28 марта, 2011

სექტემბერი ახლოვდება. ვინ დაფიქრდა, რა თქვას და რა შემოგვთავაზოს?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
24 აგვისტო, 2009


"ჩვენს უკან კი არ დგას ხალხი, ჩვენ ვდგავართ ხალხის უკანო!" - გაზაფხულის აქციების შემდეგ არაერთმა ოპოზიციონერმა შემისწორა. და ლამის სუყველა ამტკიცებდა, რომ მას არ გაუჩენია ქუჩაში გამოსულ ადამიანებში ცრუ მოლოდინი სააკაშვილის ხელისუფლების უკანმოუხედავად გაქცევასთან დაკავშირებით. ნიშანდობლივი ის არის, რომ ასე საუბრობენ ისინი ახლა, ზაფხულში - სეზონზე, რომელსაც თავად ოპოზიციამ მისი მოქმედებების გააზრების, ასე ვთქვათ, გაზაფხულის ტაქტიკის გადახედვის პერიოდი უწოდა. თუ ოპოზიციის ერთი - მცირე ნაწილი აღიარებს, რომ აპრილში სააკაშვილმა პოლიტიკურ ოპონენტებთან (თუ ზოგადად, ოპოზიციურ მოძრაობასთან) საინფორმაციო ომი მოიგო, სხვები ამტკიცებენ, რომ გაზაფხულის აქციების დასასრული - ეს მხოლოდ ბრძოლის ერთი ეტაპის დასასრულს ნიშნავს. ეგონოთ, ბატონო, რომ დავიჯერეთ. და რომ ველოდებით მეორე - შემოდგომის ეტაპს - არმაგედონის განახლებული მოლოდინით.
*     *     *
რამდენიმე დღის წინ დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის მიერ მოტანილ შედეგებზე გვიამბობდა ბ-ნი მიხეილის სახეცვლილება - მისი რომელიღაც ტელეარხი: აი, განმუხურში სახლი 3 კმ-ზე გადაისროლა, ბუნგალოებიც ქარმა გაიყოლა და, რა ვიცი, ყველაფერი გაანადგურაო, მაგრამ... თურმე ქარიშხალი პატრიოტთა ბანაკს არ შეხებია! ჩვენც ეს გვინდა - რაღაც მაინც რომ გადაურჩეს უვნებლად ბუნების სტიქიას, მაგრამ რაღაც ისეთი აქცენტი იყო...
საერთოდ კი, ვერაფერს იტყვი: "ეშმაკს" არც ამ ზაფხულს ჩასძინებია: ვიდრე ვენეციის კომისია ჩვენთვის მოიცლის, მანამდე ახალი კანონები დაგვიმიზნეს: მაგალითად, უკვე არალეტალურ ჭურვებსაც გვესვრიან - ნუ გეშინიათ, არ დაგვხოცავენ; უბრალოდ, უფრო შესაშინებლად მოიფიქრეს, ენის მუცელში ჩასაგდებად და ტვინების გამოსარეცხად. ოპოზიცია კი მუშტს აბრახუნებს: ვერც ამ დრაკონული კანონებით მოგვერევიან და ვერც იმით გაგვაჩუმებენ, თუკი ჩვენს უკანონოდ დაპატიმერბულ თანამებრძოლებს გავათავისუფლებინებთო.
როგორც ჩანს, ოპოზიციაში რაღაც პროექტებზე მუშაობენ, საშემოდგომოზე. ვნახოთ, მართლაც რამე აზრიან გეგმებს შემოგვთავაზებენ თუ გვეტყვიან, - ჩვენი გეგმების შესახებ მომდევნო საინფორმაციო მიტინგზე მოგახსენებთო.  ჯერჯერობით კი, მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად ახერხებს, ბავშვებს, უფრო მეტიც - დევნილ ბავშვებს გვერდში დაუდგეს და იტიროს შარშანდელი აგვისტოს ("მოვლენები" აღარ ვახსენოთ!) გახსენებისას.
გასაგებია, რომ დავით დარჩიაშვილისგან მხოლოდ იმას მოისმენ, რომ იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ კანონდარღვევა გვგონია, სიმართლეს მხოლოდ გამოძიება დაადგენს; გასაგებია ისიც, რომ მაგალითად, პავლე კუბლაშვილის ნათქვამიდან შეიძლება მისივე თანაგუნდელებმაც ვერაფერი გამოიტანონ, მაგრამ ეს ხომ უკვე დიდი ხანია, ისედაც ვიცით: თუ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოგაშტერეს, შეიძლება, გაიაზრო ამ ხელისუფლების ბუნება. მაგრამ ალბათ ძალიან არასერიოზულია, ვინმემ სიხარულით გაგვიზიაროს მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელისუფლება სულ მალე შიგნიდან დაიშლება - იმიტომ, რომ უკვე ერთმანეთს დასდევენ. ასეთი განწყობის ტირაჟირება განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლებს ჩააყენებს კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში. რას შეცვლის არსებული რეჟიმის ბუნებაში მაგალითად, ის, თუკი ადეიშვილი-მერაბიშვილის ფრთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კვალში ჩაუდგება და მართლაც აღმოუჩენს, რომ თურმე ბევრი ფული უჭამია? ო, როგორ გაგვიკვირდება!... და ვინ მოვა კობას ადგილზე? მისი წასვლით რეჟიმს კიდევ ერთი აგური გამოეცლება?
იმედია, ოპოზიციის ლიდერები ამ ზაფხულს იმაზე მაინც შეთანხმდნენ, რომ სექტემბრის დასაწყისშივე რომელიმეს, უკაცრავად, მაგრამ ენამ არ გაუსწროს და არ თქვას, რომ ახალ წელს ვადამდელი საპრეზიდენტო (სამართლიანი) არჩევნებით შევხვდებით. ასეთ სისულელეებს რომ ამბობს ჩვენი ქვეყნის სიმბოლო ხშირ-ხშირად, იმიტომაც ინგრევა ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი, პატრიოტთა ბანაკების გარდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий