"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
7 ივნისი, 2010
"თუკი ოპოზიციას ხალხი არ ემორჩილება, ეს ოპოზიციის პრობლემააა: ის თავის მარგინალურ სივრცეში დარჩება. მაგრამ, თუკი ხელისუფლება მარგინალია, ეს კატასტროფაა. დღევანდელი საქართველოს სხეული არ ემორჩილება თავს. ეს კი დამბლაა", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
- ადგილობრივი არჩევნების შემდეგ პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაინგრა მითი თბილისის, როგორც მთავარი ოპოზიციური ქალაქის შესახებ. რას იტყვით ამ განცხადებასთან დაკავშირებით?
- პეტრე ცისკარიშვილი სხვას რას იტყოდა?
30 მაისის არჩევნებს გამარჯვებული არ ჰყავს. მან დაადასტურა, რომ სააკაშვილს ქვეყანაში ღარიბი ხალხი სჭირდება. ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ საზოგადოება გახლეჩილია. ყველგან - პოლიტიკაში, განათლებაში, მედიცინაში, სპორტში. და დაადასტურა, რომ საზოგადოება სახელმწიფოს მიმართ გაუცხოებულია.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" კატასტროფულად წააგო. არჩევნებამდე ის ხელს უწყობდა განწყობის შექმნას, რომ იგი წინასწარვე გაყალბებული იყო. ამაში ხელისუფლებას ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ეხმარებოდა. დღეს ისინი ქმნიან მითს ხელისუფლების გამარჯვების შესახებ.
- ბურჯანაძეს გულისხმობთ?
- არამარტო ბურჯანაძეს. ამას ახლა მნიშვნელობა არც აქვს. რაც მოხდა, მართლაც უნიკალური მასალაა ანალიზისთვის. ვფიქრობ, რომ როცა დადგება პოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები (საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ), ოპოზიციის წარმატების შანსები ერთი-ორად გაიზრდება. ახლა კი არავის გაუმარჯვია. და თუ დამარცხებაზეა საუბარი, დამარცხდა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პერსპექტივები. საერთოდ, ჩემთვის მიუღებელია ასეთი, ნულოვანი ჯამის შედეგით აზროვნება - როცა თითქოს ვიღაც აუცილებლად იმარჯვებს და, შესაბამისად, ვიღაც აუცილებლად მარცხდება - მაშინ, როცა გამარჯვებული შეიძლება იყოს ყველა ან რამდენიმე მხარე. ეს სტატიკური აზროვნების შედეგია. ადგილობრივმა არჩევნებმა გამოკვეთა, ჩემი აზრით, ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სტატიკური აზროვნება: "ან დღეს, ან - არასდროს; ან მე, ან - არავინ; ან გამარჯვება, ან - დამარცხება". სინამდვილეში, სამივე პოზიციას აქვს დინამიური ოპოზიცია: "თუ არა დღეს, რატომ არა ხვალ?" "თუ არა მე, რატომ არა სხვა?" "რატომ უნდა გავიმარჯვო მხოლოდ მე?" ჩვენი მტერი სტატიკური, ხისტი, რიგიდული აზროვნებაა: როცა ვერ ვხედავთ პლუსებს და მუდმივად ვექცევით მინუსების (რასაც ვხედავთ) ტყვეობაში. შეიძლება ითქვას, ქართული ენდემური ავადმყოფობა გაჩნდა: ადამიანში მხოლოდ ცუდის დანახვა გვინდა. და ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკას.
თქვენს შეკითხვას დავუბრუნდები: სააკაშვილი გამოდის და ფარისევლურად, ცინიკურად ამბობს, - ოპოზიციამ მთელი ყურადღება თბილისზე გადაიტანა; რა, დანარჩენი საქართველო საქართველო არ არისო? თუკი ვინმემ შექმნა მხოლოდ თბილისისგან საქართველო, ეს სააკაშვილია. მან მხოლოდ თბილისში დაუშვა მკაფიო პოლიტიკური კონტექსტის მქონე არჩევნები. შესაბამისად, მთელი ყურადღება დედაქალაქზე გადმოვიდა. რესურსების სიმცირის გამო, ოპოზიციის ყურადღება ძირითადად თბილისზე იყო გადატანილი. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, "ალიანსმა" დანარჩენ საქართველოში მნიშვნელოვანი და მრავლისმეტყველი შედეგი მიიღო. პრაქტიკულად, არ უმუშავია და 9% მოიპოვა! და ეს მაშინ, როდესაც "ქრისტიან-დემოკრატებმა", რომლებმაც ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეს, 3%-ით მეტი აიღეს.
ზოგადად, თბილისის არჩევნებმა მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გამოავლინა: ხელისუფლების პოლიტიკას უარი უთხრა ამომრჩევლის 75%-მა. ეს არის კა-ტა-სტრო-ფა. 50% არ მივიდა არჩევნებზე. და 25%-მა (ვინც მივიდა) ხმა ხელისუფლების წინააღმდეგ მისცა. რა თქმა უნდა, 50%-მა უარი უთხრა ოპოზიციასაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის უარის თქმა - ეს არ არის ქვეყნისთვის კატასტროფა. კატასტროფა ხელისუფლების პოლიტიკაზე უარის თქმაა.
- თუ ასეა, რატომ მიულოცა ალასანაიამ თბილისელებს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი არჩევანი?
- ვფიქრობ, რომ ჯობდა, ეს განცხადება ყოფილიყო უფრო პრინციპული, მკაფიო იმ ხალხის მიმართ, ვინც ხმა მისცა სააკაშვილს - იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ვინც ხმა მისცა სააკაშვილს, ხმა მისცა ქვეყნის ნგრევას. მათ ფასადურ ქვეყანას მისცეს ხმა. მათ ცვლილებების დაწყება არ დაუშვეს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ 25%-მა მხარი ოპოზიციას დაუჭირა. როგორ ფიქრობთ, ეს მთლიანად ოპოზიციისთვის ცოტა არ არის?
- არ არის ცოტა - იმიტომ, რომ ეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ნახევარს უდრის.
- მაგრამ, ვინც არ მივიდა? ეს ხომ ოპოზიციისთვის დაკარგული ხმებია?
- ის, ვინც არჩევნებზე არ მივიდა, პირველ რიგში, არ მივიდა არსებული პოლიტიკის გამო. ისინი ხელისუფლების პოტენციური ამომრჩევლები რომ ყოფილიყვნენ, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ყურით მიათრევდნენ საარჩევნო უბნებთან.
- მაგრამ ისინი ოპოზიციისგანაც ვერ ხედავდნენ პერსპექტივას.
- ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა თავისი ამომრჩეველი მიეყვანა არჩევნებზე. და საქმეც ის არის, რომ მთლიანად, ამომრჩეველთა რაოდენობის პრაქტიკულად 25%-ზე მეტი ვერ მიიყვანა!
- ოპოზიციამ რა გააკეთა იმისთვის, რათა ეს 25% არჩევნებზე გამოცხადებულიყო?
- მთელმა ოპოზიციამ იმდენივე ამომრჩეველი მიიყვანა, რამდენიც ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო გამოყენებით მიიყვანა ხელისუფლების პარტიამ. თუმცა, ეს არის ის მინუსი, რაზეც საუბარი საჭიროა. მაგრამ მოდით, ჯერ ამოვწუროთ საკითხი, რომელიც ხელისუფლებას ეხება. ანალიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანა და არა ოპოზიცია - იმიტომ, რომ ოპოზიცია თუ აგებს, მხოლოდ თავის თავს აგებს. თუკი ხელისუფლება აგებს, აგებს სახელმწიფო. მინდა შევეცადო, დავაჯერო საზოგადოება, რომ ის, რაც მოხდა, არ არის ოპოზიციის კრახი. ის, რაც მოხდა, ქვეყნის პერსპექტივების გადავადებას ნიშნავს. ქვეყანაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას უფრო მეტად ეკისრება, ვიდრე მას ჰგონია. ოპოზიცია და ხელისუფლება კი საზოგადოების ნაწილია. თუკი საზოგადოება ოპოზიციას უყურებს, როგორც გლადიატორს, არაფერი გამოვა.
30 მაისის ადგილობრივ არჩევნებს პოლიტიკური შინაარსი სახელმწიფოში დაუსრულებელმა, პერმანენტულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესძინა. ამ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციამ კი ხელისუფლების არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გამოავლინა. ხელისუფლება პოპულარული არ არის. ამიტომ თავს არ ემორჩილება ტანი. მთავარი პრობლემა ეს არის. თუკი ოპოზიციას ხალხი არ ემორჩილება, ეს ოპოზიციის პრობლემააა: ის თავის მარგინალურ სივრცეში დარჩება. მაგრამ, თუკი ხელისუფლება მარგინალია, ეს კატასტროფაა. დღევანდელი საქართველოს სხეული არ ემორჩლება თავს. ეს კი დამბლაა.
მოდით, ავწონოთ ის ხმები, რაც ოპოზიციაში რჩება: ვინ მისცა ხმა ხელისუფლებას და ვინ - ოპოზიციას. ოპოზიციის ხმები - ამომრჩევლის 25% - ალალი ხმებია. ოპოზიციამ ვერავინ იყიდა. ვერავინ შეაშინა. ვერ დააშანტაჟა. ვერც "ქრისტიან-დემოკრატების" ამომრჩეველი და ვერც - თოფაძის. არავითარი უფლება არ მაქვს, ჩრდილი მივაყენო მათ ამომრჩეველს - იმიტომ, რომ მათ დაიჯერეს "ქრისტიან-დემოკრატებისა" და თოფაძის ოპოზიციონერობის.
სასწორის მეორე მხარეს სააკაშვილის ხმები, უგულავას ხმები დავდოთ. ყველა ხმა გულწრფელია? შეიძლება, სააკაშვილისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ხალხმა ალალად მისცა ხმა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს: მომავლის იმედით და რწმენით მოგცა ხმა ადამიანმა თუ შეშინებულმა და დაშანტაჟებულმა. ასე რომ, ვისაც გგონიათ, რომ ოპოზიცია დამარცხდა, ეს არასწორია. ნუ უჯერებთ ამ მითებს.
თუკი საკუთრივ ოპოზიციაში ავწონით ხმებს, აშკარად ჩანს "ალიანსის" წარმატება. მისმა 17%-მა გაამწარა ის ხალხი, ვინც დღეს "ალიანსს" უტევს.
- სოზარ სუბარი "ალიანსის" თანათავმჯდომარე იყო. რამდენიმე დღის წინ მან განაცხადა: "თუკი ვინმე დამარცხდა ამ არჩევნებში, ეს არის "ალიანსი საქართველოსთვის".
- სოზარ სუბარი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია. მაგრამ მას კატეგორიულად, პრინციპულად არ ვეთანხმები.
სუბარმა და გუნცაძემ ბრწყინვალე სამსახური გაუწიეს "ალიანსს". მათ "ალიანსის" კიდევ უფრო მეტად კრისტალიზაცია მოახდინეს. როდესაც პიროვნება პოლიტიკური გაერთიანებიდან გადიხარ, ამით აღიარებ, რომ იქ არაფერი გესაქმება. თავად "ალიანსში" კი, არ ვიცი, გარედან ჩანს თუ არა, მაგრამ კიდევ უფრო მიხვდნენ მათი ერთობის სწორ გადაწყვეტილებაში. კაცი, რომელსაც ოჯახი ჰყავს, უფრო მეტად არის დატვირთული პასუხისმგებლობით, ვიდრე კაცი, რომელსაც ოჯახი არ ჰყავს. მეორე უფრო თამამად დგამს კონკრეტულ ნაბიჯს და შეიძლება ის ამით არ დაზარალდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ის უპასუხისმგებლოა. სოზარს არ ჰყავდა პოლიტიკური პარტია. ის არ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობით დატვირთული. პოლიტიკურ პარტიებში მიმოსვლა, მათ შორის, ალიანსების დაშლაც კი, ბუნებრივი პროცესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. მინდა, მადლობა ვუთხრა კოკა გუნცაძეს და სოზარ სუბარს, რომ მათ თავიანთი გადაწყვეტილება საჯარო გახადეს მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ. და იმედია, ამით საქართველოში დასრულდა მარტოხელა პოლიტიკოსების პერიოდი.
- სუბარი, "ალიანსის" დატოვების შემდეგ, ბურჯანაძესთან წავიდა. მის ამ გადაწყვეტილებას როგორ ახსნით?
- ბურჯანაძეს ბევრ საკითხში არ ვეთანხმები. მაგრამ ჩემზე ხომ არ იკვრება სამყაროს ჭიპი? ვიღაცას ხომ მოსწონს? ბურჯანაძეს სრული უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური სექცია ჰქონდეს. მაგრამ არ მესმის, რატომ აკრიტიკებს ასე დაუნდობლად ალასანიას. ვფიქრობ, "ალიანსის" შედეგებით გამწარდა. მას ხომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. და რა მორალური უფლება აქვს ბურჯანაძეს, თქვას, რომ ოპოზიციამ მთელი ყურადღება გადაიტანა თბილისზე, რეგიონები კი ყურადღების გარეშე დატოვა? ეს მართლაც ასეა, მაგრამ რა მორალური უფლება აქვს? არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს? მაშინ რა პოლიტიკური ძალაა, თუკი აზრს ვერ ხედავს?!
პატივს ვცემ ამომრჩევლებს, რომლებმაც სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს მისცეს ხმა. მგონი, "ქრისტიან-დემოკრატებსაც" გაუჩნდათ გამარჯვების პოლიტიკური ინსტინქტი - რაც აქამდე არ ჰქონიათ. ახლა ისინი პარლამენტში მარტო რომ არიან, რასაც უნდათ, იმას აკეთებენ: ვითარების შესაბამისად, მაკიაჟს იცვლიან. ვფიქრობ, რომ თუკი მათ მუდმივად არ განვდევნით პოლიტიკური ასპარეზიდან, თამამად ჩაერთვებიან რეალურ ოპოზიციურ ბრძოლაში. საკრებულოში კი ამის შესაძლებლობა იქმნება. ფაქტია, რომ მათთან თანამშრომლობით სახელმწიფოსთვის უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეიძლება, ვიდრე კონფრონტაციით - მით უმეტეს, რომ ისინი რუსეთთან მიმართებით პოზიციას მკაფიოდ გამოხატავენ. ეს, სააკაშვილის შემდეგ, მეორე პრობლემაა ქვეყნისთვის. ასეთ შემთხვევაში კი, თუ გვაქვს სამი არჩევანი - კონფრონტაცია, მეგობრობა და თანამშრომლობა - თანამშრომლობა უნდა ავირჩიოთ. მეგობრობა არ გამოვა; კონფრონტაცია კი წამგებიანია.
- ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძესთან და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, ალიანსს ქმნის. არ ფიქრობთ, რომ შეიძლება ეს გაერთიანება "ალიანსის" ალტერნატივა გახდეს და ხალხი მას გაჰყვეს?
- მივესალმები გამოკვეთილი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას. დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრი არსებობს: სააკაშვილის და ალასანიასი. მესამეში ჯერ შედედების პროცესი მიმდინარეობს. რძეში მაწვნის დედას რომ ჩააგდებ, ჯერ კიდევ არ არის მაწონი: იგი შენ თვალწინ დედდება. თუკი მაწვნის დედა ბურჯანაძეა... პოლიტიკაში კრისტალიზაციას მივესალმები. კარგი იქნება, თუკი შევქმნით პარტიებს, რომლებიც დაფუძნებული იქნება ღირებულებებზე, იდეოლოგიებზე. გვარები, პერსონები კი უკან ჩავაჩოჩოთ...
- თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ნატო-მაც, 30 მაისის არჩევნები გასულ არჩევნებთან შედარებით პროგრესად შეაფასა. რა მნიშვნელობას ანიჭებთ დასავლეთის როლს?
- როგორმე დავაჯეროთ ჩვენი თავი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველთვის ასე მოიქცევიან, თუკი სისხლი არ დაიღვრება და შეუქცევადი პროცესები არ დაიწყება. ნუ გვაქვს გადამეტებული მოლოდინები დასავლეთზე - იმ სტიქიაზე, რაც ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს. სტიქიასთან ურთიერთობა საჭიროა იმდენად, რამდენადაც ეს შენთვის სასარგებლო იქნება.
დადგება დრო და სააკაშვილი ყველას დაავიწყდება. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს: თვითონაც დაავიწყდება, საქართველოს პრეზიდენტი რომ იყო. ფილმს რომ ნახავს ენდი გარსიას მონაწილეობით, მაშინ გაახსენდება, გარსია მის როლს რომ თამაშობს. მაგრამ მანამდე დრო გადის და ჩვენი სახელმწიფოს მიმართ დასავლეთი დისტანცირებას ამჯობინებს. სააკაშვილის შემდეგ ნომერი პირველი პრობლემა - ეს არის რუსეთი. იგი არ არის სააკაშვილივით წარმავალი. რუსეთი მუდმივი ფენომენია. მოცემულობაა. შესაბამისად, კეთილი უნდა ვინებოთ და დღესვე ვაყალიბებდეთ მისგან კონსტრუქციული დისტანცირების პოლიტიკას. ამას მარტო ვერ შევძლებთ - იმიტომ, რომ რუსეთის გრავიტაცია ძალიან ძლიერია. უნდა ჩავებათ დასავლურ ძალას, რომელიც დაგვეხმარება, რუსულ გრავიტაციას მოგვგლიჯოს. ამისთვის კი დასავლეთს სჭირდება, საქართველოში ხედავდეს პოტენციალს - რომ ჩვენ მას ვგავართ. სწორედ ამიტომ, მუდმივად ვადებში უნდა ვატარებდეთ არჩევნებს და არა - მუდმივად ვადამდელ არჩევნებს.
- რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა შენიშნა: "უახლოესი არჩევნები, მინიმუმ, ორი წელი აღარ იქნება, თუ უფრო მეტი არა. არ ვიცი, კონსტიტუცია ზუსტად როგორ ჩამოყალიბდება". თქვენ კი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებით.
- სააკაშვილმა, ნებით თუ უნებლიეთ (და ხშირად უნებლიეთ აკეთებს ამას) გაყიდა შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ინფორმაცია. ახალი კონსტიტუციით ის ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს. ეს არ უნდა დავუშვათ - იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში მართლაც შეიძლება მოხდეს რევოლუცია. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ახალი კონსტიტუციის მიღება, ვიდრე არ ჩატარდება მორიგი საპარლამენტო არჩევნები. ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს. ამის მწარე გამოცდილება გვაქვს.
საარჩევნო კოდექსში ერთი მუხლის შესაცვლელად ასი ათას ადამიანს ორი საათით თუ გამოიყვან, ამას დასავლეთი უფრო გაგიგებს, ვიდრე სააკაშვილის გადაგდების მოთხოვნით გამოსვლას. გაიხსენეთ 1988 წლის ოქტომბრის მოვლენები - როცა ხალხი იმის გამო შიმშილობდა უზენაესი საბჭოს წინ, საქართველოდან რამდენი დეპუტატი უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში. ციფრების გამო ხალხი შიმშილობდა! დღეს 30-50%-იანი ბარიერის გამო ქუჩაში არავინ გამოდის.
მოვითმინოთ (და არა ტახტზე წამოვწვეთ) 2012 წლის გაზაფხულამდე და შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც სააკაშვილს გაერთიანებული ოპოზიციური ძალისხმევით მოვერევით.
ღმერთმა ქნას, შეიქმნას ძლიერი ოპოზიციური ძალა ბურჯანაძის ალიანსის სახით. იმ 50%-ს, რომელსაც ახლა ეძინა, შემდეგ არჩევნებზე, იმედია, აღარ ეძინება. მშვენიერი ფილმი აქვს რიაზანოვს, "გარაჟი" ჰქვია. ფინალია სიმბოლური: რიაზანოვის გმირს ბეჰემოთის ფიტულზე მიყუდებულს სძინავს. ჯოხი მასზე გადატყდება (ეს ფილმი ბრწყინვალედ წარმოაჩენს საბჭოთა ავტორიტარულ, დამყაყებულ წყობას). აი, ეს მძინარე ხალხი, რომელიც ბეჰემოთზეა მიყუდებული, უნდა გამოვაღვიძოთ. თუკი ბურჯანაძე ამ ხალხის გამოღვიძებას მოახერხებს, ალალი იყოს! მაგრამ ახლა ერთმანეთის ყანაში ქვების სროლა კარგს არაფერს მოიტანს. ახლა საჭიროა, ვილაპარაკოთ არა ერთიან ლიდერზე, არამედ ერთიან პოლიტიკაზე, ერთიან პოზიციებზე, რათა შემდეგ, არჩევნების დღეს, ცალ-ცალკე გავიდეთ და ხალხს არჩევანის საშუალება მივცეთ. ჩვენ ერთიან სასტარტო პირობებზე უნდა შევთანხმდეთ. უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий