01 апреля, 2011

მდუმარე ავტორიტეტი

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
14 დეკემბერი, 2009


ბექა მინდიაშვილი: "საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიიჩნევს, რომ ეკლესიის საზღვრები ემთხვევა საქართველოს კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საზღვრებს"
"რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის? პირადად თქვენ, თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან? რა გაკავშირებდათ სუკ-ის პოლკოვნიკებთან - გუნიავასთან და რატი ტატიშვილთან?
მართლაც ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი საბჭოთა ხელისუფლებამ თქვენს პატრიარქად არჩევაში, როგორც ეს ე. შევარდნაძემ განაცხადა? დაგეხმარათ თუ არა საბჭოთა ხელისუფლება თქვენი კონკურენტის, მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილის ჩამოცილებაში? რატომ აგზავნიდით მის სასამართლო პროცესზე საეკლესიო იერარქიებს ბრალდების დასამძიმებლად?
რატომ არ დაიცავით 1983 წელს ე.წ. "თვითმფრინავის საქმეზე" დახვრეტილი უდანაშაულო მღვდელმონაზონი თეოდორე ჩიხლაძე? უფრო მეტიც, რატომ მოუწოდეთ მისი დასჯისკენ საქართველოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერით?
რა მიზანს ემსახურება საქართველოს ეკლესიის იერარქების გახშირებული შეხვედრები რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან? რატომ მონაწილეობდა საქართველოს ეკლესია კრემლის ფონდის, "მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის" მიერ ქალაქ ბეთლემში მოწყობილ ღონისძიებაში, სადაც მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ ორგანიზაცია "ჰამასს"?
ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რატომ იღებთ სახელმწიფოს მიერ თქვენი დაბადების დღის აღსანიშნავად 500 000 ლარს? როგორია თქვენი პოზიცია სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო სახსრებიდან საპატრიარქოსთვის მრავალი მილიონი ლარის გამოყოფის თაობაზე (25 მილიონი - 2009 წელს)? გამართლებულად მიგაჩნიათ თუ არა ქართველი ეპისკოპოსების მიერ ხელისუფლებისგან ძვირადღირებული ავტომანქანებისა და სხვა ძვირადღირებული საჩუქრების მიღება? რატომ იღებდით და იღებთ შემოწირულობებს ეკლესიების ასაშენებლად კრიმინალური ავტორიტეტებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკებისგან?
რატომ არ მიიღეთ შესაბამისი ზომები, როდესაც, სარგებლობდნენ რა ეკლესიის გადასახადებისგან გათავისუფლებით, საპატრიარქოს საგარეო-ეკონომიკურ დეპარტამენტს, საპატრიარქოს ორგანიზაციებს - "კანდელს", "შემწეს", ბათუმის მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს და მარგვეთის ეპარქიას, რეალიზაციის მიზნით, თურქეთიდან შემოჰქონდათ დიდი რაოდენობით სიგარეტი, ბენზინი, ლუდი, ღვინო, "ფანტა", ცემენტი, სპირტი, ქათამი, შამპანური, მაცივრები, მარგარინი, მტვერსასრუტები და ძეხვი, ხოლო საქართველოდან გაჰქონდათ ჯართი, შავი ლითონი, მანდარინი, ალუმინის ზოდები, რელსები და ა.შ.?"
ეს არის ერთი ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებითაც რამდენიმე დღის წინ მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართა.
ეკლესიასთან ურთიერთობის კონტექსტშივე, მათ კონკრეტული კითხვებით მიმართეს ხელისუფლებასაც.
"მთელი კვირა" ესაუბრა თეოლოგ ბექა მინდიაშვილს, რომელიც ერთ-ერთია აღნიშნულ კითხვებზე ხელმომწერთა შორის.
- ჩვენ საზოგადოებაში, მართლაც, არსებობს ერთგვარი აკრძალვა, რომელიც ეკლესიის, საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული პოზიციის გამოხატვას, ან თუნდაც, მისთვის შეკითხვების დასმას უკავშირდება. მაგრამ თავისთავად, საინტერესოა ისიც, რომ თქვენ და ვასილ კობახიძე ხელს აწერთ შეკითხვებს, რომელზეც ხელს, ასევე, მაგალითად, თეა თუთბერიძე აწერს. ამას რით ახსნით?
