"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
15 მარტი, 2010
"ლევან გაჩეჩილაძის ქცევა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვის შიში გაუჩნდა"
"ვფიქრობ, რომ დღეს ლევან გაჩეჩილაძეს დათმობამ შეიძლება გაცილებით მეტი შესძინოს, ვიდრე პოზიციების შენარჩუნების ჯიუტმა მცდელობამ. მორალური კომპეტენცია თუ მეტი არ არის, არაფრით ჩამოუვარდება პოლიტიკურს. დღეს იმ ტიპის ოპოზიცია, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე განასახიერებს, პროტესტის მატარებელი ადამიანების უპირობო ნდობით აღარ სარგებლობს. გაჩეჩილაძე ტრიბუნის ტიპის პოლიტიკოსია. ასეთებს კი კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და განწყობილებები ესაჭიროებათ და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ", - "მთელ კვირას" ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი ესაუბრება.
- ბუნებრივია, პირველ რიგში, "ტელეიმედთან" დაკავშირებულ სკანდალზე უნდა გკითხოთ. ამ ფაქტის მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- აბა, რა გითხრათ?! პირველ რიგში, თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი იმის გამო, რომ ვიღაცამ გაბედა და ქართული სახელმწიფოს მიმართ ჩემი ლოიალობის შემოწმება მოინდომა. ეს ძალიან ცუდია - პირველ რიგში, თავად ამ საქმის ორგანიზატორებისათვის. ეს ფაქტი ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრების სერიოზულ სენზე მიგვანიშნებს.
- როგორ დაახასიათებთ ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს?
- ეს პროცესები (ერთმანეთის მოსინჯვა, მოლაპარაკებები და ა.შ.) ბუნებრივი პროცესებია. სხვაგვარად, უბრალოდ, ვერ მოხდებოდა: ოპოზიციურ სპექტრში არიან რეალური ადამიანები, რეალური პოლიტიკური ძალები, არსებობს მსოფლმხედველობები, რომლებიც ვერა და ვერ იქცა იდეოლოგიებად - მოგეხსენებათ, ეს არ არის საგინებელი სიტყვა, თუ გავიხსენებთ, რომ გარდა მარქსიზმისა, არსებობს სხვა იდეოლოგიებიც; არსებობს პიროვნული შეუთავსებლობების ფაქტორი. ამ ყველაფრის გამორიცხვა მხოლოდ ხელოვნურ და უდღეურ ერთიანობას მოგვცემდა.
ეს პროცესები, ამავე დროს, იმასაც გვაჩვენებს, რომ საქართველოში რეალური ოპოზიცია ჯერ არ ჩამოყალიბებულა. რა თქმა უნდა, არსებობს ხელისუფლებასთან დაპირისპირებული რამდენიმე ჯგუფი, მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს ხანგრძლივ პერსპექტივაზე გათვლილი სტრატეგია, მისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური ქცევის წესი. უკვე ბანალობად იქცა, რომ ჩვენში პოლიტიკურ ჯგუფებს განასახიერებენ პიროვნებები და არა ეროვნული და სახელმწიფოებრივი სტრატეგიები. ამასთან, განვლილი ორი წლის განმავლობაში პოლიტიკურმა ბატალიებმა, ხელისუფლების სიხისტემ და მისმა უნარმა, ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით შეინარჩუნოს, ხელი შეუწყო იმას, რომ ოპოზიციას უფრო მაღალი კრიტერიუმებით დაეწყო აზროვნება. ამის ნიშნები აშკარად არის. დღეს რომ რევოლუციურმა პათოსმა მთლიანად ვერ ჩანთქა ოპოზიციური სპექტრი, იმის ნიშანია, რომ ეს უკანასკნელი უფრო რაციონალური, უფრო გონიერი გახდა და რომ პოლიტიკურ აქტორთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის 1991-92 და 2003 წლები აღარ წარმოადგენენ სასურველ მოდელს.
ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანია არამხოლოდ ის, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ გაიმარჯვოს, არამედ ის, რომ საქართველოში, ბოლოს და ბოლოს, დასრულდეს ტრადიცია, როდესაც ხელისუფლება შთანთქავს ქვეყნის პოლიტიკური რესურსების უდიდეს ნაწილს და გარეთ თითქმის მხოლოდ მარგინალებიღა რჩებიან. ამის გამოა, რომ ხელისუფლებათა ცვლა ჩვენში სასახლის კარის გადატრიალებათა ხასიათს ატარებს. ყველანი ვხედავთ, დღეს არის პერსპექტივა, რომ ხელისუფლების გარეთ ჩამოყალიბდეს ერთი სოლიდური პოლიტიკური ცენტრი მაინც, საპირწონე ძალა, რომლის წყალობითაც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესს დაედება სათავე. დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რაც ამგვარ მმართველებს შობს. ცნობილ პიროვნებათა ვოიაჟი მოსკოვში, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ამ ვოიაჟების გამართლებას ცდილობს, ხელისუფლების რწმენა, რომ მას თავის ხალხზე ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარება ძალუძს, იმის აშკარა ნიშანია, რომ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება ჯერაც არ აგებულა იდეათა და პრინციპთა საფუძველზე და რომ მასში გადამწყვეტ როლს ჯერაც პიროვნებები და მიმდინარე სიტუაციები ასრულებს. უკვე მერამდენედ მიწევს ამ ბანალობის გამეორება. გუშინდელი ლიბერალები დღეს ნაციონალისტებად გვევლინებიან, დემოკრატები მონარქიის აღდგენაზე იწყებენ ოცნებას და ამ იდეასაც იმწამსვე ივიწყებენ, როგორც კი რაიმე სხვა, უფრო ხელსაყრელი გამოჩნდება.
ისევ ვიმეორებ: ჩვენთვის ახლა პრობლემაა არა იმდენად სააკაშვილი, რამდენადაც ის, რამაც სააკაშვილი შვა ისეთი, როგორიც ის ახლა არის. და თუ ამას ჩავუფიქრდებით, იოლად აღმოვაჩენთ, რომ იგი ჩვენმა სულსწრაფობამ, ფუჭმა იმედებმა შვა - რომ "ოღონდ კი ეს არ იყოს და მერე ყველაფერი კარგად იქნება". იგი შვა ჩვენმა უნარმა, რომ კოლექტიურ აღფრთოვანებას მივეცეთ და ეს ხშირად, ერთი შეხედვით, გონიერ ხალხზეც ვრცელდება. ამასთანავე, იგი შვა ჩვენმა უუნარობამ, რომ ყველამ ერთად, ჩვენი თანხმიერებით გამოვძებნოთ გონივრული გამოსავალი არსებული ვითარებიდან. იგი შვა ჩვენმა ამოუწურავმა სურვილმა - ქვეყანას ხელმძღვანელობდეს არა გონიერებითა და სამართლიანობით შეიარაღებული პირი, არამედ - ან სადღეგრძელოთა ბუტაფორიულ ჟანრში მეტყველი თამადა, ან კიდევ ერთგვარი სამიტინგო დისკო-ჟოკეი, ვინც ჩვენში უსაგნო და უმიზნო კოლექტიური აღფრთოვანების გამოწვევას შეძლებს. სააკაშვილიც და მისი წინამორბედებიც ამ მოლოდინებისა და იმედების პროდუქტებია და შედეგად ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. თუ პოლიტიკური და საზოგადოებრივი პარადიგმები არ შეიცვალა (ამას კი, ჩვენ გარდა, ვერავინ გააკეთებს), ამგვარი მმართველები ჩვენში არ გამოილევიან.
ამიტომაც არ არის ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი რელიეფი სტრუქტურირებული. ამიტომაც მირჩევნია, ოპოზიციასა და საზოგადოებაში ხანგრძლივი დუღილი და ძიება იყოს, ვიდრე ერთიანობის უდღეური ილუზია არსებობდეს.
- თქვენ ცალსახად ამბობთ, რომ ახლა ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესი სასარგებლოა?
- არა, მე ვამბობ, რომ იგი შეიძლება, სასარგებლო იყოს. ცხოვრება ადგილობრივი არჩევნებით არ მთავრდება. ჩვენ ხომ ხშირად პოლიტიკურ პროცესებს ძალიან მოკლე ისტორიულ პერსპექტივაში განვიხილავთ.
მეორე მხრივ, ბოლო მოვლენებმა მეტი გამჭვირვალობა შესძინა ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. არსებობდა ეჭვები, რომ ვიღაც რუსულ პოლიტიკასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ის ამას არ ამხელდა და სხვებიც დაბეჯითებით ვერაფერს ამბობდნენ ამის თაობაზე. დღეს ეს შედარებით გამჭვირვალეა და ჩვენ უკეთ შეგვიძლია ორიენტირება. ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, კულუარებში არ უნდა იყოს გადამალული. მკაფიოდ უნდა ვიცოდე, რა გეოპოლიტიკური პოზიცია აქვთ ნოღაიდელს, ბურჯანაძეს, ალასანიას და ა.შ. როდესაც რაღაც საკითხები საჯარო ხდება, იგი უფრო მეტად ექვემდებარება მორალურ და რაციონალურ ანალიზსა და კრიტერიუმებს. როგორი არგუმენტებითაც უნდა გაამართლონ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პუტინის მოსკოვში დარბიან; რა ზღაპრებიც უნდა შეთხზან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინების შესახებ, მათი გამართლება, უბრალოდ, შეუძლებელია.
- თქვენი ეს შეფასება მხოლოდ პოლიტიკოსებს ეხება?
- ცხადია, არა, თუმცა, პოლიტიკოსებისა და ხელოვნების წარმომადგენლების, მეცნიერებისა და სხვების კომპეტენციათა შორის განსხვავება სერიოზულია: ხელოვნების ან მეცნიერების წარმომადგენლის შეცდომა ძირითადად მის ცხოვრებასა და ავტორიტეტზე აისახება; პოლიტიკოსის შეცდომა კი მთელი ქვეყნის ცხოვრებას განსაზღვრავს ისტორიულ პერსპექტივაში.
- ზემოთ აღნიშნეთ, რომ ჩვენი უბედურება არის არა სააკაშვილი, არამედ ის წანამძღვრები, რომელიც მას შობს. მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ლევან გაჩეჩილაძის როლს როგორ აფასებთ?
- ლევან გაჩეჩილაძის ქცევა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვის შიში გაუჩნდა. ვფიქრობ, რომ დღეს დათმობამ მას შეიძლება გაცილებით მეტი შესძინოს, ვიდრე პოზიციების შენარჩუნების ჯიუტმა მცდელობამ. მორალური კომპეტენცია თუ მეტი არ არის, არაფრით ჩამოუვარდება პოლიტიკურს. დღეს იმ ტიპის ოპოზიცია, რომელსაც ლევან გაჩეჩილაძე განასახიერებს, პროტესტის მატარებელი ადამიანების უპირობო ნდობით აღარ სარგებლობს. ლევან გაჩეჩილაძე ტრიბუნის ტიპის პოლიტიკოსია. ასეთებს კი კონკრეტული პოლიტიკური სიტუაცია და განწყობილებები ესაჭიროებათ და ამას ანგარიში უნდა გაუწიონ. მჯერა, რომ მას საკმარისი ინტელექტუალური და მორალური რესურსები აქვს ამის გასააზრებლად. ისეთი ამორფული და არასტრუქტურირებული პროტესტი, როგორსაც ოპოზიცია 2007- 2008 წლებში გამოხატავდა, ან - გასულ გაზაფხულზე, დღეს აღარ მუშაობს. ოპოზიცია მაშინ გვთავაზობდა არა კონსტრუქციულ პოლიტიკურ იდეებს, არამედ ლამის მხოლოდ რადიკალურ, ექსტატურ ანტისააკაშვილიზმს. ამას შეიძლება შედეგი 2008 წლის დასაწყისში ჰქონოდა. დღეს კი პაუზა გაჩნდა. ასეთი პაუზები რევოლუციური ტიპის პოლიტიკოსებისთვის საშიშია: პაუზის დროს საზოგადოება უფრო რაციონალური ხდება. თანაც, ისტორიას არ უყვარს ერთი და იგივე სიტუაციების გამეორება. ის, რაც ოდესღაც დიდი ქარიშხლების აღმძვრელი იყო, დღეს შეიძლება ვერც შევამჩნიოთ, ან, კიდევ უარესი, ირონიას იწვევდეს.
ზოგადად რომ ვთქვათ, რადიკალურმა ოპოზიციამ ახალი რესურსები უნდა მოიძიოს. ახალ რესურსებში, ცხადია, არ ვგულისხმობ ახალი პატრონის ძებნას ქვეყნის გარეთ.
- როგორ აფასებთ ალასანიას ბოლოდროინდელ მოძრაობას ალიანსსა და ნოღაიდელი-გაჩეჩილაძის ჯგუფს შორის?
- ნამდვილად არ შემიძლია, ალასანიას ყველა მოტივი ამოვიცნო. შევეცადოთ, შედეგების მიხედვით განვსაჯოთ: ალასანიას ამოძრავებამდე სრული პოლიტიკური შტილი იყო. სამიტინგო სტრატეგიამ მარცხი განიცადა და ოპოზიციურმა პოლიტიკურმა აქტივობამ ახალი სივრცე ვერ მოძებნა. ოპოზიციური ძალები კარგავდნენ უმთავრეს ელემენტს, რომელიც ნებისმიერ პოლიტიკოსს სჭირდება - საზოგადოების მხრიდან ყურადღებას. როდესაც პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ყველამ ყველაფერი ისედაც იცის, მაშინ მისი, როგორც პოლიტიკოსის აღსასრული დგება. ალასანიამ ძალიან საინტერესო სვლა გააკეთა: მან ე.წ. პრაიმერისტებისკენ რამდენიმედღიანი ვოიაჟით საზოგადოებრივ ცხოვრებაში ის შფოთი შეიტანა, რომელიც ოპოზიციისთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
- მაგრამ მისი ეს ნაბიჯი, თქვენი აზრით, სწორედ ამ კონტექსტში იყო გააზრებული?
- არ ვიცი. ფაქტია, რომ შედეგის თვალსაზრისით, ოპოზიცია კვლავ მასმედიის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ალასანია, მისი ნაბიჯების შედეგად შექმნილი დაძაბულობის ფონზე, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციის შექმნას იწყებს.
- ფიქრობთ, რომ ალასანიას ნაბიჯმა ჩვენს საზოგადოებაში მესიის მოთხოვნილების ხარისხი შეამცირა?
- მესიის მოთხოვნილების დაძლევა ჩვენს საზოგადოებაში ასეთი იოლი არ არის; თუმცა, იგი შესუსტებულია. პოლიტიკოსების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაცილებით მაღალი ხარისხისა არის, ვიდრე აქამდე იყო. ეს ძალზე კარგი სიმპტომია.
აქამდე ქართველი პოლიტიკოსის მთავარი იარაღი იყო იმგვარი განწყობილებების შექმნა, რომ თითქოს აქ და ახლა, მოცემულ მომენტში კეთილისა და ბოროტის საბოლოო შეჯახებასთან გვაქვს საქმე და რომ კეთილის გამარჯვების შემთხვევაში მიწიერი სამოთხე დამყარდება. ამგვარ ინფანტილურ დაძაბულობაში ოცმა წელმა გაიარა. დღეს ქართველი კაცი უკეთ იაზრებს, რომ ყველაფერი აქ და ახლა არ წყდება. იგი დღეს პოლიტიკას უკვე ნაკლებად იაზრებს მითოლოგიური კატეგორიებით და მისთვის უკვე აღარ არის ცალსახად გასაზიარებელი, რომ "ოღონდ ეს არ იყოს და ვინც გინდა, ის მოვიდეს". რეიტინგებს გადავხედოთ და ამაში დავრწმუნდებით. რიგითი მოქალაქე უფრო პრაგმატული და ფრთხილი გახდა. დღეს უკვე აშკარაა სიმპტომები იმისა, რომ რაციოს მოკლებული ემოციურობა უკანა პლანზე გადადის. ჩემთვის სწორედ ეს აჩენს ჩვენს ისტორიული პერსპექტივას.
არაერთი სერიოზული ნეგატიური მოვლენის მიუხედავად, დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრი იმედისმომცემი ნიშანი იკვეთება: არსებობს შანსი, რეალურად გამოიკვეთოს მეორე პოლიტიკური ცენტრი; საზოგადოება გახდეს უფრო ფრთხილი, რაციონალური და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით ნაკლებად ექსტატური; უბრალო ადამიანის გადაწყვეტილება უფრო მეტად დაექვემდებაროს რაციონალურ და ზნეობრივ ანალიზს. და კიდევ: არსებობს შანსი, საზოგადოებამ საკუთარ თავზე აიღოს მესამე პოლიტიკური ძალის ფუნქცია და ჩეხოვის დუშეჩკასავით აღფრთოვანებული არ დარბოდეს ერთი მხნელიდან მეორისაკენ. დღეს უკვე ჩანს, რომ იგი ახერხებს არბიტრის ფუნქციის აღებას.
ჯერჯერობით კი, ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში მივექანებით: ჩვენთვის რელიგიურობა ჯერ კიდევ ფუნდამენტალიზმს ემსგავსება, ხოლო დემოკრატობა - პოსტლიბერალურ თავქარიანობას. წარმატებული და პროგრესირებადი საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი საიდუმლოება კი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებასა და მის წევრებს უკიდურესობებს შორის წონასწორობის წერტილის მოძებნა შეუძლიათ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პოლარობების მახისაგან თავის დაცვა. ძველი დროის მოაზროვნეები ხშირად წერდნენ, რომ კაცობრიობის მტერი სწორედ უკიდურესობებში გვიგებს მახეს. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი ხელისუფლების მართვა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დემოკრატიული სტრუქტურის შექმნა. საზოგადოება, რომელიც მუდმივად არის ჩართული ექსტატურ პოლიტიკურ განწყობილებაში, თავის ცხოვრებას ვერ მართავს. ამიტომაც, ბუნებრივია, მას სხვები მართავენ და მას მესია სჭირდება. შეიძლება ვინმე არ დამეთანხმოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე ჩანს რადიკალური განწყობილებებისგან დისტანცირების მცდელობის ნიშნები.
ბუნებრივია, რუსული იმპერიის შემადგენლობაში ყოფნა ორასი წლის განმავლობაში მხოლოდ საზოგადოებრივ სიბეჩავეს თუ მოგვიტანდა. ახლა სწორედ ამ მდგომარეობიდან გამოვდივართ და ნელ-ნელა ვიძენთ იმ თვისებებს, რომლებიც აუცილებელია, რათა ჩვენი საზოგადოება ისტორიის ღირსეულ სუბიექტად იქცეს.
- გარე ფაქტორების გავლენას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ჩვენ რაღაც წარმოდგენების ტყვეობაში ვართ: თითქოს ვინმეს ჩვენს სივრცეზე რაღაცის გადაწყვეტა შეუძლია. ჩვენს სივრცეზე ვერავინ ვერაფერს გადაწყვეტს, თუკი ჩვენ თავად არ გადავწყვიტეთ. მუდმივად ველით, როდის დაგვისვამენ ვიღაცას და ამით საკუთარ უუნარობასა და უმწიფრობაზე ვაწერთ ხელს. თუკი, მართლაც, რომელიმე საგარეო ძალას სურს, რომ ვინმე დაგვისვას, ამას მხოლოდ ჩვენი ხელით თუ მოახერხებს. შეიძლება, კონკრეტულ პერსონას ვინმე გარეშე მხარს უჭერდეს, მაგრამ უდავოა, რომ ძირითადი იმპულსი, ძირითადი ენერგეტიკა შიგნიდან მოდის. წარმოუდგენელია, პუტინმა ნოღაიდელი დაგვისვას. ქართველი კაცი ასე არ დაბეჩავებულა.
არისტოტელე მონას განსაზღვრავს, როგორც არსებას, რომელსაც საკუთარი საქციელის შედეგების წინასწარ განჭვრეტის უნარი არ აქვს. ჩვენ ნელ-ნელა შევდივართ იმ ფაზაში, როდესაც საკუთარი ქცევის შედეგების წინასწარ განჭვრეტას ვიწყებთ. და ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის ეს შეიძლება მტკივნეულიც აღმოჩნდეს - ისინი შეიძლება პოლიტიკიდან, უბრალოდ, განიდევნონ: ისინი ხომ სწორედ ექსტატურ საზოგადოებაზე აკეთებდნენ სწორებას - ისეთ საზოგადოებაზე, რომელიც თავისი ქცევის შედეგების განმსაზღვრელი არ არის და მას ინფანტილური აღტკინებით გაჰყვება.
2008 წლის აგვისტოში უმძიმესი ისტორიული დარტყმა მივიღეთ. ცხადია, ამან ჩვენში ბრაზი და შურისძიების გრძნობა გააჩინა. მაგრამ გაავება ხომ მხოლოდ რადიკალურ ემოციებს არ ნიშნავს - როცა შურისძიებას მყისიერად ცდილობ. გაავებულ ადამიანს, ამავე დროს, აქვს შანსი, შეაკავოს მრისხანება, გაიაზროს სიტუაცია და ხანგძლივი სტრატეგია შეიმუშავოს. დღეს საქართველოში, მიუხედავად ჩვენი ყბადაღებული ემოციურობისა, სწორედ ამგვარმა "შეკავებულმა გაავებამ" იჩინა თავი და ბევრია ადამიანი, ვისაც არ სურს, სააკაშვილი მხოლოდ განტევების ვაცი იყოს; ვისაც სურს, პოლიტიკიდან მისი წასვლა რაღაც უფრო მეტს ნიშნავდეს, ვიდრე უბრალოდ, ხელისუფლებათა მონაცვლეობაა. თუკი ეს განწყობილება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, მონსტრებს თავზე აღარ დავისვამთ და საგარეო ძალებსაც აღარ მოუვათ აზრად, მხოლოდ ემოციურ ეთნოგრაფიულ არსებებად განგვიხილავდნენ.
Комментариев нет:
Отправить комментарий