„ახალი 7 დღე“
22 ივლისი, 2010
22 ივლისი, 2010
რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკური პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ პარტიამ სათაო ოფისი გამოიცვალა. თუმცა, ეს ცვლილება მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობის არ არის; რესპუბლიკურ პარტიაში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებია: დაიხურა პარტიის რაიონული, თბილისის საქალაქო და ახალგაზრდული ორგანიზაციების ოფისები.
პარტიის ხელმძღვანელების ზემოთ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რესპუბლიკურ პარტიას აქამდე, ფინანსური თვალსაზრისით, ზურგს ამერიკა უმაგრებდა, ამჯერად კი იგი შტატების ინტერესების სფეროში მოწინავე პოზიციებს ვეღარ ინარჩუნებს.
რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს ამ ეჭვს და, საერთოდ, ნიშნავს თუ არა რესპუბლიკური პარტიის მასშტაბების (რომელიც მხოლოდ გეოგრაფიულ ასპექტში არ უნდა განვიხილოთ) მნიშვნელოვანი კვეცა მის ფაქტობრივ სიკვდილს? თინათინ ხიდაშელი „ახალი 7 დღის“ შეკითხვებს პასუხობს.
- რამდენიმე ხნის წინ რესპუბლიკური პარტიის ლიდერები სწორედ იმით ამაყობდნენ, რომ პარტიის ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ უფრო ფართოვდებოდა, ეს კი პირდაპირ მიანიშნებდა მის გაძლიერებაზე. ოფისების ერთმანეთის მიყოლებით დახურვა ხომ, ფაქტობრივად, თქვენი პარტიის სიკვდილს უდრის და მომავალში მისი არსებობა მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობის მქონე იქნება?
- ეს ცვლილებები არავითარ შემთხვევაში არ არის პარტიის სიკვდილის ტოლფასი. რესპუბლიკურ პარტიას ფინანსურად გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაც ჰქონია. და ვერც იმაში დაგეთანხმებით, რომ ამის შემდეგ ჩვენ მხოლოდ ნომინალური მნიშვნელობის მქონე პოლიტიკური ძალა გავხდებით. შეგახსენებთ: მაშინაც კი, როცა მინიმალური დაფინანსებით ვარსებობდით (რადგან არ არსებობდა კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ), პარლამენტში ვიყავით.
რასაკვირველია, რაიონული ოფისების დახურვა სერიოზულ პრობლემას შექმნის ადამიანური რესურსის ახალი ნაკადის მობილიზების თვალსაზრისით. რეგიონებში პარტიის წარმომადგენლობების არსებობა ადამიანებს ყოველთვის იზიდავს. ახლა ასეთი წარმომადგენლობები საქართველოში, სამწუხაროდ, გაქრა.
- თქვენ მიერ ოფისების დახურვასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოების ნაწილში კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ აქამდე არამხოლოდ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდით, არამედ ზურგს ამერიკული ფულიც გიმაგრებდათ, ახლა კი შტატების ინტერესების სფეროში მოწინავე პოზიციებს ვეღარ ინარჩუნებთ. ამაზე რას იტყვით?
- ეს აბსურდია. ვფიქრობ, რომ ჩვენი დაფინანსება არის ყველაზე უფრო გამჭვირვალე საქართველოში და შეგიძლიათ დაითვალოთ, საბიუჯეტო დაფინანსების კლების პარალელურად, როგორ იკლო ჩვენმა წლიურმა ხარჯებმა, რომლებსაც, ძირითადად, ოფისების ქირასა და შენახვაში ვიყენებდით.
- აქამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ აარსებდით და ამუშავებდით რაიონულ, რეგიონულ, თბილისის საქალაქო და ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისებს, მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსებით ახერხებდით?
- საბიუჯეტო სახსრებითა და ჩვენი პარტიის წევრების შემოწირულობებით - 100%-ით ქართული წყაროებით. მაგრამ შემოწირულობათა ოდენობა მინიმალური იყო. ძირითადად, საბიუჯეტო დაფინანსებაზე ვიყავით დამოკიდებული. ეს არის პარტია, რომელშიც ხელფასი არავის აქვს.
- არავის?
- არავის. პარტიის არც ერთ ლიდერს; არც ერთ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება იცნობს. მინიმალური ხელფასები აქვთ აპარატის წევრებს: მდივანს, ბუღალტერს...
პარტიის წევრთა უმრავლესობა ჩვენი ინტელექტუალური შრომით ვარსებობთ.
- კონკრეტულად?
- იმ საკონსულტაციო მომსახურებით, რომელსაც პერიოდულად საერთაშორისო ორგანიზაციები გვთავაზობენ.
- ფაქტობრივად, პარტიას საყრდენები ეცლება. მეთანხმებით?
- ასეთ დრამატიზებას არ მოვახდენდი, მაგრამ, ცხადია, საყრდენები შესუსტდება.
- ძალების მოკრებას როგორ აპირებთ? შექმნილი პრობლემის გათვალისწინებით, მომავალში სად მოიაზრებთ რესპუბლიკური პარტიის ადგილს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მოახერხებენ ქართველი ბიზნესმენები მარწუხებისგან გათავისუფლებას.
პარტიის ადგილს კი ნამდვილად ვხედავ ქართული პოლიტიკის წამყვან პოზიციებზე.
როცა პოლიტიური ტრიბუნა გიჩნდება, შენ მიმართ ინტერესიც იზრდება. იმისათვის, რომ პოლიტიკურ ორგანოებში გადაწყვეტილებების მიღებაზე გავლენა მოახდინო, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ არის მასში წარმოდგენილი შენი პოლიტიკური ძალა. თუ ეს წარმომადგენლობა მრავალრიცხოვანი არ არის, მაშინ უკვე შენს მეთოდებზეა დამოკიდებული, რამდენად შეძლებ, სულ მცირე, პოლიტიკური დისკურსის ტონი განსაზღვრო. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პრაქტიკულად, ყველა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვნად, საკრებულოში ვართ წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები ყველგან შეძლებენ საკუთარი სათქმელის თქმას.
- თბილისის საკრებულოში ერთი დეპუტატი - ეს არის იმედის მომცემი? ამ შედეგით თუნდაც თქვენ პოლიტიკური დისკურსის ტონის განსაზღვრას შეძლებთ?
- ერთი დეპუტატის ხმა, სავარაუდოდ, ძალიან ბევრ თბილისელზე უნდა გავამრავლოთ. ოპტიმიზმის საფუძველს, სწორედ, ეს მაძლევს. გარწმუნებთ, სექტემბრიდან კონკრეტულ შედეგებს ნახავთ.
- იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელშიც თქვენი პარტია აღმოჩნდა, გაქვთ ასეთი პერსპექტივის დანახვის საფუძველი?
- ყველანაირი რეალობის გათვალისწინებით. აბა, სასაფლაოზე წავიდე?!
Комментариев нет:
Отправить комментарий