"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
21 დეკემბერი, 2009
"დღეს ხელისუფლების პოლიტიკური წონა აგვისტოს ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. მერობის კანდიდატთა სიაში კი, თბილისის მასშტაბით, პირველ ადგილზე გიგი უგულავაა"
"ირაკლი ალასანია ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა: პრაიმერის გარეშე, და გამოკითხვების მიმართ მაღალი ნდობის არარსებობის გათვალისწინებით, რამ უნდა გამოიწვიოს მის გარშემო ხმების გაერთიანება? ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთის "ჩაძირვა" და კომპრომეტირება. და ალიანსმა სწორედ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან წამოსული უარყოფითი სიგნალების, მათთან დაპირისპირების ფონზე უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის თავისკენ შემობრუნება. არსებობს კიდევ ერთი გზა: მან რეიტინგულ ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს უფრო "ვირტუალური" გზაა. მიმაჩნია, რომ ორივე ამოცანა ურთულესი განსახორციელებელია", - "მთელ კვირას" სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ესაუბრება.
- ხელისუფლება უკვე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. თქვენ ხელმძღვანელობთ "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს" - ორგანიზაციას, რომელიც "ალიანსი საქართველოსთვის" დაკვეთით სოციოლოგიურ კვლევებს ატარებს. ამას წინათ სახელისუფლებო ელექტრონულმა მედიამ გამოაქვეყნა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები, რომლის მიხედვით მმართველი პარტია და მისი კანდიდატი - გიგი უგულავა წამყვან პოზიციებზე არიან. თქვენი ბოლოდროინდელი კვლევის შედეგები რა ტენდენციებზე მიანიშნებს?
- ჩვენი ბოლო სოციოლოგიური კვლევის (რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბრის მიჯნაზე ჩატარდა) შედეგები, ფაქტობრივად, თანხვდება IRI-ის მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ, ყველაზე "ცხელ" მაჩვენებელს. შედეგებს შორის აცდენა დასაშვები ცდომილების ფარგლებშია.
"სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა 72% ამბობს, რომ გაზაფხულზე დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. თუმცა, გამოცდილება უჩვენებს, რომ არჩევნებში მონაწილეობის განზრახვასა და მის აღსრულებას შორის კიდევ არსებობს გარკვეული ბარიერები. იმისთვის, რომ კონკრეტული განზრახვა ქცევად იქცეს, დამატებითი "სტიმულატორები" არის საჭირო.
გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ ადგილობრივ არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობას მიესალმება თბილისელი ამომრჩევლების 80%. დღეს ოპოზიციისთვის სოციალური დაკვეთა არჩევნებში მონაწილეობაა და არა ქუჩის პროტესტი. ქუჩის პროტესტი აქტუალური აღარ არის: ამ ეტაპზე თბილისელი ამომრჩეველი მოითხოვს, ქუჩური რადიკალიზმის ალტერნატივა მოიძებნოს. ალტერნატივათა შორის კი, დიდი უმრავლესობისთვის მისაღებია არჩევნებში მონაწილეობა და ამ გზით ხელისუფლებისთვის ძალაუფლებაში შეცილება.
სხვათა შორის, არსებობდა მოლოდინი, რომ ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნა გახდებოდა ახალი საპროტესტო მოძრაობის დაწყების კატალიზატორი. მაგრამ ეს არ მოხდა. ამ კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია; უფრო მეტიც: თბილისელი ამომრჩევლების უფრო მეტ ნაწილს უჭირს, ტალიავინის კომისიის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და ნდობის ხარისხი შეაფასოს. მე ეს არ მიკვირს - თავად დასკვნაში არის არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები. მასში, მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება წარმოდგენილია, ერთი მხრივ, როგორც რუსული აგრესიის მსხვერპლი, ხოლო მეორე მხრივ - როგორც მოძალადე, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ "არაპროპორციული ძალა" გამოიყენა. ამდენად, თავად ტალიავინის კომისიის დასკვნაში იკვეთება ამბივალენტური დამოკიდებულება, და ცხადია, ამან გამოძახილი ჰპოვა ამომრჩევლების დამოკიდებულებაშიც.
თბილისში ანტისახელისუფლებო, საპროტესტო ენერგია კვლავ არსებობს, თუმცა, არა იმ ტემპერატურის, რომ მან ადამიანების ქუჩაში გამოყვანა შეძლოს. ამას, ცხადია, თავისი მიზეზები აქვს, რომელთა შორის აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ასდღიანი საგაზაფხულო საპროტესტო მარათონი ხელშესახები ინსტიტუციური ცვლილებების გარეშე დასრულდა. ეს კი საპროტესტოდ განწყობილი მოსახლეობისთვის იმედგაცრუებისა და ბრძოლის რადიკალური ფორმების გამოყენების მიზანშეუწონლობაში დარწმუნების წყარო აღმოჩნდა.
ამდენად, ჯერჯერობით, ამომრჩევლისთვის არ არსებობს მუხტი, რომელიც მას ქუჩაში გამოსვლის გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ეს შეიძლება მხოლოდ მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ან სოციალურმა კატაკლიზმებმა, ხელისუფლების მიერ დაშვებულმა საბედისწერო შეცდომებმა განაპირობოს (რისგანაც ხელისუფლება, ცხადია, დაზღვეული არ არის).
- კვლევაში მმართველი პარტიის პოზიციები როგორ არის წარმოდგენილი?
- კვლევები აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ მოახერხა, თავი დაეღწია მისთვის უღრმესი საგაზაფხულო კრიზისისთვის. დღეს ხელისუფლების პოლიტიკური წონა აგვისტოს ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი თბილისში 23%-ია. მართალია, თბილისელი ამომრჩევლების გამოკვეთილი უმრავლესობა - სამი მეოთხედი - არ გამოხატავს თავის მხარდაჭერას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, და ეს მმართველი პარტიისთვის საამაყო შედეგი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ 2009 წლის მაისში ხელისუფლებას 11%-იანი რეიტინგი ჰქონდა, დღევანდელი პროცენტული მაჩვენებელი მისი პოლიტიკური წონის გაორმაგებას ნიშნავს.
ასე რომ, ხელისუფლება ძალიან რთულად, ნელა, მაგრამ მაინც მოექცა პოლიტიკური რეაბილიტაციის ფაზაში.
ოპოზიციას კი (ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას) მხარდამჭერები შეუთხელდა: მის მხარდამჭერთა ხვედრითი წილი გაზაფხულზე (მაისის მონაცემებით) იყო, სულ მცირე, ყოველი მეორე თბილისელი ამომრჩეველი (52%). დღეს კი ამგვარი პოლიტიკური პრეფერენციის მქონეთა საარჩევნო წონა 35%-ია.
ასე რომ, ხელისუფლება თავს აღწევს პოლიტიკურ კრიზისს, ხოლო ოპოზიცია ნელ-ნელა თმობს პოზიციებს. თუმცა, ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე წაგებული ბრძოლა: 35% უფრო მეტია, ვიდრე 23%. თუკი 35% (ეს კი სხვადასხვა პარტიაში გაბნეული ხმებია) რაღაცნაირად მოიყრის თავს რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტში, არჩევნებზე ის მაინც აიღებს სახელისუფლებო პარტიასთან შედარებით მეტ ხმებს. ეს შესაძლებელი, თუმცა, ძალზე რთულად განსახორციელებელი სცენარია.
- საერთო ოპოზიციურ 35%-ში ალიანსის ხვედრითი წილი როგორია?
- ამ პოლიტიკურმა ძალამ არასაპარლამენტო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის წამყვანი პოზიცია შეინარჩუნა: თავისი მაჩვენებლით ის კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ სხვა პარტიებთან ერთად, მისი რეიტინგიც რამდენადმე შემცირდა.
ამავე კონტექსტში, უნდა გითხრათ, რომ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციაში მხოლოდ სამ პოლიტიკურ ძალას აქვს 4%-იანი ბარიერის გადალახვის რეალური შანსი - "ალიანსს საქართველოსთვის", "ლეიბორისტებს" და "ეროვნულ ფორუმს". მეოთხე პოლიტიკური ძალა საპარლამენტო ოპოზიციიდან არის "ქრისტიან-დემოკრატები". ვერც ერთი სხვა პოლიტიკური ძალა 4%-იან ბარიერს ვერ ლახავს. ოდნავ უკეთესი პოზიციები აქვს მოძრაობას "დაიცავი საქართველო", მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, ისიც ვერ აღწევს 4%-მდე.
- კვლევაში პოლიტიკურ ლიდერთა რეიტინგი როგორ ნაწილდება?
- მერობის კანდიდატებს შორის რეიტინგულ კანდიდატთა სპექტრი კიდევ უფრო ღარიბია: აქ მხოლოდ ორი გამოკვეთილი ფიგურაა - გიგი უგულავა და ირაკლი ალასანია. ხელისუფლების რეაბილიტაცია ერთგვარად აისახა მმართველ პარტიასთან იდენტიფიცირებულ ლიდერთა რეიტინგზეც. მერობის კანდიდატთა სიაში, თბილისის მასშტაბით, პირველ ადგილზე გიგი უგულავაა. მისი რეიტინგი ორ განზომილებაში შეიძლება დავითვალოთ: პირველი - იმ ამომრჩეველთა შორის, რომლებიც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, და მეორე: თბილისელ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მასშტაბით. იმ ამომრჩეველთა შორის, ვინც არჩევნებზე წასვლას აპირებს (ასეთი განზრახვა კი, როგორც აღვნიშნეთ, 72%-ს აქვს), უგულავას ხვედრითი წილი 31%-ია. თუ ამ რეიტინგულ მაჩვენებელს თბილისის საარჩევნო ასაკის მქონე მოსახლეობაზე გადავითვლით, მაშინ უგულავას რეიტინგი 22%-მდე ჩამოდის.
მერობის მეორე გამოკვეთილ ფიგურას - ირაკლი ალასანიას - არჩევნებზე წამსვლელ ამომრჩეველთა 21% უჭერს მხარს. თუ ამასაც თბილისის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე გადავითვლით, მისი რეიტინგი 15% ხდება.
ალასანაიასა და უგულავას პოლიტიკურ "წონებს" შორის სხვაობა არ არის უმნიშვნელო, მაგრამ ეს სხვაობა იმასაც არ ნიშნავს, რომ დღეს უგულავა უალტერნატივო ლიდერია და მას ალასანიასთან გადაულახავი დისტანცია აშორებს.
სხვა პოლიტიკოსები, თბილისის მერობის პოსტისათვის, უგულავასა და ალასანიას მნიშვნელოვანი დისტანციით ჩამორჩებიან.
- ლევან გაჩეჩილაძე, შალვა ნათელაშვილი?
- ლევან გაჩეჩილაძე ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანი არ არის - როგორც პარტიული, ასევე, პიროვნული თვალსაზრისით. მისი რეიტინგი არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა შორის 5%-ია; რაც შეეხება ნათელაშვილს, ამ ჯგუფში ის 8%-მდე საარჩევნო ხმებს აგროვებს. გიორგი თარგამაძის რეიტინგი პროაქტიურად განწყობილ ამომრჩეველთა შორის 6%-მდეა და ა.შ.
საგულისხმოა ისიც, რომ თბილისელი ამომრჩევლები მერს ძირითადად სოციალური პრობლემების გადამჭრელის მნიშვნელობას ანიჭებენ. ალასანიას ეს იმიჯი ჯერ არ აქვს. ის, პირველ რიგში, პოლიტიკურ ფიგურად მოიაზრება. მეურნის იმიჯის შესაძენად მას სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება.
- იმ ციფრების გათვალისწინებით, რაც ახლა დაასახელეთ, მიგაჩნიათ, რომ არჩევნებში უგულავას გამარჯვება საეჭვოა?
- 50%-იანი ბარიერის შემთხვევაში უგულავას გამარჯვება მოსალოდნელი ნამდვილად არ იქნებოდა. 30%-იანი ბარიერის შემთხვევაში კი მისი შანსები ძალიან იზრდება. ასეთი ბარიერის არსებობის პირობებში ირაკლი ალასანია კონკურენტუნარიანი კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი ოპოზიციური ელექტორატი ალასანიას გარშემო გაერთიანდება. სხვათა შორის, ამ გაერთიანების ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო სწორედ ე.წ. პრაიმერი. იგი მართლაც ობიექტური საშუალება იყო იმისათვის, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მათი მხარდამჭერი ხმების ერთ კანდიდატში (ალასანიას ვგულისხმობ) თავმოყრა მოეხერხებინათ.
- მაგრამ რესპუბლიკელები აცხადებდნენ, რომ პრაიმერის იდეა ძალიან ბევრ საფრთხეს შეიცავს. ისინი მას სუსტი პარტიების კომფორტულ პოზიციაში ჩაყენების ხერხად და ხელისუფლების მიერ ოპოზიციის მართვის ერთ-ერთ საშუალებადაც განიხილავდნენ.
- ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არც ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პროექტი დღეს "სუფთად" განხორციელების გარანტიებს არ შეიცავს, რადგან ხელისუფლების "საცეცები" ძალზე ძლიერია და ყველგან აღწევს. თუმცა, ჩემთვის ახლა გასაგებია "ალიანსის" სკეპტიკური დამოკიდებულება პრაიმერის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, ის ამ იდეის უფრო აქტიური ლობისტი ყოფილიყო.
პრაიმერის კონტექსტში მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ჩატარების ინიციატივას ცალსახად გაემიჯნა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ძალა - ლეიბორისტული პარტია; ვფიქრობ, რომ ასეთივე პოზიცია აქვს კიდევ ერთ რეიტინგულ პოლიტიკურ ძალას - "ეროვნულ ფორუმს". თუკი "ფორუმი" და "ლეიბორისტები" პრაიმერში მონაწილეობას არ მიიღებენ, მაშინ პრაიმერის ჩატარებას აზრი არ აქვს: ის ვერ მოგვცემს ოპოზიციურ პარტიათა შორის ძალთა გადანაწილების რეალურ სურათს; პირიქით, კიდევ უფრო მეტად დააბნევს, შეცდომაში შეიყვანს ამომრჩეველს. პრაიმერის იდეა ეფექტური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მის მიმართ ლოიალური იქნებოდა ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით - რეიტინგული ოპოზიციური პარტიები.
მაგრამ პრაიმერი ვერ გახდა საერთო ოპოზიციური პოლიტიკური პროექტი.
- ახლა, თქვენი აზრით, ალასანიას რა რესურსი აქვს იმისთვის, რომ მთელ ოპოზიციურ სპექტრში გაბნეული 35%-იანი მხარდაჭერა თავისად აქციოს?
- ახლა ალასანიას ისღა დარჩენია, რომ ოპოზიციურ სპექტრში თავისი პირველობა გამოკითხვების საფუძველზე ამტკიცოს. სოციოლოგიური გამოკითხვები, თავისთავად, ობიექტური ინსტრუმენტია, მაგრამ სამწუხაროდ, მათ მიმართ ნდობის ხარისხი პოლიტიკურ სპექტრშიც და მოსახლეობაშიც მაღალი არ არის. გამოკითხვების შედეგების ლეგიტიმაციის ხარისხი, სამწუხაროდ, დაბალია.
ასე რომ, ალასანია ურთულესი ამოცანის წინაშე დადგა: პრაიმერის გარეშე, და გამოკითხვების მიმართ მაღალი ნდობის არარსებობის გათვალისწინებით, რამ უნდა გამოიწვიოს მის გარშემო ხმების გაერთიანება? ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უკვე დაიწყეს ერთმანეთის "ჩაძირვა" და კომპრომეტირება. და ალიანსმა სწორედ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან წამოსული უარყოფითი სიგნალების, მათთან დაპირისპირების ფონზე უნდა მოახერხოს ოპოზიციური ელექტორატის თავისკენ შემობრუნება. არსებობს კიდევ ერთი გზა: მან რეიტინგულ ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს უფრო "ვირტუალური" გზაა. ამდენად, მიმაჩნია, რომ ორივე ამოცანა ურთულესი განსახორციელებელია.
- ალასანია ამბობს, რომ ახლა მათი ამოცანაა, დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიონ - ერთიანი საარჩევნო კანდიდატის წარდგენის მიზნით. ეს, თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის შესაძლებელი?
- პოლიტიკურ შეთანხმებას თუ მიაღწევენ, ეს იგივე პრაიმერია, ოღონდ - მისი ჩატარების გარეშე. მე დღეს ამის რესურსს ვერ ვხედავ. როგორ უნდა მოახერხოს ალიანსმა, მაგალითად, ოპოზიციურ ძალებთან პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა, როდესაც ლეიბორისტული პარტია ალასანიას "მეორე მიშას" ეძახის, "ეროვნული ფორუმი" კი, მართალია, კბილებს არ ილესავს, მაგრამ არც ლოიალურია ალასანიასა და მისი ალიანსის მიმართ?
- ალიანსის ლიდერები აცხადებენ, რომ მათ 30%-იანი ბარიერის პირობებშიც კი აქვთ არჩევნების მოგების შანსი. ისინი კარგად იცნობენ თქვენ მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს. როგორ ფიქრობთ, ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს რა აძლევთ?
- ალბათ ჰგონიათ, რომ მოელაპარაკებიან "ეროვნულ ფორუმს", "ლეიბორისტებს" და მათ ხმებს თავისკენ "გადმოქაჩავენ". მაგრამ ჩანს ამის პერსპექტივა?
ამ კონტექსტში კიდევ ერთი ნიშანდობლივი მომენტი არის საყურადღებო: საგაზაფხულო აქციების განმავლობაში ოპოზიციაში ერთიანი ბლოკის შექმნაზე საუბარი არ ყოფილა. ეს უფრო "სიმბოლური" ერთიანობა იყო. ოპოზიციურმა პარტიებმა ერთმანეთის კომპრომეტირებაზე მორატორიუმი გამოაცხადეს: ერთმანეთს არ ლანძღავდნენ. დღეს ეს სიმბოლური ერთიანობაც ინგრევა. ოპოზიციური პოლიტიკური ძალები უკვე იწყებენ ერთმანეთის ჩაძირვას, ერთმანეთის კომპრომეტირების ხარჯზე ქულების დაწერას. რამ უნდა შეცვალოს ეს ვითარება? ამ თვალსაზრისით, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ. და, რასაკვირველია, ასეთი დაპირისპირება პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ასე გაგრძელდება, უტოპიად იქცევა "ალიანსი საქართველოსთვის" განზრახვა, რომ ის მოელაპარაკება ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს და მათთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევს.
არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც - ეს არის ე.წ. "აუთვისებელი ელექტორატი", რომელსაც ალიანსი გარკვეულ იმედებს უკავშირებს. ეს ის კატეგორიაა, ვინც გამოკითხვაში ასეთ პოზიციას გამოხატავს: "მიჭირს პასუხის გაცემა, თუ ვის მივცემდი ხმას". ისინი ამომრჩეველთა 17%-ს შეადგენენ, მაგრამ უსაფუძვლოა იმის თქმა, რომ ეს 17% აუცილებლად ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ეს არის მერყევი ამომრჩეველი, რომელიც არჩევანს სიტუაციის შესაბამისად აკეთებს. ასე რომ, ეს 17% ოპოზიციისთვის გარანტირებული ხმები არ არის. თუმცა, რაღაც რეზერვი იქაც არსებობს.
აქვე ერთ საყურადღებო ტენდენციაზე გავამახვილებ ყურადღებას: თბილისის ამომრჩეველთა თვალში "ალიანსმა საქართველოსთვის" ძალიან საინტერესო ნიშა დაიკავა: ის ქმნის ერთგვარ ბუფერულ ზონას - ერთი მხრივ, არასაპარლამენტო ოპოზიციასა და, მეორე მხრივ, ხელისუფლებასა და მასთან ასოცირებულ საპარლამენტო ოპოზიციას შორის. დღეს ამომრჩეველი ამ პოლიტიკურ ძალას არ განიხილავს, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიციის ტიპურ წევრს; ალიანსი არასაპარლამენტო ოპოზიციისგან ერთგვარად დისტანცირებულია. მეორე მხრივ, ის, რასაკვირველია, არც ხელისუფლებასთან არის ასოცირებული. ის თითქოს ორ თვისებრიობას შორის არის მოქცეული და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
რა მაძლევს ამის თქმის უფლებას? კვლევა უჩვენებს, რომ როგორც ალიანსის, ასევე, ხელისუფლების ამომრჩევლები თავიანთ ალტერნატიულ არჩევანს (ანუ, "მეორე" არჩევანს) მნიშვნელოვანწილად ერთმანეთისკენ წარმართავენ. ჩვენ რესპონდენტებს დავუსვით კითხვა: ვინ არის მათი პირველი არჩევანი, და ვინ - მეორე? პირველ და მეორე არჩევანს შორის ხმების გადინების დინამიკა აჩვენებს, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ხელისუფლების ამომრჩეველთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილის (დაახლოებით 10%) მიმხრობას ახერხებს. მეტიც: უგულავას ამომრჩეველთა ხმების 24% (რაც არჩევნებში საერთო მონაწილეთა 7.4%-ს შეადგენს), დამატებითი არჩევანის შემთხვევაში, არა მმართველი პარტიის რომელიმე წევრისკენ, არამედ ალასანიასკენ "გაედინება". ეს ახალი ტენდენციაა. ალიანსი ნელ-ნელა "აჯდება" ხელისუფლების ხმებს, მაგრამ "აჯდება" პასიურად: ეს ხალხი, ვინც ზემოთ აღნიშნულ არჩევანს აკეთებს, ჯერჯერობით მაინც ხელისუფლების ამომრჩეველია, რადგან პირველ რიგში ხელისუფლებას მისცემდა ხმას.
ამრიგად, ამომრჩევლის თვალში "ალიანსი საქართველოსთვის" უკვე არ არის ხელისუფლებასთან რადიკალურად დაპირისპირებული ძალა. მისი იმიჯი არასაპარლამენტო ოპოზიციის შეურიგებელი ნაწილის იმიჯისგან განსხვავებულია. ამას, ცხადია, თავისი საფუძველი აქვს: ალიანსმა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტად გამოთქვა ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლის სურვილი; ისინი მუდმივად ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე, ქუჩური აქციების მიზანშეუწონლობაზე. ამან ამომრჩევლის ცნობიერებაში ალიანსთან მიმართებით განსხვავებული წარმოდგენა ჩამოაყალიბა: ის არ არის არასაპარლამენტო ოპოზიციის ტიპური წევრი; შეიძლება ითქვას, ამ ყალიბიდან ერთგვარად ამოვარდნილია.
- მაგრამ ალიანსის მიმართ ამომრჩევლის ეს დამოკიდებულება როგორ კონტექსტში განიხილება? მას დადებითი დატვირთვა აქვს თუ პირიქით?
- არავინ იცის: ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგიც და ძალიან ცუდიც. ნეგატიურ მხარეს რაც შეეხება: ეს "განსაკუთრებულობა" შეიძლება გახდეს ალიანსის მარგინალიზაციის საფუძველი - რაც, სხვათა შორის, თავის დროზე დაემართა "ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას". მას ჰქონდა ძალიან მაღალი პროცენტი - 15%-მდე - როდესაც აქტიურ პოლიტიკაში მოვიდა. მაგრამ მან რაღაც "მესამე გზა" აირჩია: არც არასაპარლამენტო ოპოზიცია, არც - ხელისუფლება. ეს გზა ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასი აღმოჩნდა. "ქრისტიან-დემოკრატებმა" ეს ვერ შეძლეს და შედეგიც სახეზეა: ამ პარტიის რეიტინგი დღეს თბილისში 5.5%-ზე ჩამოვიდა.
მარგინალიზაციის საფრთხე "ალიანსს" იმის შანსს და მოტივაციას აძლევს, რომ მან ამომრჩეველს თვისებრივად ახალი ალტერნატივა დაანახოს და როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლებო ელექტორატი მისკენ "გადმოიბიროს". თუმცა, ვიმეორებ: ეს ძალიან რთულია; მით უფრო - ასეთ მოკლე დროში.
Комментариев нет:
Отправить комментарий