28 марта, 2011

არ შეიძლება მილიონის მანეთ-მანეთებად დახურდავება

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
3 აგვისტო, 2009


პაატა ზაქარეიშვილი: "ეს არ არის ხელისუფლება! ეს ტერორისტის ძალაუფლებაა!"
"ბაიდენი ბრწყინვალე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში. მეტი რაღა უნდა თქვას! დედას ხომ არ შეაგინებს, არა? დედასთან მივიდა და უთხრა: ყოჩაღ, კარგი შვილი გაგიზრდიაო. ეს, მგონი, შეგინებაზე უარესი იყო - ამ სიტყვების შემდეგ მან პრეზიდენტი კი არ დაიყენა გვერდში - როგორც ხდება პროტოკოლის გათვალისწინებით; წავიდა პარლამენტში, და იქიდან საჯაროდ შემოულაწუნა ხელისუფლებას. შემდეგ წავიდა იქ, სადაც შეიძლებოდა არ წასულიყო: ოპოზიციასთან. და იმედი მაქვს, რომ ისინიც გააკრიტიკა", - "მთელ კვირას" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.
- პარლამენტმა რიგით მეოთხე ომბუდსმენი აირჩია. როგორია თქვენი მოლოდინი ახალი სახალხო დამცველის მიმართ?
- აშკარად ჩანს, რომ გიორგი ტუღუში ამ ინსტიტუტს გამოაცლის სიცოცხლის ძარღვს და აქცევს გარკვეულ ფორმალურად დამოუკიდებელ ერთეულად, რომელიც მოწოდებული იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ ფული მოიზიდოს დასავლეთიდან, კომპიუტერები შეიძინოს...
მე მისმა ერთმა განცხადებამ დამაფიქრა: მან თქვა, რომ ეცდება, ისეთი რეკომენდაციები შესთავაზოს ხელისუფლებას, რომელიც შესრულებადია.
საქართველოში არის სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისის ერთ-ერთი საყურადღებო შედეგი არის პოლიტიკური პატიმრები. ტუღუშმა კი ისინი პრაქტიკულად ევრ დაინახა.
ვფიქრობ, რომ ეს ომბუდსმენი ვერ გაამართლებს მოსახლეობის მოლოდინებს. მაინც დაველოდოთ მის პირველ მოხსენებას. იქ ყველაფერი გამოჩნდება.
- თავის დროზე, პარლამენტში თქვენ ხელმძღვანელობდით ჯგუფს, რომელიც მუშაობდა კანონპროექტზე სახალხო დამცველის შესახებ. ახლა გიორგი ტუღუშის საქმიანობის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებთ, მაგრამ რეალურად, რა ძალა ჰქონდა სოზარ სუბარის მამხილებელ დოკუმენტებს და განცხადებებს?
- ის ძალა ჰქონდა, რაც უნდა ჰქონდეს ომბუდსმენს. ომბუდსმენი არ არის მოსამართლე. მთელ მსოფლიოში ასეა. ომბუდსმენის ფუნქციაა, გამოავლინოს დარღვევები და აჩვენოს ამ დარღვევების წყარო - კონკრეტული ჩინოვნიკები. სოზარ სუბარის მოხსენებებს თვალი რომ გადაავლოთ, შეამჩნევთ, რომ პირველ მოხსენებებში გვარებს  საერთოდ არ ახსენებდა. შემდეგ კი მან დაიწყო იმ ადამიანების გვარების დასახელება, რომლებიც არღვევდენენ ადამიანის უფლებებს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე რეაგირება მოახდინოს. და თუ არ ახდენს რეაგირებას, ეს უკვე მსოფლიოსთვის შეტყობინებაა. სოზარ სუბარის მოხსენებებისთვის ხელისუფლებას ყური რომ დაეგდო, პოლიტიკური კრიზისი არ დადგებოდა. შემდეგ კი მისი მოხსენებები მართლაც პოლიტიზებული გახდა - იმიტომ, რომ ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაუტოვა.
- შეიძლება ითქვას, რომ სოზარ სუბარის ანგარიშებს არაფრად თვლიდა ხელისუფლება, მაგრამ ომბუდსმენის ინსტიტუტის საქმიანობა  ხელს უწყობდა დასავლეთს, მუდმივად ინფორმირებული ყოფილიყო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ახალი სახალხო დამცველის საქმიანობისას საქართველო დასავლეთის თვალსაწიერიდან ხომ არ განაპირდება?
- 7 აგვისტოს შემდეგ საქართველო უკვე განაპირებულია. ჩვენგან დემოკრატიას აღარავინ ელის. ეს კარგად ესმის ჩვენს ხელისუფლებასაც და დიდად თავს არ იკლავს, მსოფლიოს უმტკიცოს, რომ საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა. დღეს სააკაშვილის ხელისუფლებისთვის მთავარი ხელისუფლებაში ყოფნაა - ნებისმიერი ფორმით. თუ გაუჭირდა, შეიძლება რუსეთსაც კი შეეკრას. თუმცა, ჯერჯერობით, ასე არ გასჭირვებია. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტი მას ხელს უშლის. ამიტომ ახლა ომბუდსმენად არჩეულია ისეთი ადამიანი, რომელიც, ვფიქრობ, რომ ამ ინსტიტუტს დააცვედანებს.
- თქვენ ამბობთ, რომ საქართველო დასავლეთისგან უკვე განაპირებულია. ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის გამოსვლა პარლამენტში ამაზე მიანიშნებს?
- რა თქმა უნდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ყველაზე მთავარი მოკავშირე - ამერიკა აღარ გვეფერება და ყველაფერს აღარ იტანს. და ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება არა ასეთი საქართველო, არამედ - დემოკრატიული. სააკაშვილს ბუშისგან ჰქონდა ინდულგენცია: "რაც გინდა, გააკეთე, ოღონდ პროამერიკული იყავი". ბაიდენმა კი თქვა: "გვჭირდება დემოკრატიული საქართველო". შესანიშნავი გამოსვლა ჰქონდა. ჯერ ერთი, მხარი დამიჭირა მე, როცა ვამბობდი წლების განმავლობაში, რომ საჭიროა საქართველოს ფედერაციული მოწყობა. შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. "ტრავიატას" ფინალი გამახსენდა: ძალიან, ძალიან გვიანაა საქართველოში ფედერაციაზე ლაპარაკი, სამწუხაროდ. მაგრამ სხვა რაღაცების გადახედვა შეიძლება. ბაიდენი ბრწყინვალე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს პარლამენტში. მეტი რაღა უნდა თქვას! დედას ხომ არ შეაგინებს, არა? დედასთან მივიდა და უთხრა: ყოჩაღ, კარგი შვილი გაგიზრდიაო. ეს, მგონი, შეგინებაზე უარესი იყო - ამ სიტყვების შემდეგ ბაიდენმა პოლიტიკური ენით თქვა, რომ საქართველოში დემოკრატიის ნასახიც კი არ არის; რომ კატასტროფაა საქართველოში! და მან ეს საჯაროდ თქვა. და პრეზიდენტი კი არ დაიყენა გვერდში - როგორც ხდება პროტოკოლის გათვალისწინებით; წავიდა პარლამენტში, და იქიდან საჯაროდ შემოულაწუნა ხელისუფლებას. შემდეგ წავიდა იქ, სადაც შეიძლებოდა არ წასულიყო: ოპოზიციასთან. და იმედი მაქვს, რომ ისინიც გააკრიტიკა.
- რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- არ მაქვს ინფორმაცია. ამას რა მნიშვნელობა აქვს. მან ეს გააკეთა დახურულ კარს მიღმა, ანუ ოპოზიციის საჯარო კრიტიკა  საჭიროდ არ ჩათვალა. ხელისუფლების საჯარო კრიტიკა კი ჩათვალა საჭიროდ. აქ საინტერესოა ერთი მომენტი: ოპოზიცია, ამერიკული გაგებით, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილია. ამიტომ სულაც არ იყო ვალდებული ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლების წარომადგენელი, მასთან მისულიყო. ოპოზიციასთან მისი მისვლა ნიშნავდა იმას, რომ მან არასაპარლამენტო ოპოზიციის ფენომენი აღიარა.
სააკაშვილს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ  ხალხი რაღაც-რაღაცებს ვერ ხვდება. თუ მართლაც ასეა, ეს უკვე ბაიდენის პრობლემა არ არის. ეს ხალხის პრობლემაა. კაპიტოლიუმი კრემლი არ არის. კრემლის მთავარი ამოცანა იყო, ხელები ეფათურებინა საქართველოში. არ არის ამერიკისთვის ეს ამოცანა მთავარი. ისინი, ისევე, როგორც ევროკავშირი, გვეუბნებიან: "გახდით  ჯანმრთელი".
- თქვენ არ აღიარებთ გარედან ჩარევის ფაქტორს?
- გამოვრიცხავ. ადამიანი თავისუფალი ნების მატარებელია. ღმერთმა უთხრა ადამს, არ შეჭამო ის ნაყოფიო. ადამმა კი მიიღო გადაწყვეტილება, ეჭამა. არავის დაუძალებია. გველმაც კი ვერ დააძალა. შესთავაზა მხოლოდ. გადაწყვეტილება კი ადამმა მიიღო. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კეთილი ვინებოთ და გავხდეთ ერი. ჩვენ კრიტიკულ სიტუაციაში ვართ. თუ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩება, მაშინ ის (მისი რეჟიმი) დარჩება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში.
- ანუ თქვენ ამას შესაძლებლად მიიჩნევთ?
- დიახ. სააკაშვილს, მის მიერვე მიღებული კანონითა და სამართლით, 2013 წლამდე არაფერი ემუქრება. ამიტომ ის არც ერთ სადავეს ხელიდან არ უშვებს, რათა მისმა რეჟიმმა შემდეგაც განაგრძოს მართვა. ბრძოლა არ უნდა მოდუნდეს. ქვების სროლას კატეგორიულად ვეწინააღდმეგები. მე ვამბობ, რომ არ უნდა მოდუნდეს მიუღებლობა ამ ხელისუფლების მიმართ. ყოველდღე უნდა გრძნობდეს, რომ ის არ არის შენი ხელისუფალი. ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდეს. და არამარტო თბილისში. ქუთაისში გადააქვს პარლამენტი? ამას ერთადერთი პლუსი აქვს: ქუთაისი არ იყო პოლიტიკური ცენტრი. ახლა, თბილისთან და ბათუმთან ერთად, ისიც გახდება პოლიტიკური ცენტრი და საკუთარ თავზე იწვნევს სააკაშვილი, თუ რა შეცდომა დაუშვა ამ გადაწყვეტილებით. სააკაშვილის უკან ხალხი არ დგას. მის გარშემო მუდმივად მიწა უნდა იწვოდეს. აუცილებელი  არ არის დღე და ღამე ქუჩაში დგომა.
- მაგრამ ოპოზიციამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ძალაუფლებას არ იხანგრძლივებდეს სააკაშვილი და მისი ხელისუფლება? თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილის უკან ხალხი არ დგას. ოპოზიციის უკან ახლა ხალხი დგას?
- ოპოზიცია დგას ხალხის უკან. ეს სხვადასხვა რამ არის.
- და დგას ახლა ოპოზიცია ხალხის უკან?
- რა თქმა უნდა. ხალხი უკმაყოფილოა ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემით. ოპოზიციამ თავის თავზე აიღო ამ ენერგიის მართვა. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად მართა მან ეს ენერგია, მაგრამ ენერგია ოპოზიციის არ იყო. ოპოზიცია ხალხს გამოჰყვა და უთხრა: "მე ვიქნები შენი ოპერატორი. მე ვმართავ შენს ენერგიას". სააკაშვილმა არ დააცხრო ეს ენერგია; არ წარმართა სწორი მიმართულებით. და შეიძლება, ოპოზიციამ ვერ გაამართლა მოლოდინი, ხალხმა ვერაფერი მიიღო, მაგრამ ეს ენერგია ხომ დარჩა? ეს არის მთავრი. დღეს ხალხისთვის სააკაშვილი მიუღებელია და მიუღებელია ოპოზიციის დიდი ნაწილიც. ანუ, ჯერ კიდევ აუთვისებელია ქვეყანაში დაგროვილი უკმაყოფილების ეს გაზი, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს და გაანადგუროს ყველაფერი. ვიღაცამ უნდა მიხედოს ამას. ვინც დაასწრებს, ის მიხედავს. რესურსი, ისევ და ისევ, შეიძლება იყოს ოპოზიციაში - იმიტომ, რომ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ არის. რა რჩება? ან აფეთქება, ან - ოპოზიციის მიერ გონივრული მენეჯმენტი.
- და ოპოზიციამ, თქვენი აზრით, რა გააკეთა იმისთვის, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო?
- ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს არ გადასულიყო აფეთქებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ოპოზიციამ გააშიშვლა სააკაშვილი. მაგალითად, საკნებმა პირველი თვის განმავლობაში ძალიან ეფექტურად იმუშავა. მსოფლიოს აჩვენა, რომ პარლამენტი არ არსებობს ქვეყანაში; რომ არ არსებობს მთავრობა; და, ბოლოს და ბოლოს, არ არსებობს პრეზიდენტი! არც ერთი ეს ინსტიტუტი არ მუშაობდა. მერე უცებ თავში ხელი წაიშინეს: მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან მიქარეს, და შევარდნენ და დაიწყეს მუშაობის იმიტაცია.
- და მათი დაბრუნება კაბინეტებში, მუშაობის ჩვეული რიტმის აღდგენა ოპოზიციის უკან დახევას არ მოჰყვა?
- არა, პარლამენტში შესვლას მათ არავინ უკრძალავდა. ოპოზიცია აპირებდა, (როგორც კიევში იყო), რომ მათთვის არ მიეცა მუშაობის პირობები. ისინი შიგნით იქნებოდნენ, მაგრამ გარედან მუდმივად ხმა უნდა ყოფილიყო. მუშაობაში ხელი უნდა შეშლოდათ.
- მაგრამ მოხდა ისე, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტშიც, კანცელარიაშიც - ყველგან, გარეთ კი ხალხი არ დგას; მათ მუშაობაში ხელს აღარავინ უშლის.
- იმიტომ, რომ ხალხმა უკვე აჩვენა, რომ ეს ხელისუფლება აღარ მუშაობს. მკვდრისთვის ოყნის გაკეთებას რა მნიშვნელობა აქვს?! როგორ შეიძლება, მკვდარს ხელი შეუშალო? შეიძლება ცოცხალს შეუშალო ხელი რაღაცაში, ხომ?
- თქვენ ამბობთ, რომ მკვდარია ეს ხელისუფლება?
- რა თქმა უნდა! მთელი ორი თვის განმავლობაში არც პრეზიდენტი მუშაობდა, არც - მთავრობა, არც - პარლამენტი.
- ორი თვის შემდეგ? მაგალითად, სულ ახლახან მიიღეს, როგორც ოპოზიციის ლიდერები უწოდებენ, დრაკონული კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ.
- საგულისხმო რეაქციაა: სხვა ვერაფერი მოიგონა, რათა კიდევ უფრო დაეხუფა გაზის ბალონი, რომელიც აფეთქებაზეა მომართული! ეს კანონი პირდაპირ გვეუბნება, ქუჩაში ცოტა ხალხს ვეღარ ავიტანო! სააკაშვილს ხუთლარიანი დაზღვევა ჩაუვარდა, ასი საავადმყოფო, ასი საწარმო - ყველაფერი. და მიხვდა, რომ ხალხთან მუშაობა საჭიროა არა სოციალური პროგრამებით, არამედ აკრძალვებით!
რაც შეეხება ოპოზიციას, მას, მართალია, არა საკმარისად, მაგრამ აქვს წარმატებები. ოპოზიციამ დაუმტკიცა მსოფლიოს, რომ ის არ მიდის რევოლუციაზე; რომ ის არ არის რუსეთის მიერ მართვადი. და ხელისუფლება შიშველი დატოვა. ახლა საჭიროა ერთი წკიპურტი, რომ ის გაუშვა. საჭიროა, მაგალითად, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. ჩემი აზრით, ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა ჩამოწეროს, როგორ ხედავს, მაგალითად, "პირველი არხის" განვითარების პერსპექტივას. და სანამ "პირველი არხი" იქნება ასეთი მანკიერი და არა  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, არ გადავიხადოთ გადასახადი! მთელ საქართველოს ვერ დააპატიმრებენ. თუ მხოლოდ ხუთი კაცი არ გადაიხდის გადასახადს, დააპატიმრებენ ხუთ კაცს. აუცილებელი არ არის იქ შევარდნა - როგორც ზოგიერთს უნდოდა; და აუცილებელი არ არის მაინცდამაინც სირცხვილის დერეფნების მოწყობა.
შეიძლება დასხდეს ოპოზიცია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფორმებზე იმსჯელოს. ამის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში: ინდოეთში, სამხრეთ აფრიკაში, შეერთებულ შტატებში, დანიაში, ჩილეში...
- ამის რესურსი საქართველოში არსებობს, თქვენი დაკვირვებით?
- მე ვხედავ ამის რესურსს. 26 მაისს ხალხი სტადიონზე რომ გამოვიდა, იმის გამრავლება თამამად შეიძლება ხუთზე. ახლა ახალი სიმწიფის დრო მოვიდა. ავადმყოფობა თუ გაწუხებს, უნდა ი-მკურ-ნა-ლო. არ შეიძლება, ვადებში დანიშნო ავადმყოფობის მკურნალობა. 2013 წლამდე არის დიდი დრო. საჭიროა მუდმივი, ეფექტური მუშაობა. ვფიქრობ, რომ თუ სექტემბრიდან ორ კვირაში ერთხელ, ორი საათით, ასი ათასი კაცი გამოვა ქუჩაში, ეს ათასჯერ უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ყოველდღე თუნდაც ათასი კაცის გამოსვლა.
- თქვენ მაინც  ქუჩაში ხალხის გამოსვლაზე ამახვილებთ ყურადღებას?
- დიახ. მაგრამ ეს უნდა იყოს დროებითი, ძალიან ეფექტური და მობილური. და ეს არამარტო თბილისში უნდა ხდებოდეს. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ქართველები არ დაწყნარდნენ.
- თუ ქუჩის პროტესტს ასეთი ძალა აქვს, ოპოზიციის ლიდერები რატომ ამბობენ: "ამ კაცს არ ესმის ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა"?
- ვფიქრობ, არასწორი ტაქტიკის გამო. ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა სააკაშვილმა გაიგო 26 მაისსაც და 9 აპრილსაც. მაგრამ მერე ეს მინელდა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ოპოზიციის ტაქტიკა იყო არასწორი. ხალხს უჭირს მუდმივად ქუჩაში ყოფნა. ვისოცკის აქვს ფრაზა: "არ შეიძლება მილიონის მანეთ-მანეთებად დახურდავება". 26 მაისის დახურდავება არ შეიძლებოდა. ჩვენ ის დავახურდავეთ. ყოველ დღეზე გავანაწილეთ. ჩემი აზრით, 26 მაისს ეკლესიაში წასვლას ჯობდა, მაგალითად, საკნების აღება. საკნებმა მსოფლიოს აჩვენა, რომ პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი კი არა, ხუნტის ტიპის ხუთ-ექვსკაციანი ჯგუფი მართავს ქვეყანას. და უკვე შეიძლებოდა, ოპოზიციას ეთქვა: "ჩვენ გამარჯვებულები ვართ, ამიტომ: ვხსნით საკნებს". ეს, ალბათ, უფრო ეფექტური იქნებოდა: საკნებს იმის გამო კი არ აიღებდნენ, რომ მათ თავიანთი დრო მოჭამეს, არამედ მათ წარმატებული ოპოზიცია აიღებდა.
სააკაშვილი აუცილებლად დათმობს, თუ იქნება ძალიან კარგად გამართული სტრატეგია. არ შეიძლება გახდე შენი იდეების მძევალი, თუ ეს იდეა უკვე ამუხრუჭებს. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის დიალოგზე წამოყვანა შეუძლებელია, საჭიროა მუდმივად მის მოედანზე თამაში. ხომ შესთავაზა სალომე ზურაბიშვილმა, გავხდები მინისტის მოადგილეო? ხომ შესთავაზა გუგული მაღრაძემ? სადაა? ხომ მოუწიათ თავიანთი გადაფურთხებულის ალოკვამ?
- მაგრამ ძალაუფლებას ინარჩუნებენ.
- არა, არა, ეს არ არის ხელისუფლება! ეს ტერორისტის ძალაუფლებაა! შეუძლებელია ძალადობაში მუდმივად ცხოვრება. საჭიროა მუდმივად დავანახოთ მსოფლიოს, რომ ეს არის ტერორისტი. თუ ორ კვირაში ერთხელ მაინც ასი ათასი კაცი გამოვა ქუჩაში, ეს მუდმივად იხმაურებს. და თუ მხოლოდ ორმოცდაათი კაცი იქნება ყოველდღე, მსოფლიოში ამას სერიოზულად აღარავინ აღიქვამს. დადგა დრო, უფრო მოქნილ, კარგად გათვლილ ნაბიჯებზე გადავიდეთ. საჭიროა დიალოგი, რათა გამოვააშკარაოთ, რომ სააკაშვილი მხოლოდ დროს წელავს და მეტს არაფერს აკეთებს. "სახალხო დიალოგი"... ტიპური საბჭოთა ქცევაა. "სახალხო დიალოგის" ფენომენი ისევე აორთქლდება, როგორც სააკაშვილის მგზავრობა მეტროში.
- თქვენ ამბობთ, რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც ასი ათასი კაცი თუ გამოვა ქუჩაში, ეს მუდმივად იხმაურებს მთელ მსოფლიოში. ამის განხორციელება, თუნდაც სექტემბრიდან, თქვენი აზრით, რეალურია? მერე რა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო. ოპოზიცია კიდევ შეძლებს ასეთი მასშტაბის (და ასეთი ინტენსივობით) პროტესტის გამოხატვის ორგანიზებას?
- თუ საზოგადოებას ცვლილებები სურს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ორი საათი უნდა გადადოს და ამ ფორმით მუდმივად შეახსენოს ხელისუფლებას, რომ ის უაღრესად უკმაყოფილოა არსებული მდგომარეობით.
- და ამისთვის ოპოზიციის მიმართ ნდობას პრინციპული მნიშვნელობა არ ენიჭება?
- ოპოზიცია მხოლოდ ინსტრუმენტი უნდა იყოს ხალხის პროტესტის გამოხატვისთვის. ხოლო დანა რაც უნდა ცუდად ჭრიდეს, თუ სხვა დანა არ გაქვს, ის უნდა გამოიყენო.
- აგვისტოს ომის წლისთავი ახლოვდება. საინტერესოა, რომ სწორედ ამ დღეებში ვრცელდება ცნობები ცხინვალიდან მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში - მამუკა არეშიძე ომის წლისთავზე ცხინვალიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. ხელისუფლება კი ასეთი საფრთხეების არსებობას უარყოფს. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ?
- ოსებმა იმაზე მეტს მიაღწიეს, ვიდრე შეიძლებოდა ყველაზე უფრო თამამ სიზმრებში დასიზმრებოდათ. ახლა ოსებსაც, აფხაზებსაც და რუსებსაც სიმშვიდე სჭირდებათ. რუსეთმა მიიღო ბაზები, საზღვრები, გავლენები სამხრეთ კავკასიაზე, და მიიღო ის, რომ საქართველო ვეღარ გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე რუსეთის ბაზები იქნება ამ ტერიტორიაზე. ამიტომ წლისთავზე ომის დაწყება - ეს უკვე იმდენად მისტიკურია...
ომი დაიწყო 7 აგვისტოს არა იმიტომ, რომ 7 აგვისტო იყო. რუსეთი მუდმივად აღიზიანებდა საქართველოს. საქართველოც მუდმივად აღიზიანებდა რუსეთს. ორი მამაკაცი ერთმანეთს ცხვირ-პირის დასანაყად თუ ეძებს და უცებ სადმე, ბნელ კუთხეში შეხვდებიან, რა მნიშვნელობა აქვს, პირველად ვინ დაარტყამს? ორივეს უნდოდა ეს ცემა-ტყეპა. გასაგებია, რატომ უნდოდა ომი რუსეთს: მას უნდოდა, რომ საქართველო, როგორც ნატო-სთვის მისაღები სახელმწიფო, დაეინვალიდებინა. და მან თავისი ამოცანა შეასრულა. რატომ სჭირდებოდა საქართველოს რუსეთთან ომი? ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთის აგრესია გამოეაშკარავებინა. მაგრამ ვისაც ამის დანახვის უნარი ჰქონდა - ბუშსა და ჩეინს - ისინი აღარ არიან პოლიტიკაში. ვინც დაგეშა სააკაშვილი - გამოგვივლინე რუსეთის აგრესია და მერე ჩვენ მივხედავთო, ამასობაში მათ მიხედა ამერიკელმა ხალხმა. და სააკაშვილის მიერ რუსეთის პროვოცირება ჰაერში გამოკიდებული დარჩა. დავზარალდით მხოლოდ ჩვენ. ამ ფონზე მე ვერ ვხედავ შეუქცევადი ომის განახლების საფრთხეს.
- კოკოითი კი უკვე თრუსოს ხეობაზეც აცხადებს პრეტენზიას.
- მადა ჭამაში მოდისო. საქართველო არის ჩამოშლილი სახელმწიფო და პანღურს, თუ გინდა, მარცხენა ფეხით ამოარტყამ, თუ გინდა - მარჯვენათი. კოკოითიც კი მიხვდა ამას! მხოლოდ სააკაშვილი ვერ მიხვდა, რომ ჩამოშლილია სახელმწიფო - იმდენად ჩამოშლილი, რომ გაფანდარასტებულ კოკოითს თავში აუვარდა და მიხვდა, რომ შეიძლება, დოყლაპია სააკაშვილს ყველაფერი წაართვას!

Комментариев нет:

Отправить комментарий