"რეზონანსი"
9 სექტემბერი, 2009
"ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა გამოკვეთილი უმრავლესობის განწყობა ასეთია: ჩათრევას ჩაყოლა ჯობს"
"მმართველი პარტია არ არის მხოლოდ თბილისის ამომრჩეველთა პარტია და სააკაშვილი არ არის მხოლოდ თბილისის პრეზიდენტი. ორივე მათგანის ლეგიტიმაცია საქართველოს მასშტაბით იზომება. კვლევები კი აჩვენებს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემები ხელისუფლებას არ აქვს (ამასაც, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს). საქართველოს მასშტაბით მმართველი პარტიის რეიტინგი 40%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, სხვათა შორის, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით.
სააკაშვილს უნდა შეეზღუდოს თვითნებური მოქმედების შესაძლებლობა. ზეწოლა შიგნიდან და გარედან თანაზომიერი უნდა იყოს, და არა ისე, რომ შიგნიდან მოითხოვო სააკაშვილის უპირობო გადადგომა და ამ დროს საერთაშორისო ინსტიტუციები არჩევნებზე ლარაპაკობდნენ. ასეთი აცდენის შემთხვევაში ვერაფერი მიიღწევა. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ".
"რეზონანსს" სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ესაუბრება.
- ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობა გაზაფხულის აქციების შემდეგ ამბობს, რომ ის ოთხმოცდაათი დღე ბრძოლის ერთი ეტაპი იყო. ამ ეტაპის შედეგი კი, მათი თქმით, ის არის, რომ მეფე კიდევ უფრო გააშიშვლეს; რომ მოხდა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების პარალიზება... თქვენ როგორ დაახასიათებთ ამ პერიოდს?
- გაზაფხულის საპროტესტო აქციების ყველაზე ხელშესახები შედეგი ის არის, რომ ხელისუფლებას მხარდამჭერები შეუმცირდა. მაგალითად, თუ 2008 წლის დეკემბერში "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა ხვედრითი წილი ქ. თბილისში შეადგენდა 25%-ს, 2008 წლის მაისში მან 11%-მდე დაიწია. ეს ერთგვარად "ფარული" შედეგია, რომელიც, ჯერჯერობით, ინსტიტუციურად არ ჩანს, მაგრამ რასაკვირველია, თავს იჩენს ნებისმიერ მომავალ არჩევნებში - თუკი იგი ობიექტურად ჩატარდება.
სხვა მხრივ, ფაქტია, რომ არანაირი სტრუქტურული ცვლილებები ამ მართლაც უპრეცედენტო საპროტესტო მარათონს არ გამოუწვევია. მართალია, მოხდა პარლამენტის, მთავრობის მუშაობის დროებით პარალიზება, მაგრამ დღეს ეს სტრუქტურები ოპოზიციისგან პროვოცირებული "დანაკარგების" გარეშე მუშაობენ. უფრო მეტიც: თუ ინსტიტუციურ ცვლილებად მივიჩნევთ საკანონმდებლო ცვლილებებს, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ ამ თვალსაზრისითაც "იმარჯვა": მან აამოქმედა კანონი, რომელიც მასობრივი მანიფესტაციებისა და შეკრებების ორგანიზების წესს მნიშვნელოვანწილად ართულებს.
ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა იმ ძალზე მნიშვნელოვანი წინადადებების ინიცირება, რაც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის მიერ უნდა ყოფილიყო წამოყენებული. ვგულისხმობ კონსტიტუციურ ცვლილებებს ძალაუფლების გადანაწილების თაობაზე, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას, თბილისის მერის არჩევნებს და ა.შ. ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა მთელი ამ სამი თვის განმავლობაში იყო პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, ყველა სხვა ცვლილების მოთხოვნა ხელისუფლებასთან კოლაბორაციონიზმად და მარგინალურად მოინათლა. ჩემი აზრით, ეს იყო ოპოზიციის სერიოზული შეცდომა.
- თქვენ ამბობთ, რომ გაზაფხულის აქციების განმავლობაში ხელისუფლებას მხრდამჭერები შეუმცირდა. მაგრამ ოპოზიციას?
- "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერი თბილისში არის ყოველი მეორე რესპონდენტი, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით ნახევარი. რასაკვირველია, არასაპრალამენტო ოპოზიცია არ არის ერთგვაროვანი. მის ფარგლებში პოლიტიკური სიმპათიები არათანაბრად არის გადანაწილებული. გაზაფხულის აქციებმა შეძლო მხოლოდ ცალკეულ ოპოზიციურ პარტიებს შორის ბალანსის შეცვლა, თუმცა, ჯამში, ოპოზიციური ელექტორატის ხვედრითი წილი მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზარდა (მარტში 49%, მაისში – 51%). მაგალითად, პოლიტიკური წონა შესამჩნევად "დაუმძიმდათ" "ალიანსს საქართველოსთვის", "ეროვნულ ფორუმს" და ა.შ. მთლიანობაში, არასაპარლამენტო ოპოზიციის ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ არ მოხდა ამომრჩეველთა თვალში მათი დისკრედიტაცია.
- თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ მთელი სამი თვის განმავლობაში ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა იყო პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ახლა "ალიანსის საქართველოსთვის" სუბიექტები ამბობენ, რომ ისინი არ საუბრობდნენ მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომაზე.
- გავიხსენოთ: "ალიანსის" წარმომადგენლებმა (კერძოდ, ირაკლი ალასანიამ) თავიანთი პოზიცია მხოლოდ საპროტესტო მარათონის დასასრულს შეარბილეს. მანამდე ისინი ძირითადი ოპოზიციური მეინსტრიმის - გადადგეს სააკაშვილი და ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები - ოდნავ არატიპურ, თუმცა, მაინც ორგანულ ნაწილს შეადგენდნენ. ახლავე მოგახსენებთ, რაში მდგომარეობდა "ალიანსის" არატიპურობა: მათ აამუშავეს რამდენადმე უცნაური ფორმულირება: "ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ პრეზიდენტს და ვუთხრათ, რომ, ჩვენი აზრით, კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მისი გადადგომით, თუმცა, სიამოვნებით მოვისმენთ მის შემოთავაზებებს ამ კრიზისიდან დაღწევის სხვა ეფექტური გზების შესახებ". თუმცა, ამავე დროს, "ალიანსელები" აცხადებდნენ, რომ დიალოგი ხელისუფლებასთან შეიძლება გაიმართოს მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომის მექანიზმებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ამ მიდგომაში ალოგიკურობის ნიშნები არის. ვფიქრობ, "ალიანსი" შიგნით, თავის "სამზარეულოში" გრძნობდა ასეთ ალოგიკურობას, თუმცა, როგორც ჩანს, მან თავი აარიდა, ყოფილიყო ძირითადი ოპოზიციური მეინსტრიმისგან დისტანცირებული, რადგან ეს შეიცავდა პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩენის საფრთხეს. სხვათა შორის, მათ ერთ ნაწილს უკვე ჰქონდა ამის მწარე გამოცდილება: 2007 წლის არჩევნებზე, როდესაც რესპუბლიკური პარტია "გაერთიანებული ოპოზიციიდან" გამოვიდა და, საბოლოოდ, ეს გამოსვლა ძვირად დაუჯდა - მან საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა.
საპროტესტო მარათონის დასასრულს "ალიანსმა" მეტ-ნაკლებად გამოკვეთა თავისი პოლიტიკა ხელისუფლებასთან მიმართებით და ერთ-ერთ პრიორიტეტად მოლაპარაკებები და თანამშრომლობა დაისახა.
ზოგადად კი შეიძლება ითქვას, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ ხელისუფლების "ტახტს" შეუტია მაშინ, როდესაც ის არ იყო სათანადოდ მორყეული, რაც ხელისუფლების წასვლას რეალობად აქცევდა. ჯერ ერთი, მართალია, თბილისის მასშტაბით ხელისუფლებას ძალიან შეუმცირდა ამომრჩევლები (როგორც ითქვა, რაღაც ეტაპზე ეს მაჩვენებელი 11%-მდეც კი დავიდა), თუმცა, ისიც ცხადია, რომ მმართველი პარტია არ არის მხოლოდ თბილისის ამომრჩეველთა პარტია და სააკაშვილი არ არის მხოლოდ თბილისის პრეზიდენტი. ორივე მათგანის ლეგიტიმაცია საქართველოს მასშტაბით იზომება. კვლევები კი აჩვენებს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მწვავე პრობლემები ხელისუფლებას არ აქვს (ამასაც, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს). საქართველოს მასშტაბით მმართველი პარტიის რეიტინგი 40%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც, სხვათა შორის, ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია სხვა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან შედარებით.
სწორედ ამიტომ არ იმუშავა ასეთმა უკიდურესად ხისტმა ოპოზიციურმა ტაქტიკამ. უფრო მობილური ტაქტიკის შემთხვევაში შეიძლებოდა დღეს უკვე გვქონოდა სხვა საარჩევნო კანონმდებლობა, გვყოლოდა სხვა საარჩევნო ადმინისტრაცია, უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია და სხვ.
- მაგრამ - როგორ საარჩევნო პირობებში?
- რასაკვირველია, ბრძოლა უნდა გამართულიყო საარჩევნო გარემოს შეცვლაზე. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ძირითადი შეტევა უნდა განხორციელებულიყო სწორედ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო გარემოს "გახსნის" მიმართულებით. ამის ნაცვლად, ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ.
ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააკაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებში მძლავრი დასაყრდენი ააგო. პოლიცია და უშიშროება, ფაქტობრივად, იქცა არა სახელმწიფო უსაფრთხოების, არამედ პრეზიდენტის უსაფრთხოების პოლიტიკურ აქტორებად. გავიხსენოთ: 6 მაისს პოლიცია "მიშას" სკანდირებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიცია სახელმწიფოში არსებობს არა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, არამედ პირადად პრეზიდენტის მხარდაჭერისთვის. ახლ კი ამ არსენალს თავდაცვის სამინისტროც დაემატა.
- სწორედ თავდაცვის სფეროში განხორციელებული ამ საკადრო ცვლილების შემდეგ სხვადასხვა წრეებში გამოითქმის შიში, რომ შესაძლებელია, დიქტატორული რეჟიმი ჩამოყალიბდეს. ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი როგორია?
- მიუხედავად ამისა, დიქტატურის ჩამოყალიბების პერსპექტივას ვერ ვხედავ. საქართველო მოქცეულია დასავლეთის ზედამხედველობის ქვეშ და ამდენად, სააკაშვილისთვის დიქტატურის ჩამოყალიბება ასე ადვილი არ არის: მას სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა რუსეთის საპირწონედ. თუმცა, ავტორიტარიზიმის გაღრმავების საფრთხე ნამდვილად არსებობს.
- ზემოთ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობდით. ამ კონტექსტში საინტერესოა პოზიცია, რომელიც აქვს "ალიანსს საქართველოსთვის". იგი ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას? როგორ შეძლებენ ისინი, სააკაშვილს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება აიძულონ?
- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უნდა იყოს არამხოლოდ "ალიანსის საქართველოსთვის" უახლოესი პოლიტიკური ბრძოლის გეგმა, არამედ ეს უნდა იყოს მთელი ოპოზიციის ბრძოლის ერთ-ერთი ორიენტირი. საარჩევნო გარემოს ცვლილების გარეშე, რასაკვირველია, არჩევნების ჩატარებას აზრი ეკარგება. თუმცა, რასაკვირველია, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მიმაჩნია, რომ "ალიანსმა" გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. მუნიციპალურ დონეზე პოზიციების გამყარება ოპოზიციისთვის, შესაძლოა, შემდგომი ინსტიტუციური წარმატებების წინაპირობა გახდეს. მაგრამ "ალიანსი საქართველოსთვის" გაზაფხულს მარტო ვერ მოიყვანს. ეს უნდა იქცეს საერთო ოპოზიციურ შეტევად. თუ ალიანსი ამ განზრახვის კონტექსტში იზოლირებული აღმოჩნდება, მაშინ მას წარმატების მინიმალური შანსი ექნება. მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები აუცილებლად უნდა გამართონ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა. მათ საერთო ენა უნდა მოძებნონ. ხოლო თუ ეს საკითხი მათ შორის განხეთქილების მაპროვოცირებელი იქნება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია საქართველოში ძალიან სუსტია.
- "კონსერვატორი" კახა კუკავა ოპოზიციური გაერთიანების ერთობის აღდგენაზე საუბრობს. თქვენი აზრით, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?
- სხვათა შორის, გაზაფხულის აქციების მნიშვნელოვანი, თანაც, პოზიტიური სიახლე ისიც იყო, რომ ოპოზიციური გაერთიანება არ გულისხმობდა ინსტიტუციურ გაერთიანებას (ვგულისხმობ საერთო პოლიტიკური ბლოკის შექმნას და არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობის მიღებას). მეტ-ნაკლებად შენარჩუნდა პოლიტიკურ პარტიათა სიჭრელე. ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მხოლოდ საერთო მოთხოვნის გარშემო მოხდა, რამაც ამ გაერთიანებას სიმბოლური, თუმცა, მნიშვნელოვანი კაპიტალი შესძინა. კიდევ ერთი: ოპოზიციურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ არ ჩაეწერათ ქულები სხვათა დისკრედიტაციის ხარჯზე. ესეც ამ სიმბოლური კაპიტალის გამოძახილია. ამან საპროტესტო მუხტის მობილიზებაზე დადებითად იმუშავა.
ვფიქრობ, რომ თუ ისევ იქნება საუბარი რაიმე ტიპის გაერთიანებაზე, ეს უნდა იყოს გაერთიანება საერთო პოლიტიკური პროექტების, ღირებულებების გარშემო და არა - ხელოვნური ერთიანობა. თუმცა, ოპოზიციამ ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ წამგებიანია ალტერნატიული მოთხოვნების გარეშე ბრძოლა. უალტერნატივობას, უკიდურეს სიხისტეს, როგორც ვნახეთ, სარგებლობა ნაკლებად მოაქვს.
- მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარი ერთობის აღდგენაზე, თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა ნიშნავდეს იმას, რომ საპროტესტო აქციები ოპოზიციის ერთ ნაწილში ისევ ბრძოლის ერთადერთ იარაღად მიიჩნევა?
- ბოლო ოცი წლის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი ცვლილების მიღწევის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ამდენად, აქციები უნდა დარჩეს პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ, თუმცა, არა ერთადერთ ფორმად. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ აქციების გამართვა უკვე აღარ იქნება ისე იოლი, როგორც ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
- ამას კვლევები აჩვენებს?
- კვლევები აჩვენებს, რომ საპროტესტო შეურიგებელ აქციებზე მეტად აქტუალური გახდა დიალოგის იდეა - მოლაპარაკებები და კომპრომისები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რასაკვირველია, ეს საპროტესტო მარათონის ხილული შედეგების გარეშე დასრულების შედეგად გამოწვეული ფრუსტრაციების პროდუქტია. ვფიქრობ, რომ ხისტი პოლიტიკური ბრძოლის განახლებას უახლოეს თვეებში პერსპექტივა არ აქვს. საპროტესტო ენერგია ისევ შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აზვირთდეს, თუკი ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ამომრჩევლის თვალში მის დამატებით მნიშვნელოვან დისკრედიტაციას მოახდენს. ხელისუფლებამ ბეწვის ხიდზე გაიარა: ის გაუმკლავდა პროტესტის ძლიერ ტალღას, რომელიც აგვისტოს ომის გამო დაიმსახურა. დღეს, გაზაფხულის აქციების "ნარჩენებით" მას ვერ წააქცევ - დამატებითი და მძლავრი მუხტია საჭირო.
ამ ეტაპზე, ამომრჩეველთა გამოკვეთილი უმრავლესობის განწყობა ასეთია: ჩათრევას ჩაყოლა ჯობს. ამომრჩეველი ხედავს, რომ აქციების გზა არ აღმოჩნდა ეფექტური ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციებისთვის, და მას გაუჩნდა სურვილი, საპროტესტო ენერგია სხვა ფორმით დახარჯოს. მაგალითად, ახლა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს საარჩევნო გარემოს შეცვლაზე, და თუ ოპოზიცია შეძლებს ადგილობრივ არჩევნებში წარმატების მიღწევას (ამის შანსი კი მას ნამდვილად აქვს), მაშინ ეს სწორედ ხელისუფლების მშვიდობიანი წასვლის დასაწყისი იქნება.
- შანსი საიდან აქვს?
- ხელისუფლება, ელექტორატის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, "თავდაღმართში" დგას: მას მხარდამჭერები კი არ უმრავლდება, არამედ უმცირდება.
- გაყალბებით ვერაფერს უზრუნველყოფენ?
- რა თქმა უნდა, უზრუნველყოფენ; ამიტომ ვამბობ, რომ საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს.
- ზემოთ აღნიშნეთ, - ამის მისაღწევად უნდა დაიწყოს საერთო ოპოზიციური შეტევა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ ალიანსი ვერაფერს მიაღწევსო. თუკი ალიანსი ვერ შეძლებს, რომ სააკაშვილს საარჩევნო გარემო გააუმჯობესებინოს, ასეთ შემთხვევაში უნდა წავიდეს თუ არა იგი, თქვენი აზრით, არჩევნებში?
- ვფიქრობ, რომ "ალიანსისთვის" სარისკო ნაბიჯია, თუკი ის გადაწყვეტს, გახდეს "თეთრი ყვავი" და მხოლოდ ის იბრძოლებს ადგილობრივ არჩევნებში. საქმე ის არის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ისეთი პოლიტიკური კულტურის სივრცეში ვცხოვრობთ, როდესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა არის ქვეყანაში ოპოზიციური მოძრაობის ძირითადი ნაკადი ("მეინსტრიმი"). არ მგონია, რომ "ალიანსს" მარტოს ეყოს ძალა, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური პროექტის გარშემო მიიმხროს ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი და ამ მიმართულებით ჩამოაყალიბოს ძირითადი ოპოზიციური მეინსტრიმი. არადა, ძირითად ოპოზიციურ ნაკადში თუ არ მოექეცი, იმ წუთას იქცევი მარგინალად. მაგალითად, კვლევებიდანაც ჩანს, რომ ასეთად იქცა "ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი". ის კატასტროფულად კარგავს მხარდამჭერებს. ბოლო კვლევით, ამ პარტიის მიმართ მხადაჭერა 4%-საც ვერ აღწევს - მაშინ, როდესაც ადრე ეს მაჩვენებელი 15% იყო. გიორგი თარგამაძის პარტიას ბეწვის ხიდზე მოუწია გავლა: ერთი მხრივ, აპირებდა, შეენარჩუნებინა დისტანცია არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, და მეორე მხრივ, არ უნდა ყოფილიყო იდენტიფიცირებული ხელისუფლებასთან. ამის განხორციელება ძალიან რთული იყო. მან ეს ვერ მოახერხა.
თვით ნათელაშვილიც კი, რომელსაც სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, მოერიდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის მისამართით მკვახე განცხადებების გაკეთებას. მართალია, "ლეიბორისტები" აქციების ორგანიზატორად თავს არ აცხადებდნენ, მაგრამ დროდადრო მაინც ჩნდებოდნენ მიტინგებზე. "ლეიბორისტებმაც" კი (რომლებსაც ჰყავთ ქარიზმატული თვისებების მატარებელი ლიდერი) ვერ გაბედეს, დაპირისპირებოდნენ ამ მეინსტრიმს. ასე რომ, არ მგონია, თუ ალასანია მარტო იბრძოლებს, ამან წარმატება მოიტანოს. საერთო ფრონტი ოპოზიციას აუცილებლად სჭირდება.
- თქვენი აზრით, შესაძლებლია, რომ სააკაშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება უზრუნველყოს?
- არიან პოლიტიკოსები, რომლებიც შინაგანი "კონსტიტუციით" დემოკრატები არიან და თავად ცდილობენ დემოკრატიული გარემოს შექმნას. სამწუხაროდ, სააკაშვილი ასეთ მმართველად არ ჩამოყალიბდა. მისი დამოკიდებულება მედიასთან (თუნდაც 2007 წლის ნოემბერში "იმედის" დარბევა), მისი დამოკიდებულება არჩევნებთან ამაზე მეტყველებს. აღმოჩნდა, რომ არჩევნები სააკაშვილისთვის არ არის სახელმწიფოს მშენებლობის ლეგიტიმური ინსტრუმენტი. ის ყოველმხრივ ცდილობს, რომ არჩევნები, ნებისმიერ დონეზე, აქციოს ფსევდოარჩევნებად, ან არჩევნებამდე საერთოდ არ მიიყვანოს საქმე (გავიხსენოთ პირველი არხის დირექტორობის ბოლო "არჩევნები"). ეს არ არის პოლიტიკოსი, რომელიც თავისი ნებით გადაწყვეტს დემოკრატიის გზით სიარულს. ვფიქრობ, თუ იქნება ზეწოლა შიგნიდან (ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ენერგიული შეტევა საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების თვალსაზრისით), და ასევე, თუ იქნება მითითება საერთაშორისო სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის, რათა შეცვალოს საარჩევნო გარემო, მაშინ სააკაშვილს სხვა გზა არ დარჩება. სააკაშვილს უნდა შეეზღუდოს თვითნებური მოქმედების შესაძლებლობა. თუ ეს ზეწოლა იქნება საკმარისად ეფექტური, მაშინ მისგან შეიძლება "ძალად დემოკრატი" გამოიძერწოს.
გარედან ზეწოლა კი მას ექნება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უპასუხებს დასავლური ინსტიტუტების სტრატეგიასაც. ეს სტრატეგია კი არ გულისხმობს რევოლუციას. ზეწოლა შიგნიდან და გარედან თანაზომიერი უნდა იყოს და არა ისე, რომ შიგნიდან მოითხოვო სააკაშვილის უპირობო გადადგომა და ამ დროს საერთაშორისო ინსტიტუციები არჩევნებზე ლაპარაკობდნენ. ასეთი აცდენის შემთხვევაში ვერაფერი მიიღწევა. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს უნდა გაითვალისწინონ.
Комментариев нет:
Отправить комментарий