"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
2 აგვისტო, 2010
"მაშინ, როცა დასავლეთი კონსოლიდირებული არ არის, სხვები ძლიერდებიან"
"ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის, ისრაელ-პალესტინის გადაუწყვეტელმა პრობლემებმა აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ამერიკის საგარეო პოლიტიკა წარმატებული არ იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ფარიდ ზაქარია წერს წიგნს პოსტამერიკულ მსოფლიოზე - იმ მსოფლიოზე, სადაც აშშ აღარ არის წესრიგის განმსაზღვრელი. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობები სულ უფრო აიძულებს ადამიანებს, იფიქრონ, საით მივდივართ და რას ნიშნავს მსოფლიო, სადაც აშშ-ს ზესახელმწიფოს სტატუსი აღარ აქვს", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა.
- რა მნიშვნელობას ანიჭებთ ბოლო დროს თბილისში დასავლელი პოლიტიკური ლიდერების ვიზიტებს აგვისტოს ომის შემდგომი "დიპლომატიური ჩავარდნის" შემდეგ?
- აგვისტოს ომიდან სააკაშვილის ოცდაორთვიანი იზოლაციის შემდეგ დასავლეთმა საჭიროდ ჩათვალა, დაედასტურებინა, რომ საქართველო და მთლიანად, რეგიონი, სადაც ჩვენი ქვეყანა მდებარეობს, მისი ინტერესების მიღმა არ დარჩენილა. ძალაშია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ დეკლარირებული არაღიარების პოლიტიკა; ჰილარი კლინტონმა მკვეთრი ტერმინებიც კი გამოიყენა რუსეთთან დაკავშირებით. იმავდროულად, ჩემი აზრით, დასავლეთის მხრიდან ეს ნაბიჯი მაინც საქართველოს მიმართ დამოკიდებულების ხარისხობრივი შეცვლის ფონზე მოხდა. იქ მიიჩნევენ, რომ საქართველოში დემოკრატიულ გარღვევასთან (ანუ - ევროპული ფასეულობების გათავისებასთან) დაკავშირებული ოპტიმიზმი წარსულს ჩაბარდა. დღის წესრიგიდან მოიხსნა საქართველოს ნატო-სა და, მით უფრო, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები. ახლა ყალიბდება ურთიერთობის ასეთი ფორმატი: დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც ევროპული სტანდარტების სივრციდან შორს რჩება და ამ ეტაპზე მას მხოლოდ კონკრეტულ-პრაგმატული დანიშნულება აქვს - ენერგორესურსებისა და მათი ტრანსპორტირების კუთხით. შესაბამისად, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ სტაბილურობა შენარჩუნდეს, რათა აზერბაიჯანიდან გადინებული ენერგორესურსები დანიშნულების ადგილამდე მივიდეს.
ამიტომაც დასავლეთში ბევრი უკვე ღიად აღიარებს, რომ რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო აზერბაიჯანია. საქართველოსგან განსხვავებით, არავის ჰქონია ილუზიები ამ ქვეყნის სწრაფ და შეუქცევად დემოკრატიზაციასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, პრეზიდენტი ალიევი ენერგონაკადის დასავლეთის მიმართულებით უპრობლემოდ მიწოდებას უზრუნველყოფს. პასუხად ალიევს (შესაბამისად - აზერბაიჯანს) ისეთად ღებულობენ, როგორიც ის არის და გადაჭარბებულ თავსატკივარს ადამიანის უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით არ უქმნიან.
ახლა ასეთივე დამოკიდებულება ყალიბდება საქართველოს მიმართაც. საქართველოში დემოკრატიული გარღვევა ვერ მოხდა; ვერც ქართული ეკონომიკური სასწაული შედგა; "სამაგიეროდ", სააკაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგაც კი შიდაპოლიტიკური სტაბილურობის ასე თუ ისე შენარჩუნება მოახერხა. საქართველოში ადამიანის უფლებები, თავისუფლებები, დემოკრატიულობის ხარისხი და სხვა ამგვარი დღეს დასავლეთისთვის აქტუალური აღარ არის.
ასე რომ, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა, პრაქტიკულად, დერეფნის ფუნქციამდე დაიყვანება.
- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი ქვეყანაში სტაბილურობას მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს. ის კი ბოლო დროს ისევ იქცევს ყურადღებას მილიტარისტული რიტორიკით. ამ კონტექსტში მისი უახლესი იდეა ყველა სოფელში სამხედრო ნაწილის შექმნას ეხება. თქვენ ამ ტენდენციაში საფრთხეს აღარ ხედავთ?
- ჩემი აზრით, ეს რიტორიკა ჯერჯერობით მაინც ვერ უახლოვდება იმ დონეს, რომელიც ქვეყანაში 2006, 2007, 2008 წლებში იყო. მაშინ დასავლეთმა ამას წაუყრუა და შედეგად ომი მივიღეთ. იმედია, ამჯერად არ წაუყრუებს და ქვეყნის სრული დეზინტეგრაციის საფრთხესაც გააუვნებელყოფს. საქართველოს მიმართ არაოფიციალური სანქციები ხორციელდება კიდეც: არათუ შეტევითი ხასიათის იარაღს არ გვაძლევენ, საერთოდ, იარაღის მიღება საკმაოდ გართულებულია.
თუმცა, საქართველოს არაპროგნოზირებადი ხელისუფლება მუდმივად ქმნის რისკების ალბათობას. შესაძლოა, დასავლელმა ლიდერებმა სააკაშვილი ბოლო ვიზიტების დროს გააფრთხილეს კიდეც; ყოველმხრივ სახიფათო იდეა სოფლებში შეიარაღებული რაზმების შექმნის თაობაზე კი სააკაშვილმა ამ ვიზიტების შემდეგ გამოთქვა. მიჭირს, გავყვე სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ლოგიკას, თუმცა ამ წამოწყებაში უფრო ძალაუფლების ნებისმიერი ხერხით შენარჩუნებისკენ (მოქალაქეების კიდევ უფრო მეტად დაშინებისაკენ) დასახულ ნაბიჯს ვხედავ, ვიდრე მორიგ სამხედრო ავანტიურას.
- მაგისტრალური გაზსადენი ხელისუფლებამ საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხიდან ამოიღო. პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოს ამან რა შედეგი შეიძლება მოუტანოს?
- ჩემთვის უცნობია, ამ გადაწყვეტილებას რა უდევს საფუძვლად და ვისი ძალისხმევითაა იგი მიღებული. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს გზებს რუსეთთან კონტაქტების დასამყარებლად. ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა-ნორმალიზებისკენ სვლას მას ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის განწყობა აიძულებს, მაგრამ შესაძლოა, დასავლეთიც (ევროპა - პირველ რიგში) აქეთკენ უბიძგებს. არ მგონია, ამ მილსადენის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ან ირანმა გამოიჩინონ. თუკი ვინმე ასეთ ინტერესს გამოიჩენს, ეს, ცხადია, რუსეთი იქნება. გარკვეული (ლოკალური ხასიათის) ინტერესი, სავარაუდოდ, სომხეთსაც გააჩნია. გაზსადენი შეიძლება ერთგვარი "მსხვერპლის გაღება" იყოს რუსეთისთვის, ანუ მოხდეს ეკონომიკურ-პოლიტიკური გარიგება, რომლის შედეგად ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რაღაცა უკეთესობისკენ შეიცვლება.
- რის ფასად?
- კითხვაც ეს არის. ჩვენ დღემდე ისიც კი არ ვიცით, რა გარიგება მოხდა "ენგურჰესთან" დაკავშირებით. თუკი საქართველოში უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის ვექტორმა მიმართულება იცვალა. საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში წამყვანი პოზიციები არა დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის ქვეყნებმა - რუსეთმა, თურქეთმა, ყაზახეთმა, სპარსეთის ყურის არაბულმა სახელმწიფოებმა დაიკავეს. ამავე კონტექსტში ნიშანდობილივია ისიც, რომ დასავლეთისგან საქართველოს იზოლაციის პერიოდში ირანთან ფლირტსაც კი ჰქონდა ადგილი. ევროპასთან სათანადო დაახლოება ვერ შედგა; ამის ნაცვლად მიმდინარეობს დაახლოება იმათთან, ვინც მზად არის, დააბანდოს ფული ისეთ საქართველოში, როგორიც დღეს გვაქვს; ვისაც არ აღელვებს საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი არჩევნების პრობლემები, ელიტარული კორუფცია, ჩრდილოვანი ეკონომიკა და ზოგადად, სახელმწიფოს ძალმომრეობა. შემთხვევითი არაა, რომ საქართველოს "კავკასიის შვეიცარიად გადაქცევის პროექტი" ხელისუფლებამ სინგაპურად გადაქცევის პროექტით ჩაანაცვლა.
- რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ირანთან უვიზო რეჟიმის შემოღებამ?
- ვიცი, რომ სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც შეშფოთებულები იყვნენ ირანის მხრიდან ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ცალმხრივად შემოღებით. იგი აადვილებს ადამიანთა გადაადგილებას და ჰუმანიტარული, კულტურული, საგანმანათლებლო ხასიათის კონტაქტების გააქტიურების გარდა, იმპულსს აძლევს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსაც. შესაბამისად, ეს კომპლექსი ხელს უწყობს კონკრეტული ქვეყნის პოზიციების განმტკიცებასა და გავლენის ზრდასაც.
აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით, საქართველოს არ აქვს უშუალო საზღვარი ირანთან, რაც უვიზო რეჟიმის პოტენციალს აქვეითებს. ზოგადად კი ირანის გააქტიურება ასე შეიძლება აიხსნას: იგი არ აპირებს, გულხედაკრეფილი იჯდეს და მშვიდად უყუროს იმას, თუ როგორ იზრდება სამხრეთ კავკასიაში რუსული და თურქული გავლენა; ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში (ბრძოლაში გავლენის სფეროებისათვის) ირანსაც სურს მონაწილეობის მიღება.
- ამ ვითარებაში თურქეთის როლს როგორ აფასებთ? როგორ პოზიციონირდება იგი რეგიონში?
- საკუთრივ თურქეთში და მის გარშემოც პროცესები ძალიან დინამიურად ვითარდება. ამ ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული, ერთი შეხედვით, პროგრესული ცვლილებები; შესწორებული კონსტიტუცია უკვე გამორიცხავს ჯარის სამოქალაქო საქმეებში ჩარევის ლეგიტიმურ შესაძლებლობას, რაც არაერთგზის მომხდარა წარსულში, მაგრამ რისი განხილვაც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით კონტექსტში ამ კონკრეტული ქვეყნის შემთხვევაში შეუძლებელია. გარდა ამისა, ევროკავშირში გაწევრიანება კვლავ დგას თურქული პოლიტიკის დღის წესრიგში, მაგრამ რაკი ამის მიღწევის პერსპექტივა დღემდე ვერ გამოიკვეთა, თურქეთმა, როგორც ჩანს, გეგმა "ბე" აამუშავა. იგი ცდილობს, ევროპის წინაშე თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს მის გარეშეც არხეინად გაძლებს და საკმარისი შესაძლებლობები აქვს, რათა, სულ მცირე, მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშე გახდეს. ეს რეგიონი კი ძალიან დიდ არეალს მოიცავს: სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა - "დიდი ახლო აღმოსავლეთი" - ცენტრალური აზია.
თურქეთის საგარეო პოლიტიკა საკმაოდ შემტევი გახდა: მან საყურადღებო ნაბიჯები გადადგა ერაყის კამპანიასთან დაკავშირებით; დემონსტრაციულად მოახდინა ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება ისრაელთან. რაც უფრო ფუჭდება თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა, მით უფრო უმჯობესდება ურთიერთობა ირანთან. მართალია, მათ შორის სერიოზული ისტორიული და მენტალური პრობლემები არსებობს, მაგრამ პოლიტიკაში ინტერესთა თანხვედრა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ასეთი მკვეთრი და სწრაფი გაუარესება, რა თქმა უნდა, დამატებითი თავის ტკივილია შეერთებული შტატებისთვის. ცნობილია, თუ რამდენად ძლიერია ებრაული ლობი ამერიკაში. ამიტომ, ვფიქრობ, ჯერჯერობით კვანძის გახსნის კი არა, კვანძის შეკვრის პროცესი მიმდინარეობს. აქედან კი მარტივი გამოსავალი შეერთებული შტატებისთვის ნამდვილად არ ჩანს. გაიხსენეთ: ობამას ერთ-ერთი პირველი საგარეო ვიზიტი სწორედ თურქეთში შედგა, რაც იმის მიმანიშნებელია, თუ რამდენად უღირს აშშ-ს ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება თურქეთთან.
სხვა თუ არაფერი - თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და მისი სამხრეთი ფლანგის მთავარი დასაყრდენი, რაც, ბოლოს და ბოლოს, იმავე ისრაელის უსაფრთხოებასთანაა უშუალოდ დაკავშირებული.
სავარაუდოდ, თურქეთს თავისი გავლენის გასაძლიერებლად ქვეგეგმებიც აქვს; სამეცნიერო წრეებიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მისული დავითოღლუ ნამდვილად შემოქმედი პოლიტიკოსია. ამ ვითარებაში ჩვენთვის მეტად სასურველია, საქმე იქამდე არ მივიდეს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი გარიგება მოხდეს მთლიანად კავკასიისა და, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის თაობაზე. არსებობს სხვა საფრთხეც: თურქეთის დასავლეთით გაწბილებამ არ გამოიწვიოს მისი უფრო სწრაფი გადახრა ისლამისტური მიმართულებით.
- ირანის თემას დავუბრუნდეთ: შტატები და ევროკავშირი იმედოვნებენ, რომ განახლდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკისა და ისრაელის სამხედრო ძალები ირანის მიმართულებით ახდენდნენ მობილიზაციას და რომ ამისთვის საქართველოს საჰაერო გზაც იყო გამოყენებული. რა იცით ამის შესახებ და, საერთოდ, თქვენი დაკვირვებით, რა ვითარება ყალიბდება ირანის პრობლემასთან მიმართებით?
- თქვენ მიერ მოხმობილი ცნობების შესახებ არაფერი ვიცი. დარწმუნებული იმაში ვარ, რომ ისრაელის გენერალურ შტაბში დევს დეტალური გეგმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმის განხორციელებისა; და ეჭვგარეშეა, რომ ასევე ზედმიწევნით გათვლილი გეგმა არსებობს ამერიკის გაერთიანებულ შტაბში. გენერალური შტაბის მთავარი დანიშნულება ხომ სწორედ ასეთი გეგმების არსებობაა.
პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ თუკი ირანს ბირთვული იარაღი ხვალ ექნება, დღეს ისრაელი დარტყმას განახორციელებს. იგი ასე უკვე მოექცა ერაყს. არ ვიცი, როგორ მოხდება ეს ირანთან დაკავშირებით: ამერიკელებთან შეთანხმებით, მათი თანხმობის გარეშე, თუ ამერიკელების წაყრუებით, მაგრამ უდავოა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ბირთვულ იარაღს ირანის ხელში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის ეგზისტენციალური საფრთხე ებრაული სახელმწიფოსთვის. ირანის პრობლემის უმტკივნეულოდ გადაჭრის გზები კი არ ჩანს.
სამხედრო დაჯგუფებების გადაადგილება ზეწოლის (ან იძულების) ხერხიცაა; მაგრამ თუკი სამხედრო ოპერაცია გარდაუვალი გახდება, ეს ორ სამყაროს შორის ომის ტოლფასი იქნება. დასავლეთის წინააღმდეგ ამოქმედდება უზარმაზარი ტერორისტული მანქანა (ნაწილობრივ იგი დღესაც მოქმედებს), რაც გლობალური მასშტაბის კატაკლიზმის მომასწავებელია.
- ზემოთ აზერბაიჯანის მიმართ დასავლეთის ყურადღება ახსენეთ. რამდენიმე ხნის წინ აზერბაიჯანის საკანანომდებლო ორგანომ დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, სადაც მთიანი ყარაბაღი მოხსენიებულია, როგორც ოკუპირებული მიწა, რომლის დასაბრუნებლადაც აზერბაიჯანს შეუძლია, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის - სამხედრო ძალა. საყურადღებოა, რომ "მინსკის ჯგუფის" წევრი ქვეყნები ამ დოკუმენტს მშვიდად შეხვდნენ. აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირებას, თქვენი დაკვირვებით, რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს?
- ასეთი შინაარსის არაერთი გამონათქვამი გვახსოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან: თუკი მშვიდობიანი გზით პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება, აზერბაიჯანი მზად არის, გამოიყენოს ძალა ყარაბაღის დასაბრუნებლად. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ცვლილება არ მომხდარა. კონფლიქტის განახლების რისკი, რა თქმა უნდა, რჩება. სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ მიჩნეულია, რომ ამ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მიერ სამხედრო სფეროში გაწეული ხარჯები მნიშვნელოვანია (მისი სამხედრო ბიუჯეტი უკვე სომხეთის მთლიან ბიუჯეტს უტოლდება), მიახლოებითი სამხედრო პარიტეტი მაინც არსებობს. ანუ, ვითარება ისე და იმდენად არ შეცვლილა, რომ აზერბაიჯანს დღეს წარმატებული სამხედრო ოპერაციის გარანტია ჰქონდეს.
სამხედრო პარიტეტის გარდა, არის სხვა შემაკავებელი ფაქტორებიც: 2008 წლის შემდეგ ომის იდეა კიდევ უფრო ნაკლებად პოპულარული გახდა. ამიტომ, აზერბაიჯანის შეკავების პოლიტიკა დასავლეთის მხრიდან გაგრძელდება.
ყარაბაღის სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემას, ბუნებრივია, ეკონომიკური ქვეტექსტიც აქვს. რამდენიმე წლის წინ კრიზისების მოგვარების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით გამოთქმული იყო პროგნოზი, რომ 2012 წელი კრიტიკული იქნება - იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ამ დროისთვის ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან აზერბაიჯანის შემოსავლები მაქსიმუმს მიაღწევს და ეს იქნება მისთვის ყველაზე ხელსაყრელი მომენტი, რათა ძალისმიერი გზით სცადოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მას შემდეგ, შესაძლოა, აზერბაიჯანის რესურსების გადაფასება მოხდა და კრიტიკული ზღვრის წერტილმაც გადაიწია. იმავდროულად, აზერბაიჯანს სხვა პრობლემებიც აქვს, მათ შორის - კორუფციისა, რაც ჯარსაც ეხება და მის მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ცხადია ისიც, რომ ომი სომხეთთან აზერბაიჯანის აღმავალ ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
- შეერთებული შტატების მთავრობა მიესალმა გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას კოსოვოსთან დაკავშირებით. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს შტატების ასეთი პოზიცია? რატომ წაახალისა მან აღნიშნული გადაწყვეტილება - მით უმეტეს, იმის გათვლისიწინებით, რომ გაჩნდა საფრთხე, ეს გადაწყვეტილება იქცეს პრეცედენტად მსოფლიოში არსებული სეპარატისტული მოძრაობებისთვის.
- ყველა ირწმუნება, რომ კოსოვოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტი არ არის; რომ ეს უნიკალური შემთხვევაა. მაგრამ, ამ მტკიცების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაც და სასამართლოს გადაწყვეტილებაც აგულიანებს და გარკვეულწილად აძლიერებს სეპარატისტების პოზიციებს ყველგან.
კოსოვოს ეპოპეას სხვა მნიშვნელოვანი მხარეც აქვს: მან დაგვანახა, რომ ევროკავშირი, რომელიც "რბილი ძალის" ჩარჩოებში მოქმედებს, ზოგჯერ ვერ წყვეტს პრობლემებს საკუთრივ ევროპაშიც კი. დეიტონის ხელშეკრულების ავტორი ამერიკაა; სერბეთის (მაშინ - ჯერ კიდევ იუგოსლავიის) წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაციაც ამერიკული გადაწყვეტილება იყო; და ის, რაც მოხდა კოსოვოსთან დაკავშირებით, ასევე ამერიკელების პროექტია. გამოდის, რომ ევროპელებს ესმით პრობლემა, წვდებიან მის სიღრმეს, მაგრამ სათანადოდ ვერ მოქმედებენ. ამერიკელები კი გარკვეულწილად ზედაპირებულები არიან, პრობლემის არსს ბოლომდე ვერ წვდებიან, მაგრამ მოქმედებენ. მათი მოქმედება კი ყოველთვის როდია გამართლებული. კოსოვოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება პრეცედენტული ხასიათისა გახდეს.
- განიხილავთ თუ არა ამ კონტექსტში კატალონიაში კორიდის აკრძალვას, რაც კოსოვოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კვალდაკვალ მოხდა?
- კორიდის აკრძალვა კიდევ ერთი საშუალება გახდა კატალონიისთვის საკუთარი განსხვავებულობის დემონსტრირებისა და მადრიდისგან დისტანცირებისთვის. სეპარატიზმი არ ცხრება ბასკეთში, პრობლემებია კორსიკაში; ბელგიაში ეთნიკური ფედერაციის შემაკავშირებელი ფაქტორები არჩევნებიდან არჩევნებამდე სუსტდება. იმ ვითარებაში, როცა დასავლეთი არასაკმარისადაა კონსოლიდირებული; როდესაც, ერთი მხრივ, იგრძნობა განსხვავებები მიდგომებში აშშ-სა და ევროკავშირს შორის, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთრივ ევროკავშირში არ არის ერთიანი და მკაფიო საგარეო პოლიტიკა; როდესაც ევროკავშირის ფორმალურად პირველი პირები მსოფლიოს პოლიტიკაში დიდი ავტორიტეტით ნამდვილად ვერ სარგებლობენ, რუსეთის პოლიტიკამ, მაგალითად, მისთვის სასურველი შედეგი გამოიღო: რუსეთი დღეს უფრო ანგარიშგასაწევია, ვიდრე 2008 წლის ომამდე იყო.
თურქეთიც, ფაქტობრივად, ამ გზას დაადგა. შეიძლება არა ისე უხეშად, როგორც რუსეთი, მაგრამ ისიც წარმატებულად იმკვიდრებს თავს ვრცელ რეგიონში.
მაშინ, როცა დასავლეთი კონსოლიდირებული არ არის, სხვები ძლიერდებიან. ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის, ისრაელ-პალესტინის გადაუწყვეტელმა პრობლემებმა აჩვენა, რომ, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის ამერიკის საგარეო პოლიტიკა წარმატებული არ იყო. აპოკალიფსურ პროგნოზს არ ვაკეთებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქაოსი უფრო გვიახლოვდება, ვიდრე წესრიგი; ჩვენ ვშორდებით მსოფლიო წესრიგს.
- თქვენ აღნიშნეთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა ამერიკამ შვა. მაგრამ რა როლს ასრულებს იგი ასეთი გადაწყვეტილებით მსოფლიო წესრიგის რღვევის პროცესში?
- შემთხვევითი არ არის, რომ ფარიდ ზაქარია წერს წიგნს პოსტამერიკულ მსოფლიოზე - იმ მსოფლიოზე, სადაც აშშ აღარ არის წესრიგის განმსაზღვრელი. როგორც ჩანს, შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობები სულ უფრო აიძულებს ადამიანებს, იფიქრონ, საით მივდივართ და რას ნიშნავს მსოფლიო, სადაც აშშ-ს ზესახელმწიფოს სტატუსი აღარ აქვს.
- შეიძლება თუ არა, კოსოვოს პრეცედენტმა უკვე შეგვიქმნას წინასწარი განცდა იმისა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ვეღარ დაბრუნდებიან ერთიანი საქართველოს სივრცეში?
- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევები კოსოვოსგან მართლაც სიღრმისეულად განსხვავდება. ვითარება ამ კონფლიქტებთან დაკავშირებით ჭადრაკში გადადებულ პარტიას ჰგავს: იგი გაურკვეველი ვადით გადაიდო - იქამდე მაინც, ვიდრე დასავლეთი მათ მიმართ არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს. საჭადრაკო ანალოგიით, ახლა ამ პროცესს აანალიზებენ ყველგან: თბილისში, სოხუმში, მოსკოვში, ბრიუსელში, ვაშინგტონში. ზედმეტად ოპტიმისტურია საუბარი იმაზე, რომ აფხაზებსა და აფხაზეთს აუცილებლად დავიბრუნებთ. ასევე, გაზვიადებულად მიმაჩნია სოხუმის თვითკმაყოფილება საკუთარი დამოუკიდებლობის თაობაზე. ქართულ-აფხაზურ გადადებულ პარტიაში უპირატესობა, ჯერჯერობით, რუსეთს აქვს. ვნახოთ, ვინ ვის რამდენად დასჭირდება. შეიძლება უცნაურად გაიჟღეროს, მაგრამ აფხაზეთისა და ყარაბაღის საკითხების მოგვარების გზებზე გავლენას ირანის პრობლემა ახდენს - ის, თუ რა კონფიგურაციას შექმნიან ამ პრობლემასთან მიმართებით რუსეთი, ევროპა და ამერიკა. სამხრეთ ოსეთს კი მე ამ კონტექსტში არ განვიხილავ. შეიძლება მომავალში დრომ და ვითარებამ მაიძულოს, ამ პრობლემას სხვაგვარად შევხედო, მაგრამ ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა - ეს, უბრალოდ, კარიკატურაა.
Комментариев нет:
Отправить комментарий