი ან თუნდაც ექვსი თვით. ისინი ვერ განხორციელდება უმოკლეს ვადებში. ჩვენ გვჭირდება არჩევნები: ადგილობრივიც, საპარლამენტოც და საპრეზიდენტოც. იმის მიუხედავად, როგორი იქნება თანმიმდევრობა, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სამივე არჩევნების მოსაგებად.
საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად კი ჩვენ გვჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, მობილიზება ქვეყნის შიგნით და ხელშეწყობა ქვეყნის გარედან, რათა სააკაშვილს ნორმალური რჩევები მისცენ. დიდი წარმატებების არანაირი გარანტიები არ არის, მაგრამ ალბათობა წარმატებებისა მაღალია. ეს პროცესი წელიწადს გასტანს, წელიწად-ნახევარს თუ ორ წელიწადს, ამას გვიჩვენებს დრო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მზაობა.
- გაზაფხულის აქციების მიწურულს ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეთ, რომ სექტემბერში ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყება. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება კი ოპოზიციის შესაძლებლობებს უკვე ეჭვის თვალით უყურებს. მოგაქვთ რაიმე კონკრეტული პროექტი შემოდგომისთვის?
- ზაფხულის შემდეგ ქართული პოლიტიკური ცხოვრება, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს განახლდება ხოლმე. არის პოლიტიკური პროექტები. ეს არ იქნება ერთიანი ოპოზიციური პოლიტიკური პროექტები. იქნება ალიანსის პროექტი, და იგი იქნება საერთო ნაციონალური ხასიათისა. მე ჯერჯერობით თავს შევიკავებ მასზე დეტალური საუბრისაგან.
- რატომ?
- სერიოზულად ვამზადებთ. შემიძლია გითხრათ, რომ პროექტი იქნება საერთო ნაციონალური ხასიათის. ის, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ მოვემზადებით, სრულიად ნათელია. შემიძლია ჩამოვიდე სანაძლეოს: ყველა მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური პარტია საქართველოში, იმის მიუხედავად, რას იტყვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე; სიების წარდგენამდე თუნდაც ხუთი წუთით ადრე, - მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
- რატომ გაქვთ ასეთი მოლოდინი?
- ჯერ ერთი, საქართველოში ასეთი პოლიტიკური პრაქტიკა გვაქვს. და მეორე მხრივ, ეს არის ელემენტარული პოლიტიკური ლოგიკა. და თუ არ უნდათ, დასვან საკუთარი პარტიების ყოფნა-არყოფნის საკითხი, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. სხვათა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საერთო ნაციონალური არჩევნებია, და საერთო ნაციონალურ არჩევნებში, მაგალითად, "ფორუმი" თუ არ მიიღებს მონაწილეობას, რაც აკრიფა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იმას გაანიავებს. ბუნებრივია, ისინი ამას ანგარიშობენ. "ფორუმიც", ლეიბორისტული პარტიაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ხუთეულის წევრები არიან. სანაძლეოს ჩამოვდივარ: ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში - იმის მიუხედავად, გულზე ხელის ბრახუნით რამდენიც უნდა თქვას მათმა ამა თუ იმ ლიდერმა, რომ ვინც სააკაშვილის დანიშნულ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის არის მტერი თუ მოღალატე და გასაცამტვერებელი.
- ჩვენ ალიანსის პოზიციები უნდა განვიხილოთ. ზემოთ აღნიშნეთ, - წარმატებების ალბათობა მაღალიაო. საინტერესოა, როგორ დათვალეთ რისკები. რა გაძლევთ საფუძველს, იფიქროთ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმით თქვენ რეჟიმს დაასუსტებთ? უფრო პირიქით ხომ არ მოხდება?
-  ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ საარჩევნო გარემო იქნება ძალიან თავისუფალი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო მეტ-ნაკლებად ასატანი იქნება. ამის ალბათობა კი მაღალია.
- ეს რა ფაქტორის გათვალისწინებით არის შესაძლებელი?
- საშინაო და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის გათვალისწინებით. და კიდევ: კვლევები ადასტურებს, რომ თბილისის მოსახლეობის 80% ვარაუდობს, მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებში უნდა ჩაერთოს ოპოზიცია. ყოველგვარი საუბრები იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნები არ არის საინტერესო და ხალხს ეს არ უნდა,  არასერიოზულია.
- როგორ აამუშავებთ საშინაო და საგარეო ფაქტორებს? კონკრეტული გზები მითხარით, თუ შეიძლება.
- საგარეო ფაქტორის მოგვარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ: ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების კარგად ინფორმირება, მუშაობა იმ ინსტიტუტებთან, რომლებიც არჩევნების მიმართ ინტერესს იჩენენ. მაღალია იმის ალბათობა, რომ ისეთი დრაკონული კანონი ვერ იქნება, როგორიც დღეს არის.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ? დასავლეთში ამის პირობას გაძლევენ?
- აქ არ არის საუბარი პირობებზე. ეს არის პროცესი. მე ხომ არ ვლაპარაკობ კარგ საარჩევნო გარემოზე; მე ვსაუბრობ ასატან საარჩევნო გარემოზე. ამის მიღწევის ალბათობა კი მაღალია. თბილისში ხელისუფლება იწყებს 15-16%-იანი სასტარტო პოზიციით და არა 30-35%-იანით. ორჯერ მეტი რომ ჰქონდეს თბილისში, მაშინ გაყალბებით მას შეუძლია უმრავლესობის აღება. მთავარი დამაიმედებელი სწორედ ეს არის: თბილისში ხელისუფლების შესაძლებლობები იმდენად მინიმალურია, რომ მაღალი ხარისხის გაყალბების მოტივაცია საკმარისი არ არის. მხოლოდ გაყალბებებით ხელისუფლება თბილისის საკრებულოში უმრავლესობას ვერაფრით მიიღებს და მას თბილისის მერი ვერ ეყოლება.
მე გეტყვით, ხელისუფლება რას აპირებს: რატომ შემოიტანა მერის პირდაპირი არჩევნების თემა? ამდენი წელი ხომ თავად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა? იმიტომ შემოიტანა, რომ ესეც არითმეტიკაა მისთვის. თუ თბილისში არ იქნება მერის პირდაპირი არჩევნები, და იქნება საკრებულოს არჩევნები - ვთქვათ, 5%-იანი ბარიერით, ალბათობა იმისა, რომ საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში სახელისუფლებო პარტია მიიღებს მანდატების ნახევარზე მეტს, ნულის ტოლია. თუ არ იქნება მერის პირდაპირი არჩევნები, ხელისუფლებას შანსი არ აქვს, ჰყავდეს მერი. ამიტომაც თავად გამოაცხადა, მერის პირდაპირი არჩევნები დაინიშნოს: იქაც, ერთი შეხედვით, რა შანსი უნდა ჰქონდეს: სააკაშვილის, უგულავას, "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგები გაერთიანდა. გატოლდა. დაიკარგა ის რესურსი, რაც სააკაშვილს ჰქონდა, და ესეც ბოლო მოვლენების შედეგია. დამთავრდა ის დრო, როდესაც სააკაშვილის რეიტინგი აღემატებოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს. ესაა ხელისუფლება: ყველა ერთია. მეორე არჩევანი არც სააკაშვილს და არც მის პარტიას რეალურად არ აქვთ: არც თბილისში, არც ქვეყნის მასშტაბით. კვლევები ამასაც ადასტურებს. ამიტომ გადაწყვიტა მერის პირდაპირი არჩევნების ჩატარება. მას გათვლა აქვს იმაზე, რომ ოპოზიციიდან რამდენიმე კანდიდატი იყოს წარმოდგენილი. და თუკი სახელისუფლებო კანდიდატის ხმები როგორმე 30%-მდე ავა, ხოლო დახურული უბნებით და წაყალბებების სხვა საშუალებებით ის საბოლოდ მიიღებს 33-34%-ს, ოპოზიციონერი კანდიდატები კი 28, 15, 10%-ს მოაგროვებენ, მათ გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ხელისუფლების სააწინააღმდეგო ხმები აქციონ სახელისუფლებო მანდატებად. გაბნეული ოპოზიციური ხმები ამას უზრუნველყოფს. ორი მესამედი ანტისახელისუფლებო ხმა სახელისუფლებო მანდატის უზრუნველმყოფ ხმად გადაიქცევა. შემდეგ კი ხელისუფლება იტყვის: "30%-ს ვინც მიიღებს და პირველ ადგილზე გავა, ის იყოს გამარჯვებული". ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ასეთი ხელოვნური მექანიზმებით თბილისის მერის არჩევნებში შესაძლებელია, მას ჰქონდეს წარმატების მბჟუტავი შანსი. მაგრამ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი სერიოზული საკამათო თემა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის მოქმედი საარჩევნო კოდექსის ცვლილების დროს.
- მაგრამ შეაცვლევინებთ საარჩევნო კოდექსს ხელისუფლებას?
- თბილისში იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვთ, რომ ესეც რომ დატოვონ, მათი მოგების შანსი გაცილებით დაბალია, ვიდრე წაგების. თუმცა, ეს არის ის თემა, რომელზეც ძალიან სერიოზული კამათი იქნება. უნდა არსებობდეს საარჩევნო გარემოს მინიმალური სტანდარტი, რომელიც რეალურ წამყვან პოლიტიკურ ძალებს არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას მიაღებინებს.
- თქვენი საუბრისას ნათლად არ ჩანს, რა როლს ასრულებს (ან შეასრულებს) დასავლეთი აქ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში. არ გრძნობთ მხარდაჭერას და გსურთ ეს რაღაცნაირად დაფაროთ, თუ?
- არა, პროცესი მიმდინარეობს. შემიძლია თქვა, რომ ის დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც დღეს გვაქვს, შერბილებული იქნება. რა ხარისხით მოხერხდება ეს, პროცესი გვიჩვენებს.
- შიგნიდან ზეწოლა შეგიძლიათ?
- თუ არც ერთმა გავლენიანმა პოლიტიკურმა ძალამ ეს არჩევნები არ ცნო ან არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, ან გაყალბებულად ჩათვალა, ეს კრიზისი გაღრმავდება. კრიზისის გაღრმავება კი ხელისუფლებისთვისაც არ არის სასარგებლო - იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს, ის რომელიღაც არჩევნებს ძალიან მძიმედ გადაჰყვება.
მაღალია იმის ალბათობა, რომ ჩვენ და სხვა პოლიტიკური ძალები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ - იმიტომ, რომ თბილისში გაყალბებითაც ვერ ხერხდება ხელისუფლების გამარჯვება. ამას ბოლო არჩევნები ადასტურებს. თანაც, დღეს ხელისუფლება უფრო სუსტია, ვიდრე 2008 წელს იყო. ამიტომ, თუ თბილისში საარჩევნო გარემო ასატანი იქნება... თბილისის საკრებულოს არჩევნები და მერის არჩევნები - ეს არის მეორე პოლიტიკური ცენტრის შექმნის არჩევნები. ეს არ არის "კანალიზაციის" არჩევნები".
- თქვენ ტაქტიკას იმეორებთ? უნდა გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის ტრამპლინი საკრებულო იყო?
- რა თქმა უნდა, ამას ვითვალისწინებთ. ის არჩევნები თბილისში, 2002 წელს, ჩატარდა ჩემი ლოზუნგით: "თბილისი - შევარდნაძის გარეშე". გამარჯვება დედაქალაქში - ეს არის ისეთი სასტარტო უპირატესობის მოპოვება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომ ამის ხელიდან გაშვებას არც ერთი რეალური პოლიტიკური ძალა არ აპირებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია: ბუქარესტის მერი რუმინეთის პრეზიდენტია, რომ არაფერი ვთქვათ ჟაკ შირაკზე. ახლაც, მოლდოვაში, კიშინიოვის მერი შევიდა მმართველ კოალიციაში.
- როგორ ფიქრობთ, გაზაფხულამდე არაფერს მოიფიქრებს სააკაშვილი იმისთვის, რათა ეს იმედები ჩაგიგდოთ?
- სამწუხაროდ, ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ სააკაშვილის ქმედებების პროგნოზირება და ლოგიკური არგუმენტაცია საკმარისი არ არის: ის არ ექვემდებარება პროგნოზირებას. ბაჩო ახალაიას დანიშვნა არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. ახალაია თავდაცვის მინისტრად მას დასჭირდა ჯარის გასანეიტრალებად - როგორც მინიმუმ; და საჭიროებისა და შესაძლებლობის შემთხვევაში - თავდაცვის სამინისტროს რეპრესიულ-დივერსიულ მანქანად გადასაქცევად.
- და ამას მოუგებთ თქვენი ტაქიკით?
- არჩევნებს თუ მოვუგებთ, მაშინ უკვე იქნება სხვა სასტარტო შესაძლებლობა. სხვა გზა არ არის. უპირატესობა ახლა ჩვენს ხელშია. თუ ჩვენ არ ვიქნებით თარიღების მძევლები, და პოლიტიკას შევხედავთ, როგორც მარათონს, როგორც პროცესს და არა როგორც ერთჯერად წარმატებას, მაშინ უპირატესობა არის ქართული საზოგადოების იმ ნაწილის ხელში, ვინც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი. თბილისში - მით უმეტეს - ეს ასეა. ბაჩო ახალაიას დანიშვნა ვერ უშველის თბილისში არჩევნებში სააკაშვილს!
- ალასანიამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მისი პარტია არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს ალიანსში შემავალი პარტიების პოზიციები თვისობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს?
- ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი პარტია არანაირ საპროტესტო აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას. უბრალოდ, როდესაც მან ივლისის შუა რიცხვებში "თავისუფალი დემოკრატები" დააფუძნა, იმ დროისთვის ის არ მონაწილეობდა ქუჩის აქციებში, და იმ დროისთვის, გაგახსენებთ, რეალურად, არც ჩვენ ვმონაწილეობდით. 2009 წლის ივლისის პირველ ნახევარში ქუჩის აქციები, პრაქტიკულად, აღარ იყო. საკნები იყო, მაგრამ აქციები არ იყო. როცა აქციები იყო, ეს აქციები იყო ჩვენით - ალიანსით. როცა ჩვენ აღარ ვიყავით, აქციები აღარ იყო. ეს ობიექტური რეალობაა.
- ამასაც კვლევები გიჩვენებთ?
- ამას შედეგები მიჩვენებს და ეს ახსოვს ყველას, ვინც აქციებზე დადიოდა. სანამ იყო საკნების ქალაქი, იყო ალიანსის ქალაქი; როცა აღარ იყო ალიანსის ქალაქი, აღარც საკნების ქალაქი იყო.
- და მაშინ არაფერ შუაში იყვნენ ბურჯანაძე, ზურაბიშვილი, ბესელია, სხვები?
- არა, მათ თავისი ხაზი ჰქონდათ.
- მათ დაძახილზე არავინ გამოსულა?
- ყველაფერს აქვს თავისი ეტაპები. ახლა, გაგანია აგვისტოში, ალიანსი რომ აწყობდეს რუსთაველზე რაღაც აქციას, არც ჩვენს დაძახილზე მოვა ათასობით ადამიანი. ეს სრულიად ბუნებრივია. უბრალოდ, ჩვენ ვიცით, როდის დავუძახოთ და როდის არ დავუძახოთ. იმ ოპოზიციურ პარტიებთან, ვისთან ერთად აპრილი-მაისის აქციებს ვხელმძღვანელობდით, ჩვენ გვექნება პარტნიორული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები იქნება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
- თბილისის მერის კანდიდატურად ვის წარადგენთ?
- ალიანსს მერის კანდიდატურაც ეყოლება, საკრებულოს თავმჯდომარისაც, და ალიანსს პრეტენზია ექნება იმაზე, რომ მოიგოს თბილისის არჩევნები. კანდიდატის შერჩევა არ გაგვიჭირდება და მაშინ გამოვაცხადებთ, როდესაც ამის საჭიროება იქნება. ვითარებას როგორც შევაფასებთ, კანდიდატიც იმის მიხედვით იქნება განსაზღვრული. ერთი რამ ცხადია: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, განსაკუთრებით - თბილისსა და დიდ ქალაქებში - ეს იქნება მეორე პოლიტიკური ცენტრის შექმნის არჩევნები. ჩვენ მივიღებთ ვითარებას, როცა ხელისუფლების ერთი ცენტრი იქნება სააკაშვილის რეზიდენციაში, ხოლო მეორე - თბილისის თვითმმართველობაში. და ეს ორი ცენტრი იბრძოლებს პარლამენტის შესაქმნელად.
- თქვენ გაზაფხულზე ხშირად ამბობდით, რომ არმაგედონის მოლოდინი არავის უნდა ჰქონოდა. განცხადება, რომელიც ახლა გააკეთეთ, სწორედ ასეთი მოლოდინის გაჩენას არ უწყობს ხელს?
- რა თქმა უნდა, არა. ეს პოლიტიკური პროცესია.
- იქნებ, რამე მოგიმზადონ გაზაფხულამდე - თვითმმართველობის არჩევნებზე ჩასაძირად?
- აქ პოლიტიკური პარტიების პრობლემა არ არის. ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება ისეთს ვერაფერს მოგვიმზადებს, რომ გაგვანადგუროს. ვშიშობ, ქვეყანას არ მოუმზადოს რამე. არის რთული საგარეო პოლიტიკური ვითარება, და საქართველოს ხელისუფლებას მოეთხოვება, ჭკვიანურად მოიქცეს. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ქვეყნის გარედან არის საფრთხეები, საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ჭკვიანურად მოქცევის გამოცდილება.
- მაგრამ გამოცდილებამ უჩვენა ისიც, რომ საგარეო საფრთხეები მოსახლეობის კონსოლიდაციას ახდენს სწორედ სააკაშვილის სასარგებლოდ.
- სააკაშვილს ახლა საგარეო საფრთხე კი არა, მამაზეციერი ვერ უშველის. მის ირგვლივ კონსოლიდაციის შესაძლებლობა ამოიწურა. ამიტომ სააკაშვილის მხრიდან ახლა მორიგი მტრის ხატის შექმნა იქნება სრულიად უსარგებლო მისთვის და, ამასთანავე, სახიფათო მცდელობა. თუმცა, გავიმეორებ: მისი ქმედებები ლოგიკას არ ექვემდებარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий