06 апреля, 2011

სარიშვილი, სააკაშვილი, ალასანია – არჩევნებითა და ალიანსებით გაზომილი რესპუბლიკელები

„ახალ 7 დღე“
24 ივნისი, 2010


არჩევნების დასრულებისა და „ალიანსის“ დაშლის შემდეგ რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი „ახალ 7 დღესთან“ საუ
რისას აცხადებს, რომ „ალიანსს“ სისტემური პრობლემები ჰქონდა.

- ვიდრეალიანსისდაშლა ოფიციალურად გამოცხადდებოდა, მისი ლიდერები სისტემატურად ამტკიცებდით, რომ იგი ხელისუფლების ერთადერთი რეალური ალტერნატივა, ლიდერი ოპოზიციური ძალა იყო. რამ გამოიწვია გადაულახავი კრიზისიალიანსშიმისი შექმნიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევარში და ამ პოლიტიკური გაერთიანების ნაწილებად დაშლა?
- „ალიანსს“ სისტემური პრობლემები ჰქონდა. მისი დამფუძნებელი პარტიების თავსებადობის საკითხი პრინციპულად სხვა ტიპის პრობლემაა, ვიდრე ის, კოკა გუნცაძე შემოვიდოდა „ალიანსში“ თუ იქიდან წავიდოდა. ვერც თანათავმჯდომარის სტატუსის მქონე სოზარ სუბარის წასვლა გახდებოდა „ალიანსის“ ფუნქციონირების განმსაზღვრელი.
ჩვენ ალასანიას ვეუბნებოდით, რომ თბილისის მასშტაბით რეალური კონკურენციისთვის „ალიანსი“ თვითკმარი იყო. ალასანიამ კი 2010 წლის თებერვლის მეორე ნახევარში კვლავ გახსნა ლიდერი ოპოზიციური კანდიდატის თემა - მაშინ, როდესაც მას ეს თემა არ უნდა გაეხსნა. გარდა ამისა, დღეს, პოსტფაქტუმ, ალასანია ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის თვე-ნახევარი არ ეყო; არ უარყოფს, რომ დრო დაკარგა ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობაში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მან დააპირა იმ ფლანგზე მოქმედი პოლიტიკური თუ ყოფილი პოლიტიკური პერსონების მომხრობა, რომლებიც „ალიანსის“ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას აღიზიანებდა. პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ ალასანიას პარტიის სტილი განსხვავდებოდა რესპუბლიკური პარტიის სტილისგან. ჩვენი პარტიის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით მხოლოდ პარტიის პირველი პირები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამისთვის არსებობს ეროვნული კომიტეტი; ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებისთვის კი - პარტიის ყრილობა. დავით უსუფაშვილმა შენიშნა კიდეც, - ჩვენი პარტნიორი პოლიტიკური ძალების ხელმძღვანელები „მოსიარულე ყრილობები“ არიანო...
- ეს შეფასება ალასანიას მისამართით იყო ნათქვამი?
- ალასანია, რა თქმა უნდა, მისი პარტიის „მოსიარულე ყრილობაა“.
„ალიანსში“ შემავალი პარტიების განსხვავებული ორგანიზაციული წყობის გამო თბილისში, რეალურად, ორი საარჩევნო შტაბი ფუნქციონირებდა: მერისა და მაჟორიტარების. ეს კი ნიშნავდა „თავისუფალი დემოკრატების“ შტაბსა და რესპუბლიკელებისა და „ახლების“ შტაბს. არ მოხდა „ალიანსში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტების რესურსული გაერთიანება - იმის გამო, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიად ჩამოყალიბების ტექნოლოგია პრინციპულად განსხვავდებოდა რესპუბლიკელების პარტიული საქმინობის ტექნოლოგიისგან.
მიუხედავად იმისა, რომ „ალიანსმა“ დასახული ამოცანები ვერ გადაწყვიტა, იგი მაინც მივიდა არჩევნებამდე და მიიღო იმაზე მეტი ხმა, ვიდრე 2002 წელს - „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„ალიანსმა“ არსებობა რომ შეწყვიტა, ეს არ არის არც რესპუბლიკელების, არც „ახლების“, არც „საქართველოს გზის“ არჩევანი. ეს ალასანიას არჩევანია. საკუთარი პარტიის შექმნისთვის განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა და „ალიანსში“ ვალდებულებითი ურთიერთობებისგან გათავისუფლება - ეს არის ალასანიას არჩევანი. რესპუბლიკელების სურვილი კი იყო „ალიანსში“ მჭიდრო ინტეგრაციული პროცესის განვითარება - პარტიების შენარჩუნებით.
- მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკის სასახლის ცნობილი შემთხვევის გამო უკვე ღიად აკრიტიკებდით ალასანიას, საბოლოოდ, თქვენ კი არ გაემიჯნეთ მას, არამედ პირიქით მოხდა. თქვენი აზრით, რა არ მოეწონა ალასანიას, რესპუბლიკელების ფრაზეოლოგიითვე რომ ვთქვათ, ოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე პარტიისა?
- ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებში პოზიციათა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენი ურთიერთობა კორექტული იყო. ერთ რამეზე მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო: „თავისუფალ დემოკრატებში“ დომინირებდა აზრი, თითქოს ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქში უცნობი კანდიდატის წარდგენა ჯობდა ცნობილი კანდიდატის წარდგენას. ბუნებრივია, ჩვენ ამ ვერსიას სერიოზულად არ განვიხილავდით. და არჩევნების შედეგებმა ეს დაადასტურა. ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა „ალიანსის“ კანდიდატებს შორის? დათო საგანელიძემ, თინა ხიდაშელმა, მამუკა კაციტაძემ, სოფიო ხორგუანმა, ფიქრია ჩიხრაძემ, მანანა ნაჭყებიამ, შალვა შავგულიძემ და ლევან იზორიამ თავიანთ ოლქებში - ალასანიასთან შედარებით - მეტი ხმა აიღეს. „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წარდგენილმა ხუთმა კანდიდატმა კი მათთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები ხმა მიიღო. და არჩევნების შემდეგ, „თავისუფალ დემოკრატებს“ შორის მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციების დროს, შესაძლოა ჩათვალეს, რომ თუკი „ალიანსი“ არსებობას გააგრძელებდა, ისინი ისევ უკანა პლანზე დარჩებოდნენ - ალასანიას, რესპუბლიკელებისა და „ახლების“ ჩრდილში.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რესპუბლიკელებს გქონდათ სურვილი, ყველა შემთხვევაში შეგენერჩუნებინათ ალიანსი "მემარჯვენეებთან". რატომ ვერ მოახერხეთ ეს? თქვენ რა გქონდათ გასაყოფი?
- ვერ ვიტყოდი, რომ შექმნილ ვითარებაში ჩვენ ამის განსაკუთრებული სურვილი გვქონდა. „ახალმა მემარჯვენეებმა“ „ალიანსში“ შემავალი პარტიების ერთ პარტიად გაერთიანება შემოგვთავაზეს: ოთხივესი, სამის ან ორის. „ახლების“ ეს შეთავაზება ალასანიას მხრიდან პრაქტიკულად დისტანცირებული იყო. ამ საკითხთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის გავლენიან წევრებს შორისაც იყო აზრთა სხადასხვაობა. აუცილებლობის შემთხვევაში, ამ საკითხის გადასაწყვეტად პარტიის ყრილობას მოვიწვევდით (რაც, თავის მხრივ, გარკვეულ დროს მოითხოვდა). მაგრამ „ახლებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ერთი პარტიისკენ მსვლელობის პროცესი არ განვითარებულა. არც სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ პარტიაში გაერთიანების მომხრე.
შესაძლოა, ალასანიამ და მისმა პარტიამ ჩათვალეს, რომ ის ყოველი მეხუთე ხმა, რომელიც თბილისში „ალიანსმა“ მიიღო, „თავისუფალი დემოკრატების“ კაპიტალად აქციონ. თუმცა, ბიულეტენები სხვა რამეზე მეტყველებს. ალასანიას პარტიის წევრობა რომ ყოფილიყო საკმარისი მაჟორიტარულ ოლქში კენჭისყრისას, მაშინ ხუთი აუტსაიდერი არ იქნებოდა.
- კონკრეტულად, ვინ?
- ძალიან კარგი ადამიანები, რომლებიც იყვნენ დასახელებული თბილისში. მე ჩამოგითვალეთ ის რვა ადამიანი, რომლებსაც მაღალი შედეგი აქვთ. მოდი, იმ შეკითხვებისგან, რომლებიც პროვოკაციულობის ნიშნებს შეიცავს, თავი შეიკავეთ...
- სხვადასხვა დროს რესპუბლიკელების სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდათ ალიანსი შეკრული: ნოდარ ნააძისსახალხო ფრონტთან“, შემდეგ - ალიანსი ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ედპ-თან; შემდეგ - ალიანსი სააკაშვილისნაციონალურ მოძრაობასთან“; ბოლოს - ირაკლი ალასანიას სულ ახალგაზრდა და გამოუცდელ პარტიასთან. რა ახსნას ან გამართლებას უძებნით თქვენს ამ ნაბიჯებს - პარტიის ცნობილი ინტელექტუალური რესურსის გათვალისწინებით?
- არ ვფიქრობ, რომ ეს ოთხივე ნაბიჯი ცალსახად შეცდომად შეიძლება მივიჩნიოთ. „ალიანსი საქართველოსთვის“ დატვირთულია პლუსებითაც და მინუსებითაც. მას ქვეყნისთვის აბსოლუტურად არაფერი დაუშავებია. მიმაჩნია, რომ „ალიანსმა“ გააკოტრა საქართველოში „ჭექა-ქუხილისტების“ პოლიტიკური რიტორიკა. და, სხვათა შორის, მოგება არის 5:0-იც და მოგება არის 1:0-იც...
შევარდნაძისა და აბაშიძის მშვიდობიან გაშვებაში ჩვენი და სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლობა კი პოზიტიური იყო.
- აბაშიძის გაშვება საკამათო საკითხი არ არის. რაც შეეხება შევარდნაძის (სისტემას ვგულისხმობ) გაშვებას... რას ფიქრობდით იმაზე, თუ ვინ მოგყავდათ ქვეყნის ხელისუფლების სათავეში?
- ასე ერთმნიშვნელოვნად საკითხის დასმა არასწორად მიმაჩნია. ვის ვუშვებდი, ეს ვიცოდი. დიახ, ჩვენ არ ვუშვებდით მხოლოდ შევარდნაძეს; ვუშვებდით შევარდნაძის სისტემის ერთ ნაწილს. ერთი ნაწილი გავუშვით, მეორე კი მოძლიერდა...
რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტია მიდის კომპრომისებზე. მაგრამ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელების კომპრომისების ზღვარი ბევრისთვის უკომპრომისობის მიუღწეველი მწვერვალია.
- ოპოზიციიდან მაინცდამაინც სააკაშვილს, მაინცდამაინც სარიშვილს რატომ მიანიჭეთ უპირატესობა?
- სარიშვილი ჩვენ გარეშე საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავდა. ის ამიტომ დაგვიკავშირდა. ბარიერს დამოუკიდებლად ვერც ჩვენ გადავლახავდით. სარიშვილი და მაშინდელი ედპ კი იყო უკეთესი, ვიდრე მანამდელი და დღევანდელი ედპ. და თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, სარიშვილი იმ მომენტისთვის კეთროვანი იყო? მთავარი ის არის, რომ ჩვენ ხელისუფლების თანმხლებნი არ გავხდით.
- ანუ: მთავარია, არ გახდე ხელისუფლების თანმხლები და, სულ ერთია, ვისი პარტნიორი გახდები ოპოზიციურ ფლანგზე?
- მთავარია, რაც არ გეკუთვნის, ის არ მიიღო. იმ პერიოდში ან შევარდნაძე-ჟვანიას „მოქალაქეთა კავშირში“ უნდა ყოფილიყავი, ან - აბაშიძის „აღორძინებაში“. ან კიდევ, უნდა გქონოდა რესურსი, დამოუკიდებლად დარჩენილიყავი პოლიტიკაში - მათთან მიბმის გარეშე.
რაც შეეხება სააკაშვილთან ალიანსს: აბაშიძე და შევარდნაძე იყვნენ გასაშვები. სააკაშვილი ჩვენ არ მოგვიყვანია. 23 ნოემბერს შევარდნაძემ უზრუნველყო მისი გახელისუფლება. ჩვენ აბაშიძე მშვიდობიანად გავუშვით, ამის შემდეგ კი სააკაშვილთან ერთად არ ვიხელისუფლეთ. თუმცა, მან უფრო მოგვიანებით იბარტყა. 2007 წლის 7 ნოემბერი - 2008 წლის 7 აგვისტო - სააკაშვილის დეგრადაციის პიკი ამ თარიღებს მოიცავს. ამის შემდეგ ის დეგრადაციას აღარ ექვემდებარება. ამის შემდეგ მხოლოდ სასაცილოა.
- არ ფიქრობთ, რომ ალიანსის დაშლა ხელს შეუწყობს ოპოზიციურ სპექტრში დასავლური ვექტორის შესუსტებას და რუსულის გაძლიერებას - ბურჯანაძის, ნოღაიდელის, ოქრუაშვილის, გაჩეჩილაძის, კიწმარიშვილის სახით?
- რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. ჯერჯერობით ისინი არჩევნებით არ გაზომილან; ყოველთვის რეიტინგებით იზომებოდნენ. მათი რეიტინგები კი პლინტუსზე ქვემოთაა.
მმართველმა ძალამ საქართველოში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობას კითხვის ნიშანი დაუსვა. ჩვენ იგი უნდა წავშალოთ და პოლიტიკური პროცესი არჩევნების საშუალებით ვაწარმოოთ.
- როგორ? დაშლილი ალიანსით - ნოღაიდელიბურჯანაძე-ოქრუაშვილის გააქტიურების ფონზე?
- ეს არსებითი მნიშვნელობის საკითხი არ არის. რა იქნება რომელიმე შემოდგომაზე ან რომელიმე გაზაფხულზე, იმ კონკრეტულ ვითარებაში გამოჩნდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий