"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
18 იანვარი, 2010
ლევან ბერძენიშვილი: "ხვალ სააკაშვილის ადგილი ირაკლი ალასანიამ რომ დაიკავოს, ჩვენი საზოგადოება არც მის მიმართ იქნება კრიტიკული"
"მილოშევიჩს თავის ქვეყანაში უმაღლესი ლეგიტიმაცია ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი მსოფლიოს, ის საბრალდებო სკამზე დაესვა. ახლა მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ ვინ დასვამს სააკაშვილს სკამზე - ქართველი ხალხი თუ მსოფლიო. ხელისუფლების აქციები დაეცემა არამარტო ისე, როგორც ეს ახლა ვლინდება ოფიციალურ დონის მიწვევების შეწყვეტის სახით, არამედ სხვა თვალსაზრისითაც..." - "მთელ კვირას" ლევან ბერძენიშვილი ესაუბრება.
- "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერები აცხადებთ, რომ თუკი ადგილობრივი არჩევნები არ გაყალბდება, მასში ხელისუფლების დამარცხებას შეძლებთ. რა გაძლევთ ასეთი განცხადების გაკეთების საფუძველს მაშინ, როცა ყველა სოციოლოგიური კვლევა გიგი უგულავას ერთმნიშვნელოვან უპირატესობაზე მიუთითებს?
- დიახ, კვლევების მიხედვით გიგი უგულავას აქვს უპირატესობა, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ ოპოზიციური ხმების მობილიზებას. ანგარიშგასაწევი ძალები ოპოზიციიდან ჯერჯერობით აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუკი ისინი არჩევნებში მართლაც არ ჩაერთვებიან და ჩვენ მათი ელექტორატის მობილიზებას შევძლებთ, გავიმარჯვებთ. ასეთ შემთხვევაში გიგი უგულავას თავისი 30%, უბრალოდ, არ ეყოფა. თუ ამას ვერ შევძლებთ, ბუნებრივია, წარმატება ძნელი წარმოსადგენი იქნება.
- თქვენ და "კონსერვატორებს", საჯარო განცხადებებიდან გამომდინარე, გეტყობათ, რომ ერთმანეთზე განაწყენებული ხართ. ალიანსის ლიდერებს იმედი გქონდათ, რომ თქვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევდით საერთო კანდიდატთან დაკავშირებით. რა ვერ გაიყავით? როგორ ფიქრობთ, მათთვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი რომ დაგეთმოთ, მაინც ვერ დაიყოლიებდით ალასანიასთვის საერთო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე?
- "კონსერვატორებს" ჰკითხეთ: იყვნენ ამაზე თანახმა? მე ვერ გავიგე, მათ რა უნდოდათ. ჩვენ მათ ვთავაზობდით თანათავმჯდომარეობას ალიანსში და, საერთოდ, ისეთივე როლს, რაც ალიანსში რესპუბლიკელებს გვაქვს. გული ნოღაიდელისკენ თუ მიუწევდათ, უნდა ეთქვათ. შეიძლება, ძალიან მტკივნეულია, რომ ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ პრაიმერის იდეას. მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საერთო კანდიდატზე შეთანხმება მაინც მოვახერხოთ.
- მაისამდე მცირე დრო დარჩა.
- საკმარისი დრო არის იმისთვის, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანდიდატის იმედი გვაქვს. მას აქვს ზრდის პოტენციალი. როცა ის აქტიურ მოქმედებას დაიწყებს...
- და როდის უნდა გააქტიურდეს? ექსპერტები უკვე შენიშნავენ, რომ თქვენ კაბინეტებში ჩაიკეტეთ და აქვე, თბილისშიც არ ხვდებით საზოგადოების წარმომადგენლებს. ეს ხომ მნიშვნელოვნად შეცვლიდა ვითარებას?
- ვეთანხმები ექსპერტებს, მაგრამ საქართველოში 19-20 იანვრამდე პოლიტიკურ აქტიურობას აზრი არ აქვს. ეს ქვეყანა სამი კვირის განმავლობაში აღნიშნავს ახალ წელს.
- მაგრამ სწორედ ამ დღეებში გიგი უგულავა არ გაჩერებულა; არც - სააკაშვილი. მიგაჩნიათ, რომ ამ აქტივობას აზრი არ ჰქონდა?
- ეს მათ არაფერს შესძენდა; უფრო პირიქით. სააკაშვილმა გურიაში სპექტაკლი დადგა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვეგონა, რომ ეს მეტაფორა იყო. შემდეგ გაირკვა, რომ ის პროფესიონალ მსახიობებს შეხვედრია. სხვათა შორის, დაკვირვებული თვალი თავიდანვე შეამჩნევდა: კუპატი ბევრი ეკიდა, გურიაში კი, ოჯახში რამდენი კუპატი აქვთ, ყველას გვაქვს ნანახი. ახლა მთელი გურია სიცილით კვდება ამ სპექტაკლზე.
უგულავა გამოჩნდა პოპულარულ ტელეშოუში, რომლითაც ამ ტელეშოუს მიმართ მაყურებელს კითხვები გაუჩინა. ჩვენ მახიობები იმიტომ კი არ გვიყვარს, რომ ხელისუფლებას მონურად ემსახურონ. უცხოეთში ასეთ გადაცემაში "დიდი კაცი" რომ გამოჩნდება, ეს მსახიობს რაღაცას ჰმატებს, მაგრამ საქართველოში დიდი კაცი ირაკლი იყო. და სანდრო. და არა უგულავა. ამიტომ, იმ მსახიობებს ვერაფერი შეემატათ.
რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ექსპერტების მოსაზრებას ალიანსთან დაკავშირებით: მათ ვეთანხმები. ამ კრიტიკას ჩვენ მივიღებთ და გავითვალისწინებთ.
- ხელისუფლების რეიტინგი, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა, ისევ დაუბრუნდა ომამდელ ნიშნულს. ეს არაფერს გეუბნებათ იმ ვითარებაში, როცა არჩევნებზე წასვლას აპირებთ?
- ეს ზიარი ჭურჭლის კანონია: შენი დაიკლებს - მისი მოიმატებს (რა თქმა უნდა, არა - მექანიკურად). ცხადია, გვაშინებს ის, რომ ხელისუფლებამ პიარზე მუშაობა ჩვენზე ადრე დაიწყო, მაგრამ როცა პროცესში ჩვენც ჩავერთვებით და ჩვენი პიარი მთელი ძალით ამოქმედდება, იმედი გვაქვს, რომ ის სტატუს-კვო აღდგება, რომელიც ამ თვალსაზრისით ჩვენთვის უფრო სასარგებლო იყო.
- თქვენმა პარტიამ, რომელსაც საკუთარი კვოტა აქვს ცესკო-ში, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის სააკაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. რატომ მოიქეცით ასე მაშინ, როდესაც მაინც მიდიხართ არჩევნებზე და პრაქტიკულად ვერაფერს ცვლით?
- არჩევნებზე მივდივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში მონაწილეობას ვაპირებთ თამაშის იმ წესებით, რომლითაც ხელისუფლება გვეთამაშება. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს წესები მოგვწონს. უბრალოდ, არჩევნებზე უარს არ ვამბობთ. ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი, ჩვენთვის სრულიად მიუღებელი კანდიდატიდან რომელიმე მოვიწონოთ. და მხოლოდ ჩვენ არ გვქონდა ასეთი პოზიცია, სხვათა შორის. თვრამეტი ხმის ნაცვლად, ნული ხმა მიიღეს სამივემ ერთად. წააგეს ექვსით ნული. ან - თვრამეტით ნული. როგორც უნდათ, ისე იანგარიშონ.
ცესკო-ს თავმჯდომარე ხარატიშვილი გახდა - ადამიანი, რომელიც დღიდან დაბადებისა, თანამოღვაწეობს ვანო მერაბიშვილთან. შეგახსენებთ, რომ ბოლო არჩევნებიც მერაბიშვილის მიერ იყო ჩატარებული. სააკაშვილი უკვე თავის მშობელ "თავისუფლების ინსტიტუტსაც" არ ენდობა. ეს არ არის დალხენის ნიშანი. ის მართავს ქვეყანას თუ მერაბიშვილი, უკვე საკითხავია.
პრეზიდენტი შეაშინა არასამთავრობო სექტორის ძალიან სერიოზული გუნდის მიერ შეთავაზებული კანდიდატის არსებობამ. და დაინტერესდა იმ კანდიდატებით, რომლებმაც ორი ხმაც ვერ მოაგროვეს არასამთავრობო სექტორში. ჩვენ ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას: მომავალ გამყალბებელს არ ავირჩევდით. მაგრამ მიუხედავად ამისა, არჩევნებში მონაწილეობას მაინც ვაპირებთ - იმიტომ, რომ ბრძოლის სხვა ხერხს არ ვაღიარებთ.
- საინტერესოა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საჯარო განცხადებებში კმაყოფილებას გამოთქვამდნენ ამერიკელ სენატორთან, ჯონ მაკკეინთან შეხვედრების გამო. რა მნიშვნელობას ანიჭებთ სენატორის ფრაზას, - საქართველოში ჯანსაღი ოპოზიცია არისო? და საერთოდ, თქვენი დაკვირვებით, რამდენად საინტერესო იყო ამ ეტაპზე ამერიკელი სტუმრებისთვის საქართველოს შიდაპოლიტიკური საკითხები - იმის გათვალისწინებით, რომ მათი მარშრუტი, საქართველოს გარდა, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პრობლემურ სხვა ქვეყნებსაც მოიცავდა?
- ჩემი აზრით, ნიშანდობლივი იყო ერთი მომენტი, სადაც მაკკეინისა და სააკაშვილის სიტყვების შერჩევა ერთმანეთს არ დაემთხვა: სააკაშვილმა სწორედ იმ დროს თქვა, - ოპოზიცია ქუჩაში რომ იდგა, პუტინის დავალებას ასრულებდაო, და ზუსტად ამ ოპოზიციაზე მაკკეინმა თქვა, - საქართველოს ჯანსაღი ოპოზიცია ჰყავსო. გაჩეჩილაძეც იქ იყო, უსუფაშვილიც, და ესენი იყვნენ, ხომ, რომლებიც ქუჩაშიც იდგნენ? სააკაშვილის მოსაზრებით, მაკკეინი იმიტომ ჩამოვიდა, რომ მისთვის მხარი დაეჭირა, ხოლო ოპოზიციის მოსაზრებით, ის ჩამოვიდა იმ მიზნით, რომ სააკაშვილისთვის რქები მოეტეხა.
მაგრამ ჩვენთვის ნებისმიერი სერიოზული ფიგურის ჩამოსვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. ოპოზიციის წარმომადგენლებს დარჩათ შთაბეჭდილება, რომ მაკკეინი მზად აღმოჩნდა, მათი კრიტიკული ტექსტი მოესმინა და სწორად აღექვა. ეს არ არის უმნიშვნელო. ვყოფილვარ ასეთი ტიპის შეხვედრებზე და ვიცი, რომ ხანდახან ლაპარაკობ და ხედავ, რომ კედელს ცერცვს აყრი.
ამერიკელი სტუმრებისთვის კი ამ ვიზიტს საგარეო-პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა.
რაც შეეხება სააკაშვილის ქმედებებს აღნიშნული ვიზიტის განმავლობაში: პისტოლეტის საჩუქრად გადაცემა სახელდახელოდ მოფიქრებულ აქციას ჰგავდა - იმიტომ, რომ მაკკეინმა არაფერი თქვა ისეთი, რითაც სააკაშვილის მხარდაჭერა იქნებოდა გამოხატული. სააკაშვილმა მას აიძულა (თავისი წარმოდგენით), იმ ენაზე ელაპარაკა, რომელიც მომგებიანი იყო ბატონი მიხეილისთვის: მაკკეინს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. საქართველოს სიყვარულისთვის მადლობა რომ უთხრა და რამე წოდება მიანიჭო, არ მგონია, ცუდად მოფიქრებული პიარ-ნაბიჯი იყოს სააკაშვილის მხრიდან. ბუნებრივია, მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ჩვენს ქვეყანას და, რასაკვირველია, მას, ვინც ეს ჯილდო ქვეყნის სახელით გადასცა. და მიშასაც ეს უნდოდა. აი, პისტოლეტი კი ვერ იყო კარგად მოფიქრებული - იმიტომ, რომ მთხრობელმა აშკარად იცრუა: ვიეტნამის ომში ოფიცრები პირტიტველა 18 წლის ბიჭები კი არა, გამოცდილი ჩეკისტები იყვნენ. საინტერესოა ისიც, რაც სააკაშვილმა ამ "ამბავს" მოაყოლა: ახლა სამიტი მექნება, ჩემთან ხუთი პრეზიდნეტი ჩამოვაო. ხუთი კი არა, არც ერთი ჩამოვიდა. მოკლედ, არ სცეს პატივი. და სამიტიც სასწრაფოდ ჩამოლაბორანტდა.
სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ხალხი სულელია. გურიის სპექტაკლიც სწორედ ამაზე მეტყველებს. ვიდრე ქართველი ხალხი ასეთ რაღაცებს დაიჯერებს, ის ასეთ მმართველს დაიმსახურებს.
სააკაშვილის პრეზიდენტობა უკვე ისეთ პროცედურაში გამოიხატება, როგორიც არის გამოლოცვა. ჩვენს ხალხს რომ ჰკითხო, ძალიან რელიგიურია, მართლმადიდებელი; წარმართულ რიტუალში მონაწილე პრეზიდენტი კი რეიტინგს მაღლა იწევს!
- ამასობაში კი თქვენ ოფისებში სხედხართ. ოპოზიციის მხარდამჭერი ხმები რამდენიმე თვეში განიავდა, და ისინი ისევ ხელისუფლების სასარგებლოდ მიემართება.
- არ მგონია, დღეს მოპოვებულ ხმებს რაიმე ფასი ჰქონდეს, თუკი ის ხვალ ადვილად დაიკარგება. აუცილებლად დავიწყებთ აქტიურ მოქმედებას: ჩვენ შემოდგომა-გაზაფხულის ნაცია ვართ.
გაზაფხულის აქციების შემდეგ იმოქმედა კანონმა: "დამპირდი - არ გამიკეთე - შენი რეიტინგი დაეცემა". ოპოზიციამ ვერ შეასრულა სიტყვა და მისი რეიტინგი დაეცა. ამით ჩვენ ვზარალდებით, მაგრამ მივესალმები ასეთ დამოკიდებულებას. მირჩევნია, ჩემი საზოგადოება იყოს მოგებული და ხვალ მეტი მომთხოვოს, მეტი გამაკეთებინოს. მაგრამ ახლა ამავე საზოგადოებას მოვუწოდებ, გაზარდოს მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ. ოპოზიციას მოსთხოვა და რომ ვერ მიიღო, ხომ ჩამოუწია დროშები? ხელისუფლებამაც არაფერი შეუსრულა, მაგრამ მისი დროშა ჩამოწეული არ არის.
- მიხეილ სააკაშვილმა განათლების სფეროში ახალი ინიციატივები წამოაყენა. მათ მიმართ თქვენი დამოკიდებულება როგორია?
- პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე განათლებაზე ლაპარაკი არ არის. მას ძალიან დიდი უფლებები აქვს, მაგრამ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საგანმანათლებლო სფეროში (ისევე, როგორც ბევრ სხვა სფეროში) სახელმწიფო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს. და რა იცის პრეზიდენტმა ამ სფეროში, ამას ვიზამ, იმას ვიზამო, რომ ამბობს?! აცხადებს: "ხვალ მე შევდივარ სკოლაში". როგორ შედის ხვალვე, როცა დღეს კანონი ეუბნება, არ შეხვიდეო?
- სააკაშვილი რასაც აკეთებს, ყველაფერი კანონებს ეფუძნება?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სკოლა ვერაფერს იზამს, სანამ კანონი არ დაავალდებულებს. სამი ათას სკოლაში რა უნდა მოხდეს, ამას ერთ დღეში ვერავინ შეცვლის. მათ შორის, ვერც სააკაშვილი.
საინტერესო ის არის, რომ იმ დღეს სააკაშვილმა ერთდროულად ორი სისულელე თქვა: ისინი ერთმანეთს დაუპირისპირა. მან აღნიშნა, ჩვენმა სკოლამ თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები უნდა გაზარდოსო და ამავე დროს, ილაპარაკა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე. ჩვენი კანონი ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს გვთავაზობს, სააკაშვილი კი მეუბნება: არა, მე ბავშვობიდან ყველას ავტომატს ჩავჩრი ხელშიო! კიდევ თქვა, - ყველა ფეხბურთელი იქნება, და ფიგურებით მოციგურავეო. ხევსურეთის სკოლაში ფიგურული სრიალის გაკვეთილის წარმოდგენა შეგიძლიათ? რა სისულელეები ილაპარაკა! სკოლაში ფეხბურთის სწავლება კი, მისი აზრით, სავალდებულო იმიტომ უნდა გახდეს, რომ ის ფეხბურთის კარგად თამაშისთვის შეაქეს. და, კალათბურთი თუ მინდა?
ვინმე ფიქრობს, რომ მართლაც ამ იდიოტობების გათვალისწინებით მოხდება გარდაქმნები? სიტყვას გაძლევთ, რომ აი, ეს პარლამენტიც კი ვერ დაწერს კანონში, რომ ყველა ქართველი ბავშვი ივლის ფეხბურთზე. სააკაშვილს რამდენი ასეთი იდიოტობა წამოსცდენია! მაგალითად, მან თქვა, რომ შარშან, აგვისტოში, ასიათასკაციანი რუსული არმია შემოვიდა. მერე გააკრიტიკეს, ასი ათასი აქ, უბრალოდ, ვერ დაეტეოდაო. და შემდეგ თქვა, - ასი ათასი არ ეტევა, მაგრამ შემოდიოდნენ და გადიოდნენ, ჯამში კი ასი ათასი იყოო. კარგად ვერ გავიგე, რას გულისხმობდა... ციცერონმა თქვა, რომ შეცდომა არის ადამიანური. მაგრამ ციცერონივე ამბობს, რომ სიბრიყვე და იდიოტიზმი არის შეცდომაში გაჯიუტება. მიხეილ სააკაშვილი მაშინ კი არ იყო ბრიყვი, როცა ეს სისულელე თქვა: მაშინ, უბრალოდ, აზვიადებდა. ბრიყვი გახდა მას შემდეგ, რაც ამ სისულელის დაცვა დაიწყო.
ან მედეაზე რა ილაპარაკა! ეს ოროსანი! მე არ ვიცი, მედეა კარგი იყო თუ ცუდიო. მისთვის მთავარი ის არის, რომ მედეას იცნობდა ყველა. ამ ტექსტს მის ენაზე თუ ვთარგმნით, დაახლოებით ასე უნდა გავიგოთ: "არ ვიცი, მოვწონვარ თუ არა მსოფლიოს; რაღაც ისე ჰგავს, რომ ვიღაცებს არ მოვწონვარ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა - იმიტომ, რომ მე მიცნობს ყველა". მედეა ვარო, თქვა. ანუ, დავახრჩობ ჩემს საქართველოსო? და მედეა რატომ უნდა მოსწონდეს მსოფლიოს? რატომ "ატენის" ასე ძალიან? ტურისტებს რატომ აშინებს? ის ისტორიასა და მითოლოგიაში ყველაზე საშინელი ქალია, და ეს იცის ტურისტმა, რომელსაც განათლება მიღებული აქვს. მედეამ თავის მეტოქეს საჩუქრად გაუგზავნა კაბა, რომელიც მოწამლული იყო, და ის, რა თქმა უნდა, მოკვდა. ჩვენ ისეთი ქალის ძეგლი აღვმართეთ ბათუმში, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, თავის შეყვარებულს - იასონს ურჩია: ჩემი ძმა დაიჭირე, მოკალი, ნაწილებად აკუწე, მიმოფანტე და სანამ მათ მამაჩემი აიეტი შეაგროვებს, ჩვენ შავი ზღვით გავიქცევითო. მასზე კი პრეზიდენტი ამბობს, არ ვიცი, კარგი იყო თუ ცუდიო! ამდენ სისულელეს რომ სჩადის, მისი რეიტინგი გაიზარდაო რომ მეუბნებით, ჩემს ხალხზე რა ვიფიქრო? აქ სააკაშვილის პრობლემა არ დგას. ხვალ სააკაშვილის ადგილი ირაკლი ალასანიამ რომ დაიკავოს, ჩვენი საზოგადოება არც მის მიმართ იქნება კრიტიკული.
საერთოდ, მშობლების გასაგონად მინდა ვთქვა: ისინი კარგად უნდა გაერკვნენ, რა უნდათ. სწავლა გართულდება, რასაკვირველია. წელს 24 ათასი აბიტურიენტი რომ გახდა სტუდენტი, ასეთი ფლავის დარიგება მეტჯერ ხომ არ იქნება? ყველას ვენაცვალე, მაგრამ... ჩააბარეს უნარ-ჩვევების გამოცდა: თუკი ახტები, დახტები თუ არაო, - ეკითხებიან. კი, დავხტებიო, - უპასუხეს და ამაში მიიღეს სტუდენტობა. მერე ასეთი სტუდენტები მინისტრები გახდებიან, შემდეგ მოღვაწეობას დაასრულებენ და... სასწავლებლად წავლენ...
ასე რომ, დაფიქრდნენ. ჩვენ მიმართ ხომ არიან კრიტიკულები? ამას მივესალმები. ახლა კეთილი ვინებოთ და გავაგრძელოთ ეს მსოფლიო კანონების მოქმედება ხელისუფლების მისამართითაც.
ასევე, თუკი მშობლებს არ სურთ, რომ მათმა შვილებმა მაინცდამაინც მცირეწლოვან ასაკში მოკიდონ ხელი ავტომატს, მათ თავის დაცვა უნდა იცოდნენ. ჩვენ ცოდნა გვჭირდება. ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ მომავალს, როდესაც სკოლის მოსწავლეები იარაღით ხელში კუდით ქვას ასროლინებენ რუსეთის არმიას. ხომ დაიხარჯა ამაზე უზარმაზარი თანხები? ხომ ვნახეთ უკვე, რა შედეგიც მოჰყვა? ამიტომ გაკვირვებული ვარ იმით, რომ ხელისუფლებამ ომამდელი რეიტინგი დაიბრუნა. ეს სირცხვილია საზოგადოებისთვის - თუნდაც, ეს სირცხვილი დროებითი იყოს.
- მაგრამ, როგორც ჩანს, საზოგადოება სხვა არჩევანს ვერ ხედავს.
- საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს მესამე გზაც: არც ერთი.
- მაშინ, როდესაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდით 50%-იან ბარიერთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერები მიანიშნებდით, რომ შტატების მხარდაჭერის იმედი გქონდათ. მაგრამ ხელისუფლებამ მაშინ ამ საკითხშიც თავისი გაიტანა. ასეთი შემთხვევა კი არაერთია. ახლა რა მნიშვნელობას ანიჭებთ შტატების როლს?
- ჩვენი იმედები არ არის დაკავშირებული მხოლოდ იმაზე, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. არსებობს სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაში; ასევე, არსებობს საერთაშორისო ფაქტორი; გაეროს ფაქტორი; ბოლოს და ბოლოს, მსვლელობა მიეცა ერთ-ერთ შეფასებით დოკუმენტს, რომელიც საქართველოში დაავიწყდათ. ტალიავინის კომისიის დასკვნას ვგულისხმობ. ხელისუფლების აქციები დაეცემა არამარტო ისე, როგორც ეს ახლა ვლინდება ოფიციალურ დონის მიწვევების შეწყვეტის სახით, არამედ სხვა თვალსაზრისითაც...
- რაზე მიანიშნებთ? სააკაშვილს აქვს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. დასავლეთისთვის ეს ფაქტორი საყურადღებო არ არის?
- მილოშევიჩს თავის ქვეყანაში უმაღლესი ლეგიტიმაცია ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ შეუშალა ხელი მსოფლიოს, ის საბრალდებო სკამზე დაესვა. ახლა მიმდინარეობს კამათი იმაზე, თუ ვინ დასვამს სააკაშვილს სკამზე - ქართველი ხალხი თუ მსოფლიო. ასე რომ, აქ მხოლოდ ის ფაქტორები არ იმოქმედებს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. არის სხვა ფაქტორებიც...
Комментариев нет:
Отправить комментарий