"რეზონანსი"
5 ნოემბერი, 2009
"ადამიანს აქვს უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეს ნებისმიერი მოვლენის მიმართ; მათ შორის, ეკლესიის მიმართ; მათ შორის - პატრიარქის მიმართაც"
"ეს დოკუმენტი დაიწერა ევროპელებისთვის - ევროპელების მიერ. ევროპული მენტალობის მატარებელი ადამიანების მიერ. და თუ შენ ისე არ წაიკითხე, როგორც წერია, ამით შენს არაევროპელობას ავლენ. რუსებს არ აქვთ პრეტენზია ევროპელობაზე. ჩვენ კი ეს პრეტენზია გვაქვს.
...მე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი პატრიარქზე, პატრიარქს კი არ აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს აგვისტოს მოვლენებზე. და თუ გამოხატავს თავის აზრს და ჩემსას არ ემთხვევა, ე.ი. რუსეთის აგენტია. ამას ჰქვია ბოლ-შე-ვიზ-მი. თანამედროვე გაგებით - ნეობოლშევიზმი. და მერე ბრაზობენ, რატომ გვეძახიან ნეობოლშევიკებსო! აი, ამიტომ გეძახით: ჭეშმარიტება თქვენთანაა!"
"რეზონანსს" პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.
- ტალიავინის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ერთგვარი ხმაური თითქოს ჩაცხრა. თქვენი აზრით, რატომ მისცა დასკვნამ მხარეებს ინტერპრეტაციების საფუძველი და საერთოდ, რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ დასკვნას საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის კონტექსტში?
- ამ დასკვნის მიმართ ძალიან დიდი მოლოდინი არსებობდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ შედეგი არ შეესაბამებოდა მოლოდინს. ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი. მას განაჩენი არ გამოაქვს. და არც ჰქონდა ეს ფუნქცია.
დოკუმენტი იმისთვის დაიწერა, რომ ტემპერატურა დაეგდო, დაეცხრო ვნებათაღელვები და მხარეებს ინტერპრეტაციის საშუალება მისცემოდათ. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი იყო, ენახა, თუ როგორ ინტერპრეტაციას აკეთებენ მხარეები. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ევროკავშირმა დოკუმენტი "საჯიჯგნად" გადაუგდო ქართულ და რუსულ მხარეებს და ამით მათი ნამდვილი სახე დაინახა. ძალიან ირონიული დოკუმენტია ამ თვალსაზრისით: მან კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ქართველებისა და რუსების პრიმიტიული ბუნება. ქართველებმა ეს დოკუმენტი, როგორც კომბალი, აიღეს და დასცხეს რუსებს; რუსებმა კი - ქართველებს.
- და აქ სად ჩანს ტემპერატურის დაწევა, თქვენი დაკვირვებით?
- მხარეები დამშვიდდნენ, ვინაიდან მათ არავინ არაფერი დააბრალა. ევროკავშირმა თქვა: "ორივე ხართ დამნაშავე ყველაფერში, რაც მოხდა. ამიტომ მე ხელები დამიბანია. ვნახე, ვინ ხართ და გადავწყვიტე თქვენგან დისტანცირება". ახლა ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას რომ ჰკითხოთ, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს აგვისტოს ომის მიმართ, ყველა გეტყვით: "წაიკითხეთ ტალიავინის კომისიის დასკვნა". ეს მათი დასკვნაა, მასში კი მკაფიოდ არის გამოკვეთილი: რომ მხარეები არაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა ომი არ დაწყებულიყო; ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა ომი დაწყებულიყო. მკაფიოდ არის მინიშნებული, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შემდეგ ზუსტად ასეთივე პოზიცია გამოხატა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ამან კი იმ იდეოლოგიური ინსტიტუტის აგრესია გამოიწვია, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობა" არის დაფუძნებული. ტალიავინს ვერაფერი შეჰბედეს, პატრიარქს კი გაუბედეს: მაშინვე დააბრალეს რუსეთის აგენტობა. სხვათა შორის, სწორედ სააკაშვილი ამბობდა აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით, - ფანტასტიკური დოკუმენტია, ასეთს მართლა არ ველოდიო!
ტალიავინის კომისიის დასკვნას დავუბრუნდები: ევროკავშირის 2008 წლის 2 დეკემბრის დადგენილებაში განსაზღვრულია ამ კომისიის მანდატი: იგი მხოლოდ ადგენს ფაქტებს და იმ ბრალდებებს აფასებს, რომლებიც მხარეებმა ერთმანეთს წაუყენეს. ძალიან ბევრი ფაქტი კი კომისიის დასკვნაში დადგენილი არ არის.
- კონკრეტულად რა ფაქტები?
- 8 აგვისტოს საომარი მოქმედებების დაწყება ორმა ფაქტმა განაპირობა - 3 ივლისს და 7 აგვისტოს მომხდარმა ფაქტებმა. 3 ივლისს წვერიახოს გზაზე განხორციელდა ტერაქტი სანაკოევის ესკორტის წინააღმდეგ. იმ გზაზე ცოტა ხნით ადრე მოხდა იმავე ტიპის ტერაქტი: საბავშვო ავტობუსი თბილისში მოდიოდა ექსკურსიაზე და აფეთქდა. მაშინ არავინ დაზარალებულა. ამაზე ქართულმა მხარემ პიარკამპანია ააგო. სანაკოევის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტზე კი სააკაშვილი გაუთავებლად ლაპარაკობდა, 8 აგვისტომდე. 7 აგვისტოს, თავის ისტორიულ გამოსვლაში, როცა ის ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრობდა, ეს ტერაქტი ხაზგასმით ახსენა. ანუ ეს ფაქტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სხვათა შორის, იმ ტერაქტის დროს საქართველოს მხარემ მაშინვე გაანადგურა ყველა ნივთმტკიცება; გამოძიება არ ჩატარებულა. ადგილზე არ მიუშვეს სამშვიდობო ძალები, ეუთო-ს დამკვირვებლები. აი, ასეთ პირობებში გამოაცხადეს, რომ ტერაქტი განახორციელეს ოსურმა ბანდფორმირებებმა. მოწმე არ არსებობდა. არადა, ეს მოხდა დღისით-მზისით. საქართველომ თქვა, რომ ოსები გადმოვიდნენ სარაბუკის მთიდან. სარაბუკის მთა კი იყო სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აკონტროლებდა ჯავას და ოსების შემოვლით გზას სოფელ ზარის მხრიდან. ეს სიმაღლე 2004 წლის ზაფხულამდე ქართული მხარის ხელში იყო. 2004 წლის ოქტომბერში კი, ჟვანია-კოკოითის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე, ჩვენ ბევრი სტრატეგიული პოზიცია დავთმეთ. როგორც ჩანს, საქართველოს უნდოდა რევანში, ამისთვის კი ეს ტერაქტი გამოიყენა და სარაბუკის სიმაღლე დაიკავა. საერთოდ, 2008 წლის მოვლენებს (7 აგვისტომდე) პირობითად დავარქმევდი ოპერაციას "სარაბუკი". იმ პერიოდის გაზეთები და, განსაკუთრებით, "რუსთავი-2"-ის საიტები რომ ნახოთ, დღე არ გავა, რომ არ იყოს ნახსენები სიტყვა "სარაბუკი". თავში გვიჭედებდნენ ქართველებს: "სარაბუკი, სარაბუკი"... ახლა სააკაშვილი და ზოგიერთი პოლიტიკოსი ტირის, - აბა, რა გვექნა, ქართულ სოფლებს ესროდნენო. არ უნდა აგეღო სარაბუკის მთა! პასუხი ეს არის. არ უნდა დაგერღვია ჟვანიასა და კოკოითის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება. დასკვნაში ამ ფაქტებზე საუბარი საერთოდ არ არის.
- რატომ, თქვენი აზრით?
- იმიტომ, რომ დასკვნის ამოცანა არ იყო ხალხის გაღიზიანება. სანაკოევზე ტერაქტთან დაკავშირებით რუსები ამბობდნენ, იგი ქართველებმა მოაწყვესო. ფაქტი არ გამოძიებულა და ამიტომ ვერ დაადგენ ვერც რუსულ და ვერც ქართულ სიმართლეს. ამ დროს საჭირო იყო ტალიავინის კომისიის დასკვნა. მაგრამ მას ხმა არ ამოუღია. ასე რომ, ამ შემთხვევაში ტალიავინს ორიანს "ვუწერ". მაგრამ ეს პოლიტიკური ხუთიანია. მან მიანიშნა: "ჩვენ ამაზე, შეგნებულად, არაფერს ვამბობთ". აღნიშნული ფაქტი კი იმდენად სერიოზულია, რომ აშკარად ყვირის: "შემისწავლე". მაგრამ არავინ სწავლობს.
და მეორე ფაქტი, რომელიც დასკვნაში არ შევიდა: 7 აგვისტოს, საღამოს შვიდის ნახევარზე სააკაშვილი აცხადებს გადაწყვეტილებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ის ამბობს: "ეს სროლები ყელში ამოგვივიდა, რუსები გვითრევენ პროვოკაციაში, ამიტომ ვუბრძანებ ჩვენს მებრძოლებს, რომ რაც უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში არ გახსნან საპასუხო ცეცხლი". საომარ მოქმედებამდე რამდენიმე საათი რჩება. თორმეტის ნახევარზე კი ქართული შენაერთები შეტევაზე გადადიან და ცხინვალის გარშემო მდებარე ოსურ სოფლებს იკავებენ. არავინ იცის, იბომბდებოდა თუ არა ქართული სოფლები შვიდის ნახევრიდან თორმეტის ნახევრამდე. ეს ჩვენ მხოლოდ მონაყოლით ვიცით. მე რამდენიმე ადამიანი ვნახე, რომლებიც კეხვში, ქურთაში, თამარაშენში ცხოვრობდნენ და ვკითხე, მართლა იბომბდებოდა თუ არა ის სოფლები. ამბობენ, ჩვენი სახლები არ იბომბებოდა, თუმცა სროლის ხმა იყოო. ისინი ვერ ადასტურებენ, რომ მაინცდამაინც იმ დღეს მათი სოფლების მიმართულებით განსაკუთრებული ინტენსივობის სროლები იყო. და ამბობენ: "ჩვენ არ ვიცით, რა ხდებოდა სხვა სოფლებში". ეს მეც ვერ დავადგინე. მაგრამ სად პაატა ზაქარეიშვილის გამოცდილება და სად - კომისიის რესურსები?
და რატომ არის საეჭვო ის დღე - 7 აგვისტო? ცხინვალში ცხოვრობდნენ ეუთო-ს დამკვირვებლები, ბრიტანელები. მათ მკაფიოდ თქვეს ნოემბერში, რომ ქართული სოფლები არ დაუბომბავთ; რომ იმ ღამეს სიმშვიდე იყო, ქართულმა ჯარმა კი პირველი შეტევა განახორციელა - ისე, რომ ამის საფუძველი არ გააჩნდა.
როგორც კი ბრიტანელმა ოფიცრებმა ეს განაცხადეს, მაშინვე გამოვიდა ჩვენი ხელისუფლება და თქვა - "გაზპრომის" ნაყიდები არიანო. ეს იყო პირველი განცხადება "გაზპრომის" კონტექსტში. შემდეგ კი მთელი მსოფლიო "გაზპრომის" ნაყიდი აღმოჩნდა.
მე ჯერ კიდევ 10 აგვისტოს მომმართა ორმა ევროპელმა ჟურნალისტმა. ისინი აღელვებულები იყვნენ; მითხრეს: ახლა ვიყავით ერთ-ერთ ადგილას, სადაც ცხინვალიდან გამოსულმა ეუთო-ს ორმა ბრიტანელმა ოფიცერმა დახურული შეხვედრა ჩაატარა უცხოელი დიპლომატებისა და ჟურნალისტებისთვის. და მათ თქვეს, რომ ქართული სოფლები არ იბომბებოდაო. მათ აინტერესებდათ, რა ვიცოდი ამის შესახებ. მე კი მათგან ამის თაობაზე პირველად გავიგე. შემდეგ რამდენჯერმე, პრესის საშუალებით ვთქვი: "ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას იტყვიან ბრიტანელი ოფიცრები". ამას ვამბობდი სექტემბერში, ოქტომბერში. ნოემბერში კი მათ უკვე საჯაროდ გაიმეორეს ის ტექსტი, რაც 10 აგვისტოს, დახურულ სხდომაზე თქვეს. ასე რომ, ერთი და იგივე ფაქტის მიმართ განსხვავებული შეფასებები არსებობს. ამიტომ ტალიავინის კომისია ვალდებული იყო, ეს ფაქტი გადაემოწმებინა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ კომისიის დასკვნაში აგვისტოს კონფლიქტს სახელი არ აქვს. სააკაშვილი გაიძახის, არავითარი ქართულ-ოსური კონფლიქტი არ არსებობს, ეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიაო. დოკუმენტში კი ეს ტერმინები ნახსენები არ არის. ანუ, ამ დასკვნამ დაინდო როგორც საქართველო, ისე - რუსეთი. კომისიამ თქვა: "ევროპელები მივხვდით, რომ ეს ომი თქვენი (ქართველებისა და რუსების) დანაშაულია". მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ამ დასკვნით პროცესი არ იწყება. ამ დასკვნით პროცესი დასრულდა. ვიღაცას ჰგონია, რომ ეს არის პირველი წინადადება და ამას ევროპიდან რაღაც-რაღაცები მოჰყვება. არაფერიც არ მოჰყვება. ამით დასრულდა ევროპელების შეფასება იმისა, რაც საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წლის აგვისტოში მოხდა.
- ზემოთ ტალიავინის "ორიანი" და "ხუთიანი" ახსენეთ. ეს ნიშნები ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი არ არის?
- არა, ეს ლოგიკურია. ეს ხომ ევროკავშირის დოკუმენტია. არც საქართველო და არც რუსეთი არ არიან ევროკავშირის წევრები. არც ერთს არ მიუღია მონაწილეობა ამ კომისიის არც შექმნაში, არც - დაფინანსებაში. მათ მხოლოდ თანხმობა განაცხადეს კომისიასთან თანამშრომლობაზე. აბა, ერთი, უარი ეთქვათ! ეს დოკუმენტი ევროკავშირს თავისთვის სჭირდება: არავის არაფერს ავალდებულებს - მით უმეტეს, საქართველოს და რუსეთს, რომლებიც მისი წევრები არ არიან. ეს დოკუმენტი დაიწერა ევროპელებისთვის - ევროპელების მიერ. ევროპული მენტალობის მატარებელი ადამიანების მიერ. და თუ შენ ისე არ წაიკითხე, როგორც წერია, ამით შენს არაევროპელობას ავლენ. რუსებს არ აქვთ პრეტენზია ევროპელობაზე. ჩვენ კი ეს პრეტენზია გვაქვს. იმ დასკვნაში კი წავიკითხეთ მხოლოდ ის, რაც გვინდოდა და არ წავიკითხეთ ის, რაც არ გვაწყობდა. აი, ეს არის ამ დოკუმენტის გენიალურობა: ისე დაიწერა, რომ სარკეში გაჩვენებს შენს თავს: თუ გინდა, დაინახე; თუ არ გინდა, ნუ დაინახავ - ეს შენი პრობლემაა.
- თქვენ პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება ახსენეთ. "თავისუფლების ინსტიტუტთან" და პატრიარქთან დაკავშირებული ვნებათაღელვა საზოგადოებაში არ ცხრება. რა პოზიცია გაქვთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით?
- პატრიარქს დაცვა არ სჭირდება. ვინც დღეს ეკლესიას მკერდით ეფარება, მან ელემენტარული რამ არ იცის: "თავისუფლების ინსტიტუტი" კი არა, ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ დაანგრევენ ეკლესიას. ეს ქრისტემ პეტრეს უთხრა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვისაც ჰგონია, რომ პატრიარქის წინააღმდეგ გალაშქრება ასუსტებს ეკლესიას, მან უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი შეტევა ეკლესიაზე აძლიერებს მას. ამას მსოფლიო ეკლესიის ისტორია ადასტურებს.
ჩემთვის შემაშფოთებელია როგორც ეკლესიის, ასე ვთქვათ, მიწიერი ღირებულებებით დაცვა, ასევე, პროკურატურის გადაწყვეტილება, დაეწყო მართლაც უმსგავსო კლიპების ავტორთა ძებნა. ეს მეორე უკიდურესობაა. ადამიანს უფლება აქვს, თავისუფალი ნება გამოხატოს. პატრიარქს კი არა, ქრისტეს აყენებენ შეურაცხყოფას და ამით ქრისტეს არაფერი აკლდება. აკლდება მხოლოდ მათ, ვინც შეურაცხყოფას აყენებს. ის, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა პატრიარქს, ამით უდიდესი ცოდვა ჩაიდინა. ისინი ღვთის წინაშე აგებენ პასუხს. კანონი კი აქ უძლურია: ადამიანს აქვს უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეს ნებისმიერი მოვლენის მიმართ; მათ შორის, ეკლესიის მიმართ; მათ შორის - პატრიარქის მიმართაც.
რაც მთავარია: ვიღაც ამბობს, "თავისუფლების ინსტიტუტის" არსებობა უნდა აიკრძალოსო. რას ამბობთ? მშვენიერი თვითლუსტრაცია მოახდინეს! თეა თუთბერიძე გამოდის და ამბობს, - ჩემი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავენ, როცა ვამბობ, რომ პატრიარქი რუსეთის აგენტიაო. მას ავიწყდება, რომ პარტიარქიც მოქალაქეა და მასაც აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ტალიავინი რატომღაც არ არის რუსეთის აგენტი და პატრიარქი რუსეთის აგენტია... აქ ჩანს, რომ ჭეშმარიტება "თავისუფლების ინსტიტუტზეა" დაფუძნებული; რომ "თავისუფლების ინსტიტუტი" არის ბოლშევიკური პარტიის პოლიტბიურო, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია იხარშება. ბოლშევიზმია: მე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი პატრიარქზე, პატრიარქს კი არ აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს აგვისტოს მოვლენებზე. და თუ გამოხატავს თავის აზრს და ჩემსას არ ემთხვევა, ე.ი. რუსეთის აგენტია. ამას ჰქვია ბოლ-შე-ვიზ-მი. თანამედროვე გაგებით - ნეობოლშევიზმი. და მერე ბრაზობენ, რატომ გვეძახიან ნეობოლშევიკებსო! აი, ამიტომ გეძახით: ჭეშმარიტება თქვენთანაა!
თეა თუთბერიძე ზოია კოსმოდემიანსკაიას ტიპის გოგოა: თავის თავზე იღებს დარტყმას - როგორც ბოლშევიკები იღებდნენ. პავლიკ მოროზოვის ტიპის ადამიანია: ყველაფერზე წამსვლელია თავისი იდეოლოგიის გასამართლებლად. გამორიცხულია, თეა თუთბერიძე მარტო მუშაობდეს. "ნაციონალური მოძრაობა" თავისივე დაგებულ ხაფანგში გაება. ამიტომ ამაზე საუბარი კი არ უნდა აიკრძალოს, არამედ პირიქით: ხშირად უნდა მოვიხმოთ ციტატები თეა თუთბერიძის საუბრებიდან - ოღონდ არა როგორც ინდივიდუალური ადამიანის, არამედ როგორც სკოლების დირექტორების ასოციაციის ხელმძღვანელისა; როგორც "თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლის. ჩვენ აქცენტები დავსვით არაზუსტად და ჩავთვალეთ, რომ თეა თუთბერიძე "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფლების ინსტიტუტის" სახელით პატრიარქს უტევს. არა, ის სახელმწიფოს უტევს. ამიტომ უკვე მე, პაატა ზაქარეიშვილი გამოვიყენებ ჩემი გამოხატვის თავისუფლების უფლებას და ვიტყვი, რომ თეა თუთბერიძე არის რუსეთის აგენტი. აი, დამიმტკიცოს ახლა, რომ არ არის რუსეთის აგენტი. რასაც ის აკეთებს, ამით ქვეყანა ინგრევა. ის ეკლესიას კი არ უტევს (როგორც უკვე ვთქვი); ის უტევს ქართულ დემოკრატიას, რისიც ეშინია რუსეთს საქართველოში. როგორც კი განსხვავებულ აზრს გამოხატავ, რუსეთის აგენტი ხარ. ეს კი ანგრევს იმ საფუძველს, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო უნდა დაფუძნდეს.
- თქვენ ამბობთ, რომ ეკლესიაზე შეტევა შეუძლებელია, მაგრამ სამღვდელოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "ჯიპების" გადაცემის მაგალითი გავიხსენოთ. როგორ ფიქრობთ, ეს ფაქტი ხელისუფლებამ ეკლესიის კომპრომეტირებისთვის არ გამოიყენა? რა განაპირობებს, თქვენი აზრით, ეკლესიის ავტორიტეტულობას მაშინ, როცა სამღვდელოება ხელისუფლებისგან ასეთ საჩუქრებს იღებს? ან მაშინ, როცა პატრიარქი წმინდა გიორგის ორდენით აჯილდოებს როლანდ ახალაიას?
- ამას სახელმწიფოს არარსებობა განაპირობებს. ადამიანებს ნორმირებული ურთიერთობა სჭირდებათ. პატარა ბავშვებიც კი თანხმდებიან თამაშის წესებზე. იქ, სადაც სახელმწიფო ადამიანებს ნორმირებულ ურთიერთობას ვერ სთავაზობს და სთავაზობს უსამართლობას... იქ, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლს აქვს უფლება, გასცეს განკარგულება ადამიანის მოკვლაზე, ამის გამო კი არაფერი ემუქრება, უბრალო გლეხს კი ქათმის მოპარვისთვის შეიძლება ხუთი წელი მიუსაჯონ... ქვეყანაში უსამართლობის განცდა არსებობს. სამართლიანობის განცდა მხოლოდ საპატრიარქოსთან მიმართებით არსებობს.
- სამართლიანობის განცდა გაგიჩნდათ, როცა სამღვდელოების წარმომადგენლები ძვირადღირებულ "ჯიპებში" ჩასხდნენ და როცა ახალაიამ საეკლესიო ჯილდო უშუალოდ პატრიარქისგან მიიღო?
- როცა ხელიუსფლებამ ეკლესიის მესვეურებს "ჯიპები" გადასცა, ამით მათი დისკრედიტაცია მოინდომა. მაგრამ ეს მცდელობა იმდენად უსუსური იყო, რომ ეკლესია ვერ დააზარალა. ამიტომ სხვა რაღაცებში ჩაუსაფრდნენ.
- რატომ აღმოჩნდა უსუსური? არ აუღიათ საჩუქარი?
- წმინდა მამების შრომები რომ წაიკითხოთ, ნახავთ, რომ ჯოჯოხეთში ცეცხლთან ყველაზე ახლოს ეპისკოპოსები არიან. ანუ ყველაზე მძიმე ცოდვებს ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები იღებენ. ასე რომ, ვინც ასე მოიქცა, ეს მათი არჩევანია. ვინც ის "ჯიპები" მიიღო, ან ამ ხელისუფლებისგან უკანონო, ფარულ დახმარებას იღებს, ეს უკვე მათი ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე. ეკლესიას ამით არაფერი აკლდება. სულიწმინდა, რომელიც უშუალოდ ადამიანებთან მოდის, დაცული არის ძალიან ძლიერი ინსტიტუტით - ეკლესიით. და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ამას ემსახურება, ვერ შეარყევს ეკლესიის სიმტკიცეს. ვერც ერთი - რაც უნდა უღირსი იყოს ესა თუ ის მღვდელი თუ ეპისკოპოსი. ხშირად ამბობენ, ის მღვდელი ნარკომანიაო, ან - მექალთანეაო, ან - ლოთიაო. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ საიდუმლოს შესრულების დროს ის ოლარით არის შემოსილი და ის სულიწმიდის გამტარია. ეშმაკის მცდელობა, მოისყიდოს მღვდელმსახურები, ვერ ანგრევს ეკლესიას.
- პატრიარქის მიერ როლანდ ახალაიას წმინდა გიორგის ორდენით დაჯილდოებასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?
- ქრისტეს ჯვარცმის ეპიზოდი გაიხსენეთ. ვინ იყვნენ მის გვერდით ჯვარცმულები? ორი ავაზაკი. ქრისტემ ორივეს მისცა გადარჩენის შანსი. ერთმა მოინანია და გადარჩა. და ის იყო პირველი გამართლებული ადამიანი, რომელმაც დაიმკვიდრა სასუფეველი ცათა. მეორემ კი უარი თქვა. და ვერ გადარჩა: მან არ დაუჯერა ქრისტეს. პატრიარქი არ არის პოლიტიკოსი. მას ქრისტეს სიტყვა მოაქვს საზოგადოებაში. მან ავაზაკებს გადარჩენის შანსი მისცა. პატრიარქმა სახარების ეპიზოდი გაიმეორა. მისი ეს ჟესტი არის ქრისტეს სიტყვა. ახლა უკვე ახალაიების კლანზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებენ ამ სიტყვას; რომელი ავაზაკის გზას გაჰყვებიან.
Комментариев нет:
Отправить комментарий