09 апреля, 2011

უნივერსიტეტი კომისრებს შეეჩვია. რა მისია აქვს ალექსანდრე კვიტაშვილს?

"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
6 სექტემბერი, 2010


"ბატონმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, ალბათ, იცის, რომ თუნდაც ის ერთხმად აირჩიონ და ათასგვარი დითირამბებიც მიუძღვნან, ის უნივერსიტეტისთვისაც და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის  დარჩება გარედან დანიშნულ, დაბალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირად. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ის არ დაადასტურებს, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა ამ დაწესებულებაში, და რომ მისი დანიშვნა მდგრადი ეკონომიკური განვითარების მინისტრის დანიშვნის რიგისა არ არის", - აცხადებს "მთელ კვირასთან" საუბრისას ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ჯანდაცვის მინისტრის - ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნას? ოფიციალური ცნობის მიხედვით, მის კანდიდატურას უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მხარი დაუჭირა. თქვენი აზრით, რა შეიცვლება ამ თვალსაზრისით დეკემბერში დანიშნულ რექტორის არჩევნებზე? და, საერთოდ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კვიტაშვილის დანიშვნა უნივერსიტეტთან მიმართებით უკვე ჩამოყალიბებული სახელისუფლებო პოლიტიკის გაგრძელებაა; გაგრძელება ტენდენციის - რექტორის "დასმა გარედან"?
- რადგან აკადემიურმა საბჭომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ძნელი წარმოსადგენია, დეკემბერში რაიმე შეიცვალოს. როგორც ჩანს, ბატონი ალექსანდრე მოიპოვებს ამ თანამდებობას. ამ აზრით, ალბათ, არაფერი შეიცვლება. მე რექტორობის კანდიდატს ნაკლებად ვიცნობ და ნამდვილად არ შემიძლია, რაიმე ვთქვა მისი შესაძლებლობების შესახებ. უფრო იმედი მაქვს, რომ შეიცვლება და უნივერსიტეტში აღარ გამეორდება ის უდიდესი სირცხვილი, რომლის მომსწრენიც ვიყავით - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რარიტეტების მოპარვასა და გაყიდვას ვგულისხმობ, რაშიც ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ჩართულნი. უცნაურია: როგორც მომეჩვენა, ჩვენს მასმედიაში უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებდნენ არა ამ ფაქტზე, არამედ იმაზე, რომ რექტორმა უზარმაზარი ხელფასი დაინიშნა. არადა, როგორც მგონია, დიდი ხელფასის დანიშვნა ჯერ კიდევ ექცევა გარკვეულ ფარგლებში. რაც შეეხება წიგნების მოპარვასა და გაყიდვას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ, ამ ფაქტის შეფასებაც მიჭირს. ამის ჩამდენს წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, რას ნიშნავს პირველი ქართული უნივერსიტეტი ჩვენთვის, ან კიდევ, როგორც ახლა იტყვიან ხოლმე, "ლიბერალური ღირებულებების სასარგებლოდ" უნდა ახდენდეს ამ "ნაციონალისტური" ღირებულებების დეკონსტრუირებას. სახელისუფლებო იდეოლოგები კი დღესაც მორიდების გარეშე წერენ და ლაპარაკობენ, რომ ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება მოითხოვს ქართული სულიერების დეკონსტრუქციას, როგორც აუცილებელ წინაპირობას; რომ ღირსება ატავისტური გრძნობაა და ასე შემდეგ.
სიტყვამ მოიტანა და ვიტყვი იმასაც, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან რარიტეტების მოპარვა მხოლოდ ორიოდე დღის განმავლობაში თუ იყო ჩვენი მასმედიის განხილვის საგანი. და მასში უმრავლესობა ხედავდა არა უმძიმეს მორალურ დანაშაულს (კიდევ ერთ ნიშანს იმისა, თუ რა უკულტურო ადამიანების ხელშია ჩავარდნილი ბევრი ისეთი რამ, რისი ხელყოფაც მძიმე დანაშაულია), არამედ მხოლოდ შიდასახელისუფლებო ინტრიგების გამოხატულებას.
დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდება და მომხდარი ცუდი სიზმარივით დაგვავიწყდება. არავითარი ილუზია არ მაქვს: ნამდვილად ვიცი, რომ რეფორმამდელ უნივერსიტეტში კორუფცია იყო გაბატონებული და მისაღები გამოცდები ხშირად სრულიად უმსგავსოდ ტარდებოდა, მაგრამ ამ ფაქტით ჩვენ ისეთი უკულტურო ცინიზმის მომსწრე გავხდით, რომელთან შედარებითაც კორუფცია უვნებელ რამედ მეჩვენება.
სავალალოა, თუ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი არ არის რეფორმათა და რეფორმატორთა ზნეობრივი ავტორიტეტი და თავისი ნების უსიტყვო შემსრულებლებად მზად არის, დანიშნოს ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ მწირი წარმოდგენა აქვთ, რას შეიძლება წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოებისთვის პირველი ქართული უნივერსიტეტი. სამწუხაროდ, ამგვარ ნიჰილისტურ დამოკიდებულებას ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი თუ მისი თანამგზავრი ამჟღავნებს მთელი კულტურისა და სულიერების მიმართ და ამგვარ პლებეიზმს თეორიულადაც ამყარებენ. არადა, პლებეიზმი არსად და არასოდეს ქცეულა სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტად. ვფიქრობ, ეს იმდენად ცხადია, რომ განმარტებასაც არ მოითხოვს. არც დემოკრატია და არც ლიბერალიზმი არ შეიძლება ღირებულებების მიმართ ნიჰილიზმსა და მათ მიმართ უტილიტარულ დამოკიდებულებას ნიშნავდეს.
რაც შეეხება თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილს: ისევ და ისევ, მე ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილის პიროვნებას არ ვეხები. როგორც ჩანს, ხელისუფლებისათვის აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი დაწესებულების ტოტალური კონტროლი, როგორიც უნივერსიტეტია, რადგან, როგორც ჩვენმა უახლესმა წარსულმა არაერთხელ გვიჩვენა, მავანი ნიჰილისტების წარმოდგენათა საპირისპიროდ, სწორედ უნივერსიტეტი იყო ის დაწესებულება, სადაც საზოგადოებრივი აზრი იქმნებოდა.
პირველი ქართული უნივერსიტეტი არასოდეს განიხილებოდა მხოლოდ ერთგვარ საგანმანათლებლო ფაბრიკად, გარკვეული ცოდნისა და ჩვევების მქონე ადამიანების ტირაჟირებას რომ ახდენს. იგი წარმოადგენს - უნდა წარმოადგენდეს - ჩვენი ელიტარული სუბკულტურის "ადგილს", მცდელობას, რომ საზოგადოებამ თავისი საუკეთესო ინტელექტუალური და მორალური ძალების მობილიზება მოახდინოს და მარად განახლებადი ისტორიული იდენტობისაკენ იაროს. მიუხედავად ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ყველა ნაკლისა; მიუხედავად იმისა, რომ იგი ბევრი მიმართულებით ვერ პასუხობდა მოთხოვნებს, მას ჰქონდა მთავარი - საუნივერსიტეტო სული და პათოსი. დღეს, სამწუხაროდ, ხელისუფლების საკადრო პოლიტიკისა და მის იდეოლოგთა კულტურული ნიჰილიზმის წყალობით, ამ სულის გაქრობის შემსწრე ვართ. ჩანს, მავანთ და მავანთ სწორედ ამგვარი დაწესებულების არსებობა არ სურდათ. აქ ხომ ისტორიული ალტერნატივა, ისტორიულ სტრატეგიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ალტერნატიული წარმოდგენები შეიძლებოდა შობილიყო. ყოველთვის, ყველა რევოლუციონერს სწორედ ამისი ეშინია. ჰოდა, ასე ვიღებთ უცნაურ სოციალურ ინჟინერიას, რომელიც სრულიად არადემოკრატიული მეთოდებით ხორციელდება, ლიბერალურობაზე კი თავს დებს. სწორედ ესაა ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე. იგი ისეთივე ლიბერალიზმია, როგორი სოციალიზმიც იყო, თავის დროზე, ბოლშევიზმი.
რაც შეეხება უნივერსიტეტის რექტორის დანიშვნას, ეს ამ ტენდენციის მხოლოდ შედეგია. ხელისუფლება არ უშვებს ალტერნატიული აზრის ეპიცენტრების არსებობას. პირველი ქართული უნივერსიტეტის გაუქმება, ცხადია, აზრადაც არ მოსვლიათ და მას სხვა მეთოდებით მიხედეს. "კავკასიური სახლი", უბრალოდ, გააუქმეს. ქართული (როგორც მავანნი ზოგჯერ უწოდებენ - ნაციონალისტური) ინტელიგენციისათვის ეს და მსგავსი დაწესებულებები იყო საარსებო სივრცე, სადაც იგი, როგორც კოლექტიური პერსონა, თავისი აზრის გამომუშავებას ახერხებდა. დღეს ეს სივრცე აღარ არის. რაც იყო, ფუნქციონალურად ჩაანაცვლეს იდეოლოგიურად მართული და ლოიალური არასამთავრობოებით. ხოლო იქ, რისი გაუქმებაც ვერ მოახერხეს და რაც ჯერ კიდევ ინარჩუნებდა დამოუკიდებელი აზრის ეპიცენტრის მნიშვნელობას, მაღალი ხელფასებით უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, უსაზღვროდ ლოიალური კომისრები მიავლინეს.
ბატონი ალექსანდრე ინტელიგენტური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და ძალიან არ მინდა, მალე ისიც ამგვარი კომისრის როლში აღმოჩნდეს. არც უნივერსიტეტი და არც თავად ის არ არის ამგვარი დამოკიდებულების ღირსი.
- თქვენ ამბობთ, რომ ბ-ნი კვიტაშვილი ინტელიგენტური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ, როგორ ფიქრობთ, ის, როგორც კადრი გარედან - რექტორი, რომელიც არ არჩეულა შიდასაუნივერსიტეტო სივრცეში - შეცვლის უნივერსიტეტთან მიმართებით ჩამოყალიბებულ სახელისუფლებო პოლიტიკას? თქვენვე ხომ ამბობთ, რომ სწორედ ამ პოლიტიკიდან გამომდინარე, საუნივერსიტეტო სულისა და პათოსის გაქრობის შემსწრე ვართ? მაინც გაქვთ იმედი, რომ ახალი რექტორი შეძლებს, თუნდაც, ერთგვარად გააუვნებელყოს ის, რასაც თქვენ უწოდებთ ლიბერალიზმს დემოკრატიის გარეშე?
- რომ სურდეს კიდეც, გაუჭირდება. თუმცა, მას შეუძლია გარკვეული ნეგატიური პროცესების შეჩერება. სულაც არ მინდა, ვინმემ ჩათვალოს, რომ მე მის დარიგებას ვისახავ მიზნად. უბრალოდ, ჩემს აზრს მოგახსენებთ. საუნივერსიტეტო ავტონომიის საკითხი ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს დაისვა. მიღებულ იქნა შესაბამისი დადგენილებებიც, მაგრამ, სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა ვერ გაუძლო ამ ტვირთს. ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში რეფორმებს ხშირად კოსმეტიკური ხასიათი ჰქონდა და ყველაფერი ძველებურად რჩებოდა. ხდებოდა პარადოქსებიც: ყოფილ საბჭოთა იდეოლოგიურ დისციპლინებს სახელებს უცვლიდნენ და ამით მთავრდებოდა საქმე. არადა, საჭირო იყო სწრაფი ქმედება იმისათვის, რათა უნივერსიტეტი თავისი სასწავლო პროგრამებითა და სწავლების ორგანიზაციით ახალი ისტორიული სიტუაციის ადეკვატური გამხდარიყო.
ხოლო, როდესაც შენ ვერ პატრონობ საკუთარ თავს, აუცილებლად გამოგიჩნდება პატრონი - ამ შემთხვევაში, ხელისუფლების სახით. როგორც ვთქვი, ამ უკანასკნელისთვის უნივერსტიტეტი, უმთავრესად, პოლიტიკური ინსტიტუციაა, რომელმაც, თუ ტოტალური კონტროლი არ დაუწესე, შეიძლება მოულოდნელობები მოგართვას. სწორედ ამ შიშზე იყო აგებული ხელისუფლებისა და თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაც. დღეს გზაგასაყარზე ვართ: ან უნივერსიტეტი შეძლებს ახალ ისტორიულ ვითარებაში ახალი იდენტობის მოპოვებას - და ამ საქმეში რექტორის როლი ძალზე დიდია - ან პროცესი კვლავ საგანმანათლებლო ფაბრიკის ჩამოყალიბებისკენ წავა.
რეფორმებამდე უნივერსიტეტი არჩევანის წინაშე იყო. პრობლემა, რომლის წინაშეც ვიდექით, ალბათ ასეთი კითხვით შეიძლება გამოიხატოს: რად შეიძლება ქცეულიყო იგი: საბოლოოდ დაემსგავსებოდა იმ გულუბრყვილო სენტიმენტალურ წარმოდგენას, რომლისთვისაც უნივერსიტეტი ერთგვარ ეთნოგრაფიულ მუზეუმს თუ ნაციონალ-ფეტიშისტუს თეატრს წარმოადგენს, თუ მეორე პოლარობისაკენ წავიდოდა და მას ცოდნის ერთგვარ უსახო კონვეიერად გარდაქმნიდნენ? არჩევანი ამ უკანასკნელზე გაკეთდა.
არადა, თითქოს არსებობს სამეუფო გზა. აი, რას ვგულისხმობ: რა არის უნივერსიტეტი? იგი არ არის მხოლოდ ჩვენი ზერელე პატრიოტული გრძნობების დემონსტრირების ასპარეზი. იგი არც მხოლოდ ის დაწესებულებაა, სადაც გარკვეული უნარებისა და ჩვევების მქოდე ადამიანთა ტირაჟირება ხდება. როგორც ვთქვი, უნივერსიტეტი ის ინსტიტუციაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ჩვენს ისტორიულ იდენტობას ვპოვებთ. ეროვნული თუ საზოგადოებრივი იდენტობა ხომ არ არის იმგვარი რამ, რაც ერთხელ შეიძლება მოიპოვო და შემდეგ დააკონსერვო. ჩვენ მარად განახლებად სამყაროში ვცხოვრობთ და ჩვენთვის, როგორც მცირე ერისათვის, პირველი ქართული უნივერსიტეტი ის დაწესებულებაა, რომლის მეშვეობითაც სამყაროსადმი ჩვენს შესატყვისობას ვადასტურებთ; ვაჩვენებთ, რომ ჩვენი ინტელექტითა და ძიებათა სულით შეგვიძლია ვიყოთ სამყაროს ადეკვატურნი და მასში გარკვეულ მნიშვნელობას ვატარებდეთ; რომ ჩვენ მხოლოდ მომხმარებლები კი არ ვართ იმ ცოდნისა, რომელსაც სხვები ქმნიან, არამედ თავადაც ვეძიებთ და ძირეულ კითხვებსაც ვსვამთ.
ბოლო წლების განმავლობაში უნივერსიტეტიდან სწორედ ეს სული განიდევნებოდა: ფუნდამენტური კითხვების დასმის სული. არადა, ვფიქრობდი, რეფორმების შედეგად ის სენტიმენტალურ-პატრიოტული ფასადი მოშორდებოდა, რომლის მიღმაც, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად არაუნივერსიტეტული რამ იმალებოდა და თავად ჩვენ, როგორც ერსა და საზოგადოებას, ხელს გვიშლიდა. საკითხი მარტივად გადაწყდა: ფუნდამენტური მეცნიერებები მინიმუმზე დაიყვანეს; ისინი პრაგმატული თვალსაზრისით უფრო "საჭირო" საზოგადოებრივი მეცნიერებებით ჩაანაცვლეს. თავად ფუნდამენტური მეცნიერებების სწავლებაში გაგება ალგორითმების ათვისებამ შეცვალა. სხვაგვარად ვერ ამიხსნია გამოცდების ქცევა ტესტირებებად და ასიოდე კითხვით განსაზღვრა იმისა, იცის თუ არა სტუდენტმა ესა თუ ის საგანი - ვთქვათ, რომელიმე მათემატიკური ან ფილოსოფიური დისციპლინა.
ფუნდამენტური მეცნიერება სწორედ გაგების სფეროა და ტესტირება ამგვარ დარგებში უცნაურიცაა და არაფრის მომტანიც. გაგების ხარისხი მხოლოდ პედაგოგს შეუძლია დაადგინოს, თანაც, სტუდენტთან უშუალო კონტაქტში. ტესტირებების მეშვეობით იმის შემოწმება, იცის თუ არა სტუდენტმა ესა თუ ის საგანი, სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ სტუდენტს გააზეპირებინო იმის ფრაგმენტები და ალგორითმები, რაც ვიღაცას სხვაგან შეუქმნია.
გარდა ამისა, შეიძლება ვცდები (და ამაში ჩანს პროფესურის მიმართ უნდობლობაც), მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოცდის ტესტირებით ჩანაცვლება პედაგოგს ეჭვმიტანილის მდგომარეობაში აყენებს. პირადად მე ამგვარი დამოკიდებულების ეჭვი გამიჩნდა მაშინ, როდესაც აკადემიურ კონკურსში გამარჯვებულთა სასწავლო პროგრამები სარეცენზიოდ ანონიმურ პირებს გადასცეს, რომელთა შორისაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, აკადემიურ კონკურსში დამარცხებულებიც იყვნენ. ადვილი გასაგებია, თუ რას მივიღებდით შედეგად.
რეფორმა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ლოზუნგით დაიწყო. შედეგად კი უკანა პლანზე გადავიდა აკადემიური პერსონალის როლი და ადმინისტრაციაზე ორიენტირებული სწავლება მივიღეთ. სწავლებას განსაზღვრავს არა სტუდენტი და პროფესორი, არამედ ადმინისტრაცია. ამან კიდევ უფრო დაამსგავსა უნივერსიტეტი პოლიტიკურად და იდეოლოგიურად უვნებელ "განათლების ფაბრიკას".
ყველა ეს პრობლემა დგას დღეს ახალი რექტორის წინაშე. მე არ ვიცი, რა როლში იაზრებს ის თავს: მისთვის უნივერსიტეტის მოვლა ხელისუფლების დავალებაა და თავს აქ დროებით გრძნობს, თუ საკუთარ ბედს ამ დაწესებულებას უკავშირებს. უნივერსიტეტს ხომ ქმნიდნენ და ტრადიციას აგრძელებდნენ ადამიანები, ვისთვისაც უნივერსიტეტი მათი ბედი და დანიშნულება იყო.
- თქვენ ამბობთ, რომ ან უნივერსიტეტი შეძლებს ახალ ისტორიულ ვითარებებში ახალი იდენტობის მოპოვებას - და ამ საქმეში რექტორის როლი ძალზე დიდია - ან პროცესი კვლავ საგანმანათლებლო ფაბრიკის ჩამოყალიბებისკენ წავა. ახალი სახელისუფლებო ინიციატივის მიხედვით, რექტორის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის სამეცნიერო ხარისხის ქონა აუცილებელი არ არის. ამ ინიციატივას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?
- მე ვთქვი, უნდა შეძლოს-მეთქი. ეს იქნება ძალზე მნიშვნელოვანი სიმპტომი იმისა, რომ ჩვენი საზოგადოება სიცოცხლისუნარიანია და რომ ის არსებობას ინერციით არ განაგრძობს.
რაც შეეხება აკადემიური ხარისხის უგულვებელყოფას: მოდით, ისევ ნუ შევეხებით ბატონი ალექსანდრეს პიროვნებას. მისი განათლება, ის ოჯახური გარემო და ტრადიციები, რომელშიც გაიზარდა, გარკვეულ იმედებს ბადებს. თავად ტენდენცია კი, რბილად რომ ვთქვათ, პარადოქსად მეჩვენება. ჩანს, ისტორია იმეორებს თავის ფორმებს და სიტუაცია ძალზე ჰგავს 20-იანი წლების საბჭოთა კავშირს - როდესაც ბოლშევიკები სხვადასხვა ფრონტზე ნაბრძოლ პარტიულებსა და კომკავშირლებს, როგორც სანდო ხალხს, ყველაზე მაღალ თანამდებობებზე განაწესებდნენ. მათ იქ პარტიული წესრიგი უნდა დაემყარებინათ. ბატონმა ალექსანდრემ, ალბათ, იცის, რომ თუნდაც ის ერთხმად აირჩიონ და ათასგვარი დითირამბებიც მიუძღვნან, ის უნივერსიტეტისთვისაც და ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის  დარჩება გარედან დანიშნულ, დაბალი სამეცნიერო ხარისხის მქონე პირად. და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ის არ დაადასტურებს, რომ შემთხვევით არ მოხვედრილა ამ დაწესებულებაში და რომ მისი დანიშვნა მდგრადი ეკონომიკური განვითარების მინისტრის დანიშვნის რიგისა არ არის. ისე კი, უნივერსიტეტმა ისეთი ოთხწლეული განვლო, ეს არ უნდა იყოს ძნელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий