03 апреля, 2011

არჩევანის თავისუფლება

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
15 თე, 2010


ნანა კაკაბაძე: "ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ნამდვილად ვიქნები ჩემს ქვეყანაში"
არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე - ნანა კაკაბაძე ხელისუფლების მხრიდან პირადად მის (შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციის) მიმართ აგორებული შავი პიარის ახალ ტალღაზე საუბრობს.
როგორც ნანა კაკაბაძე თავად აღნიშნავს, ამჯერად მას დაუკავშირდა გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი დიტო იკარაძე. ჟურნალისტს კაკაბაძისთვის უთქვამს, რომ მისი ინფორმაციით, 2009 წლის აქციების დროს, კაკაბაძეს დოლარებითა და ევროებით გატენილი ჩანთა ოფისში მიუტანია და განუცხადებია, რომ ეს თანხა გიორგი რურუამ მისცა - იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, კაკაბაძე მას ხელისუფლებაში დარჩენას პირდებოდა.
რას შეიძლება უკავშირდებოდეს ხელისუფლების მხრიდან მორიგი ცილისმწამებლური ტალღის აგორება "ყოფილი პოლიტმატიმრების" ხელმძღვანელის მიმართ? "მთელ კვირას" ნანა კაკაბაძე ესაუბრება.
- ჩვენი ორგანიზაციის მიმართ ხელისუფლების ზეწოლა დაიწყო "ვარდების რევოლუციის" შემდეგ - ვინაიდან ხმამაღლა ვაცხადებდით, რომ რევოლუციით შეცვლილი ხელისუფლება ქვეყანას კარგს ვერაფერს მოუტანს; მით უმეტეს - ადამიანები, რომლებსაც სხვა ქვეყნიდან დაგისვამენ. ხელისუფალი, რომელიც სხვა ძალის მიერ არის შენს ქვეყანაში წარმოდგენილი, ანგარიშვალდებულებას საკუთარი საზოგადოების წინაშე კი არ გრძნობს, არამედ იმის მიმართ, საიდანაც მისი ძალაუფლება მოდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნებით უნდა იცვლებოდეს და არა რევოლუციით. ბუნებრივია, რომ ხელისუფლება, რომელიც რევოლუციით მოვიდა ჩვენი ქვეყნის სათავეში, ამ პოზიციას დაუპირისპირდა რევოლუციამდეც და რევოლუციის შემდეგაც.
შევარდნაძის ხელისუფლება, თავისი რეპრესიული მექანიზმებით, მაინც უფრო სუსტი იყო - არა იმიტომ, რომ ის უფრო დემოკრატიული იყო, არამედ იმიტომ, რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ის ყოფილი საბჭოთა ხელისუფალი იყო და, შესაბამისად, ქვეყანაში მხარდაჭერა არ ჰქონდა. სააკაშვილის რევოლუციით მოსული ხელისუფლება კი გაცილებით არადემოკრატიული, გაცილებით სასტიკია. მას ჰქონდა განსხვავებული იმიჯი; მისი სახელი გაიგივებული იყო ცვლილებებთან და ახალ მოლოდინებთან. და მოსვლის დღიდანვე ესენი პირდაპირ გადავიდნენ ადამიანების ტერორზე, ზეწოლაზე. მათ გაბედეს ის, რასაც შევარდნაძის ხელისუფლება ვერ გაბედავდა: უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა, დაპატიმრება, ცემა, წამება, ციხეებში წამების ისეთი მეთოდების დამკვიდრება, რომელიც მანამდე ამ ქვეყანაში არ არსებობდა. რაც მთავარია, მათ დაიწყეს ადამიანების მორალური განადგურება - ციხეში თუ ციხის გარეთ - საზოგადოებაში. დაშინებული და ღირსებადაკარგული ადამიანების მართვა ხომ გაცილებით მარტივია.
ბუნებრივია, მათ ბრძოლა გამოუცხადეს სხვაგვარად მოაზროვნეებსაც.
სხვათა შორის, ჯერ კიდევ 2005 წელს "ჰუმან რაითს ვოჩის" წარმომადგენელი თავად შეესწრო ფაქტს, როდესაც ჩვენს ოფისში სატელეფონო ზარის საშუალებით დაგვემუქრნენ - სავარაუდოდ, ხელისუფლებიდან. შემდეგ ამ ორგანიზაციამ საქართველოს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა. ისინი ძალიან დიპლომატიურ ენაზე, მაგრამ გარკვევით მიანიშნებდნენ, რომ "ყოფილ პოლიტმატიმრებს" საქართველოში პრობლემები შეექმნა.
ცოტა ხნის წინ ჩვენი ქვეყანა დატოვა ვახო კომახიძემ - ჟურნალისტმა, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. ის იძულებული გახდა, სხვა ქვეყანაში ეძება თავშესაფარი. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტელევიზია საუბრობს იმაზე, რომ ვახო კარგი ცხოვრების მოყვარული იყო და ამიტომ წავიდა ჟენევაში. 50 წლის ასაკში გაახსენდა, რომ კარგი ცხოვრება ჟენევაში შეიძლებოდა? თუ ასეა, რატომ იძიებდა ისეთ თემებს, რის გამოც შეიძლებოდა მას საფრთხე შექმნოდა? ეს ხომ აბსურდია?
ხელისუფლებამ კომახიძის წინააღმდეგ შავი პიარი ააგორა - რომ ის იყო ქურდი, ბანდიტი, ყაჩაღი; ერთდროულად ცხრა ცოლი ჰყავდა, შვილები კი უპატრონოთა სახლში იყვნენ გაზრდილები.
მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, ვინც ვახო კომახიძის ამბავი სააშკარაოზე გამოვიტანე და პირველმა ვთქვი, რომ ის პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა. მასთან ახლო ურთიერთობა მქონდა, და მეც ვერ ავცდი ზეწოლას ხელისუფლების მხრიდან. მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემ წინააღმდეგ მორიგი ცილისმწამებლური ტალღის აგორებას აპირებდა. მითხრეს, რომ ამას ერთ-ერთი ქალი ჟურნალისტი გააკეთებდა. ამ ადამიანს ადრეც ჰქონდა ჩემ წინააღმდეგ დაწერილი - ცხადია, ნეგატიურ კონტექსტში. მაგრამ ამჯერად ყურადღება არ გამიმახვილებია: ვიფიქრე, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ვახო კომახიძის თემა ასეთი აქტუალური გახდა, ჩემთვის არავის ეცალა.
მაგრამ სულ რამდენიმე დღის შემდეგ დამირეკა "ალიას" ჟურნალისტმა, დიტო ტიკარაძემ და მითხრა, რომ მისი ინფორმაციით, 2009 წლის აქციების დროს, დოლარებითა და ევროებით გატრენილი ჩანთა ოფისში მიმიტანია და მითქვამს, რომ ეს თანხა გიორგი რურუამ მომცა - იმის სანაცვლოდ, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მას ხელისუფლებაში დარჩენას ვპირდებოდი. მან მკითხა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს.
მე მას ვკითხე, ფიქრობდა თუ არა, რომ 21-ე საუკუნეში, როდესაც პლასტიკური ბარათები არსებობს, ოპოზიციის მოსაქრთამი თანხა (რომელიც ათასები და ათი ათასები კი არა, გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო) ადამიანმა ბაზრის ჩანთით ატაროს, თუნდაც, ოფისში. მას, ასევე, ვკითხე: თუკი ვინმე ეტყოდა, რომ ჩემს ოფისში ვიღაცამ ციდან მთვარე ჩამოხსნა და იგი ჩემს მაგიდაზე დევს - მისი აზრით, მას ამაზე უნდა დაეწერა თუ არა. მან მიპასუხა, რომ ეს თემები განსხვავებულია. საბოლოოდ, ვერაფერი მიპასუხა იმაზე, თუ სად დაინახა ლოგიკა თავის შეკითხვაში - თითქოს ფულით სავსე ტომარა ზურგზე მოვიკიდე, ოფისში მოვიტანე, და უცებ დარეკა მაინცდამაინც გიორგი რურუამ; და მე ამ დროს თითქოს ვამბობ, რომ მასთან საიდუმლო შეხვედრა მქონდა.
მოგვიანებით, ტიკარაძემ ისევ დამირეკა და მითხრა, - მივხვდი, რომ ამ ინფორმაციაში ლოგიკა არ არსებობდაო და ამიტომ ამაზე დაწერას აღარ აპირებდა. მან საყვედური გამოთქვა იმის გამო, რომ მე ეს ინფორმაცია გავავრცელე.
- და, რატომ გაავრცელეთ?
- არ მიფიქრია, რომ ჟურნალისტს, რომელიც ამას გააკეთებდა, გააზრებული ექნებოდა, რომ ეს მაინცდამაინც დაკვეთაა და ის ამაზე მუშაობს. არის მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ჟურნალისტი შეიძლება პირდაპირ იყოს დაქვემდებარებული ხელისუფლებაზე და არის მეთოდი, როდესაც ჟურნალისტი აბსოლუტურად არ არის საქმის კურსში და შეიძლება, უბრალოდ, საშუალებად იქცეს. ჟურნალისტზეა დამოკიდებული, თუ როგორ არჩევანს გააკეთებს. ტირაკაძეს სწორედ ეს ვუთხარი - თუკი ის ამაზე არ დაწერს, დაწერს სხვა. რადგანაც მე მან დამირეკა და არა მისმა კოლეგა ქალბატონმა - ვის ზარსაც ველოდებოდი, გამორიცხული არ არის, რომ სხვა ჟურნალისტების მხრიდანაც ჰქონდეს ადგილი მსგავს მცდელობებს.
პირადად მე, ასეთ შემთხვევებში, ჟურნალისტის მიმართ არ ვღიზიანდები: სისუსტეები ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის - ჟურნალისტსაც. მთავარი ის არის, რომ ქვეყნის მმართველობის ასეთი ფორმა, უბრალოდ, განწირულია.
ჩემ მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით მხოლოდ და მხოლოდ განცხადებას ვაკეთებ - მე ყველაფრისთვის მზად ვარ. რევოლუციის პირველ დღეებშიც, როდესაც ჩემ წინააღმდეგ ასევე ძალიან ბინძური კამპანია აგორდა, განვაცხადე: თუ მომკლავთ; ან - დამიჭერთ. სხვა მეთოდით ჩემი გაჩუმება, უბრალოდ, გამორიცხულია.
- როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა, ზეწოლა თქვენი დაპატიმრებით დასრულდეს?
- მოსალოდნელი ყველაფერია, რა თქმა უნდა: დაპატიმრებაც, გაქრობაც. რაც არ არის მოსალოდნელი, ეს არის ის, რომ მე ამ ქვეყნიდან არსად წავალ. ქუჩაში დამხვდებიან, ტელეფონზე დამირეკავენ თუ მედიასაშუალებებით დამწამებენ ცილს - ჩემი ქვეყნიდან ვერავითარ შემთხვევაში ვერ წავალ. მე ვერსად სხვაგან, გარდა ამ ქვეყნისა, ვერ ვიცხოვრებ. ციხეში ვიქნები თუ ციხის გარეთ, ნამდვილად ვიქნები ჩემს ქვეყანაში. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვახო კომახიძის წასვლას არ ვამართლებ. ეს მისი არჩევანია.
მე შემიძლია, გავიგო მისი გადაწყვეტილების მიზეზიც - მან შვილების წინაშე აიღო პასუხისგმებლობა და ცხადია, ამ ნაბიჯის გამო არ გავკიცხავ. მაგრამ ვფიქრობ, რომ სამშობლოს ასევე სჭირდება ზრუნვა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით 70-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, ასე ძალიან არასდროს დასჭირვებია ჩვენს ქვეყანას ადამიანები, რომლებიც მასზე იზრუნებდნენ. ამ დროს კი მისი მიტოვება არ მიმაჩნია გამართლებულად.
შავი პიარი, ღვარძლი იმ ადამიანის მიმართ, ვისკენაც იგი არის მიმართული, რა თქმა უნდა, მასში იწვევს გულისტკენას, ტკივილს, უარყოფით ემოციას, ეს კი ძალას გაცლის. მაგრამ როდესაც შენს ცხოვრებაში არჩევანს აკეთებ, ალბათ, ასეთი დარტყმებისთვისაც უნდა იყო მზად. ხოლო ვინც ამისთვის მზად არ არის, ეს დარტყმა მისთვის შესაძლოა, ტრაგიკული აღმოჩნდეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий