03 апреля, 2011

სომხურ-თურქული თამაში ახალი რეგიონული კონტექსტისთვის და კონტექსტსგარეშე დარჩენილი "რეგიონული მაჩანჩალა" - საქართველო

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
11 იან, 2010


"თუკი თურქეთი ევროკავშირის მიღმა რჩება, მაშინ ისახება საზღვარი, რომლის ერთ მხარეს არის ევროკავშირი, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი და თურქეთი. ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რუსეთისა და თურქეთის გავლენის სფეროებად დაყოფისა ან ერთიანი გავლენის სივრცედ გადაქცევის მცდელობას ვერ გამოვრიცხავთ", - "მთელ კვირას" რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა ესაუბრება.
- ოქტომბერში თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ოქმებს ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. ერთსულოვნება კი ამ ინიციატივის მიმართ არც სომხეთში და არც თურქეთში არსებობს, თანაც, აღნიშნული ქვეყნების პარლამენტების მიერ დოკუმენტების რატიფიცირება ჭიანურდება. ეს მხოლოდ პროცედურული ნიუანსია თუ რატიფიცირების ხელისშემშლელი კონკრეტული ფაქტორები არსებობს?
- დრო პოლიტიკაში და კალენდარული დრო ერთმანეთს არ ემთხვევა: "მალე" ერთსა და იმავეს არ ნიშნავს ამ ორ დროით სისტემაში. არაორდინალური პოლიტიკური ნაბიჯის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭიროა, ორივე ქვეყანაში ერთგვარი "მიჩვევის სინდრომი" ჩამოყალიბდეს, შეიქმნას შესაბამისი საზოგადოებრივი აზრი. თურქეთშიც და სომხეთშიც ამ პროცესის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ჯერჯერობით მართლაც არაერთგვაროვანია. სომხეთის მოსახლეობა, უფრო მეტად კი - სომხური დიასპორა, ძალზე მტკივნეულად აღიქვამს გენოციდის თემის პოლიტიკური დეაქტუალიზების პერსპექტივას, რასაც მოიტანს ოქმების რატიფიცირება.
თურქეთში კი, ბუნებრივია, ძლიერია პროაზერბაიჯანული განწყობები. ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხი ფორმალურად არ არის დაკავშირებული სომხურ-თურქული დათბობის თემასთან, რაც შეშფოთებას იწვევს აზერბაიჯანშიც და თურქეთშიც.
მაინც ვფიქრობ, ორივე მხარემ საკმარისად ღრმად შეტოპა იმისთვის, რომ ახლა დაამუხრუჭოს და ციურიხში ხელმოწერილი დოკუმენტების რატიფიცირება დაბლოკოს.
ისიც აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი კონსოლიდირებული საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს: ციურიხში გამართულ ცერემონიას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, ჰავიერ სოლანა - ევროკავშირიდან.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აპრილისთვის თურქეთი და სომხეთი პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენენ. რატომ მაინცდამაინც აპრილისთვის? იმიტომ, რომ აპრილში სომხობა გენოციდის წლისთავს აღნიშნავს. თუ დარჩენილ დროში ოქმები რატიფიცირებული არ იქნება, მაშინ სომხურ მხარეზე რატიფიცირების მოწინააღმდეგეებს დამატებითი არგუმენტი ექნებათ იმისთვის, რათა შესაბამისი პროპაგანდისტული ტალღა ააგორონ - მაგალითად, განხორციელდეს ზეწოლა პრეზიდენტ ობამაზე. თავისი წინასაარჩევნო კამპანის დროს, ობამა შეჰპირდა აშშ-ის გავლენიან  სომხურ დიასპორას, რომ ამერიკა გენოციდის ფაქტს აღიარებს. თუკი აპრილამდე დოკუმენტების რატიფიცირება არ მოხდება, მაშინ ობამას დანაპირების შესრულებას მოსთხოვენ, რაც მკვეთრი თურქული რეაქციის მომასწავებელია; ხოლო თუ მანამდე მხარეები ერთმანეთში მორიგდნენ - პრობლემაც მოიხსნება.
- თქვენ გულწრფელად ფიქრობთ, რომ გენოციდის საკითხი შეიძლება მოიხსნას?
- გენოციდის საკითხი არ იხსნება: ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია სომხურ ცნობიერებაში. სომხური დიასპორის (განსაკუთრებით - დასავლეთში) თვითშეგნების ფუნდამენტი არის გენოციდი. ამიტომ მენტალურ, თუ გნებავთ, მეცნიერულ, ისტორიულ დონეზე ის არ იხსნება. მაგრამ აქტუალური პოლიტიკის თვალსაზრისით, გენოციდი მეორე პლანზე გადაინაცვლებს.
- დასავლეთის მიზანი ჩვენს რეგიონში რუსეთის დომინანტური პოზიციის დასუსტებაა. მაგრამ თურქეთს, რომელიც დასავლეთის ინსტრუმენტია ამ პოზიციის გაუვნებელყოფისთვის, ერთგვარად წინააღმდეგობრივი ურთიერთობა აქვს შტატებთან: თურქეთი ვაშინგტონის მნიშვნელოვანი მოკავშირეა პაკისტანთან, ერაყთან, ზოგადად, ახლო აღმოსავლეთთან და ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ მეორე მხრივ, ის დემონსტრაციულად აქცევს ზურგს ისრაელს. ირანთან დაკავშირებით კი მისი პოზიციები შტატებისთვის მოსაწონი არ არის. ფილიპ გორდონმაც აღიარა, რომ ერდოგანის ზოგიერთი განცხადება ხელს არ უწყობს შტატებისთვის სასურველი საერთაშორისო კონსენსუსის განმტკიცებას. ამ დეტალებს თქვენ რა მნიშვნელობას ანიჭებთ? ასეთი წინააღმდეგობრიობა რეგიონის გეოპოლიტიკურ კლიმატზე როგორ შეიძლება აისახოს?
- მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოში სამხედრო ექსპანსია განახორციელა და ხარისხობრივად გაძლიერდა რუსული სამხედრო პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა. თურქეთი აღმოჩნდა ერთადერთი პლაცდარმი, საიდანაც დასავლეთს შეუძლია, მეტი თუ ნაკლები წარმატებით გაანეიტრალოს რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ყოფნა რეგიონში. მაგრამ თურქეთის დასავლეთის "ინსტრუმენტად" აღქმა გულუბრყვილობაა; მას საკუთარი ამბიციები აქვს და დასავლეთის ინტერესებს გაატარებს იმდენად, რამდენადაც ისინი მის საკუთარ ინტერესებთან იქნება თანხვედრილი.
ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთის საგარეო პოლიტიკურმა აქტიურობამ მკვეთრად იმატა და მრავალგანზომილებიანი გახდა. შემთხვევითი არ არის, რომ ობამას პირველი საგარეო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში სწორედ თურქეთში ჰქონდა. თურქეთმა რეგიონში განსაკუთრებული როლი შეიძინა და დასავლეთი მასზე სერიოზულ იმედებს ამყარებს; მაგრამ ვიმეორებ: თურქეთი საკუთარ თამაშსაც თამაშობს.
ბუნებრივია, თურქეთი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთმა რეგიონში დომინანტური პოზიცია დაიკავოს. სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ თურქულ-სომხური დათბობა, აგრეთვე - თურქეთის გააქტიურება აფხაზეთის მიმართულებით. ახლა თურქეთში მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მისი  ინტერესების წარმოჩენა აფხაზეთში ისე, რომ არც საქართველოს და არც რუსეთის განსაკუთრებული გაღიზიანება არ გამოიწვიონ და, ამავე დროს, ეს ინტერესები ჰარმონიაში იყოს დასავლეთის  სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკასთან.
ჯერჯერობით თურქეთის აქტიურობა რუსულ-თურქული ურთიერთგაგების კონტექსტში მიმდინარეობს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით, კონკურენტული საწყისი აქ უფრო მეტია, ვიდრე - პარტნიორული.
- რას გულისხმობთ?
- დღესდღეობით თურქეთი და რუსეთი ახერხებენ თავიანთი ინტერესების უზრუნველყოფას ისე, რომ ღია კონკურენციაში არ შედიან; მაგრამ, როგორც ჩანს, დადგება მომენტი, როდესაც ამ ინტერესებს შორის ძნელად გადასალახავი წინააღმდეგობები შეიქმნება - მით უმეტეს, თუკი თურქეთი რეგიონში დასავლეთის ინტერესების გამტარებლად მოგვევლინება. გარკვეულ ეტაპზე რუსეთი ალბათ ეჭვიანი გახდება თურქეთის მიმართ და მაშინ შეიძლება ამ ურთიერთობამ უფრო მკაფიო კონკურენციის ხასიათი შეიძინოს.
- თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თუკი თურქეთი რეგიონში დასავლური ინტერესების უზრუნველყოფის საშუალება გახდება, ეს თურქეთ-რუსეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს შექმნის. მაგრამ საუბრობთ იმაზეც, რომ თურქეთი რეგიონში საკუთარ თამაშს თამაშობს და დასავლეთის ინტერესებს ბრმად არ გაატარებს. საბოლოოდ, მაინც როგორ წარმოგიდგენიათ თურქეთის პოზიციონირება?
- თურქეთი, უხეშად რომ ვთქვათ, თავს იფასებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მან გადაწყვიტა და, ალბათ, სამართლიანადაც, მკაფიოდ შეეხსენებინა მსოფლიოსთვის, რომ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დომინანტური პოზიციის გასანეიტრალებლად მხოლოდ თურქეთის პლაცდარმი არსებობს. გარდა ამისა, ცნობილია მისი სწრაფვა ევროკავშირში წევრობისკენ. ახალ რეალობაში თურქეთი დასავლეთს ასეთი გზავნილით მიმართავს: "თუ არ გინდათ, რომ სამხრეთი კავკასია რუსეთს ჩააბაროთ, მაშინ ჩვენი ევროინტეგრაციული ინტერესებიც გაითვალისწინეთ".
ამავე დროს, საყურადღებოა, რომ თურქეთმა დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგა, ერთი მხრივ, ირანის მიმართულებით; მეორე მხრივ კი, იდილია,  რომელიც წლების განმავლობაში სუფევდა თურქეთისა და ისრაელის ურთიერთობებში, ახლა დარღვეულია. ასე, რომ თურქეთმა თავისი პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით გაააქტიურა და ბუნებრივია, მისმა ფასმაც აიწია: გამოდის, რომ თურქეთის გარეშე ვითარების დალაგება ვერ ხერხდება.
- საქართველო რა რესურსით ხვდება რეგიონში დაწყებულ ახალ გეოპოლიტიკურ პროცესს? და აქვე: რა შეიძლება შეიძინოს მან ამ პროცესიდან და რა შეიძლება დაკარგოს?
- აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა. ტალიავინის კომისიის დასკვნით, თავისი წილი ბრალეულობისა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში დაეკისრა საქართველოსაც; ნატო-ს საკითხი ამ ეტაპზე პრაქტიკულად მოიხსნა დღის წესრიგიდან; დასავლეთის თვალში შეილახა ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში საიმედო პარტნიორის იმიჯი. სწორედ ამიტომ არის ახლა თურქეთი დასავლეთის ერთადერთი პლაცდარმი რეგიონში. დასავლეთში ბევრმა დიდი დაგვიანებით აიხილა თვალი იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში წლობით გროვდებოდა. როცა ნატო-ს ბუქარესტის სამიტი ახლოვდებოდა, საქართველო ჯერ კიდევ რეგიონის ფლაგმანად აღიქმებოდა ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ამჟამად ვითარება კარდინალურად შეიცვალა. საქართველოს მიმართ "პერსონალური" ინტერესი მკვეთრად შემცირდა. ახლა დასავლურ პოლიტიკაში კვლავ მძლავრობს რეგიონული მიდგომა, რომლის არსი ასეთია: "თქვენ - სახრეთკავკასიელებს - ერთიანობაში მოგიაზრებთ. დაგვანახეთ, რომ შეგიძლიათ თქვენი პრობლემების მოგვარება; თუკი შესაბამის უნარს გამოავლენთ, კვლავაც დაგეხმარებით; აი, თქვენ - აღმოსავლური პარტნიორობა (რომელიც რას ნიშნავს, ჯერჯერობით არავინ იცის). თუ ივარგეთ - ხომ კარგი; თუ არა და, საკუთარ თავს დააბრალეთ"... საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ დღეს ვართ ერთ-ერთი სამი სახელმწიფოთაგანი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო უარეს შემთხვევაში - რეგიონული მაჩანჩალები. და ასეთებად დავრჩებით, თუკი ახალ რეალიებს ფეხს არ ავუწყობთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ აზერბაიჯანის მიმართ დასავლეთის ინტერესი სტაბილურია და იგი არსად გაქრება - იმიტომ, რომ იქ არის ნავთობი და გაზი. პრობლემები, რომლებიც აზერბაიჯანში არსებობს პოლიტიკური პლურალიზმის, უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით, მეორე პლანზეა გადაწეული. დასავლეთისთვის მთავარი ის არის, რომ აზერბაიჯანი ევროპის ბაზარზე ენერგორესურსების სტაბილური მიმწოდებელი იყოს.
სომხეთის მიმართ კი გაჩნდა სერიოზული ინტერესი სწორედ თურქულ-სომხური ურთიერთობების დარეგულირების კონტექსტში - სომხეთი ზემოხსენებულ უნარს ამჟღავნებს. და თუკი ეს ურთიერთობები დარეგულირდება, მაშინ სომხეთი გამოვა იზოლაციიდან და შეიძლება მისი, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მიმართ გარკვეული პერსპექტივები გაჩნდეს. დასავლური ფინანსური დახმარებაც არ დააყოვნებს, ხოლო საქართველოს შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით ფაქტობრივად ამოწურულია.
რაც შეეხება საქართველოსთვის მოსალოდნელ პირდაპირ დანაკარგებს: სომხეთში ტვირთნაკადის 70%-ზე მეტი საქართველოს ტერიტორიის გავლით მიდის. ამ ვითარებას იყენებდა საქართველო და ეს აისახებოდა სომხეთისთვის დაწესებულ სატრანზიტო განაკვეთებზე და ჩვენს შემოსავლებზე. როცა სომხეთ-თურქეთის საზღვარი გაიხსნება, ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან წილს თურქეთი აიღებს, რაც შესაბამისად შეამცირებს ჩვენს შემოსავლებს.
თუმცა, მატერიალური დანაკარგები ჩვენთვის რაღაც კრიტიკულ დონეს მაინც არ მიაღწევს. სამაგიეროდ, გარღვევა თურქულ-სომხურ ურთიერთობებში აამაღლებს უსაფრთხოების ხარისხს სამხრეთ კავკასიაში. აზერბაიჯანის მხრიდან სამხედრო აქცია სომხეთის მიმართ (ყარაბაღთან დაკავშირებით) პრაქტიკულად გამოირიცხება: ნორმალიზებული თურქულ-სომხური ურთიერთობების პირობებში ომი უპერსპექტივო ხდება აზერბაიჯანისთვის და სამხედრო გზით ყარაბაღის პრობლემის მოგვარების საკითხი პრაქტიკულად მოიხსნება დღის წესრიგიდან. შესაბამისად, არც ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან ნავთობ და გაზსადენებს დაემუქრება უშუალო საფრთხე, თუკი, ცხადია, ჩვენი ხელისუფლება მორიგ უგუნურებას არ ჩაიდენს.
ჯამში კი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ხვედრითი წილი ეკონომიკურ დანაკარგებს გადაფარავს.
და კიდევ ერთი: სომხურ-თურქული დათბობის პროცესს იმდენად მაღალი დონის მხარდაჭერა აქვს (ეს დასაწყისშივე აღვნიშნე), რომც გვინდოდეს, ჩვენ მას ხელს, უბრალოდ, ვერ შევუშლით: ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობები აქ ნულს უახლოვდება. ამიტომაც კარგად უნდა გავიაზროთ ჩვენი როლი და ადგილი ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ახალ რეალიებში.
- თქვენ ზემოთ აღნიშნეთ, რომ ახლა ჩვენი რეგიონის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება ასეთია: "თქვენ - ყველა ერთად". როგორ შეძლებენ, მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი, ყარაბაღის პრობლემა ისე მოგვარდეს, რომ ახალი რეგიონული ფორმატის ჩამოყალიბებას ამ ფაქტორის არსებობით ხელი არ შეეშალოს?
- თურქულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებისა და ყარაბაღის კონფლიქტის თემები ერთმანეთისგან მოწყვეტით არ უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთ-სომხეთის "საგზაო რუკასა" და ციურიხის ოქმებში ყარაბაღის კონფლიქტი პირდაპირ ნახსენები არ არის, თურქეთის ხელმძღვანელობა ყველგან, სადაც კი ხელეწიფება, დაბეჯითებით იმეორებს, რომ თურქულ-სომხური ურთიერთობის ნორმალიზება არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი ივიწყებს აზერბაიჯანის ინტერესებს, ყარაბაღის კონფლიქტის თემას. თურქეთი, გარდა იმ ფუნქციისა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, იმავდროულად, თურქულენოვანი სამყაროს გამოკვეთილი ლიდერია. ამიტომ იგი თავს აზერბაიჯანის მიტოვების უფლებას ვერ მისცემს. მეორე მხრივ, ეს მის ინტერესებში არც შედის - ენერგომატარებლებთან დაკავშირებული პროექტები მას აზერბაიჯანთან ძალზე სერიოზულად კრავს. თავის მხრივ, აზერბაიჯანმაც ღიად მიანიშნა თურქეთს, რომ თუ ის სომხეთთან ურთიერთობას ცალმხრივად გააღრმავებს (ისე, რომ აზერბაიჯანის ინტერესებს გვერდზე გადადებს), ამან შეიძლება თურქეთს უარყოფითი შედეგები მოუტანოს ენერგომატარებლების მიწოდებისა და ფასის თვალსაზრისით.
საზღვრების გახსნას სრულიად სხვა დონეზე აჰყავს თურქულ-სომხური ურთიერთობები. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს ავტომატურ რეჟიმში მოჰყვება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, ყარაბაღის მიმართულებაზეც დინამიკას გააჩენს.
ძალიან აქტუალურია ყარაბაღის გარშემო შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დეოკუპაციის საკითხი. ვისაც როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საკუთრივ ყარაბაღის მიმართ, ამ რაიონებთან დაკავშირებით აზრთა სხვაობა არ არსებობს: ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილება. ცოტანი თუ ეჭვობენ, რომ სომხეთს, ადრე თუ გვიან, მოუწევს ამ რაიონებიდან გასვლა. ვფიქრობ, რომ ციურიხის დოკუმენტების რატიფიცირების შემდეგ გარკვეული მოძრაობა ყარაბაღის მიმართულებით აუცილებლად დაიწყება, თუმცა პირველი პროცესი აშკარად წინმსწრები იქნება მეორესთან შედარებით.
როგორც ჩანს, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა, ისევე, როგორც თავის დროზე - ლევონ ტერ-პეტროსიანმა, დაინახა, რომ სომხეთის მთელი რესურსის მიმართვა ომით მოპოვებულის მთლიანად შენარჩუნებაზე, სტრატეგიული თვალსაზრისით, წამგებიანია. შეუძლებელია, ქვეყანა მუდმივად ომისთვის მზაობის პირობებში ცხოვრობდეს, მასზე უფრო მდიდარ მეზობელთან გამალებული შეიარაღების რეჟიმში იმყოფებოდეს; ეს ფიტავს ქვეყნის ეკონომიკას და, გარკვეულწილად, ინტელექტუალურ მარაგსაც.
იმ ფონზე, როცა წლების განმავლობაში აზერბაიჯანში უწყვეტ ნაკადად მიედინება ნავთობ და გაზ-დოლარები, სომხეთს სამხედრო პარიტეტის შენარჩუნება სულ უფრო უჭირს. სამხედრო პარიტეტის საკითხი კი, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების კონტექსტში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩაიკეტა საქართველოს ჩრდილოეთი სახმელეთო საზღვარი, რუსეთისთვის დაიხურა საქართველოს საჰაერო სივრცე. ასეთ ვითარებაში სომხეთი თავისი ჯარის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნების პრობლემის წინაშე დადგა: საქართველოს გავლით ის რუსეთიდან სამხედრო დანიშნულების ტვირთებს ვერ იღებს, არადა სომხეთი ე.წ. "ოდეკაბეს" წევრია, რუსეთი კი - მისი მთავარი სამხედრო პარტნიორი. მას ალტერნატიული გზების ძიება სჭირდება: წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც ჩაკეტილია გზა საქართველოდან, ჯარი კი ყოველდღიურ მომარაგებას საჭიროებს... სხვათა შორის, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზაც არის განლაგებული, რომელიც იგივე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ესეც ხომ არ არის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის ლოიალობისა თურქულ-სომხური დათბობის მიმართ?
როგორც კი დაირღვევა სამხედრო პარიტეტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პირველის სასარგებლოდ, ომის წინაპირობა შეიქმნება. და რაკი ახლა ეს ომი არ იწყება, ე.ი. პარიტეტი შენარჩუნებულია, ხომ? და რა გზებით?
- და საიდან შეიძლება, ახლა სომხეთში სამხედრო მომარაგება შედიოდეს?
- ამ საკითხში ჩახედული არ ვარ, მაგრამ რუკაზე კაგად ჩანს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს გამორიცხვის პირობებში გზა თურქეთზე გადის. არსებობს მეორე გზაც - ირანიდან, მაგრამ ეს ძალიან შორი მარშრუტია.
- როგორ შეიძლება ამ ახალ რეგიონულ კონტექსტში ჩამოყალიბდეს ურთიერთმიმართება ერთი მხრივ, სომხეთსა და რუსეთს შორის და, მეორე მხრივ, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის?
- თურქულ-სომხური დათბობის თემას ძალზე დამაინტრიგებელ შტრიხს ჰმატებს ამ პროცესის მიმართ რუსეთის კეთილგანწყობა. რა არის რუსეთის ინტერესი მაშინ, როცა აშკარად იკვეთება რეგიონში თურქეთის გაძლიერების ნიშნები? ეტყობა, რუსეთს მაინცდამაინც არ ეშინია სომხეთის დაკარგვის. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სომხეთი, რომელმაც თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზება შეძლო, მაგრამ პროთურქული სომხეთის წარმოდგენა განჭვრეტად მომავალში შეუძლებელია: გენოციდთან დაკავშირებული განცდა მენტალობიდან არ აორთქლდება. ამიტომ სომხეთის, როგორც მოკავშირის დაკარგვის საფრთხეს რუსეთი ვერ ხედავს.
გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ინდუსტრიული ობიექტი სომხეთში რუსული კონტროლის ქვეშ არის. რისთვის სჭირდება რუსეთს ლოკალური სომხური რკინიგზა, თუ მას გარესამყაროსთან კავშირი არ  აქვს? აზერბაიჯანის მიმართულება ჩაკეტილია, საქართველოს გავლით რუსეთს ვერ დაუკავშირდები (აფხაზეთის მონაკვეთი ჩაკეტილია), თურქეთთან საზღვარიც - ჩაკეტილი. რაკი შეიძინეს სომხური რკინიგზა, ხომ ჯობს, რომ იგი მაქსიმალურად ამუშავდეს? თურქეთთან და მისი გავლით კი სერიოზული ტვირთბრუნვის განხორციელება შეიძლება (ბოსფორის ქვეშ სარკინიგზო გვირაბი შენდება). ასევე, რუსულ ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ირანიდან სომხეთში შემომავალი გაზსადენის გაგრძელება თურქეთის მიმართულებით. ასე რომ, რუსეთი გარკვეულ ხეირსაც შეიძლება ელოდოს ამ ვითარებაში.
არის სხვაგვარი ვარაუდიც: რუსეთი ახლა ხელდაკრეფილი ზის, აკვირდება თურქულ-სომხური დაახლოების პროცესს და თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭების მოლოდინშია. ეს კი გაზრდის აზერბაიჯანის მასზე დამოკიდებულების ხარისხს. მაგრამ ესეც მხოლოდ ვარაუდია. ჯერჯერობით ვერსად, ვერავისგან მივიღე მკაფიო პასუხი იმაზე, თუ კონკრეტულად რას ელის რუსეთი ამ თამაშისგან.
- თქვენი აზრით, რამდენად არის შესაძლებელი, დასავლეთი დამარცხდეს ამ რეგიონულ თამაშში და ჩვენი ზონიდან გასვლა მოუწიოს?
- ემზადე უარესისთვის - ასეთია პასუხისმგებლიანი პოლიტიკის პრინციპი. დასავლეთი ზოგადად და, კერძოდ, აშშ ახლა თავისი ძლიერების ზენიტში არ არიან. ვერც ერაყის, ვერც ავღანეთის კამპანიები წარმატებად ვერ ჩაითვლება; ახლო აღმოსავლეთში კვანძის გახსნას პირი არ უჩანს; ირანის ბირთვულ პროგრამას ვერ აჩერებენ; პაკისტანში მდგომარეობა გაუარესდა და ახლა კიდევ იემენის თემაც გაჩნდა; ჩრდილოეთ კორეა პერიოდულად რაკეტების გაშვებით ერთობა, ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის შედეგები ჯერაც არ არის დაძლეული და გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემები სულ უფრო აქტუალური ხდება. ამგვარ ვითარებაში ვერც საქართველო და ვერც მთლიანად რეგიონი მსოფლიო პოლიტიკის ყურადღების ცენტრში ვერ მოექცევა.  2008 წლის აგვისტოში (რუსული ტანკები მაშინ ჯერ ლამის მთელ საქართველოში დაგრუხუნებდნენ) თურქეთის პრემიერი ერდოგანი მოსკოვში ჩავიდა და იქ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და თანამშრომლობის თურქული პლატფორმა გაახმოვანა. მართალია, მასში პრინციპულად ახალი არაფერი იყო, მაგრამ ეს იყო თურქეთის მკაფიო განაცხადი რეგიონში პროაქტიური პოლიტიკის გატარებაზე. ნიშანდობლივია, რომ ეს ინიციატივა მოსკოვში გახმოვანდა, ვაშინგტონმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. ყოველ შემთხვევაში - ამ ფაქტზე ვაშინგტონის რეაგირებას წინ დამაფიქრებელი პაუზა უსწრებდა. ამან წარმოშვა ეჭვი: ხომ არ მზადდება რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგება სამხრეთ კავკასიაში გავლენის სფეროების დანაწილების თაობაზე? მარტივი დასანახია: თუკი თურქეთისთვის ევროკავშირის კარები მაგრად ჩარაზული დარჩება (გაიხსენეთ თუნდაც სარკოზის განცხადება, რომ თურქეთს არაფერი ესაქმება ევროკავშირში), მაშინ მისი  ენერგია ბუნებრივად მიემართება აღმოსავლეთისა და სამხრეთისკენ. ასეთ შემთხვევაში კი სამხრეთ კავკასიაში თურქეთისა და რუსეთის ინტერესები შეიძლება თანხვედრილი აღმოჩნდეს.
- რას გულისხმობთ? თურქეთისა და რუსეთის შესაძლო ურთიერთთანხმობას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი გავლენის გავრცელებაზე?
- თუკი თურქეთი ევროკავშირის მიღმა რჩება, მაშინ ისახება საზღვარი, რომლის ერთ მხარეს არის ევროკავშირი, ხოლო მეორე მხარეს - რუსეთი და თურქეთი. ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რუსეთისა და თურქეთის გავლენის სფეროებად დაყოფისა ან ერთიანი გავლენის სივრცედ გადაქცევის მცდელობას ვერ გამოვრიცხავთ.
- მაგრამ თქვენ ზემოთ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობაში არსებულ კონკურენტულ და არა პარტნიორულ საწყისზე საუბრობდით.
- კონკურენტული ელემენტები პოლიტიკაში ყოველთვის შენარჩუნებულია. მაგრამ დასავლეთიდან გარიყვის (თურქეთი) და მისგან ნებაყოფლობითი დისტანცირების (რუსეთი) ფონზე ლოგიკურად გაძლიერდება ორი დიდი და ამბიციური სახელმწიფოს ერთობლივი ინტერესი მათ შორის მდებარე შედარებით მცირე და ჩაკეტილი სივრცის მიმართ. ისიც გავიხსენოთ, რომ თურქეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები განუხრელად ვითარდება: აქ ინტერესთა თანხვედრა უკვე არსებობს. და შესაძლებელია, მოიძებნოს რაღაც მოდუსი, როცა სამხრეთ კავკასიაში რუსეთისა და თურქეთის თანხვედრილი ინტერესები უფრო მეტ სფეროს მოიცავს (ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები, შიდა უშიშროების საკითხები და სხვ). ამ სცენარის წარმოდგენა, რომელიც ჩვენი რეგიონის ევროპისგან მოწყვეტას ნიშნავს, სამწუხაროდ, შესაძლებელია, ხოლო მისი თავიდან აცილება - აუცილებელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий