"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
30 აგვისტო, 2010
ლევან ბერძენიშვილი: "სააკაშვილი საზოგადოების ფარისევლობამ გადაარჩინა"
საქართველოში მოქმედი არც ერთი უნივერსიტეტი არ მაძლევს საშუალებას, ლექცია წავიკითხო. ყველას ეშინია. ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში ასეთ საშუალებას მაძლევს. ასევე, ლექციებს წავიკითხავ იელის უნივერსიტეტში. ექვსი თვით მივემგზავრები. ესე იგი, ჩემი კვალიფიკაცია კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებს ჰყოფნის და სდასუ-ს არ ჰყოფნის. ჩემს ქვეყანაში არ შეიძლება ვიმუშაო - იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ვარ? თან, ყველა ამბობს, რომ ჩვენი პარტია არაფერს წარმოადგენს. და, თუ ქვეყანას ვერ ვაქცევთ, ლექცია მაინც წაგვაკითხონ! მრცხვენია იმ მოქალაქეების გამო, რომელთაც ჩემთვის რეიგანის სტიპენდია მომხიბლავი გახადეს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი.
- არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია, სააკაშვილმა ვადამდელი არჩევნები შემოდგომამდე დანიშნოს. მაგალითად, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე შენიშნავს, რომ სააკაშვილს უნდა, კონსტიტუცია ახლავე შევიდეს ძალაში, და რომ 2013 წელზე საუბარი - ეს, უბრალოდ, სატყუარაა მძინარე ოპოზიციისთვის. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ვინ იქნება ამაში დამნაშავე - ის ნაწილი, რომელსაც სძინავს თუ ის, რომელიც დღესვე ითხოვს ვადამდელ არჩევნებს? როცა გაირკვევა, რომ ბურჯანაძე ითხოვს ვადამდელ არჩევნებს, მიშა ნიშნავს მას; გაიმარჯვებს მიშა; და ამის მერე ბურჯანაძე უდანაშაულოა და რესპუბლიკელები - დამნაშავეები? მე მასეთი ლოგიკა არ მესმის - გინდა რამაზმა თქვას, გინდა - მამაღმერთმა. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის - მათ შორის, ახლა, ორი კვირის მერე, თუ დანიშნავს სააკაშვილი, იმისთვისაც ვემზადებით. ჩვენ ყველა არჩევნებში გვსურს მონაწილეობის მიღება.ვერ გეტყვით, ყოველწლიურად ექსპერტები რატომ ღელავენ, რომ ოპოზიციას სძინავს. სამწუხაროდ, ასეთი საუბარი მეორდება, დაახლოებით ოცი წელია. ოპოზიცია კი ახლა, უბრალოდ, სუსტია - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური ბრძოლის ყველა გზა მოსინჯა და მიზანს ვერ მიაღწია.
- რატომ?
- მოულოდნელად მის წინაშე აღმოჩნდა დაუძლეველი ამოცანა. ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, ოპოზიციის ის მეთოდები, რომელიც მან გამოიყენა ბოლო წლების განმავლობაში, აქამდე ჭრიდა. ამჯერად კი ვერ გაჭრა. ამოცანა, რომელიც სააკაშვილის პოლიტიკიდან ჩამოცილებას გულისხმობს, ჯერჯერობით, ოპოზიციამ ვერ გადაწყვიტა - მიუხედავად იმისა, რომ ყველა არსებულ პოლიტიკურ ხერხს მიმართა - სხვადასხვა ფრთამ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დოზით, ხან ერთად, ხან - ცალ-ცალკე. მაგრამ სააკაშვილი ვერ დაამარცხა. იყო აქციების სერიაც, მათ შორის, ხანგრძლივობითა და მასობრივი მონაწილეობით გინესის რეკორდების წიგნში შესატანი, მხატვრულ-დეკლამაციურ-გამომგონებლობითი აქციების წყება, რომლის მერე გადადგებოდა, ასევე, არაერთი ქვეყნის ხელისუფლება. და საქართველოს ხელისუფლება მაინც გადარჩა.ოპოზიციას და ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც ოპოზიციურ მოძრაობას თანაუგრძნობდა, გვქონდა განცდა, რომ ჩვენ წინაშე იყო ადამიანი, რომელზეც მოქმედებდა ჩვენთვის ნაცნობი მეთოდები. მაგრამ ჩვენ წინაშე აღმოჩნდა ადამიანი ახალი თვისებებით, რომელსაც გრამი პოლიტიკური სინდისისა არ აღმოაჩნდა. და, ამავე დროს, ის მართალი აღმოჩნდა: როგორც გაირკვა, ამ საზოგადოებაში პოლიტიკური სინდისი საჭირო არ არის.
- ამას რატომ ამბობთ? რა საფუძველზე?
- ახლა სკოლებში კომპიუტერების შეტანა გადაწყვიტეს. მე 1969 წლიდან მაქვს კავშირი კომპიუტერებთან და მათი სკოლაში შეტანის წინააღმდეგი ვერ ვიქნები. უბრალოდ, ეს პროცესი მოუმზადებლად მიმდინარეობს. მასწავლებლების თითქმის 100%-მა არ იცის, ეს რა ნივთია. და, როგორ გადაწყვიტა სახელმწიფომ ეს საკითხი? გადაწყვიტეს, მასწავლებლებს ასწავლონ კომპიუტერი... ხუთი სამუშაო სატრენინგო დღის განმავლობაში! მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი. აღმოჩნდა, რომ ის ხუთი დღე არ არის საკმარისი. ტრენინგები ჩატარდა, მაგრამ ფაქტობრივად, ყველაფერი ნულოვანი შედეგით დასრულდა. ტრენინგების მონაწილე ყველა მასწავლებელი კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროგრამის მიმართ. და არც არის გასაკვირი: პედაგოგიკაში რაიმე სიახლის დანერგვა ადვილი არ არის და, სხვათა შორის, სულ საომარია. მახსოვს ისეთი მასწავლებლებიც, რომლებმაც, 30-იან წლებში რომ ისწავლეს, იმის მერე საბჭოთა კავშირი დაინგრა და ისევ იმავეს ასწავლიან; და სანამ მოკვდებიან, იგივეს სწავლებას გააგრძელებენ. ასე რომ, კონსერვატიზმი მასწავლებლების პროფესიული ნიშანია. მთავარი კი იცით, რა არის? იმ ტრენინგების შემდეგ მასწავლებლებთან მივიდა "რუსთავი-2". და, თუ გინდათ გაიგოთ, როგორ გადარჩა სააკაშვილი, ახლავე მოგახსენებთ: ეკრანზე ვხედავთ, რომ გამოდიან მასწავლებლები და ენთუზიაზმით ამტკიცებენ, რომ ეს არის შესანიშნავი პროგრამა. რომ აი, ეს გადაარჩენს ქართველ ხალხს! ეს ფარისევლობაა. სააკაშვილი საზოგადოების სწორედ ასეთმა დამოკიდებულებამ გადაარჩინა. ეს არის საზოგადოება, სადაც ლტოლვილებს ქვეყანა ექცევა წარმოუდგნელად ცუდად, და ლტოლვილების 100% ხმას აძლევს თავის მჩაგვრელებს. ეს არის ქვეყანა, სადაც მასწავლებლებთან მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებას დებენ, ანუ დასცინიან. ყოველწლიურად ლაპარაკობენ მათ დაბალ კვალიფიკაციაზე, მასწავლებელების უმრავლესობა კი ხმას აძლევს ამ ხელისუფლებას. მიხეილ სააკაშვილმა გამოიცნო ჩვენი საზოგადოება და დაასკვნა, რომ ქართველი ხალხის აზრი გასათვალისწინებელი არ არის. შეგიძლია მიაფურთხო. და ის მიფურთხებული მოვა, არჩევნებში ხმას მოგცემს, ან არ მოვა გაბრაზებული, და იმას აგინებს, ვინც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ბრძოლას გარისკავს. ახლა, ძირითადად, ჩვენ, არჩევნებში მონაწილეებს გვბრალდება სააკაშვილის არსებობის გახანგრძლივება. ვინც ამას ამბობს, მას ძალიან სერიოზული ინტელექტუალური პრობლემები აქვს. ან - თავს იტყუებს.
- "ალიანსს" ოპოზიციურად განწყობილი თბილისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გიჭერდათ მხარს, მაგრამ თქვენვე "ჩააფლავეთ".
- ჩემი აზრით, "ალიანსს" არ დაუკარგავს არც ერთი ხმა. ხოლო შემდეგ რაც მოხდა "ალიანსში", იმას შეიძლება "ჩაფლავება" ვუწოდოთ: ფაქტობრივად, ხალხის მიერ ნდობით აღჭურვილი ჯგუფი დაიშალა. მაგრამ არჩევნებში "ალიანსი" 50%-ზე მეტს რომ ვერ აიღებდა, იყო სრულიად ნათელი. "ალიანსმა" ვერ შეძლო ხალხის მობილიზება. ის ვერ გააკეთა, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს - იმიტომ, რომ ამას სჭირდება მატერიალური რესურსი, და, რაც მთავარია სინდისთანაც მწყრალად უნდა იყო, რომ მოქალაქესთან მიხვიდე, ყურში წაავლო ხელი და არჩევნებზე წაათრიო.
- და თქვენ მიეცით საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რათა არჩევნებზე წასულიყვნენ?
- დიახ, ჩვენი ბრალია, რომ ვერ მოვხიბლეთ. მაგრამ მოქალაქეს, რომელიც სახლშია წამოწოლილი და ვერ გაერკვა იმაში, რომ ირჩევს არა ყველაზე უკეთესს დედამიწაზე, არამედ იმას, რომელიც სხვას ჯობs, მე ვერ ვუშველი. თავის დროზე, თენგიზ კიტოვანმა რისმაგ გორდეზიანს პირწმინდად მოუგო არჩევნები. რატომ მოიგო კიტოვანმა? და რატომ მოიგო "შონზომ"? უბრალოდ, კიტოვანი ზვიადის კაცი იყო; "შონზო" - ამ მთავრობის. მე პრეტენზიას იმის გამო კი არ გამოვხატავ, რომ ვიღაცამ ხმა ჩვენ არ მოგვცა. პრეტენზიას გამოვთქვამ მათ მიმართ, ვინც არჩევნებზე არ მივიდა. ავსტრალიაში, საბერძნეთში ყველა მოქალაქე ვალდებულია, არჩევნებზე წავიდეს. ეს შეიძლება ეწინააღმდეგება ზოგადად, ადამიანის თავისუფლებებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ასე არ არის: საქართველოში ასეთი კანონის მიღება, უბრალოდ, აუცილებლად მიმაჩნია. ასევე, ავსტრალიაში, და სხვათა შორის, რუსეთშიც, აკრძალულია პოლიტიკური ბლოკების შექმნა. საქართველოში მე ამ გადაწყვეტილებასაც მივესალმებოდი.
- რესპუბლიკური პარტიის წარუმატებელი ალიანსური გამოცდილებების გათვალისწინებით? ეს მოსაზრება რა არგუმენტს ეფუძნება?
- ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჯობია, რესპუბლიკური პარტია იქნება ეს თუ ლეიბორისტული, თავისი პროცენტები აიღოს. ადრე თუ გვიან, ეს შედეგს მოიტანს. "ალიანსში" ყოფნისას, როცა რაღაც მოვლენა ხდებოდა და "რესპუბლიკელებს" ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმა გვინდოდა, "ალიანსი" ამბობდა: "შევიკავოთ თავი" - იმიტომ, რომ მას სხვა აზრი ჰქონდა. არსებობდა რაღაც სამსახური, რომელიც გვიგზავნიდა "ესემესებს", როგორ უნდა გვემოქმედა კონკრეტულ ვითარებაში. ხანდახან ეს "ესემესები" ბრძნული იყო, ხანდახან - არც ისე. ვერასდროს დავადგინეთ, ვისგან მოდიოდა. ვერ ვპოულობდით ამ ინსტრუქციის ავტორს... პოლიტიკური ბლოკების შექმნის აკრძალვა რესპუბლიკური პარტიისთვის შეიძლება არ იყოს ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება - იმიტომ, რომ მას მოუწევს მარტო ბრძოლა და ყოველთვის ვერ გაიმარჯვებს. მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი ცვლილების შეთავაზება აუცილებელია პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის. საქართველოს მოქალაქე კი ვალდებული უნდა იყოს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც კი ხელისუფლება ვაჭრებს ცუდად მოექცევა, პოლიტიკურ პარტიებთან მორბიან - გვიშველეთო. აბა, სად უნდა წავიდნენ. ვიღაცამ მართლაც ხომ უნდა უშველოს. პარტიებს კი სულ ენის წვერზე ადგათ შეკითხვა: "დღეს რომ მორბიხართ, არჩევნებზე სად იყავით?"
- ამიტომ არ დადექით, მაგალითად, ახლა, დევნილებისა და გარემოვაჭრეების გვერდით?
- ამ თვალსაზრისით, რესპუბლიკელებს სრულიად სხვა მოტივები აქვთ. ჩვენ მათ იურიდიულად ვეხმარებით და შეგიძლიათ, საკრებულოს წევრ თინათინ ხიდაშელს გაესაუბროთ ამ საკითხზე. მაგრამ ჩვენ უაზრო ცემა-ტყეპას ვერიდებით. რაც გვცემეს თავის დროზე და რაზეც მიხეილ სააკაშვილმა ხელი მოითბო, გვეყოფა. ნამდვილად მოვერიდები, ცემა-ტყეპით დავწერო ქულები პარტიისთვის. მე არ მომწონს ეს ხაზი.
- თქვენ ამბობთ, რომ დევნილებსა და გარემოვაჭრეებს იურიდიულ ასპექტში დაეხმარებით. ეს რეალური დახმარებაა არსებული სასამართლო სისტემის პირობებში?
- გარკვეული გაგებით, ეს უფრო რეალური დახმარებაა, ვიდრე ის, რომ ოცი "რესპუბლიკელი" გაილახოს ერთ ლტოლვილთან ერთად. საერთოდ კი, ლტოლვილებს ვერავინ დაეხმარება, თუკი თავად არ გაიბრძოლებენ თავიანთი უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, ლტოლვილებთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე მინახავს, რაც ზემოთ მასწავლებლებზე მოგახსენეთ. მათ კოტეჯებში ქვეწარმავლები დადიან, და ეს ადამიანები ისეთივე ენთუზიაზმით იტყუებიან ტელეკამერებთან - თითქოს ყველაფერი კარგად არის! "რესპუბლიკელებს" კი ზედმეტს ნუ მოვთხოვთ: საზოგადოებას ჩვენ ვერ გავზრდით. ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ვარ იმ დარგში, რომელშიც ვსაქმიანობ. მაპატიეთ, რომ ასე პირდაპირ და გაჭრით ვამბობ. თუ ასე არ არის, ჩემი ნათქვამი ჩემმა კოლეგებმა გააპროტესტონ. საქართველოში მოქმედი არც ერთი უნივერსიტეტი არ მაძლევს საშუალებას, ლექცია წავიკითხო. ყველას ეშინია. ხოლო კოლუმბიის უნივერსიტეტი აშშ-ში ასეთ საშუალებას მაძლევს. ასევე, ლექციებს წავიკითხავ იელის უნივერსიტეტში. ექვსი თვით მივემგზავრები. ესე იგი, ჩემი კვალიფიკაცია კოლუმბიისა და იელის უნივერსიტეტებს ჰყოფნის და სდასუ-ს არ ჰყოფნის. ჩემს ქვეყანაში არ შეიძლება ვიმუშაო - იმიტომ, რომ ოპოზიციურ პარტიაში ვარ? თან, ყველა ამბობს, რომ ჩვენი პარტია არაფერს წარმოადგენს. და, თუ ქვეყანას ვერ ვაქცევთ, ლექცია მაინც წაგვაკითხონ! მრცხვენია იმ მოქალაქეების გამო, რომელთაც ჩემთვის რეიგანის სტიპენდია მომხიბლავი გახადეს.საბურთალოზე თინათინ ხიდაშელი დაამარცხა ე.წ.-მა "ფიშტომ" - "მხედრიონელმა" გელაშვილმა. ასეთია ქართველი ხალხის არჩევანი. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი: ვინც "ფიშტოს" მიეცით ხმა, "ფიშტოს" მიერვე აწყობილ ცხოვრებას უნდა ელოდეთ. ხიდაშელისგან ნურაფერს ელოდებით. მოვიდნენ და 100%-ის პასუხისმგებლობა მოგვთხოვეს. არა: ზუსტად 3,78%! მესმის ჩვენი მოქალაქეების გულგატეხილობისაც: როცა წლობით დადიხარ მიტინგებზე, სიცივეში, და მერ შენი ლიდერი წავა და ვიღაცას გაურიგდება, გული გეტკინება. ჩვენც ზუსტად ისე ვიყინებოდით, როგორც სხვები. ამის მერე გაძვრა ჩვენი ლიდერი (გაჩეჩილაძე) და დაელაპარაკა სააკაშვილს. დაუკითხავად. მაინც დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს ვერ აპატიებდა. შევცდი. ამის შემდეგ ჩემსა და ქართველ ხალხს შორის აშკარად გამოიკვეთა ძალიან სერიოზული განსხვავებები. თუმცა, ეს ჩვენი ხალხია. ჩვენ ამ ხალხისთვის ვარსებობთ. ეს მიხეილ სააკაშვილს ჰგონია, რომ მწყემსებს ჩამოიყვანს ამერიკიდან, ისინი ინგლისურს გვასწავლიან და ჩვენ გამოვიცვლებით.
- და ამ კონტექსტში ის პარალელს 50 ათასი ყივჩაღის ჩამოსახლებასთან ავლებს. რასთან გვაქვს საქმე, თქვენი დაკვირვებით?
- ამ პარალელში კარგად ჩანს მისი ინტელექტუალური შესაძლებელობები. ასეთ იდიოტობას რომ იტყვის, ნებისმიერი პრეზიდენტი უნდა გააგდო, ხომ? მაგრამ ქართველები ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. ან, როგორ უნდა მასწავლოს ინგლისური ადამიანმა, რომელმაც ქართული არ იცის? საერთოდ კი, საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქართული სახელმწიფო ენაა. სააკაშვილს ყველაფერი შერჩა. და შერჩა იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ეძებენ უკეთეს საააკაშვილს. ისინი სხვა ტიპის ლიდერებს ვერ ხედავენ. მაშინ, როდესაც ოპოზიციაში კეთდებოდა არჩევანი დავით უსუფაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, საბოლოოდ, არჩევანი გაკეთდა ხალხის გემოვნების გათვალისწინებით. მცირე სხვაობით მოიგო გაჩეჩილაძემ - ექვსით ხუთი - გარკვეული ეშმაკობებით. რაღაც იეშმაკა: ვიღაცას დაელაპარაკა; ჩვენ რაც არ ვიკადრეთ, მან იკადრა.
- ერთმა ხმამ გადაწყვიტა: გოგა ხაინდრავას ხმამ.
- სამწუხაროდ, დათვლის დროს გოგას ხმა იყო ბოლო და ამიტომ აღმოჩნდა გადამწყვეტი, თორემ ზუსტად ასეთივე, ერთი ხმა ჰქონდა ისეთ დიდ მოღვაწეს (და მერე ისტორიამ დაადასტურა, რომ ასეთ ფიგურებს უნდა ემართათ საქართველოს ბედი) როგორიც იყო ჯონდი ბაღათურია. საერთოდ, როცა რესპუბლიკურ პარტიას, ან კონსერვატიულ პარტიას აქვს ერთი ხმა, ჯონდი ბაღათურიასაც აქვს ერთი ხმა და გოგა ხაინდრავასაც, ასევე, აქვს ერთი ხმა, აი ამ "სიბრძნემდე" მისვლასაც გარკვეული სიბრძნე სჭირდებოდა... მე ძალიან კრიტიკულად ვაფასებ იმ შემთხვევას. მაგრამ არჩევანი გაკეთდა ქართველი ხალხის გემოვნების გათვალისწინებით. და ჩემი აზრით, გოგა ხაინდრავა ამას მტრული განზრახვით კი არ აკეთებდა, არამედ მასების აზრს ითვალისწინებდა. დიიიდი, ზოოორბა, "ვა, შენი დედა!" და "მოვედი!" ლევან გაჩეჩილაძე, თუ სათვალეებიანი, ამერიკაში ნასწავლი და საეჭვოდ ბევრის მცოდნე უსუფაშვილი, რომელთანაც მოქალაქე იდენტიფიკაციას ვერ ახდენს? და რომლის გვარიც კი აეჭვებს! გაირკვა, რომ ჩვენ გვინდა დიდი და ხალიანი ან რაღაციანი კაცები. მესმის, რომ მაშინ ვიღაცებმა მასების გემოვნება გაითვალისწინეს. ჰოდა, ამ გემოვნებაში "რესპუბლიკელები" არ ჯდებიან. "რესპუბლიკელებმა" დაიმკვიდრეს სხვა ადგილი. იგი ასე განისაზღვრება: "ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ". ჰოდა, რამდენ პროცენტსაც მოგვცემენ, იმდენს ავიღებთ ჩვენს თავზე.
- იმის გათვალისიწნებით, რომ საქართველოში თქვენი პარტიის ოფისები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურა, ფიქრობთ, რომ პოლიტიკურ სპექტრში ფუნქციას შეინარჩუნებთ?
- რასაკვირველია. სხვა პარტიებს არასოდეს ჰქონიათ არც ერთი ოფისი თბილისის გარეთ, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს. ჩვენ კარგი ცხოვრებისგან არ დაგვიხურავს ოფისები. არჩევნების შემდეგ ფინანსურად სერიოზულად დავზარალდით. შეგვეძლო, ეს ზარალი თავიდან აგვეცილებინა, უარი რომ გვეთქვა, მაგალითად, "ალიანსში" სალომე ზურაბიშვილის შემოსვლაზე. სამის ნაცვლად, ოთხზე გაიყო ფინანსები. ამიტომ, როცა გვეუბნებიან, თქვენ პარტიის გარდა ვერაფერს ხედავთო, ჩვენთვის მაინც გვაქვს არგუმენტები. თუკი თარგმაძემ მეორე პარტია შექმნა, და მერე ორად გაყო თავისი წარმატება და ჩვენს ბიუჯეტზე ოთხჯერ მეტი ფული იშოვა ჩვენზე ნაკლები ხმებით, ცოტა ჩვენც ხომ შეგვეძლო? მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრია. ჩვენ გვინდოდა, რომ თბილისში მაინც დაფიქსირებულიყო "ალიანსი", როგორც სერიოზული ალტერნატივა. მაგრამ ჩვენ არ ველოდით, რომ ამას მოჰყვებოდა ალასანიას ვაჭრობა გიგი უგულავასთან, ორი ადგილის გამოთხოვნა... ჩვენ "ალიანსის" შექმნის დროს სრულიად სხვა დოკუმენტებზე მოვაწერეთ ხელი და იქ არ ეწერა, რომ "ალიანსი" შეიქმნა ადგილობრივი არჩევნებისთვის.
- "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილთან და "კონსერვატორებთან" ერთად, თავის დროზე, რა მიზნით დააფუძნეთ?
- 2002 წელს ჟურნალისტმა დაახლოებით ასეთი შინაარსის კითხვა დამისვა: რატომ უჭერთ მხარს მიშა სააკაშვილს? ის ხომ აშკარად გიჟია? ჟურნალისტი გულწრფელად ღელავდა. მე ვუპასუხე: მხარს იმიტომ კი არ ვუჭერ, რომ ის ყველას ჯობს დედამიწაზე, არამედ იმიტომ, რომ შანსი აქვს. ჟვანიასა და ბურჯანაძეს არანაირი შანსი არ ჰქონდათ, თუმცა, ძალიან მოსწონდათ ამერიკელებს.
- და თქვენ ეს მისწრაფება წაახალისეთ.
- უკაცრავად: ჩვენ ხელი შევუწყვეთ მიშას მიერ თავისი პოლიტიკური ოპონენტების დამარცხებას მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხალხს მიშა მოსწონს. ხალხს ვერავინ ვერავის მოაწონებს. მე რომ ამის უნარი მქონოდა, ივლიანე ხაინდრავას სურათს გამოვაკრავდი და ვიტყოდი: შეხედეთ, ხალხო, და აირჩიეთ-მეთქი. რატომ მოეწონათ სააკაშვილი? იმიტომ, რომ მათიანი იყო. მათთან ერთად ჭამდა. ზურა ჟვანია რატომ არ მოსწონდათ? იმიტომ, რომ ხალხს ზემოდან უყურებდა. თან, არ დაგავიწყდეთ, რომ სააკაშვილი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობდა. ხალხს მოსწონდა მისი ენერგია. ეს ახლაა, სისულელეებს რომ ლაპარაკობს და ვერა ქობალიებს რომ ნიშნავს, თორემ მაშინ ასე არ იყო. მერე კი, აი, ის კვერცხდადგმული, უზარმაზარი შენობა აიშენა. და ვერ ხედავს სისულელეს თავის მოქმედებაში.
- სააკაშვილმა ამას წინათ თქვა, რომ რუსი ხალხი ისტორიულად იმპერიალისტია. მისი ეს შეფასება რას ნიშნავს, თქვენი აზრით?
- და სხვა რა არის ფაშიზმი? ფრანგი მაინცდამაინც ძუნწი უნდა იყოს? თან, საქართველოში ამაზე როგორ უნდა ილაპარაკო, როცა ნათქვამია - ბაღდათელებმა რწყილი რომ გაატყავეს, ხონელებმა თქვეს, ქონი მეტი გაუყოლებიათო! რა თქმა უნდა, ძუნწი ფრანგიც არსებობს, მაგრამ თუ არ იცის ვინმემ, შემიძლია შევახსენო: მარსელ პრუსტი რესტორნიდან რომ გამოდიოდა, ძალიან დიდ საჩუქარს უტოვებდა ოფიციანტს. მერე კი უკან შებრუნდებოდა, - სხვა ოფიციანტებს არ ეწყინოთო, და მათაც ასაჩუქრებდა. ალბათ, მამა ან ბებია ქართველი ჰყავდა, აბა, ასე ფრანგი როგორ მოიქცეოდა - მით უმეტეს, თუკი ებრაული სისხლიც ერია! ნაციებისთვის, ეთნოსებისთვის რაღაც თვისებების მიწერა ხალხურია. სააკაშვილი ხალხივით იქცევა. განათლება კი სხვა რამ არის - ის, რომ ეთნოსს ხასიათი არ აქვს. ხასიათი ადამიანს აქვს.
- ხელისუფლება განათლების სამინისტროში 2007-2009 წლებში ჩადენილ ფინანსურ დარღვევებს იკვლევს. გამოძიების დასრულებამდე, ყოფილი მინისტრი გია ნოდია, ფაქტობრივად, უკვე დასახელდა ბრალდების ადრესატად - 600 ათასი ლარის გაფლანგვის გამო. თქვენი დაკვირვებით, რამ განაპირობა განათლების ყოფილ მინისტრებზე "ნადირობა"?
- ჩემი აზრით, მიმდინარეობს ბრძოლა "თავისუფლების ინსტიტუტსა" და პარტიულ ბოსებს შორის. ნოდია რა კაცია, ნურავინ ამიხსნის. მორალთან მწყრალად კი არის, მაგრამ არ მჯერა, რომ მან ფული აკეთა. უბრალოდ, ნოდია ისეთი კაცია, რომ შეიძლება მის ხელში ფულიც აკეთო, ყირაზეც გადახვიდე და ვერ მიხვდეს. ძალიან ცუდი მენეჯერია. იმ ინსტიტუტის აზრს მოგახსენებთ, სადაც ამდენი ხნის განმავლობაში იმუშავა. გია ნოდიამ, საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე თვალსაჩინო ინტელექტუალმა, ბურჯანაძეზე ნაკლები როლი არ შეასრულა ხელისუფლების მოპარული გამარჯვების გათეთრებაში. ახლა კი, მის მიმართ გაკეთებული ბრალდების გამო, ენერგიული პროტესტიც კი ვერ გამოთქვა. და მაშინ, როდესაც ნოდიას მიადგნენ, ლომაია და გვარამია რაღა იქნება! ისე, გვარამიაზე გამახსენდა: თუკი ვინმე დაინტერესდება, სად სწავლობს და რა ნიშნებზე, კარგს იზამს.
- გავრცელებულ ცნობებს ბათუმში გეი-აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით ამავე ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ამ პროტესტს თქვენ როგორ აფასებთ?
- ორივე მხარე სერიოზულად არღვევს ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანი თანასწორია, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. გასაგებია, რომ ჰომოსექსუალები შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ მათ წინააღმდეგ გამოსვლები მიუღებელია კანონის თვალსაზრისით. უბრალოდ, სასაცილოა, როდესაც ქუჩაში გამოგყავს ხალხი არჩატარებული აქციის წინააღმდეგ. და რით ხარ მასზე უკეთესი? ის თავისი სხეულის რაღაც ნაწილს ექვემდებარება, შენ კი ვის სიტყვებს ექვემდებარები - არიქა, ქუჩაში გამოდიო? აღლუმი ჯერ არ გამართულა და უკვე ორჯერ ჩატარდა ანტიაღლუმი! რა პრევენცია სჭირდება ამას? როდესაც დადგება დრო და გეები იტყვიან, რომ ისინი არიან გეები, და როდესაც საქართველოს რომელიმე მინისტრი, მაგალითად, გადაცემა "სიმართლის დროში" კი არა, არამედ პატიოსნად, მთავრობის სხდომაზე, საჯაროდ გამოაცხადებს ამასთან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის საქართველოში ამომრჩეველი ჩამოყალიბებული იქნება, აირჩიოს თუ არ აირჩიოს ასეთი ორიენტაციის ჩინოვნიკები. ხოლო იმისთვის, რომ ესენი ჩავხოცოთ, ახლაც კი არ ვართ მზად.
- ჰომოსექსუალიზმთან მიმართებით ეკლესიის დამოკიდებულებაზე რა შეგიძლიათ, თქვათ?
- ჰომოსექსუალიზმს ყველა რელიგია ეწინააღმდეგება. მას ჩვენზე უფრო მძაფრი მოწინააღმდეგეებიც ჰყავს კათოლიკეების სახით. მაგალითად, ევროკავშირის წევრ პოლონეთში გეებმა აღლუმი ვერ მოაწყვეს. საფრანგეთში კი მისი გამართვის აუცილებლობა დიდი ხანია, აღარ არის: უკვე პარიზის მერმა პირდაპირ გამოაცხადა, - ასეთი ვარ და თუ გინდათ, ამირჩიეთო. და აირჩიეს ზუსტად ამ ნიშნის გამო: ჩვენს ქალებს თავს დაანებებს და საქმეს მიხედავსო. ასე რომ, ამ პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ან შეზღუდვა ყოვლად გაუმართლებელია: ჩვენს შემთხვევაში, ორივე მხარე პირდაპირ უფლებრივ საკითხებში იჭრება. ჩემი აზრით, დღეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც ყველა მხარეს სჭირდება კულტურა. ეს მხოლოდ განათლებისა და კულტურის საკითხია. ეკლესია ჰომოსექსუალიზმს არასოდეს შეურიგდება. მაგრამ ვინ თქვა, რომ ეკლესია არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელმაც ყველაფერი უნდა განსაზღვროს აზროვნებაში? თავის დროზე, ეკლესიის მიერ არც მიქელანჯელო და არც ლეონარდო იყო მოწონებული ბევრ საკითხში.
- და რას იტყვით ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაზე, რომელიც სახელისუფლებო ტელევიზიის საშუალებით ხორციელდება?
- რაც შეეხება პროპაგანდას: არ ვფიქრობ, რომ ჰომოსექსუალიზმის ან, თუნდაც, ვთქვათ, "ვეფხისტყაოსნის" პროპაგანდას უნდა ეწეოდეს სახელმწიფო. ამ მთავრობაში გეებიც არიან და ლესბოსელებიც, უბრალოდ, ჯერჯერობით, ჩვენი გეები და ლესბოსელები ვერ ლაპარაკობენ ამის შესახებ. ახლაც, თუკი აღლუმი ჩატარდებოდა, ცნობილი გეები იქ არ გამოჩნდებოდნენ. ჩვენი გეები ამისთვის მზად არ არიან. მე რაც გეები ვიცი საქართველოში, ყველა თბილისშია, და აღლუმი ვითომ ბათუმში უნდა გამართულიყო... საქართველოს არავინ დაუწერს დემოკრატიაში ჩათვლას გეებისა და ლესბოსელების პროპაგანდისთვის. როცა მომწიფდება ეს საკითხი, თვითონ ჩაატარებენ მსვლელობებსაც. მანამდე კი მისი პროპაგანდა ხელისუფლების მხრიდან ძალიან სასაცილოა. გეი ვარო - ამას ქართველი გეი არ იტყვის ტელევიზიით, გადაცემაში, რომელიც არის შვიდასჯერ გადაღებული და დადგმული. და ერთსა და იმავე გადაცემაში არ მოხდება ხუთი აღიარება - რომ გეიცაა, რომ მამამისი ქურდი იყო და თვითონ კიდევ - "კაგებეს" საიდუმლო აგენტი. ამ თემის პროპაგანდით განსაკუთრებით ტელეკომპანია "იმედია" დაკავებული. თუ მიგაჩნია, რომ ქართული ეკლესიის გავლენა საზოგადოებაზე ძალიან დიდია და იგი უნდა შეცვალო, არველაძით ამას ვერ მიაღწევ - იმიტომ, რომ ეკლესიის უკან დგას უზარმაზარი ძალა - მათ შორის, რწმენა, ადამიანები. არველაძის უკან კი დგას ტვინის გარეცხვის ძალიან სუსტი ტექნოლოგიები. ეს შეუდარებელი კატეგორიებია. როდესაც გეებს თავიანთი გადაცემა ექნებათ და თამამად ისაუბრებენ ამ თემაზე, მაშინ, თუ გინდა, უყურებ ამ გადაცემას, ან - არ უყურებ. ხოლო, როცა სახელმწიფო, ვითომ კერძო არხის სახით, ჩუმ-ჩუმად მაპარებს, - არიქა, პატრიარქი რუსეთის აგენტიაო... მე მაინც ვიცი, რუსეთის აგენტობაში ბრალდება რას ნიშნავს საქართველოში. ვფიქრობ, რომ ამაოდ ირჯებიან. ამ ტელევიზიას ჰგონია, რომ თუ სექსზე და რელიგიის წინააღმდეგ ილაპარაკებს, რაღაც "კაი პონტია".
Комментариев нет:
Отправить комментарий