05 апреля, 2011

ოპოზიციონერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ლევან გაჩეჩილაძემ ისინი "პლენში აიყვანა"...

"რეზონანსი"
3 აპრილი, 2010


ადგილობრივი არჩევნების წინ ოპოზიციური სპექტრის წიაღიდან ოპოზიციური თანხმობის იდეა ისევ უცნაურად წამოტივტივდა. ამჯერად იგი სოზარ სუბარმა და ლევან გაჩეჩილაძემ წამოაყენეს. 1 აპრილს, ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში მათ განაცხადეს, რომ ოპოზიციური თანხმობის მისაღწევად 3 აპრილიდან პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებენ.
როგორც ჩანს, "ალიანსის" თანათავმჯდომარე სუბარი, "ახლებისა" და "რესპუბლიკელების" მსგავსად, ალასანიასთვის ანგარიშგასაწევი ძალა აღარ არის. სარწმუნო წყაროს ცნობით, სუბარმა ალასანიასთან მიმართებით შენიშვნა გამოთქვა იმის გამო, რომ ალიანსის ლიდერი პოლიტიკურ სივრცეში ისევ პრაქტიკულად მარტო (მხოლოდ საკუთარ პარტიასთან ერთად) ამჯობინებს, იმოძრაოს. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ალასანიამ სუბარის (და, როგორც ჩანს, ასევე სხვა, პარტნიორი კოლეგების) პრეტენზიებს ასე უპასუხა: მართალი ხართ, მაგრამ რა ვქნა, ჩემი პარტიის წევრებს მუშტი რომ დავარტყა, პარტია დამეშლებაო.
როგორც ჩანს, სოზარ სუბარი ალასანიას სწორედ ამ პოზიციამ გააღიზიანა და ლიდერისგან მისი ჩაძირვის საფრთხე დაინახა. ალბათ, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მისი განაცხადი, რომელიც ასევე, "მაესტროს" საშუალებით გახმოვანდა: მან თქვა, რომ ვინმეს იდეის ხელაღებით უარყოფა არ შეიძლება; რომ აპირებს, ყველას მოსაზრება მოისმინოს და განიხილოს. შენიშნა ისიც, რომ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ალიანსში გაწევრიანების დროს ფიქრობდა, რადგან ზოგმა ამბიცია არ დათმო.
ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სუბარმა, სწორედ საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, ლევან გაჩეჩილაძის პერსონა წამოატივტივა. გაჩეჩილაძესაც ხომ სხვა არაფერი სურდა: ის, თავის მხრივ, ამბობს, რომ "ძლიერი იარაღია შეთანხმებისთვის". ახლა ის აცხადებს, რომ უარს ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატობაზე და მზად არის, უარი თქვას მერის არჩევნებში მონაწილეობაზეც, თუკი გამარჯვების ერთიანი ფორმულა დაიდება. როგორც ჩანს, ჩვენ დღემდე არ ვიცოდით ლევან გაჩეჩილაძის ფასი ქართულ პოლიტიკაში...
წყაროს ცნობით, სუბარი-გაჩეჩილაძის ახალი ტაქტიკის სათავეებთან, მათთან ერთად, სუბარის გუნდის წევრი - ვასილ მაღლაფერიძე მოიაზრება.
საინტერესოა, რა იცოდა ირაკლი ალასანიამ მისი თანაგუნდელების ამ ტრიუკის შესახებ, ვიდრე იგი საჯაროდ გახდებოდა ცნობილი: სუბარი-გაჩეჩილაძის "მაესტროზე" საუბრის დროს ის უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში.
ასე რომ, "ალიანსს საქართველოსთვის" კიდევ უფრო შეუდგა წყალი. საინტერესოა, შეძლებს თუ არა აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება, ასეთი შიდა კრიზისის ფონზე, საკრებულოში თუნდაც გარკვეული წარმომადგენლობით შეღწევა მოახერხოს. თუმცა, გაცილებით მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ლევან გაჩეჩილაძე - ამჯერად, სოზარ სუბარისა და მისი გუნდის წყალობით - ისევ "ცოცხლდება". გაჩეჩილაძის რეანიმაცია (თუნდაც, ამის მცდელობა), როგორც ჩანს, უკვე დიაგნოზია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების პერსპექტივის დასანახად.

Комментариев нет:

Отправить комментарий