03 апреля, 2011

ვახტანგ ძაბირაძე: "ჯობს, ალასანიამ ახლავე წაიტეხოს კისერი (არჩევნებს არ ვგულისხმობ), ვიდრე შემდეგ კისერი ჩვენ წაგვატეხინოს"

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
8 , 2010


"ირაკლი ალასანია ლიდერის მანტიით შემოვიდა პოლიტიკაში. და ამ სტატუსით მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, სხვათა აზრის გათვალისწინებას, სხვათა მოსმენას მიეჩვევა. ასეთ შემთხვევაში კი მას მიეცემა შანსი, მისგან ჩამოყალიბდეს ლიდერი და არა მესია.
...იმ ტიპის შეკრებებს, როგორიც ამას წინათ ვერის კალათბურთის დარბაზში გაიმართა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხელისუფლებები ყოველთვის პროვოცირების მიზნით იყენებდნენ. საყურადღებოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა: როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხდება, რაც შეიძლება, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ იყოს და, შესაბამისად, ვერ ვხვდებოდეთ, რა მიმართულებით წარიმართება პროცესები", - "მთელ კვირას" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა ალასანიას გადაწყვეტილება, ჯერ ფაქტობრივად გასულიყო ალიანსიდან და დამდგარიყო ნოღაიდელის, გაჩეჩილაძის, კონსერვატორების, ბურჯანაძისა გვერდით, რამდენიმე დღეში კი ისევ ალიანსში დაბრუნების შესახებ გაეკეთებინა განცხადება. რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ამ გაურკვეველი მოძრაობის რეალური საფუძველი?
- ამ მოძრაობის მიზეზის ზუსტად განსაზღვრა, ალბათ, რთულია - თუმცა, ძირითადი მიზეზი, ალბათ, მაინც ის არის, რომ ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, ახლა ყალიბდება. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ალასანია, როგორც ჩანს, ქართულ პოლიტიკას მისი კოლეგებივით მაინც არ იცნობს. ჯერ ჭადრაკის სასახლეში მისვლას, რამდენიმე დღის შემდეგ კი ალიანსში დაბრუნებას პოლიტიკურ ბრძოლაში მის ნათლობას ვუწოდებდი. ალასანია ახლა იწყებს ფეხის ადგმას ქართულ საჯარო პოლიტიკაში. ჯერჯერობით ეს მერყეობაც, მინდა  ვიფიქრო, რომ ამ მიზეზს უკავშირდება.
ვერის კალათბურთის დარბაზში ალასანიას მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის დემონსტრირების შემდეგ კი ალბათ შესაძლებელია, ვთქვათ, რომ გზები ალასანიასა და იმ ჯგუფს შორის, რომელთან ერთადაც ის ჭადრაკის სასახლეში გამოჩნდა, გაიყარა.
- მაინც რას შესძენს, თქვენი აზრით, ალასანია ქართულ პოლიტიკას - იმის გათვალისწინებით, რომ როგორც თავადაც შენიშნეთ, ის გამოუცდელი პოლიტიკოსია?
- ...იმას, რაც ჭადრაკის სასახლეში მოხდა, თავად ალასანიამ მისი მხრიდან რისკი უწოდა. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მკვეთრი მოძრაობა იყო.
- და დაუფიქრებელი?
- არ ვიცი, რამდენად აწონ-დაწონა თავისი ნაბიჯი. შეიძლება, მან გადაამოწმა საკუთარი თავიც, და გადაამოწმა ალიანსიც. ადამიანი ზოგჯერ თავად უნდა დარწმუნდეს საკუთარი ნაბიჯის სისწორეში ან სიმცდარეში. ალასანია, როგორც პოლიტიკოსი, ჩვენს თვალსა და ხელს შუა ყალიბდება. ის, როგორც სააკაშვილის საპირწონე, ქართული საზოგადოების მხედველობის არეალში 2008 წლის აგვისტოში გამოჩნდა. მაგრამ ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე მხარე არის პოლიტიკა, პოლიტიკური საქმიანობა, განსაკუთრებით - საქართველოში.
ალასანიას მოძრაობა ჭადრაკის სასახლისა და ალიანსის რადიუსში პირველ რიგში მასვე აფიქრებინებს, რომ ის არ არის ერთადერთი და შეუმცდარი. თუკი მის პოტენციალს გავითვალისწინებთ, საბოლოოდ, ალასანიასგან შესაძლოა, მივიღოთ არა მესია; არა ადამიანი, რომელიც საქართველოს ისტორიას ახლიდან დაიწყებს, არამედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ლიდერი.
- მაგრამ ზემოთ თქვენ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობდით.
- ის ლიდერის მანტიით შემოვიდა პოლიტიკაში. და ამ სტატუსით მან შეცდომები დაუშვა. მაგრამ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, სხვათა აზრის გათვალისწინებას, სხვათა მოსმენას მიეჩვევა. ასეთ შემთხვევაში კი მას მიეცემა შანსი, მისგან ჩამოყალიბდეს ლიდერი და არა მესია. გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, თავად უნდა მიიღოს - ლიდერობაც ამას ნიშნავს. ჯობს, ალასანიამ ახლავე წაიტეხოს კისერი (არჩევნებს არ ვგულისხმობ), ვიდრე შემდეგ კისერი ჩვენ წაგვატეხინოს.
- თქვენი აზრით, რა შანსები აქვს ოპოზიციას მომავალ არჩევნებში?
- მოცემული მომენტისთვის რთული და გაუმჭვირვალე სიტუაციაა. უნდა ჩავთვალოთ, რომ ჯერჯერობით ოპოზიციის ფლანგზე ისევ ალასანია იკვეთება, ხელისუფლების მხრიდან კი - უგულავა. თბილისში ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლი დაახლოებით 65%-ია. პრობლემა ის არის, ეს ხმები დაიყოფა თუ ერთ კალათაში წავა. ჯერჯერობით სპექტრი დაშლილია და უგულავა, რა თქმა უნდა, ლიდერობს. ოპოზიციას ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის, რათა ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებზე მივიდეს და მას მხარი დაუჭიროს.
ვფიქრობდი, რომ რამდენიმე დღის წინ ვერის კალათბურთის დარბაზში გამართული შეხვედრა საკმაოდ სახიფათო იყო - ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით. მაგრამ ასეთი რამ არ მოხდა. და ეს ძალიან საინტერესოა. შეიძლება, ამის მიზეზად რამდენიმე ვერსია ვივარაუდოთ: პირველი - ხელისუფლება ან დარწმუნებულია, რომ ყველა შემთხვევაში იგებს (არ ვიცი, თვითდაჯერებისთვის რა საფუძველი აქვთ); მეორე - ხელისუფლება არ არის ჩამოყალიბებული "ნაციონალური მოძრაობის" მომავალ ლიდერთან მიმართებით; და მესამე: დასავლეთიდან ძალიან მკაცრად ითქვა, რომ არავითარ პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონდეს.
იმ ტიპის შეკრებებს, როგორიც ამას წინათ ვერის კალათბურთის დარბაზში გაიმართა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხელისუფლებები ყოველთვის პროვოცირების მიზნით იყენებდნენ. საყურადღებოა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა: როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხდება, რაც შეიძლება, ჯერჯერობით ჩვენთვის ცნობილი არ იყოს და, შესაბამისად, ვერ ვხვდებოდეთ, რა მიმართულებით წარიმართება პროცესები. ასე რომ, ოპოზიციას ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინება და ძალზე ფრთხილად მუშაობა მოუწევს.
- ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსკოვში ვიზიტებს რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვალდებული გახდები, რუსეთთან საუბარი დაიწყო.  მაგრამ რისთვის შეიძლება, რუსეთს ქართულ ოპოზიციასთან ურთიერთობა სჭირდებოდეს? და, სხვათა შორის, რისთვის შეიძლება, ეს სჭირდებოდეს საქართველოს ხელისუფლებას? რუსეთს საკუთარი ინტერესები აქვს - პუტინმა ჯერ ნოღაიდელთან,  შემდეგ კი - ბურჯანაძესთან შესახვედრად მოიცალა. ჩვენ რომ ჩავიდეთ, ალბათ, ჩვენც შეგვხვდება. ანუ, მას პრობლემა გაუჩნდა. რუსეთს დღეს ჰაერივით სჭირდება არგუმენტი არა ჩვენთან, არამედ სხვასთან სალაპარაკოდ. ჩვენ კი ამის საშულებას ვაძლევთ.
საქართველოს ხელისუფლებას კი, თავის მხრივ, ოპოზიციისგან მტრის ხატის შექმნა სჭირდება. და მათი მოძებნა უკვე ძალიან უადვილდება. ახლა ხელისუფლებისთვის მთავარი ის კი არ არის, რომ ნოღაიდელს რეიტინგი დაუგდოს (ყოფილ პრემიერს იგი, უბრალოდ, არ აქვს): თუკი რამე მოხდება და ჩვენ ქუჩაში გავალთ, ჩვენც რუსეთის აგენტები გავხდებით. ასე რომ, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ინტერესები ამ კონტექსტში თანხვდება.
ქართულმა ოპოზიციამ კი უნდა იცოდეს, რომ რუსეთთან როგორც უნდა ილაპარაკო, ამ ეტაპზე პრობლემა, მით უმეტეს - ოპოზიციასთან საუბრით, ვერ გადაწყდება. ქალბატონმა ბურჯანაძემ ბრძანა, - დიდ პოლიტიკას ვაკეთებო. დიდ პოლიტიკას კი არა, საერთოდ არაფერს აკეთებს.
- თქვენი აზრით, ბურჯანაძეს ამ ეტაპზე რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს?
- ნოღაიდელი და ბურჯანაძე ის ადამიანები ხომ არ არიან, ორი თუ სამი წლის წინ ქვეყნის მეორე და მესამე პირებს რომ წარმოადგენდნენ? რა გამოდის: ოპოზიციაში გადმოსვლის შემდეგ გახდნენ რუსეთუმეები თუ მანამდეც იყვნენ? რასაკვირველია, თუკი ბურჯანაძე და ნოღაიდელი მომავალში სადმე სხვაგან დაიგულებენ უფრო ხელსაყრელ გარემოს, იქ გადაბარგდებიან.
საკუთრივ ბურჯანაძის ინტერესებს რაც შეეხება: ვფიქრობ, აპრილის აქციების პერიოდში მას ჰქონდა იმედი, რომ ოპოზიციაში ლიდერის სტატუსს შეიძენდა. ეს არ მოხდა. და, როგორც ჩანს, მან დასავლეთის მხარდაჭერაც ვერ მოიპოვა. ახლა ის ახალ თამაშს იწყებს - ამჯერად, რუსეთის კარზე. პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს, რასაკვირველია, შეცდომაა. ასეთი შეცდომებით კი ჩევნ უკვე ბევრი დავკარგეთ.
- თქვენი აზრით, როგორ ნაწილდება ამ ეტაპზე საქართველოში რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები?
- სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა რუსულ-ამერიკული გეგმა იყო. რუსეთი და ამერიკა სააკაშვილი-ჟვანია-ბურჯანაძის ტრიუმვირატზე შეთანხმდნენ. მაგრამ ამ შეთანხმებას იმდენად ბევრი შემადგენელი ჰქონდა, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა: რომელიმე მხარე აუცილებლად დაიწყებდა თავისკენ გადაქაჩვას. და ეს, როგორც ჩანს, პირველმა რუსეთმა დაიწყო.
ჯერჯერობით კი საქართველოში დასავლეთის ფაქტორი უფრო მძლავრობს. თუკი ევროპა ადრე უფრო ნეიტრალური იყო საქართველოსთან მიმართებით, დღეს მისი ინტერესები იზრდება. მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენი წარმოსახვები გვაქვს. ევროპის ინტერესი არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ამისთვის ომს დაიწყებენ. ინტერესი იზრდება და ჩვენი პოლიტიკა სწორედ ამ ინტერესში უნდა ჩავტიოთ.
ევროკავშირთან ჩვენი ინტეგრაცია არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე და ევროკავშირზე. აქ რუსეთის ფაქტორიც მნიშვნელოვანია. მედვედევისა და სარკოზის ამასწინანდელი შეხვედრისას, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით სარკოზიმ თქვა, - ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ; არ გავხდით იძულებული (არ ვიცი, რამდენად სწორად თარგმნეს ქართულმა ტელევიზიებმა მისი გამოსვლა), სამხედრო ძალა გამოგვეყენებინაო. ეს იმას ნიშნავს, რომ სადღაც, ვიღაც ამაზეც ფიქრობდა. და ეს უკვე ნიშნავს მხარდაჭერას. ჩვენ ეს მხარდაჭერა უნდა გამოვიყენოთ. თუკი ოპოზიცია რუსეთში ირბენს, მაშინ არაფერი გამოვა.
- ქართულ პოლიტიკაში ლევან გაჩეჩილაძის ფაქტორს როგორ აფასებთ?
- საქართველოში ჯერ კიდევ სახალხო პოლიტიკაა მხარდაჭერილი და ამას საზოგადოება უწყობს ხელს. ვფიქრობ, რომ გაჩეჩილაძეს საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს. თუკი პოლიტიკაში მოსვლა გინდა, ამისთვის მეტი შრომა, ანალიზი, ფიქრია საჭირო.
თუკი გაჩეჩილაძე მერის არჩევნებში კენჭისყრას გადაწყვეტს, ამით ის, ჩემი აზრით, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. არ მგონია, კენჭისყრის შემთხვევაში მან 5%-ზე მეტი მოიპოვოს. ის აცხადებს - მე ვიქნები რიგითი ჯარისკაცი, თუკი საზოგადოება მხარს ალასანიას დაუჭერსო. საზოგადოება კი მხარს, როგორც ჩანს, ალასანიას უჭერს. სხვათა შორის, კალათბურთის დარბაზშიც ის ხალხი შეიკრიბა, ვინც მანამდე ჭადრაკის სასახლეში მივიდა. თუკი გაჩეჩილაძე საბოლოოდ გენერლობას გადაწყვეტს, ჯარისკაცობისთვის მისივე მზადყოფნას ვეღარ გაამართლებს. თუკი ის საკუთარ კანდიდატურას დააყენებს არჩევნებში, ეს მხოლოდ ხელს შეუწყობს იმ ჭორების გაძლიერებას, რაც ბოლო ორი წლის განმავლობში გაჩეჩილაძე-სააკაშვილის ურთიერთობებთან დაკავშირებით ვრცელდება.
2007-ში ყველაფერი ქართულად, დაუფიქრებლად დავიწყეთ და შედეგად შეცდომების მთელი კასკადი მივიღეთ.
ახლა კი, ჩემი აზრით, რამდენიმე პროცესი პარალელურად მიმდინარეობს: ერთი მხრივ, იკვეთება უკმაყოფილო ძალების გადაჯგუფებები; მეორე მხრივ - საერთო ლიდერი; და მესამე - ნაწილი, რომელიც მიმდინარე პროცესებს ფილოსოფიური სიმშვიდით უყურებს. თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. შეიძლება, ვიღაც არ  იზიარებდეს იმ აზრს, რომ ამ ეტაპზე არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას აზრი აქვს, მაგრამ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და  ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილე ძალებს მივეხმაროთ. თუკი ვიტყვით, რომ არჩევნები მაინც ფარსია, არაფერი გამოგვივა. ამიტომ, ყველა ნაბიჯი უნდა იქნას შეფასებული. და შეფასებული უნდა იქნას ყველას მიერ. განსაკუთრებით დამოუკიდებელ ექსპერტებს ვგულისხმობ. თუკი ექსპერტი ხარ, მიდებ-მოდებას თავი უნდა დაანებო.
- ვის გულისხმობთ?
- ყველა პოლიტიკურ ექსპერტს, პოლიტოლოგს, ვინც თავს უფლებას აძლევს, მედიასაშუალებებიდან ხალხს ელაპარაკოს და, თანაც, ელაპარაკოს ისე, თითქოს რაღაც მართლაც მოხდა, მაგრამ ამავე დროს, არაფერიც არ მომხდარა. არც მწვადს წვავენ, არც - შამფურს.

Комментариев нет:

Отправить комментарий