- ამ შეკითხვების დასმით საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს, ის აკრძალვა მოარყიოს, რაც თქვენც ახსენეთ. შეკითხვებს ორასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მათგან, მაქსიმუმ, ხუთ-ათ ადამიანს ვიცნობ. ხელის მომწერთა შორის არიან ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანებიც და ოპოზიციის მომხრეებიც. ასე რომ, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესი. ჩვენ მიერ პატრიარქისა და ხელისუფლების მისამართით დასმული შეკითხვები იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ საკითხებზე დისკუსიებისთვის ჩვენს ქვეყანაში სივრცე მთლიანად დახშულია. ჩემი აზრით, სწორედ ამის გამო, ბოლო პერიოდში პროტესტი გაძლიერდა. დისკუსიის წამოწყებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი ცენზურისგან დამოუკიდებელმა ინტერნეტსივრცემ. თუმცა, არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ იქნება: ამით ხელისუფლება დაინტერესებული არ არის, და, მით უმეტეს, არ არის დაინტერესებული ოპოზიცია - ის გაცილებით უფრო მეტად ცდილობს, პატრიარქის მხარდაჭერა მოიპოვოს.
- მიგაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური ინტერესია?
- რა თქმა უნდა! ეს გამოვლინდა 26 მაისსაც - როცა მთელი ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი ეახლა პატრიარქს რევოლუციაზე კურთხევის მისაღებად.
ჩვენ მიერ დასმული შეკითხვები, ალბათ, რიტორიკულია. ეკლესიას ჩვენს საზოგადოებაში უპირობო ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ის არ მეტყველებს; არ სცემს პასუხს მისთვის დასმულ კითხვებზე. საქართველოში ეკლესიის ძალაუფლება დუმილის ძალაუფლებაა. ჩვენ, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ, ავამეტყველოთ ეს ავტორიტეტი. დემოკრატიულ სივრცეში მდუმარე ავტორიტეტები არ არსებობენ. დემოკრატიულ სივრცეში არ არსებობენ უპირობო ავტორიტეტები. ეკლესია თავს ეროვნული იდენტობის საძირკვლად, სახელმწიფოებრიობის საძირკვლად აცხადებს. სწორედ ამის გამო, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, რომ ეკლესია ჩვენგან რკინის ფარდით გამიჯნული არ იყოს; უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეკლესია ალაპარაკდეს ამ ინსტიტუციაში არსებულ პრობლემებზე. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცის, რომ ეს პრობლემები არსებობს; რომ არსებობს პრობლემები სახელმწიფოსა და ეკლესიის, საზოგადოებისა და ეკლესიის, კულტურისა და ეკლესიის ურთიერთმიმართების თვალსაზრისით.
- თქვენ მიერ პატრიარქისთვის დასმული შეკითხვები რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიების დღევანდელ ურთიერთობებსაც ეხება. ამ ურთიერთობაში კონკრეტულად რა საეჭვო კავშირებს ხედავთ?
- საპატრიარქო აცხადებს, რომ არ შეიძლება, ერთმორწმუნე ერებს შორის ასეთი დაპირისპირება არსებობდეს. მაგრამ ჩნდება კითხვა: აფხაზებიც და ოსებიც (ყოველ შემთხვვევაში, მათი დიდი ნაწილი) მართლმადიდებლები არიან. გაგახსენებთ: 1991 წელს - მაშინ, როდესაც საქართველოს ფაქტობრივად მთელ ტერიტორიაზე იდევნებოდნენ ოსი ეროვნების მოქალაქეები, ამ სამარცხვინო პროცესის წინააღმდეგ პატრიარქს, საპატრიარქოს ხმა არ აღუმაღლებიათ.
მაშინ კი, როცა აფხაზეთში ვითარება მწვავდებოდა, პატრიარქის ოფიციალური ბრძანებით, ყველა ქართველის მკვლელი წყევლის წიგნში შეიტანეს. ამით ის ძალადობას ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მან მოძალადეები ეთნიკურად გამიჯნა. ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე, პატრიარქის ეს ნაბიჯი ძალიან ნეგატიურად აღიქვეს ოსებმა და აფხაზებმა, და ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც 1991 წელს აფხაზეთში ჩასულ პატრიარქს ძალზე ცივი დახვედრა მოუწყვეს.
ამ ფონზე ძალიან დამაფიქრებელია, რატომ იჩენს პატრიარქი ასეთ აქტიურობას მართლმადიდებლურ რუსეთთან ურთიერთობის დასარეგულირებლად (როგორც ამას თავად აცხადებს).
- თქვენ ამაში რა კონკრეტულ ინტერესს ხედავთ?
- ვფიქრობ, რუსეთი დაინტერესებულია, დამარცხებული საქართველო, ასე ვთქვათ, სამშვიდობო დიალოგში ჩააბას და მსოფლიოს მიანიშნოს: "მართლმადიდებელი ერები დასავლეთის ჩარევის გარეშე მოვაგვარებთ ურთიერთობას. ამისთვის კი ჩვენ პროცეში ორი უდიდესი ავტორიტეტი ჩავრთეთ: რუსეთისა და საქართველოს  პატრიარქები".
თუმცა, ისტორიული წინაპირობებიც არსებობს: პატრიარქმა კირილემაც და პატრიარქმა ილია მეორემაც საეკლესიო კარიერა საბჭოთა პერიოდში გაიკეთეს. ცნობილია, რომ პატრიარქი კირილე საბჭოთა სუკ-თან თანამშრომლობდა. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც, ასევე, თანამშრომლობდა სუკ-თან. სხვა გზა იმ პერიოდში ეკლესიაში არ არსებობდა. ასეთი გამოცდილება არსებობს საბჭოთა კავშირის, აღმოსავლეთ ევროპის ყველა ეკლესიაში.
- მაგრამ თქვენ შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარმოგიდგენიათ.
- აქ დოკუმენტაციაზე საუბარი არ არის. ორიოდე წლის წინ, პოლონეთის კარდინალის არჩევნებისას, ცნობილი გახდა, რომ ამ წოდების ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა. ამის გამო მისი კანდიდატურის განხილვა მაშინვე მოიხსნა. ხოლო რუმინეთის პატრიარქმა, 1997 წელს, განაცხადა, რომ ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და ბოდიშს იხდიდა ამის გამო. ვინაიდან ეს მან ძალიან გულწრფელად თქვა, ხალხმა, შეიძლება ითქვას, აპატია.
რაც შეეხება საქართველოს მაგალითს: 1993 წელს, გაზეთ "იბერია-სპექტრში" (რედაქტორი გახლდათ ირაკლი გოცირიძე - ცნობილი პუბლიცისტი, რომელიც გამსახურდიას ემხრობოდა) გამოქვეყნდა რამდენიმე დოსიე. ერთ-ერთი იყო დოსიე კათოლიკოს-პატრიარქისა, სადაც  მისი ზედწოდება "ივერიელი" იყო. ამ დოსიეების ავთენტურობის დადგენა, რა თქმა უნდა, ძნელია. საპატრიარქო, ცხადია, "კაგებესთან" კავშირებზე არ საუბრობს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს რეალობა არსებობდა ყველა საბჭოთა ქვეყანაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს რეალობა საქართველოშიც ყოფილიყო. ეს შეიძლება იყოს ერთი მიზეზი იმ თბილი ურთიერთობისა, რომელიც დღეს რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის არსებობს. ჩვენ არ ვიცით, დღეს რა ანგარიშვალდებულებებია დარჩენილი. ამიტომ, უბრალოდ, კითხვას ვსვამთ.
ძალიან საინტერესოა, რომ რუსეთი ლეგიტიმურად არ მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლებას; რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური გვამია. და ის არამარტო საზოგადოებრივ, არამედ პოლიტიკურ სფეროშიც ავტორიტეტულ ფიგურად განიხილავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ამ გათვლაში ის გარკვეულწილად პრაგმატულიც არის, ვინაიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს უდიდესი გავლენა აქვს მოსახლეობაზე; შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, საქართველოში თავისი გავლენის გასაძლიერებლად ადგილობრივი ეკლესია ჩააბას.
მიმაჩნია, რომ ეს ურთიერთობები საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს, ვინაიდან რუსეთიც და რუსული ეკლესიაც მთლიანად არის გაჟღენთილი ევრაზიულობის ცნობილი იდეოლოგიით. ევრაზიულ კონტურებში კი (რომელშიც რუსეთი თავისი გავლენის ქვეშ, რასაკვირველია, საქართველოს მოიაზრებს) ისლამურ სამყაროსთან გაცილებით მეტი სიახლოვეა, ვიდრე დასავლურთან, ქრისტიანულთან.
ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს გავიხსენებ: 1997 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა ევროპის ეკლესიათა კონფერენცია და მსოფლიო ეკუმენური საბჭოები (ეს არის ყველაზე წარმომადგენლობითი ფორუმები, რომლის აქტიური მონაწილეები მხოლოდ ქრისტიანული ეკლესიები არიან). 2004 წელს კი საქართველოს საპატრიარქო დსთ-ს რელიგიათა საბჭოში გაწევრიანდა. ამ საბჭოში რუსულმა ეკლესიამ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ მისცა კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს, რადგან შეიძლებოდა, ისინი რაღაცნაირად დასავლეთთან ყოფილიყვნენ დაკავშირებულნი. დსთ-ს ფორუმში კი მონაწილეობენ ის ეკლესიები, რელიგიური გაერთიანებები, რომლებზეც შესაძლებელია რუსული გავლენა ვრცელდებოდეს.
რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით გამომავალი საეკლესიო მედია გაჟღენთილია პრორუსული პროპაგანდით და მკაფიოდ იგრძნობა ანტიდასავლური დისკურსი. ეს სულისკვეთება პატრიარქის ქადაგებებსა და ეპისტოლეებში თვალშისაცემია.
ჩვენ ვსვამთ კითხვას: რატომ არ გაემიჯნა პატრიარქი, მაგალითად, გაზეთ "ქვაკუთხედში" (იგი გამოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით) დაბეჭდილ სარედაქციო წერილს, სადაც გამოთქმული იყო შეხედულება, რომ ბომბები, რომლებიც საქართველოს მიწაზე ჩამოვარდა, იყო ღვთის მიერ ნაკურთხი, და ის ბლოკ-პოსტები იყო ბლოკ-პოსტები, რომლებმაც ხელი შეუწყო მართლმადიდებლურ რუსეთთან დაახლოებას და რომლებმაც საქართველო დასავლეთისგან გამიჯნა.
ასევე, ძალიან დამაფიქრებელია ის გარემოებაც, რომ საპატრიარქოს არანაირი განცხადება არ გაუკეთებია ტირძნისელი ბავშვების გათავისუფლების თაობაზე.
- მაგრამ აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენეთ: მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია იმას, რომ რუსეთს სამშვიდობო დერეფანი გაეხსნა, კონფლიქტის ზონაში სწორედ კათოლიკოს-პატრიარქი შევიდა.
- ეს რუსული პროპაგანდის ნაწილი იყო – სწორედ ეკლესიის გავლენის გაძლიერებისკენ მიმართული.
- ამით რისი თქმა გინდათ?
- ამით იმის თქმა მინდა, რომ მაშინ, როდესაც არც "წითელ ჯვარს", საერთოდ, არც ერთ უფლებების დამცველ დასავლურ ორგანიზაციას კონფლიქტის ტერიტორიაზე მოხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ, ამის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მიეცა. ცხადია, ეკლესიის მიერ კონფლიქტის ზონიდან დაჭრილების, ტყვეების გამოყვანა, მიცვალებულების გადმოსვენება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენა იყო. მაგრამ ეს რუსეთმა პროპაგანდისთვის გამოიყენა.
- თქვენ ამბობთ, რომ კონფლიქტის ზონაში შესვლა იყო ნებადართული რუსეთის მხრიდან?
- რა თქმა უნდა! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსეთის ეკლესიას მისწერა თხოვნის წერილი იმის თაობაზე, რომ რუსეთის ხელისუფლებას იქ შესვლის ნება დაერთო. ამით კი მათი ერთგვარი ლეგიტიმაციაც მოახდინა.
- მაგრამ სხვა გზა, თქვენი აზრით, არსებობდა? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დასაძრახი ნაბიჯია?
- ვფიქრობ, რომ რუსეთის ხელისუფლებას პირველ რიგში უნდა შეეშვა უფლებადაცვითი ორგანიზაციები და "წითელი ჯვარი". ვიმეორებ: ეკლესიის მხრიდან აღნიშნული ქმედება, რა თქმა უნდა, დადებითი მნიშვნელობისაა, მაგრამ ეს რუსეთმა თავისი პროპაგანდისთვის გამოიყენა. დღეს საქართველოსთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა ერთგვარად ეკლესიის ქოლგის ქვეშ თანამშრომლობაზე კონცენტრირდება. ამ ქოლგის ქვეშ კი ის ჯგუფები განიხილება, რომლებიც გარკვეულწილად კომუნისტური მემკვიდრეობის ტვირთით არიან დამძიმებულნი. ვგულისხმობ ინტელიგენციას, იმ ადამიანებს, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენა მოახდინონ. ამ ქოლგის ქვეშ, რუსეთთან ამ ვითომ დიალოგში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ისეთ ადამიანებს ეძლევათ, როგორიც არის, მაგალითად, მალხაზ გულაშვილი...
როგორ შეიძლება, აღვიქვათ პატრიარქის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობის მიმართ კეთილგანწყობილია? ეს უკვე გაურკვევლობაც არ არის. ეს პოზიციის პირდაპირ გამოხატვაა.
- და არ შეიძლება, ეს განცხადება დიპლომატიის კონტექსტში განიხილებოდეს?
- ვფიქრობ, რომ დიპლომატიით დაკავებულნი უნდა იყვნენ დიპლომატები.
იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მიმაჩნია: რუსეთ-საქართველოს ეკლესიათა (პირობითად) ურთიერთობა იქნება კიდევ ერთი ბარიერი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, ვინაიდან ეკლესიას საზოგადოებაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს. თავის მხრივ, ეს გავლენა არ არის დაკავშირებული მის მორალურ მხარესთან; იგი  დაკავშირებულია ადამიანების მითოლოგიზებულ, საკრალიზებულ წარმოდგენებთან.
საბჭოთა პერიოდში ეკლესიის როლი მინიმალიზებული იყო. მას ჰქონდა თავისი ნიშა: ის ცდილობდა, საზოგადოებისთვის ნაციონალიზმის პროექტი მიეწოდებინა.
90-იან წლებში ნაციონალისტურ დისკურსში ეკლესიას ეროვნულმა მოძრაობამ აჯობა. ხოლო მას შემდეგ, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ნაციონალისტური რიტორიკა გააძლიერა, ნაციონალიზმი ეკლესიაშიც ძლიერდება. ეს კი გულისხმობს ნეგატიურ დამოკიდებულებას სხვა ეთნოსისა და განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების მიმართ. ამ აზრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პატრიარქიც.
- ამის დასამტკიცებლად კონკრეტული მაგალითები გაქვთ?
- 1991 წელს ის აცხადებდა: ნებისმიერი ქართველი, რომელიც უარყოფს მართლმადიდებლობას და მიიღებს სხვა აღმსარებლობას, იქნება გამოცხადებული არამარტო ეკლესიის მტრად, არამედ ერის მტრადაც. ფაქტობრივად, ამ ტიპის დამოკიდებულება გახდა საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის გაძლიერების საფუძველი. მანამდე კი შეიძლებოდა, ქუჩაში გვენახა კრიშნაიდები, რომლებიც თავიანთ ლიტერატურას ავრცელებდნენ; სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები იკრიბებოდნენ ფილარმონიაში, კინოს სახლში, კინოთეატრ "რუსთაველში".
ახლა ეს ყველაფერი რელიგიურმა ფუნდამენტალიზმმა ჩაყლაპა. 1999 წელს, როდესაც საქართველო ევროსაბჭოში გაწევრიანდა და პარლამენტში პატრიარქი მიიწვიეს, მან მოუწოდა ხელისუფლებას, რადიკალური ზომები მიეღო რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ. ის ამბობდა: "რა გახდა იეღოვას მოწმეებისა და მათი მსგავსი ორგანიზაციების შეზღუდვა მაშინ, როდესაც სომხეთი და აზერბაიჯანი ამას ძალიან კარგად ახერხებს". სომხეთსა და აზერბაიჯანში კი იმ პერიოდში იეღოვას მოწმეები და სხვა აღმსარებლობის ადამიანები ციხეში ისხდნენ!
2004 წლის შემდეგ - მას შემდეგ, რაც ბასილ მკალავიშვილი დააკავეს, ტენდენცია გარკვეულწილად შეიცვალა.
2006-2007 წლებში სამართალდამცავები ადეკვატურად რეაგირებდნენ რელიგიური ექსტრემიზმის ხასიათის დანაშაულობებზე, მაგრამ ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ხელისუფლებას თავისი პოლიტიკური ავტორიტეტის რყევის შეეშინდა, 2008 წლის ბოლოდან და 2009 წლიდან მოყოლებული, არც ერთ მსგავს ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ახლა ამ ტიპის დანაშაულობათა რიცხვი უჩვეულოდ გაზრდილია. ნიშანდობლივია, რომ ასეთი ხასიათის ძალადობამ უფრო ორგანიზებული ხასიათი მიიღო: ორგანიზებული ჯგუფები სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს ეჭრებიან შეხვედრის ადგილებში, იქ ასაფეთქებელ ნივთიერებებს აგდებენ, ხელყოფენ მათ მატერიალურ საკუთრებას. ეს უკვე პასუხი კი არა, იერიშია.
ბოლო პერიოდში კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ქმედებებმა: მაგალითად, სამცხე-ჯავახეთში ორასამდე აქტივისტი ჩადის და ავრცელებს მოწოდებებს, ბუკლეტებს იმასთან დაკავშირებით, რომ კათოლიკეები პედოფილები არიან და ამიტომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა კათოლიკეებმა თავიანთი სარწმუნოება უნდა უარყონ.
- თქვენ ამბობთ, რომ ესენი საპატრიარქოს აქტივისტები არიან?
- იქიდან გამომდინარე, რომ საპატრიარქო არასდროს გამიჯვნია "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს", "დავით აღმაშენებლის ორგანიზაციას", შეიძლება ითქვას, რომ ისინი საპატრიარქოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
ასეთივე კამპანია არის წამოწყებული მუსლიმების წინააღმდეგ. სოფელ ტალავერში, სადაც მოსახლეობა მთლიანად მუსლიმურია, დღემდე დგას "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" პიკეტი, რომელიც ადგილობრივებს მეჩეთის აშენების საშუალებას არ აძლევს. უკვე ორი თვეა, იქ პოლიციის მანქანაც დგას და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" მანქანაც.
- თქვენ საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქის მისამართით სვამთ კითხვებს, რომლებზეც საპატრიარქო პასუხის გაცემის ღირსადაც არ გთვლით. "შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ მივიჩნევთ და მათ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებთ" - ასეთია საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი. თქვენ მიერ დასმული კითხვების მიუხედავად კი, ბოლო წლების განმავლობაში  ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის ავტორიტეტი სულ უფრო იზრდება. ამას რით ახსნით?
- გაგახსენებთ: 1991 წლის 23 დეკემბერს, როდესაც, ცნობილი მოვლენების გამო, საპატრიარქოს მოუწოდეს, თავისი პოზიცია გამოეხატა, საპატრიარქოს წარმომადგენელი - გიორგი გამრეკელი ტელევიზიის პირველი არხით გამოვიდა და განაცხადა: "ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება". ანუ, ჩვენ ხელებს ვიბანთო.
საპატრიარქოს, უშუალოდ პატრიარქს არ დაუგმია გამსახურდიას მომხრეთა დახვრეტილი მიტინგები, "მხედრიონისა" და სხვა უკანონო ფორმირებების მიერ სამეგრელოს მოსახლეობის დარბევა.  მაშინ პატრიარქი განსაკუთრებით ხშირად ჩნდებოდა ჯაბა იოსელიანის გვერდით. ამ ყველაფერმა საპატრიარქოს ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დასწია. მე მახსოვს ის პერიოდი: დიდი ხანია, ეკლესიაში დავდივარ. იმ დროს ტაძარში, თუნდაც წირვაზე, ადამიანები კანტიკუნტად იდგნენ.
სწორედ იმ პერიოდში შევარდნაძეს თავისი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა სჭირდებოდა. და ის ზუსტად მიხვდა, რომ ამას მხოლოდ საკრალური ავტორიტეტები შეძლებდნენ. მას იმ პერიოდში პატრიარქის მიმართ არსებული ნეგატიური საზოგადოებრივი განწყობა უნდა გაენეიტრალებინა.
1994 წელს, როდესაც პარლამენტში გარჩევები იყო დსთ-ში შესვლასთან დაკავშირებით, შევარდნაძემ განაცხადა, რომ ის უნდა გადამდგარიყო. ამ დროს "იმელის" შენობასთან პატრიარქი მივიდა და თქვა: "როგორც საქართველოს სულიერი მმართველი, ვაცხადებ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ხელმძღვანელი". აი, ამ კურთხევაზე იდგა შევარდნაძის ხელისუფლება. შესაბამისად, ეს ერთგვარ გარიგებად შეგვიძლია მოვიაზროთ: შევარდნაძესაც რაღაც უნდა გაეკეთებინა საპატრიარქოსთვის. ეს "რაღაც" კი კონკორდატის მომზადება იყო: შევარდნაძის ხელისუფლებამ საპატრიარქო რელიგიურ სივრცეში მონოპოლისტად აქცია.
შევარდნაძის პერიოდშივე, პრაქტიკულად მთლიანად დაიბლოკა მედია ეკლესიის კრიტიკის თვალსაზრისით; დაიწყო ეკლესიის დაფინანსება ბიუჯეტიდან თუ მის გარეშე; მიწების გადაცემა და ა.შ. როდესაც სასულიერო პირს აღარავინ აკრიტიკებს, ეკლესიის ავტორიტეტიც ბუნებრივად მატულობს. და საზოგადოებაც, რომელმაც საბჭოთა პერიოდი გამოიარა, ვინაიდან არ იცის, როგორ უნდა იაზროვნოს, რაღაც იდეოლოგიის მოლოდინშია. საბჭოთა პერიოდში ძირითად იდეოლოგიურ საკითხებს ხომ კომუნისტური პარტია წყვეტდა. და, როდესაც იდეოლოგიური ნიშა დაცარიელდა, საზოგადოებას მისი შევსების გაუცნობიერებელი მოთხოვნა გაუჩნდა. ცხადია, ასეთი იდეოლოგია პოლიტიკიდან არ წამოვიდოდა; ეს საყოველთაო იდეოლოგია უნდა ყოფილიყო. ის კი ბუნებრივად დაუკავშირდა მართლმადიდებლობას. და პატრიარქმაც დაიწყო და დღემდე გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ რწმენა; ეს არის იდეოლოგია, რომელმაც საქართველო დასავლური კულტურის ექსპანსიისგან უნდა დაიცვას. ის მიიჩნევს, რომ ეკლესიის საზღვრები ემთხვევა საქართველოს კულტურულ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საზღვრებს.
პატრიარქმა მოახერხა, ეკლესია საქართველოში ერთგვარად უზენაესი ხელისუფალი გამხდარიყო. ის ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს ამა თუ იმ პოლიტიკურ ქმედებას; პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა ეკონომიკურ სივრცეში; გახდა დიდი მესაკუთრე; აქტიურად არის ჩართული კულტურულ სივრცეშიც: მისი მოწოდების შედეგად იკრძალება, მაგალითად, სპექტაკლები.
დღეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანები აცხადებენ, რომ მათთვის სამოქალაქო კანონზე უზენაესი პატრიარქის ნება-სურვილია. მაგალითისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წარმომდგენლების განცხადებას შეგახსენებთ, ან კიდევ - პარლამენტის წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის სჯულის კანონი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კანონმდებლობა. ეს თეოკრატიის ნიშნებია.
- ასეთ ვითარებას ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლები შემდეგი არგუმენტაციით ხსნიან: საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა და ამიტომ, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნა ჯერჯერობით დასრულებული არ არის. თქვენ იზიარებთ ამ არგუმენტს?
- აქ პოსტსაბჭოთა სინდრომზე ვერ ვისაუბრებთ. ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ხელისუფლება შეეცადა, ეკლესიისთვის პოლიტიკური ძალაუფლება არ გაეზიარებინა, ისინი ერთგვარად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაგალითისთვის ერთ ფაქტს გავიხსენებ:
2006 წელს ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორისგან ითხოვდა, მის პირად ანგარიშზე ჩაერიცხა ფოთის ეკლესიის მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხა. მან გუბერნატორისგან უარი მიიღო. ამას მოჰყვა ასეთი შინაარსის გამოსვლები: "ეკლესიას შეურაცხყოფა მიაყენეს". შედეგად, ცხადია, ის თანხა მიტროპოლიტს ჩაერიცხა.
ასე რომ, ხელისუფლების მხრიდან იყო მცდელობები, ეკლესია ერთგვარად შემოეყვანა კანონის სივრცეში. მაგრამ ეს საპატრიარქომ მის ძალაუფლებაზე დარტყმად აღიქვა. და უკვე იმ დროს, როდესაც ხელისუფლების რეიტინგი ეცემოდა (განსაკუთრებით, ომის შემდეგ) საპატრიარქომ მთელ პოლიტიკურ სპექტრზე ფაქტობრივად აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება მოახერხა. ახლა ის ხელისუფლებაზეც და ოპოზიციაზეც ერთმნიშვნელოვან ძალაუფლებას ავრცელებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий