"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
31 მაისი, 2010
"საქართველოს მთავრობა რისკავს რისკების დაუთვლელად. ამის გამო კი შეიძლება სერიოზულ ბირთვულ სკანდალში აღმოვჩნდეთ"
"თუკი გაყალბების სერიოზული ფაქტები იარსებებს, გარკვეული მღელვარებაც იქნება: საზოგადოება ქუჩაში გამოვა. მთავარია, რომ იქ ხალხს სწორი მესიჯებით შეიარაღებული ოპოზიცია დახვდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიცია სწორი მიმართულებით წაიყვანს პროცესებს და შეიძლება მიაღწიოს იმასაც, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს" - "მთელი კვირის" შეკითხვებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე პასუხობს.
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ცნობით, ირაკლი ალასანიამ და ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო კოდექსი დაარღვიეს: მათ, წინასაარჩევნო პერიოდში, ფასიანი საჩუქრები გადასცეს საქართველოს მოქალაქეებს. როგორ ფიქრობთ, უნდა მოეხსნა თუ არა ცესკო-ს რეგისტრაცია აღნიშნული კანდიდატებისთვის?
- ეს ფაქტები არ არის გადამოწმებული არც იმ მოქალაქეებთან, ვინც საჩუქარი მიიღო და არც იმ კანდიდატებთან, ვინც იგი გასცა.
- საია-ს არ ენდობით?
- ამ ფაქტებს სერიოზული ექსპერტიზა სჭირდება. და, თუკი კანონის ამოქმედება გახდება საჭირო, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება შერჩევითი არ უნდა იყოს.
- ამას ხაზს რატომ უსვამთ?
- კითხვას დავუსვამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას: სხვებს კანონი არ დაურღვევიათ? არ დაურღვევია გიგი უგულავას? ან - გოგი თოფაძეს? არ გამოვლენილა ასეთი ფაქტი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში? მე არ ვიცი. იქნებ, მითხრან.
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო სუბიექტები ქცევის წესებზე შეთანხმდნენ: მათ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი. თქვენ რა მნიშვნელობა მიანიჭეთ მას?
- კოდექსი ძალიან მნიშვნელოვანი პოსტულატებისგან შედგებოდა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა არ უნდა ხდებოდეს არჩევნებამდე სამი დღით ადრე. ეს შეთანხმება არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე უნდა შემდგარიყო. არჩევნების გაყალბება არ ხდება არჩევნების დღეს. არჩევნების გაყალბება არჩევნების დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე იწყება. სწორედ ამიტომ იყო საჭირო, კოდექსის ხელმომწერ სუბიექტებს გაცილებით ადრე ეზრუნათ ამ საკითხზე, რათა გაყალბების პრევენცია შესაძლებელი ყოფილიყო.
საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი. მაგრამ შიდა პოლიტიკურ ინსტიტუციებს, საზოგადოებრივ ჯგუფებს ასეთი ინტერესი არ აქვთ. სწორედ ამის გამო დაეხარჯა ამდენი დრო ევროკავშირსა და გაერო-ს აღნიშნული კოდექსის მომზადებისა და მისი წახალისებისთვის; ამიტომ მოატანა კოდექსზე ხელმოწერის თარიღმა, ფაქტობრივად, არჩევნების დღემდე, თორემ ამაზე რომ თავად ეზრუნათ საარჩევნო სუბიექტებს და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაშინ პროცესი სხვაგვარად წავიდოდა.
- თქვენ როგორი არჩევნების მოლოდინი გაქვთ?
- ვფიქრობ, რომ თუკი არჩევნები დემოკრატიული არ იქნება, მაშინ საქართველო თავად განაცხადებს თანხმობას, მის მიმართ იზოლაციონისტური პოლიტიკა გაგრძელდეს: საქართველო კიდევ ერთხელ უბიძგებს დასავლეთს, მას ზურგი შეაქციონ. ყველა, ვინც ხელს უშლიდა არჩევნების დემოკრატიულად წარმართვას, პრაქტიკულად, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის გაგრძელების წამახალისებელი იქნება.
- 26 მაისს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები მტკიცეა, როგორც არასდროს"; ევროპული ინტეგრაცია კი "პროგრესირებს და შეუქცევად ხასიათს იღებს". ხოლო პრეზიდენტმა ობამამ სწორედ 26 მაისის მისალოც წერილში აღნიშნა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიულ მოკავშირეებად რჩებიან და ერთად უპირისპირდებიან დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს. ამაზე რას იტყვით?
- შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციის მიერ საქართველოსთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია დღევანდელ ადმინისტრაციას არ უარუყვია. ბუნებრივია, შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. სტრატეგიული პარტნიორობა კი ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში არსებულ ყველა გამოწვევაში ჩვენ თანამოაზრეები უნდა ვიყოთ და, შესაბამისად, ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ.
- ავღანეთსა და ერაყში ქართული ჯარების ყოფნა გულისხმობს თუ არა, თქვენი აზრით, შტატების ადმინისტრაციის ინტერესს, საქართველოში დემოკრატიული პროცესი განვითარდეს?
- თუკი ასე არ არის, მაშინ რა პრინციპზე შეიძლება იდგეს ეს სტრატეგიული პარტნიორობა? ქვეყნის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, ან, თუნდაც მხოლოდ მილიტარისტული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობას ნიშნავს? დღეს საქართველოზე უკეთესი შეიარაღებული ძალები ჰყავს ძალიან ბევრ ქვეყანას, მაგრამ ისინი ამ ოპერაციებში არ მონაწილეობენ. საქართველომ კი განაცხადა (დეკლარაციის დონეზე), რომ იგი შტატების სტრატეგიული პარტნიორია; ამერიკამ კი საქმით აჩვენა, რომ იგი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში შეერთებული შტატებიდან საქართველოში წამოსული ასიგნებებით.
- მაგრამ - 2008 წლის აგვისტო?
- ევროკავშირიც და შეერთებული შტატებიც იყვნენ ის ძალები, რომლებმაც რუსეთის მზარდი აგრესია შეაჩერეს.
- თქვენ არ იზიარებთ ჩვენს ქვეყანაში უკვე არაერთხელ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებას შტატების ადმინისტრაციიდან უბიძგებდნენ, ცხინვალში შესულიყო?
- ამას გამოვრიცხავ. შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბ-ნი ბასი ბოლოდროინდელ ინტერვიუებში პირდაპირ ამბობს, რომ შეერთებული შტატების პოლიტიკას განსაზღვრავს მისი ადმინისტრაციის განცხადებები და არა ცალკეული პოლიტოლოგებისა და ანალიტიკოსების რჩევები. ჩვენ ეს კატეგორიები ერთმანეთში გვერევა ხოლმე. გაიხსენეთ კონდოლიზა რაისის ვიზიტი აგვისტოს ომამდე ერთი თვით ადრე; მანამდე - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის - შტაინმაიერის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. ქართულ საზოგადოებას დასავლეთის მიმართ გამოყენებითი დამოკიდებულება გვაქვს. გვინდა, რომ მან უპირობოდ დაგვიჭიროს მხარი, მასთან ღირებულებით ერთობას კი ვერ ვგრძნობთ. ჩვენ იმიტომ უნდა ვიყოთ შეერთებულ შტატებთან ერთად ავღანეთის ან ერაყის ოპერაციაში, რომ მათთან ერთად სერიოზულად ვიაზრებთ საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეს. თუკი ამას ვერ ვიაზრებთ, მაშინ ჩვენი ადგილი იქ არ არის.
თუკი შტატების რომელიმე პოლიტიკოსს დავაყვედრით - ჩვენ რომ ვომობთ თქვენთან ერთად და თქვენ გამო ავღანეთში, ამიტომ თქვენც უნდა იომოთ ჩვენ გამო საქართველოში, - ავტომატურად დავრჩებით მარტო. ასეთმა - ჩარჩულმა პოლიტიკამ იზოლაციამდე მიგვიყვანა. დღეს სწორედ სტრატეგიული პარტნიორები - შეერთებული შტატები და ევროკავშირი - ყველაფერს ცდილობენ, რომ იზოლაციიდან გამოგვიყვანონ და უნიკალურ შანსებს გვთავაზობენ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი ისევ მილიტარიზაციაზე ფიქრობს. და ის აწუხებს, რომ რუსეთმა სამხედრო ემბარგო დააწესა, რის შედეგადაც საქართველო იარაღს მსოფლიო ბაზარზე ლეგალურად ვეღარ ყიდულობს. ევროკავშირი გვთავაზობს თავის სივრცეს, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება კი არ ფიქრობს, როგორ განავითაროს მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი; გამარტივებული სავიზო რეჟიმი.
- სხვათა შორის, სულ ახლახან, სააკაშვილმა განაცხადა: "რამoდენიმე დღეში ევროპასთან ვაწერთ ხელს ვიზების გამარტივების, მერე, ორ წელიწადში, უვიზო მიმოსვლა გვექნება და გვექნება თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან".
- ჩვენ ამაზე ბევრად ადრე უნდა გვქონოდა ხელი მოწერილი. ეს პროცესი კი გაჩერდა. თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე ძალიან დიდხანს ევაჭრებოდა საქართველოს მთავრობა ევროკავშირს ელემენტარულ საკითხზე - იმაზე, რომ ქვეყანაში ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა არსებობდეს. ყველაფერს აკთებდა ე.წ. ბენდუქიძის ჯგუფი, რათა ეს არ მომხდარიყო. ბოლოს, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, ანტიმონოპოლიური სამსახური აღედგინა, თუმცა, აღადგინა ისე, რომ მისი დებულება არ დაწერა. ძალიან ცინიკური იყო ჩემთვის ბენდუქიძის გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრის - თამარ კოვზირიძის (ახლა ის პრემიერ-მინისტრ გილაურის მრჩეველია) კომენტარი: დღეს ხომ აღვადგინეთ ეს სამსახური? სექტემბერ-ოქტომბერში მის დებულებას დავწერთო. ეს არის მცდელობა, მოატყუო ევროკავშირი. ის კი არ ტყუვდება - არც პოლიტიკურ და არც ბიუროკრატიულ კონტექსტში. ევროპა მზად არის, გაამარტივოს ჩვენს ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი იმ შემთხვვევაში, თუკი საქართველო არ იქნება სხვა ქვეყნებიდან ემიგრაციული ტალღის გამტარი. ამ მოლაპარაკებების პროცესში კი ამბობ, რომ უნდა გახსნა საზღვარი ირანთან და მასთან პრაქტიკულად უვიზო რეჟიმი დააწესო.
- რას მოიტანს, თქვენი აზრით, ირანთან საზღვრის გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობის ასპექტში?
- დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმზე მოლაპარაკების პროცესი რაღაც ეტაპზე შეჩერდება. ევროკავშირს დასჭირდება დრო, რათა კარგად დაინახოს, რის გამო აკეთებს ამას საქართველოს მთავრობა.
- რა შეიძლება შეცვალოს ირანთან საზღვრის გახსნამ საქართველო-შტატების ურთიერთობაში?
- როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, სტრატეგიული ინტერესებიც უნდა გავიაზროთ. და სერიოზულად ვიფიქროთ იმ პირობებზე, რომელშიც დღეს შეერთებული შტატები და ირანი იმყოფებიან. საქართველოსა და ირანს შორის უვიზო რეჟიმი შეიძლება შეერთებულ შტატებთან ჩვენს ურთიერთობაზე მაინცდამაინც მკვეთრად არ აისახოს, თუ, რა თქმა უნდა, ამ რეჟიმს არ მოჰყვება სხვა ტიპის საფრთხეები. ყველაზე დიდი საფრთხე კი არის უკონტროლო სივრცე ბირთვული ნედლეულისთვის, გნებავთ - ნარჩენებისთვის. დღეს ყველაზე მეტად ამის კონტროლს ცდილობენ შეერთებული შტატები და ევროპა. შენ კი ამ დროს საზღვრებს ხსნი. და შეიძლება აღმოჩნდე სატრანზიტო სივრცე - მით უმეტეს, მეორე მეზობელი - რუსეთი - ასევე, ბირთვული სახელმწიფოა; გარკვეული ენერგეტიკული რესურსის მქონეა სომხეთიც. ასეთ ვითარებაში მეტი სიფრთხილეა საჭირო. მაგრამ საქართველოს მთავრობა რისკავს. რისკავს რისკების დაუთვლელად. და ასეთი უსისტემობის გამო შეიძლება ჩვენი ქვეყანა სერიოზულ ბირთვულ სკანდალში აღმოჩნდეს. მით უმეტეს, თავად მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა ამას წინათ გამართულ ბირთვულ სამიტზე, რომ თურმე საქართველოშიც თავისუფლად შემოდის ბირთვული ნარჩენები და გამდიდრებული ბირთვული ელემენტები, მაგალითად, რუსეთიდან. სად არის გარანტია, რომ იგივიე არ მოხდება ირანიდანაც? იმ პრობლემებით, რომელიც ობიექტურად არ გაწუხებს, თავი ძალით არ უნდა აიტკივო.
- 26 მაისის სამხედრო აღლუმზე სააკაშვილმა თქვა, - ქართული არმიის მარშისა და სამხედრო ტექნიკის ხმა არ არის იარაღის ჟღარუნი, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა არისო. იზიარებთ მის შეხედულებას?
- რამდენიც უნდა იძახოს სააკაშვილმა, რომ აღლუმზე საქართველოს სახელმწიფოებრიობის გულის ფეთქვის ხმა ისმოდა, სამხედრო აღლუმი - ეს მილიტარიზაციის სარკეა. მილიტარისტული პოლიტიკა შენი სახელმწიფოს პოლიტიკის ხერხემლად მიგაჩნია და თანახმა ხარ, ამისთვის დემოკრატიული ინსტიტუციები გაწირო. ამიტომაც შემთხვევით არ დგას დღეს ქართულ საზოგადოებრივ დისკუსიებში კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია - დემოკრატია თუ უსაფრთხოება? ხელისუფლება ამბობს: არ მაინტერესებს სასამართლო, ბიზნესი, მედია, განათლების სისტემა. მთავარია, ვიყო ძლიერი, მილიტარისტული სახელმწიფო ასეთივე ცნობიერების მქონე საზოგადოებით. და ჩვენ სწორედ აქ შეიძლება წავაწყდეთ ღირებულებით განსხვავებას დასავლეთთან, რომელსაც, სხვათა შორის, შეიარაღებისა არ უკვირს. იქ მილიტარისტული ძალებიც დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ემსახურება. თუკი მხოლოდ იმისთვის გჭირდება შეიარაღებული ძალები, რომ ამით გარე სამყაროს შენი სახელმწიფოებრივი სახე აჩვენო, იზოლაციაში დარჩები.
- თქვენი აზრით, იყო თუ არა 26 მაისს გამართული აღლუმი ქართული საზოგადოების გამოწვევა?
- პრობლემა ის არის, რომ ეს სამხედრო აღლუმი, უბრალოდ, კალენდარულად დაემთხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კვირას. უმჯობესი იქნებოდა, ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც უფრო თავდაჭერილი ყოფილიყო; თავად პრეზიდენტიც, და მილიტარისტული განწყობა სარჩევნო კვირაში არ გადმოეტანა. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით პოლიტიკურ ოპოზიციას ძალიან საღი პოზიცია ჰქონდა; ხელისუფლებას კი არ ეყო გონიერება, საზეიმო ღონისძიებაზე, საპატიო ლოჟაში პოლიტიკური ოპოზიციაც ყოფილიყო წარმოდგენილი. არმია ყველასია.
- აღლუმზე სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე - "ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩენილი თავდადებისთვის; ქართული პარტიოტული ახალგაზრდობის საუკეთესო სახით წარმოჩენისთვის (სტილი დაცულია - ავტ); და როლანდ ახალაია - 70-იანი წლების შემდეგ კორუფციასთან, უკანონობასთან და მაფიასთან ხმალამოღებული, თავდადებული ბრძოლისთვის". თქვენი დაკვირვებით, შეიძლება თუ არა, ეს ქართული საზოგადოებისთვის გამოწვევა აღმოჩნდეს?
- ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს არის ცინიზმი. საზოგადოებაში კი იგი უფრო მეტ ირონიას იწვევს. ყველაზე არაპატრიოტული განცხადება, რაც აგვისტოს ომის დროს მოვისმინე, სწორედ ეკა ზღულაძის სახელს უკავშირდება: "დამშვიდდით, თბილისელებო, ტანკებმა ორჭოსანთან გადაუხვიეს". ხოლო, რამდენად ხმალამოღებული იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, კანონიერებისა და სამართლიანობისთვის როლანდ ახალაია 70-იანი წლებიდან, ეს დამატებითი მოკვლევის თემაა. სწორედ ამ ჯილდოს გადაცემის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, პირადადაც გამოვითხოვო და ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდო, არქივიდან გამოითხოვონ ის საქმეები, რომლებზეც პროკურორი როლანდ ახალაია იყო. 2001 წელს მან მაშინდელ გენერალურ პროკურორს განცხადებით მიმართა, რომ თურმე პროკურატურა კორუფციაში ჩაიხრჩო. და, როდესაც ის ზუგდიდის პროკურორის თანამდებობიდან გადააყენეს, უცებ პოლიტიკურ მოძრაობაში - "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდა. ხოლო, როგორც კი "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ხელისუფლებამ პირველი საკადრო ცვლილება სწორედ ახალაიათი დაიწყო: ის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორად დანიშნა; მისი ვაჟები კი დღემდე რჩებიან მაღალ თანამდებობებზე. სამწუხაროდ, 80-იანი წლების გენერალური პროკურორი ვახტანგ რაზმაძე აღარ არის ცოცხალი. თუმცა, არიან სხვა პროკურორები. შეგვიძლია, მათი მოსაზრებებიც მოვისმინოთ იმ საქმეებზე, რომლებზეც ახალაია იყო პროკურორი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება დაგვაჯერო, რომ ხმალამოღებული იბრძოდი სამართლიანობისთვის 70-80-იანი წლების პროკურატურაში?!
სხვათა შორის, ქ-ნმა ლანა ღოღობერიძემ უარი თქვა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მიღებაზე. პაატა ბურჭულაძე და ნანი ბრეგვაძე კი იმ რიგში აღმოჩნდნენ, სადაც პრეზიდენტის ორდენს არიგებდნენ. რა მოხდა? რა შეიცვალა განწყობებში; დამოკიდებულებებში; ფასეულობებში? დარწმუნებული ვარ, ქართული კულტურის ძეგლების გადარჩენის საქმეში ნიკა ვაჩეიშვილმა მართლაც დიდი წვლილი შეიტანა, მაგრამ, თუ ასეა, რატომ მოხსნეს ის მინისტრის თანამდებობიდან?
ახლა იმ კითხვებს ვსვამ, რომლებიც საზოგადოებაში მოვისმინე. და ვფიქრობ, რომ ეს ლეგიტიმური კითხვებია; ხელისუფლებამ კი მასზე პასუხი უნდა გასცეს. ამ ორდენების ჩამორიგებით ჩვენ კონკრეტულ დამოკიდებულებებს ვამჟღავნებთ.
უმაღლესი საეკლესიო ჯილდო, რომელიც პატრიარქმა როლანდ ახალაიას რამდენიმე თვის წინ, ზუგდიდში გადასცა, ასევე ბადებს კითხვას - რა დამსახურებისთვის? ახალაიას ორი უმაღლესი ჯილდო - საერო და საეკლესიო - აქვს მიღებული. ვინ არის ასეთი ეს როლანდ ახალაია? რა მოვლენაა ის ქართული სახელმწიფოსთვის, ერიც და ბერიც რომ აღიარებს? მისგან, როგორც კანონიერების დამცველისგან, არ მომისმენია არანაირი განცხადება; მეტიც, არანაირი ქმედება ზაზა გოროზიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამსახურის უფროს გუნავას მიმართ (სხვებს რომ თავი დავანებოთ), რომლებიც 3 მაისს მესტიის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ. კონკრეტული კრიმინალია ჩადენილი, და მხარის პროკურორს სისხლის სამართლი საქმეც კი არ აღუძრავს. საერთოდ, ეს არის საქართველოში ყველაზე ჩაკეტილი მხარე ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით. და თუ ეს არის ახალაიას დამსახურება...
- თუკი არჩევნების შედეგები გაყალბდება, თქვენი აზრით, ხალხი ქუჩაში გამოვა?
- თუკი გაყალბების სერიოზული ფაქტები იარსებებს, გარკვეული მღელვარებაც იქნება: საზოგადოება ქუჩაში გამოვა. მთავარია, რომ იქ ხალხს სწორი მესიჯებით შეიარაღებული ოპოზიცია დახვდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური ოპოზიცია სწორი მიმართულებით წაიყვანს პროცესებს და შეიძლება მიაღწიოს იმასაც, რომ ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების ჩატარება აიძულოს.
- ეს თქვენი სურვილია თუ მართლაც შესაძლებელია მოვლენების ასე განვითარება?
- იმედი მაქვს, რომ მოქალაქეებს ქუჩაში ასეთი ოპოზიცია დახვდება.
- რამდენიმე დღის წინ ოქრუაშვილმა განაცხადა, - არ მაქვს პოლიტიკური ამბიცია. ჩემი ერთადერთი სურვილია საქართველოში დაბრუნება და სააკაშვილის რეჟიმის მოცილება. არჩევნები რომ იძლეოდეს ამის სასშუალებას, მე ამას გამოვიყენებდიო. რას შეიძლება ნიშნავდეს მისი ეს მესიჯი?
- მე ვცდილობ, რომ ეს პოლიტიკოსი დავივიწყო. ის, რაც შეეძლო ირაკლი ოქრუაშვილს, უკვე გვაჩვენა. ყველა, ვინც ცდილობს მოსინჯოს ქართული საზოგადოების სიმტკიცე და მას საჯილდაო ქვად აჯანყება შესთავაზოს, არ არის დაინტერესებული, ქართულმა სახელმწიფომ დასავლურ სამყაროში თავი თანასწორუფლებიან პარტნიორად იგრძნოს. ეს ხელისუფლებასთან უნისონში მოქმედების მცდელობაა.
- სხვათა შორის, ბათუმის განვითარებაზე საუბრისას სააკაშვილმა თქვა: ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ. სხვებმა რამდენიც უნდა გვაკრიტიკონ, მთავარია, ფეხებში არ გაგვებლანდონ მშენებლობის დროსო. როგორ გესმით ამ განაცხადის მნიშვნელობა?
- ეს შემდეგი ტიპის მუქარაა: "რასაც მე ვაკეთებ, ემსახურება ამ ქვეყნის განვითარებას, მის მომავალს, და თქვენ ამას ვერ გაიგებთ. ხელი არ შემიშალოთ. თუკი შემიშლით, თავებს წაგაცლით". მსგავს განცხადებებს აკეთებდნენ სხვადასხვა ეპოქის მოდერნიზატორები. განსხვავება კი ის არის, რომ მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტული გეგმა. სწორედ ამ გეგმაზე იყო დავა 20-30-იანი წლების თურქეთში - ათათურქის მმართველობის დროს. იგივეს ამბობდა პინოჩეტი ჩილეში, 70-იან წლებში. თუკი საქართველოს ხელისუფლება იტყვის, რა ტიპის მოდერნიზაციას ახორციელებს, მაშინ ამას ან გაიგებს საზოგადოება, ან - დაუპირისპირდება. მაგრამ საქმეც ის არის, რომ ეს თავად არ აქვთ გააზრებული. ჩვენ ვსაუბრობთ 21-ე საუკუნის მოდერნიზაციაზე. და, თუ მთლიანად გამოვრიცხეთ დემოკრატია, როგორც ინსტიტუცია, მაშინ ჩავთვალოთ, რომ მივდივართ დიქტატურისკენ. და შეიძლება, არანაირი კეთილი მიზანიც კი არ არსებობდეს მის გასამართლებლად - თუნდაც ისეთი, როგორც, მაგალითად, პინოჩეტს ჰქონდა: ახალი ჩილეს კონცეფცია. ხოლო ფრაზას - "ვისაც გვჯერა, გავატარეთ!" - 18 წლის წინ ამბობდა ჯაბა იოსელიანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий