01 апреля, 2011

სახელისუფლებო ორგია ერთპოლუსიან პოლიტიკურ სივრცეში

 "რეზონანსი" - "მთელი კვირა"
7 დეკემბერი, 2009


"ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე ძლიერი კანდიდატურის გამოვლენა სავსებით შესაძლებელია კვალიფიციური და სანდო სოციოლოგიური გამოკითხვის გზით. არ მესმის, რა უდგას ამას წინ?
ჩვენ წინაშე ახლა ერთი ამოცანა დგას - ხალხის უდიდესმა ნაწილმა უნდა გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება კახელი მვენახისთვისაც და დასავლელი დიპლომატისთვისაც. როგორც კი ეს მოხდება, მიშა იმ დღეს დამთავრდება. ამაში დარწმუნებული ვარ". - "მთელ კვირას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრება.
- ხელისუფლებამ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, კონსენსუსის პირობა დაარღვია და ამით "გადააგდო" ქართული საზოგადოებაც და დასავლეთიც. საგულისხმოა, რომ "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები ხელისუფლების მოლაპარაკების მაგიდიდან გასვლის შემდეგაც იხტიბარს არ იტეხენ და მიანიშნებენ, რომ დასავლეთს ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ დასავლეთის ფაქტორს შექმნილ ვითარებაში?
- რაც უფრო ხშირად "გადააგდებს" ხელისუფლება დასავლეთს, მით უარესი მისთვის, ვინაიდან მისი ლეგიტიმურობის მთავარი წყარო სწორედ დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობაა და არა  ქართველი ამომრჩეველი. ხელისუფლების მხრიდან 30%-იანი საარჩევნო ბარიერის ჯიუტად მოთხოვნა, სწორედ ამ, სრულიად არანორმალური ვითარების აღიარებაა და სხვა არაფერი. კარგია, რომ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (და იმედია, არამარტო ის) დღეს უკვე თვალნათლივ ხედავს საქართველოში შექმნილ რეალურ ვითარებას - ოცდაათპროცენტიანი "ნაცმოძრაობა" ძალმომრეობით ცდილობს, თბილისელი ამომრჩევლის 70%-ს თავს მოახვიოს მისთვის სასურველი მერი. ჩვენი პარტნიორები დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით თავად აღიარებს საკუთარ დაბალ ლეგიტიმურობას ქვეყნის შიგნით. ეს, შესაძლოა, სააკაშვილის გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებაში განმსაზღვრელი ფაქტორი აღმოჩნდეს. 2007 და 2008 წლებში ვითარება სრულიად განსხვავებული იყო, მაშინ ჩვენი დასავლელი პარტნიორები დარწმუნებული იყვნენ სააკაშვილის უალტერნატივობაში.
- ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღეს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი, ასე ვთქვათ, ასანთის ფეხებზე დგას: რომ მას სულის შებერვაღა სჭირდება. თქვენი დაკვირვებით, რისთვის არის ახლა მზად ოპოზიცია? რა გამოცდილება შესძინა მას გაზაფხულის პროტესტმა და, ამასთანავე, როგორია თვისობრივი ცვლილებებისთვის საზოგადოების მზაობის ხარისხი?
- გეთანხმებით, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ან არყოფნა დღეს ერთადერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, კერძოდ - მოახერხებს თუ არა საქართველოს ხალხი, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი რეალური ალტერნატივის გამოკვეთას. ცხადია, ეს ალტერნატივა მისაღები უნდა იყოს ცივილიზებული სამყაროსთვისაც. ხალხმა ყველაფერი გააკეთა 2008 წლის ზამთარში - ყველაფერი, რაც კანონიერ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში იყო შესაძლებელი და სწორედ გარე ფაქტორის იმდროინდელი განწყობა და მიზანმიმართული ქმედებაა იმის მიზეზი, რომ მასობრივ მშვიდობიან პროტესტს მაშინ რეალური ცვლილება არ მოჰყვა.
მე ვფიქრობ, ხალხი დარწმუნდა, რომ გარე ფაქტორის მომხრობის გარეშე, მხოლოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი აქციებითა და გადადგომის მოთხოვნით წარმატების მიღწევა შეუძლებელია. სხვათა შორის, რევოლუციური გზის მომხრეებსაც უნდა ახსოვდეთ, რომ ისტორიაში პრაქტიკულად არც ერთი რევოლუცია არ განხორციელებულა გარე მხარდაჭერის გარეშე: ოლივერ კრომველმა პარლამენტის არმია ჰოლანდიური ფულით შეაიარაღა, საფრანგეთის დიდ რევულუციას ევროპის მრავალი სახელმწიფო უწევდა ფარულ დახმარებას, ლენინს კი გერმანული სპეცსამსახურები აფინანსებდნენ. ასე რომ, თუკი ვინმე დღეს საქართველოში არაკონსტიტუციური გზით აპირებს ხელისუფლების შეცვლას, მას მაინც მოუწევს მოკავშირეების ძებნა საზღვარგარეთ, თუმცა ძალადობრივ გზას მსოფლიოში პრაქტიკულად მხოლოდ ერთმა სახელმწიფომ შეიძლება დაუჭიროს მხარი, და ეს სახელმწიფო - რუსეთია.
აქედან გამომდინარე, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც საქართველოს დასავლეთის დემოკრატიული სივრცის ნაწილად ხედავს, ვალდებულია, თავისი ტაქტიკა და სტრატეგია დემოკრატიული, კანონიერი და მშვიდობიანი ბრძოლის პრინციპებს დაუქვემდებაროს, თუ მას დასავლეთის მხარდაჭერა სურს. ამ თვალსაზრისით, არჩევნებს ალტერნატივა არ გააჩნია.
- თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა, რომ ოპოზიციაში არსებული ორი ძირითადი ნაკადი, გარკვეულწილად, ერთ კალაპოტში მოექცეს? თუ ეს შანსი არ არსებობს, მაშინ რამდენად რეალურია, გამოცხადებული ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ წარმატებული აღმოჩნდეს?
- რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ამისთვის სამი რამ არის საჭირო: პირველი: ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ შექმნილი რეალობის, საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე ძალთა განაწილების სერიოზული გააზრება; მეორე: გარე ფაქტორის ეფექტური გამოყენება; და მესამე: საკუთარ ამბიციებზე მაღლა დადგომა. მოკლედ რომ ვთქვათ - პატრიოტიზმი, პოლიტიკური პრაგმატიზმი და გონიერება.
მე მეჩვენება, რომ ზოგიერთ, ოპოზიციურად წოდებულ პარტიას აწყობს არსებული რეალობა, როდესაც ყოველდღიურად, ცინიკურად ირღვევა ადამიანის უფლებები, ყვავის ელიტური კორუფცია, დაუცველია კერძო საკუთრება, გამეფებულია სახელმწიფო რეკეტი, სრულად პოლიტიზებულია პოლიცია, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, მედია სივრცე კი ხელისუფლების მიერ კონტროლდება. ეს ვითარება მათ ნოყიერ მასალას აძლევს ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკისათვის გაჭირვებული მოსახლეობის გულის მოსაფხანად. მათი რეიტინგებიც (თუნდაც, ძალიან დაბალი) სწორედ ამით საზრდოობს. რა უნდა აკეთონ ასეთმა "ოპოზიციონერებმა", თუკი ქვეყანაში სამართალი და მეტ-ნაკლები კეთილდღეობა დამყარდება? სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას არც რეალურ ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკური განვითარების ხედვა აქვს, არც გეოპოლიტიკური ვითარების ღრმად გააზრების პოტენცია, არც ტერიტორიული პრობლემების მოგვარების რეალისტური გეგმა.
ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე გონივრული ის ფორმულაა, რომელსაც დავით ბერძენიშვილი გვთავაზობს: გავერთიანდეთ ძლიერის გარშემო და არა მის წინააღმდეგ. რაკი ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ამ საკითხზე შეთანხმება, გადამწყვეტი სიტყვა საზოგადოებამ უნდა თქვას; საზოგადოების აქტიური მონაწილეობით უნდა გამოიკვეთოს "ყველაზე ძლიერი" და შეიქმნას მეორე, ალტერნატიული ძალის პოლუსი. და მაშინ პოლიტიკური სპექტრი მიიღებს რეალურ კონფიგურაციას, ბოლოს და ბოლოს გაირკვევა, რომელია რეალურად ოპოზიციური ძალა და რომელი - პრო-სახელისუფლებო. ორპოლუსიან სივრცეში ხელისუფლების შანსები მინიმალური იქნება, მათ ხელში არსებული ადმინისტრაციული, მატერიალური და კრიმინალურ-პოლიციური რესურსების მიუხედავად.
- უკვე გამოითქმის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების ნაბიჯი (არჩევნების კონტექსტში) შესაძლებელია, რევოლუციის საფუძველი გახდეს. თქვენც ასე ფიქრობთ?
- მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარების ალბათობას მე ერთადერთ შემთხვევაში ვხედავ - თუ ხელისუფლებამ ტოტალურად გააყალბა არჩევნები. გაყალბებაში არ ვგულისხმობ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინებას და ხმების სანაცვლოდ ციხეებიდან ხალხის გამოშვებას. მხედველობაში მაქვს ბიულეტენების ჩაყრა, კარუსელები, ოქმების გადაწერა და ა.შ. თუ ხელისუფლება იძულებული გახდება, მიმართოს ასეთ მანიპულაციებს, როგორც გადარჩენის უკანასკნელ საშუალებას, მაშინ დარწმუნებული ვარ, დასავლეთი აღარ "გაუპრავებს" შედეგებს და ხალხი ქუჩაში გამოვა. ასეთ შემთხვევაში რას მოიმოქმედებს უპასუხისმგებლო და არაადეკვატური სააკაშვილი, ადვილი გამოსაცნობია: ან გააუქმებს ადგილობრივი არჩევნების შედეგებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს თბილისის მერის ხელახალ არჩევნებთან ერთად, ან ესვრის ხალხს და შეეცდება, ქვეყანაში ღია დიქტატურა დაამყაროს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, კიდევ ვიმეორებ, საჭიროა, შეიქმნას სახელისუფლებო ძალის ალტერნატიული პოლუსი, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერა ექნება.
მაგრამ ხელისუფლებაში მყოფი ზოგიერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, ცხადია, უფრთხის მოვლენათა ამგვარ განვითარებას. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი (დაშვებული, თუ დაუშვებელი მეთოდებით) ყველაფერს აკეთებენ თბილისის არჩევნების გარეგნულად მეტ-ნაკლებად დამაჯერებელად მოგებისათვის. ამ, გარეგნულად შელამაზებულ გამარჯვებას ემსახურება 30%-იანი ბარიერის შემოღება, ქალაქის 25 რაიონად დაყოფა, მომხრეთა გადმოწერა რაიონებიდან დედაქალაქში და თავიანთი სატელიტი ფსევდოოპოზიციური პარტიებისთვის ასე თუ ისე სერიოზული კანდიდატების შერჩევა-დაქირავება, რათა მათ ხმები გაუყონ ნამდვილი ოპოზიციის კანდიდატებს. მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატების" მიერ სახელმწიფო ნავთობკორპორაციის ყოფილი შეფის, გია ჭანტურიას კანდიდატურის წამოყენება ხელისუფლებასთან გარიგების ნათელი მაგალითი მგონია, ვინაიდან ამ ადამიანის წინააღმდეგ ჯერაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ დრომდე იგი იძულებული იყო, ბაქოში ეცხოვრა. როგორ ფიქრობთ, გია ჭანტურია მყარი გარანტიების გარეშე გარისკავს თბილისში ჩამოსვლას და არჩევნებში მონაწილეობის მიღებას? ანდა, ყოფილი ფინანსთა მინისტრის, დავით იაკობიძის კანდიდატურის წამოყენება ცნობილი "კვაზი-ნაციონალის" (პროფესორ ალ. ხარაზიშვილის ტერმინია), გია თორთლაძის მიერ რას უნდა ნიშნავდეს? ამ კანდიდატებს ნამდვილად შეუძლიათ ხმების გაყოფა ოპოზიციისთვის და ნაწილობრივ (გაცილებით უფრო უმნიშვნელოდ) - "ნაციონალებისთვისაც", რითაც არჩევნებს დემოკრატიულ ფასადს შესძენენ საკუთარი უსაფრთხოებისა და საკრებულოში გარანტირებული რამდენიმე ადგილის ფასად. ეს რეალური საფრთხეა და საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს ამ გარიგებათა კატასტროფული შედეგები ქვეყნის მომავლისათვის. საარჩევნო ყუთებთან მისულ თბილისელებს უნდა ესმოდეთ, რომ ფსევდოოპოზიციის კანდიდატისათვის მიცემული ყოველი ხმა "ნაცმოძრაობის" ტრიუმფსა და ქვეყნის საბოლოო დაქცევას ნიშნავს.
- პრესასთან ლევან გაჩეჩილაძის ბოლოდროინდელი საუბრებიდან ჩანს, რომ ის სწორედ რევოლუციას ელოდება; არ მალავს, რომ ამ გზას მიესალმება. ამას წინათ რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა კი განაცხადა: დასრულდა ის დრო, როცა ლევან გაჩეჩილაძე წყვეტდა რაღაცებს: ახლა გადამწყვეტი სიტყვა პარტიების არისო. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, გაჩეჩილაძემ ისევ დარაზმოს ხალხი? და თუ ეს მოხდება, რა იქნება მთავარი რესურსი იმ ბრძოლაში? და რა იქნება შედეგი?
- ლევანს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ყველა შემთხვევაში გააყალბებს არჩევნებს და ხალხს სხვა არაფერი დარჩება, აჯანყების გარდა. მაგრამ ეს იმ შეთხვევაში მოხდება, თუ ხელისუფლებას მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსი არ ეყოფა თბილისის მოსაგებად და, როგორც უკვე ვთქვი, ბიულეტენების ჩაყრას და ოქმების გადაწერას მიჰყოფს ხელს.
მე არ დავიწყებდი ოპოზიციონერთა ცალკეული გამონათქვამების დაპირისპირებას ასე იოლად და კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ორივეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საზოგადოების გამოღვიძებაში. 2007 წლიდან მოყოლებული, ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი მხრებით ათრია უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ამის არ დანახვა, ან დავიწყება დიდი უმადურობა და უსამართლობა იქნებოდა. უბრალოდ, მაშინ საერთაშორისო კონიუნქტურაც სხვა იყო და დასავლეთმა გაჩეჩილაძეში ვერ დაინახა სააკაშვილის რეალური ალტერნატივა. ამის გამო პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ ერთ კაცს დავაკისროთ, ამაზე თითოეული ჩვენგანია პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი - პოლიტიკოსები. ჩვენ მაშინ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ, რა არ გვინდოდა და რის წინააღმდეგ ვიბრძოდით, მაგრამ ვერ მოვარხეხეთ იმის თქმა, თუ რა გვინდოდა, რა გეგმები გქონდა სტაბილურობის შენარჩუნებისა და ეფექტური მართვის თვალსაზრისით, როგორ ვხედავდით ქვეყნის მომავალს, განვითარების ძირითად ვექტორებს და მექანიზმებს, ჩვენს რიტორიკაში ზოგჯერ გამკრთალ ანტიდასავლურ განცხადებებს კი არ ვპასუხობდით ჯეროვანი კრიტიკით და ა.შ. განა შეიძლება, ეს ყველაფერი ერთ კაცს დავაბრალოთ და ჯოხი მასზე გადავტეხოთ?
იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სპექტრის სოლიდური ნაწილი და მთლიანად, საზოგადოებაც ამ კუთხით გაიზარდა და რომანტიკულ იდეალებს პრაგმატიზმიც შეემატა. გამოჩნდა ახალი სახეები, გაიზარდა დასავლეთთან ურთიერთობის რესურსი, პოლიტიკური მეტყველება დროის ადეკვატური და პარტნიორებისთვის უფრო გასაგები გახდა. ჩვენ წინაშე ახლა ერთი ამოცანა დგას - ხალხის უდიდესმა ნაწილმა უნდა გამოკვეთოს ლიდერი, რომელიც ერთნაირად მისაღები იქნება კახელი მევენახისთვისაც და დასავლელი დიპლომატისთვისაც. როგორც კი ეს მოხდება, მიშა იმ დღეს დამთავრდება. ამაში დარწმუნებული ვარ.
- "ეროვნული ფორუმი" აცხადებს, რომ არსებული რეჟიმისგან გათავისუფლების ერთადერთი რეალური გამოსავალი ეროვნული დაუმორჩილებლობაა. ამ იდეის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია? როგორ აღიქვამთ ეროვნული დაუმორჩილებლობის პერსპექტივას საქართველოში?
- "ეროვნული ფორუმი" ის ძალაა, რომელიც შესანიშნავად ახერხებს მოსახლეობასთან გასაგებ ენაზე საუბარს, იდეალების ამ ტოტალური მსხვრევის ფონზე მუდმივ ეროვნულ და საკაცობრიო ფასეულობებზე აქცენტირებას. თუმცა არ ვიცი, რამდენად გასაგებია ეს ენა ჩვენი უცხოელი პარტნიორებისათვის.  მე პატივს ვცემ "ფორუმის" მოსაზრებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეროვნული დაუმორჩილებლობის განხორციელება გარკვეულ პირობებშია შესაძლებელი და ეფექტური. ეროვნული დაუმორჩილებლობა, როგორც უცხო დამპყრობელ ძალასთან ბრძოლის მეთოდი, მაჰათმა განდიმ აიყვანა პოლიტიკური ფილოსოფიის სიმაღლეზე და საფუძვლად დაუდო მარტივი მოსაზრება - ბრიტანეთისთვის ინდოეთის კოლონიზაცია ეკონომიკურად იმდენად წამგებიანი უნდა გამხდარიყო, რომ არჩევანი ფინანსურ ზარალსა და დეკოლონიზაციას შორის მარტივად გადასაწყვეტი ყოფილიყო. ამიტომაც, განდიმ წამოიწყო პროაქტიური კამპანია მარილის, საღებავებისა და სანელებლების მწარმოებელი ბრიტანული კორპორაციებისა და ფაბრიკების წინააღმდეგ, სადაც მუშებად ღატაკი ინდოელები იყვნენ. განდი მათ ინგლისელებთან თანამშრომლობის შეწყვეტისა და ალტერნატიული ეროვნული არტელების ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდა. კამპანიის დაწყების პირველსავე თვეებში ბრიტანელებმა საგრძნობი ზარალი ნახეს, მაგრამ როგორც კი რამდენიმე ადგილას (მაგალითად, დაბა ჩაური-ჩაურში) დაუმორჩილებლობა ხალხის მხრიდან ძალადობაში გადაიზარდა, განდიმ შეწყვიტა კამპანია. საბოლოოდ, დაუმორჩილებლობამ გარკვეული ეკონომიკური შედეგი გამოიღო, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მორალური ზემოქმედება ბრიტანელ ხალხსა და ისტებლიშმენტზე. მსგავს პერსპექტივას, მე პირადად, ვერ ვხედავ საქართველოში, სადაც ხალხის ძირითადი მასა, უბრალოდ, უმუშევარია, წარმოება - გაჩერებული, ბიზნესი - კონტროლირებადი, ხელისუფლება კი - აბსოლუტურად ამორალური.
- ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტების ძირითადი ნაწილი შიდაოპოზიციური პრაიმერის იდეას იზიარებს. თუმცა, თვით მის მხარდამჭერ ძალებში არიან ცალკეული ადამიანები, რომლებიც ამ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებენ. და ამისთვის მათ საკუთარი არგუმენტაციაც აქვთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რაში გამოადგება ოპოზიციას პრაიმერი, თუკი იგი ჩატარდება?
- პრაიმერის იდეას, ერთი შეხედვით, აშკარად აქვს პლუსები და იდეის ავტორთა ლოგიკა გასაგებია:
პირველი: საერთო ოპოზიციური პრაიმერით თავს ავარიდებთ მომქანცველ, უნაყოფო, კულუარულ კონსულტაცია-მოლაპარაკებებს ერთიანი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.
მეორე: ბოლოს და ბოლოს, გამოვლინდება პიროვნება, რომელსაც ოპოზიციური ელექტორატის უმრავლესობა უცხადებს ნდობას.
მესამე: ასეთი წესით არჩეული კანდიდატი სერიოზულ წონას იძენს როგორც ამომრჩევლის, ისე ხელისუფლების თვალში. გარდა ამისა, ის ანგარშგასაწევი ძალა ხდება ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, რაკი მნიშვნელოვან ნდობის ვოტუმს და ლეგიტიმაციას იღებს ხალხისაგან და არა კულუარულად შეკრებილ ლიდერთა ჯგუფისგან. ამ არჩევნებს აუცილებლად გამოუჩნდება ლეგიტიმური სპონსორები საერთაშორისო ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და მთავრობების სახით.
პრაიმერის ჩატარების ფაქტი და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა თავისთავად გაზრდის ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღების შესაძლებლობას, რასაც ოპოზიცია ამდენი ხანია, ამაოდ ცდილობს.
მაგრამ ამას აზრი იმ შემთხვევაში ექნება, თუ პრაიმერში მონაწილეობას მიიღებს ყველა ჭეშმარიტი ოპოზიციური ძალა, ან თუნდაც რამდენიმე, რეიტინგის თვალსაზრისით თანაზომადი პარტია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ძირითადი მოთამაშეები თავს იკავებენ პრაიმერისაგან.
გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლებამ დაავალოს რამდენიმე ათას თავის მომხრეს, ამ წინასწარ ოპოზიციურ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და ხმა მისცეს რომელიმე სუსტ კანდიდატს, რომელსაც, აპრიორი, არავითარი შანსი არ ექნება გიგი უგულავასთან დაპირისპირებაში.
ასეთ ვითარებაში, ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე ძლიერი კანდიდატურის გამოვლენა სავსებით შესაძლებელია კვალიფიციური და სანდო სოციოლოგიური გამოკითხვის გზით. არ მესმის, რა უდგას ამას წინ?

Комментариев нет:

Отправить комментарий