"რეზონანსი" - "მთელი კვირა"
3 მაისი, 2010
"ამას წინათ სააკაშვილმა ერთ-ერთი ოპონენტის ტუჩებზე ილაპარაკა. ის მართალი იყო: ხალხს რაც აინტერესებს, იმაზე ისაუბრა. ალასანიას ტუჩების ბრალია, საქმე ცუდად რომ არის საქართველოში? მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხვირიდან ხელს არ იშორებს და ალასანიას ხალი აქვს? მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას არ უნდა, სარკეში ჩაიხედოს", - "მთელ კვირას" რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრება.
- სოზარ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კენჭს აღარ იყრის. რამდენიმე დღის წინ "ალიანსის" მიერ გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება როგორ შეიძლება შეფასდეს?
- სუბარს არასდროს სურდა, ყოფილიყო ოპოზიციური ერთობის შემაფერხებელი. როგორც გახსოვთ, თავის დროზე, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად მის წარდგენას ოპოზიციაში აღფრთოვანება არ გამოუწვევია. ბევრი საყვედური მივიღეთ - წინასწარ რატომ გამოაცხადეთო...
- თუკი ამ ლოგიკას მივყვებით, ასეთივე საყვედური ალასანიასთან დაკავშირებითაც მიიღეთ.
- "ალიანსში" მიგვაჩნდა, რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯი სწორი იყო. მაგრამ პერსონალურად, სუბარმა სხვანაირად გაიაზრა ეს საკითხი: მან ჩათვალა, რომ ის პერსონალურად იყო მოვალე, ეს საკითხი რაღაცნაირად მოეგვარებინა. ამიტომ, როგორც გახსოვთ, მან წამოიწყო მოლაპარაკებები, რომელიც წარმატებით ვერ დასრულდა...
- რატომ, თქვენი აზრით?
- რატომ ვერ დასრულდა წარმატებით თუ რატომ წამოიწყო მოლაპარაკებები?
- თუ შეიძლება, ორივე შეკითხვაზე გაეცით პასუხი.
- მეტ-ნაკლებად გამოცდილი ნებისმიერი პოლიტიკოსი იტყოდა, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი ვერ მოჰყვებოდა. მაგრამ ბატონი სოზარი პოლიტიკაში არ არის ასე გამოცდილი. ამიტომ ის წავიდა და სცადა. ამ მცდელობაში ხელი არავინ შეუშალა, რა თქმა უნდა: პოლიტიკაში არავინ გეტყვის, როგორ უნდა მოიქცე. ყველამ თავად უნდა მიიღოს გამოცდილება.
ფაქტი ის არის, რომ მის მცდელობას შედეგი ვერ მოჰყვა. და, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამო ჩათვალა, რომ რაღაც სხვა ნაბიჯი უნდა გადაედგა - კენჭისყრიდან მოეხსნა თავისი კანდიდატურა. ეს ნაბიჯი მისი გადაწყვეტილება იყო. იგი ალიანსის სხვა თანათავმჯდომარეებს შეუთანხმა. მათ ეს არ მოიწონეს, მაგრამ არც უარყვეს. ეს იყო სოზარ სუბარის გადაწყვეტილება, რომელსაც "ალიანსი" დაეთანხმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სხვა გამოსავალი არ იყო.
- რატომ არ იყო, თქვენი აზრით?
- მის კანდიდატურას ძალით ხომ არ დავაყენებდით? მაგრამ სუბარი "ალიანსიდან" არ გასულა: ისევე მუშაობს ამ არჩევნებისთვის, როგორც ჩვენ.
- მაგრამ შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ სუბარმა თქვა, რომ ის განიხიბლა "ალიანსით".
- პერსონალურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. მეც რამდენჯერმე მქონდა განხიბვლები და მოხიბვლები. მაგალითად, ისეთი მწერალი, როგორიც არის ლევ ტოლსტოი, ხან ძალიან მომწონს, ხან კი - პირიქით: ძალიან არ მომწონს.
- ამ შემთხვევაში, ლიტერატურა პოლიტიკასთან რა კავშირშია?
- იმ კავშირშია, რომ ტოლსტოი მაინც რჩება ჩემი წიგნის თაროზე. სოზარ სუბარი მაინც დარჩა "ალიანსში" და... ხან მოიხიბლება, ხან კი... განიხიბლება.
- და ასეთი ცვალებადობა ოპოზიციურ ელექტორატზე გავლენას არ ახდენს?
- რაღაც გავლენას როგორ არ მოახდენს, მაგრამ გადაწყვეტი გავლენა ამას არ ექნება: ჩვენი ბრძოლა გრძელდება.
- სწორედ მას შემედგ, რაც სუბარმა თავისი კანდიდატურა მოხსნა, ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა - "სოზარი მზად არის, ყველანაირ, და არამხოლოდ საარჩევნო ბრძოლაში ჩაერთოსო". ეს განცხადება, თქვენი აზრით, რას უნდა ნიშნავდეს?
- ლევან გაჩეჩილაძის პოლიტიკური ენა არ მესმის. არ შემიძლია, კომენტარი გავაკეთო არც მის და არც მისი ძმის ბოლოდროინდელ განცხადებებზე - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მგონი თვითონაც არ იციან, რას ამბობენ.
- "უცნობმაც" რამდენჯერმე შენიშნა - "ეს ხელისუფლება 26-ში პარადს ვერ მიიღებსო". 26 მაისი კი, ფაქტობრივად, არჩევნების მიჯნა იქნება. ასეთ განცხადებებს ყურადღებას არ აქცევთ?
- შარშანდელი მოვლენების გამო ყველამ მივიღეთ გარკვეული პასუხები. მათ შორის, "უცნობმაც", რომლის რეიტინგიც შარშან იყო ძალიან მაღალი, წელს კი ძალიან დაბალია. შეცდომები ჩვენც დავუშვით და მათაც დაუშვეს. თუკი დასკვნებს გააკეთებს, კარგი იქნება. ვფიქრობ, რომ "უცნობის" პოლიტიკური კარიერა დაწყებისთანავე დამთავრდა. თავად მას ეს თუ არ ესმის, კი ბატონო, სცადოს. ახლა, მგონი, საკუთარ თავს თუ დააზარალებს. მას ჰქონდა ძალა, საზოგადოება დაეზარალებინა. და ეს უკვე გააკეთა: დააზარალა. თავი დაიზარალა, უპირველეს ყოვლისა. ახლა რაღა უნდა გააკეთოს, არ ვიცი. თუკი პოლიტიკური აზროვნებაა ფიქრი იმაზე, რომ პატრიარქი ანათემას გადასცემდა მიხეილ სააკაშვილს და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი, ეს ხომ დასრულდა? ხომ გავიგეთ ამაზე პასუხი? მასას რომ წაიყვან, რაღაცას შეჰპირდები და მერე არ მიიღებს, ის ყველაზე გაბრაზდება.
- თქვენ ამბობთ, რომ საზოგადოება არ აჰყვება გაჩეჩილაძეებს. სოზარ სუბარი ხომ აჰყვა გაჩეჩილაძეს "გამარჯვების ფორმულასთან" ერთად?
- ფაქტია, რომ "გამარჯვების ფორმულა" ვერ იქნა შემუშავებული.
რაც შეეხება ლევან გაჩეჩილაძეს: მისი აქტიურობა დღეს ჩემთვის გაუგებარია. რაზე ლაპარაკობს, რა ერთობაზე... კიდევ შეიძლება რაღაცის მიღწევაო. და... ვისთან?
- ასე ალასანიაც საუბრობდა - ის, მთელი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდა სწორედ ოპოზიციური ერთობის კონტექსტში.
- კი, მაგრამ დამთავრდა ეს ლაპარაკი, ხომ? ახლა კი რა შეიძლება გაკეთდეს ამ თვალსაზრისით, ვინმე გვასწავლის? როგორ მოვიქცეთ? ალასანიას კანდიდატურა მოვხსნათ? და მხარი დავუჭიროთ ვის? გია ჭანტურიას? თუ - გოგი თოფაძეს? საქართველოში "მრეწველები", როგორც ჩანს, ყველაზე ჭკვიანი ხალხი ყოფილა. დათვს არ სძინავს იმდენ ხანს, როგორც ამ პარტიას სძინავს არჩევნებიდან არჩევნებამდე. ეს პარტია, რეალურად, არ არსებობს. და უცებ გაირკვევა ხოლმე, რომ ელექტორალური შანსები აქვს! შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მხოლოდ ოპოზიციაში არ არის პრობლემა; პრობლემები საზოგადოებაშიც არსებობს.
- მიმდინარე პროცესებში ნოღაიდელის ფაქტორს როგორ აფასებთ?
- ჩემი აზრით, ნოღაიდელის ფაქტორი ახლა ძალიან უმნიშვნელოა და შემდგომში კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდება.
- მაგრამ ის, როგორც ჩანს, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადება.
- ნოღაიდელის მიერ ჩატარებული აჯანყების მე არ მჯერა. ის ხელებისა და ფეხების მტვრევაზე ლაპარაკობს. ეს პროვინციული საუბარია. ნოღაიდელისგან ჩე გევარა რომ დადგება, ამის თვითონაც არ სჯერა. თანაც, ის საკმაოდ ხელმოჭერილია ფინანსებთან მიმართებით. ე.წ. "ეროვნულ საბჭოს", როგორც ჩანს, ნამუსსა და მეხსიერებაზე ხელი აქვს აღებული. "ეროვნული საბჭოა", სადაც არის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვინც 7 ნოემბრის დარბევის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა? და რომლის მიერ საგანგებო მდგომარეობის არასწორად გამოცხადებამ (არ გამოაცხადა მთელ ქვეყანაში; გამოაცხადა მხოლოდ თბილისში) ბათუმში ახალგაზრდების დარბევა გამოიწვია? მერე დამრბევებმა ეს ფაქტი ასე ახსნეს: ჩვენ ნოღაიდელის ქართული ვერ გავიგეთო!...
ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ ხელისუფლება შეეცდება როგორც "ქრისტიან-დემოკრატების", ისე "მრეწველების" კარტის გათამაშებას. რაც შეეხება "ეროვნულ საბჭოს", ის თავიდანვე დაჩაგრულია: მან საკუთარ თავს თვითონ დაუსვა კითხვები და ცუდი პასუხები მიიღო. ჩემი აზრით, "ეროვნულ საბჭოს" (თუ რაც ჰქვია) რაც მოუვიდა, ისევ მათი პრობლემაა.
- ზვიად ძიძიგურს - იყო თუ არა ის ფორმალურად თქვენი პოლიტიკური პარტნიორი - ყოველთვის ამ - პარტნიორის სტატუსით იხსენიებდით. ახლა მის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალა?
- ეს მისი პოლიტიკური შეცდომაა. დარწმუნებული ვარ, ყველაზე ბედნიერი კაცი არ არის ზვიად ძიძიგური. ეს ავანტიურა სხვამ წამოიწყო მისსავე პარტიაში.
- კონკრეტულად, ვინ?
- კახა კუკავამ. ჩვენ მათ "ალიანსში" ვეპატიჟებოდით - პარტნიორობას ვთავაზობდით. არ ისურვეს. მათი იდეები, უბრალოდ, ჩიხია. ამიტომაც კრახი განიცადეს. და არჩევნები ამას, უბრალოდ, დაადასტურებს.
- ჰიმნი, რომელიც მამუკა ჩარკვიანმა დაგიწერათ, გამარჯვების რწმენას გმატებთ? არ ფიქრობთ, რომ მასში მელანქოლიური ტონი დომინანტია და, შესაბამისად, ჰიმნისთვის შეუფერებელი?
- გეთანხმებით, რომ ჰიმნში მელანქოლიური ტონია, თუმცა, უნდა გითხრათ: ბრაზილიის ნაკრების თამაშშიც არის პორტუგალიური, ანუ მელანქოლიური ელემენტი, მაგრამ ის ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია. ნეტავ, ყველაფერი იმ ჰიმნის დონეზე იყოს "ალიანსში". ჰიმნი, მხატვრული თვალსაზრისთ, ჩემი აზრით, მაღალი დონისაა.
- ამ ჰიმნით ხალხი უნდა აიყოლიოთ...
- მერე ვინ თქვა, რომ საქართველოში ამ ჰიმნით ხალხის აყოლიება შეუძლებელია? ვფიქრობ, რომ ეს ძააალიან ქართული ჰიმნია. ოდნავი სევდა ახლავს ყველა კარგ, ქართულ, ამყოლიებელ სიმღერას. თუ ვინმე ამბობს, რომ სიმღერაში "ჩემო კარგო ქვეყანავ" არ არის სევდა, იმას ან პოეზიასთან აქვს პრობლემა, ან - მუსიკასთან. არ არსებობს კარგი ქართული სიმღერა მელანქოლიის გარეშე. სამხრეთული ტიპის ნაციების რაღაც ნაწილს ეს შტრიხი ახასიათებს. რაც შეეხება ტექსტს: ღრმა ფილოსოფიური აზრები აქ არ გამოდგება - "რამ შემქმნა ადამიანად" ჰიმნად არ ივარგებს. ასე რომ, მელანქოლიურობას გიდასტურებთ, მაგრამ გარწმუნებთ: ჩვენ ამ ჰიმნის გამო არაფერი დაგვაკლდება: პირიქით, მოგვემატება.
რაც შეეხება სევდას, მას თავისი საფუძველი აქვს: რვაასი წლის განმავლობაში სახელმწიფო არ გვქონია.
- ალასანიას აწეული ცერა თითი "ალიანსის" სავიზიტო ჟესტად იქცა. როგორ ფიქრობთ, არ არის ეს ისევე არაბუნებრივი, როგორც, ვთქვათ, უგულავას სირბილია ბენზინგასამართი სადგურიდან ხორცის გასაყიდ დახლამდე და ა.შ?
- ბუნებრივი ჟესტი პოლიტიკაში ძალიან იშვიათია. პიარტექნოლოგიის მამა რომ ვიყო, არც ერთი თითი მომეწონებოდა, არც - ორი და არც - ათი. ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ და არ ვიცი, ეს დეტალი როგორ იმოქმედებს. მაგრამ არ მგონია, მას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ალასანიას გამომეტყველება, მისი ტექსტი გაცილებით მეტს ამბობს მასზე, თუნდაც რომელიმე ჟესტი.
- რომელი ტექსტი - "ჩვენ მოვალთ და შევცვლით"?
- დიახ. ტემბრი, რომლითაც ეს ტექსტი გამოითქმის, არის მშვიდი, გაწონასწორებული.
- მაგრამ ტექსტში გარკვევით არის ნათქვამი: "ჩვენ მოვალთ და შევცვლით".
- ეს საქმიანი საუბარია: თუ მოვალთ, შევცვლით...
- თუ მოხვალთ, შეცვლით, თუ - მოხვალთ და შეცვლით?
- როცა ფიქრობ - "თუ მოვალთ, შევცვლით", უნდა თქვა: "მოვალთ და შევცვლით". ეს პიარტექნოლოგიის სფეროდანაა. "თუ"- თი მხოლოდ წაგებულები ლაპარაკობენ.
- თქვენი საარჩევნო პროგრამით ვინმე დააინტერესეთ?
- ჩვენ მაინც ვწერთ ხოლმე - იმიტომ, რომ ჩვენ გვაინტერესებს. ახლაც, გვაქვს პროგრამა, რომელიც თანდათან ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის.
თუკი ამომრჩეველს პროგრამას აუხსნი, ის, რა თქმა უნდა, იმოქმედებს. მაგალითად, "ქრისტიან-დემოკრატების" ე.წ. პროგრამა (ეგ თუ პროგრამაა) - აბსოლუტურად ყალბი დაპირება იმაზე, რომ გაზი იქნება 10 თეთრი, წყალი - 5 თეთრი, ხომ წარმოუდგენელი ტყუილია? ვიცით, ვისგან ვყიდულობთ გაზს და ვიცით, რამდენად ვყიდულობთ. თუკი ზღაპრებს ყვებიან, მაშინ ისიც თქვან, რომ ყველაფერი უფასო იქნება და საბჭოთა კავშირი აღდგება. ამ ხალხმა შემთხვევით რომ გაიმარჯვოს და ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდნენ, მერე რას აპირებენ?
ჩვენს საზოგადოებაზე ასევე მოქმედებს, ვინ ესაუბრება. მაგალითად, გიორგი თარგამაძის ლაპარაკი ვიღაცას მოსწონს; მე კი მგონია, რომ 20-იან წლებში კომკავშირლები რომ იყვნენ, მათი გენი დაიმალა და აგერ, ამ მოძრაობაში გაცოცხლდა. არიან სხვებიც, რომლებიც 30-იანი წლების ტყაპუჭინ ჩეკისტებს ჰგვანან...
- და ირაკლი ალასანია, თქვენი აზრით, რით არის გამორჩეული?
- ვფიქრობ, რომ მას თანამედროვე იერი აქვს: არ ჰგავს 20-30-იანი წლების კომუნისტებსა და კომკავშირლებს.
- იმ უხერხული სიტუაციების შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში ალასანიასთან დაკავშირებით "ალიანსში" შეიქმნა, თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ სასურველ მხარდაჭერას მოიპოვებთ?
- ვფიქრობ, რაღაც მოძრაობებმა ყველა დააზარალა, მათ შორი - საზოგადოებაც და "ალიანსიც", მაგრამ გამოცდილება შეძენილ იქნა.
- გამოცდილება - არჩევნების წინ?
- ამ არჩევნებით არ მთავრდება ყველაფერი. საჯარო პოლიტიკაში ირაკლი ალასანიას გამოცდილება სჭირდება. მან ახლა სერიოზული გამოცდილება მიიღო. მე სწრაფ ცვლილებებს არ გპირდებით. ყველაფერი ერთ-ორ დღეში ნამდვილად არ მოხდება. ადრე ცოტა უფრო უპასუხისმგებლოდ გიპასუხებდით ამ საკითხზე, ახლა კი...
- სწორედ თქვენ აცხადებდით, რომ ადგილობრივი არჩევნები იქნებოდა გადამწყვეტი ეტაპი თვისებრივი ცვლილებებისთვის.
- გადამწყვეტი იქნება იმის შესაფასებლად, თუ რა ხდება ჩვენს საზოგადოებაში.
- შესაფასებლად და არა პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით?
- პროცესიც შეიძლება დაჩქარდეს. დიდწილად ვიქნებით დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ამომრჩეველი მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და რამდენს დავარწმუნებთ ჩვენს შესაძლებლობებში. და, სხვათა შორის, კიდევ იმაზე, თუ როგორი ამინდი იქნება. ამ რეალობას ვერსად გავექცევით. მზიანი ამინდი გვირჩევნია.
საქართველოს ხელისუფლება, იმ საქციელით, როგორიც მას დღეს ახასიათებს, ძალიან ბევრ ქვეყანაში სერიოზულ რეიტინგულ ვარდნას განიცდიდა. თუკი არჩევნების წინ მისი პრეზიდენტი ქვეყნიდან წავიდოდა და უპასუხისმგებლო ვოიაჟებში (ყოველგვარი ოფიციალური ვიზიტების გარეშე) დახარჯავდა დროსა და ბიუჯეტს, ძალიან ბევრ ქვეყანაში მისი პოლიტიკური ძალა მნიშვნელოვნად დაკარგავდა ელექტორალურ მხარდაჭერას.
- თქვენ ამბობთ, რომ შტატებში ის არავის მიუწვევია?
- მე კი არ ვამბობ; ეს არის ფაქტი: მიხეილ სააკაშვილი, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ესწრებოდა ბირთვული საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტს, რომელზეც საქართველოს ადგილი არ იყო: ბირთვული თვალსაზრისით საქართველო დაახლოებით ისეთივე პოტენციალია, როგორც ციფრული თვალსაზრისით. კი, ბატონო, მან ისარგებლა ამ შემთხვევით. მაგრამ კარგი იქნებოდა, ეს შესაძლებლობა გამოეყენებინა და იქ, სადაც ორმოცდაათი პრეზიდენტი იმყოფებოდა, რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა გაემართა. ის ვერავის შეხვდა. ხოლო ჰარვარდსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში როგორც გამოდის, ისე მე და ჩემი თანაპარტიელი კოლეგებიც გამოვსულვართ, და კიდევ გამოვალთ. სააკაშვილი გალა-სადილზე რომ იმყოფებოდა, ამით რა იცვლება? ისეთ დარბაზში ვყოფილვარ, რომელშიც მარგარეტ ტეტჩერი იყო. მერე რა?
ობამა ჩვენი რანგის ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა. მათ შორის, სომხეთის პრეზიდენტთან ისაუბრა. სააკაშვილთან საუბარი არავის აინტერესებს.
ამის შემდეგ მოხდა დიპლომატიური კაზუსი: ჯერ ითქვა, რომ სააკაშვილი რუმინეთში მიემგზავრებოდა, მერე კი შევიტყვეთ, რომ რუმინეთს არ სცალია ჩვენი პრეზიდენტისთვის...
- თქვენი დაკვირვებით, შტატები ისევ დებს ფსონს ალასანიაზე?
- ...ალასანიაზე-ც დებს ფსონს.
- ვისთან ერთად?
- სააკაშვილთან ერთად. მიშა არ მოსწონთ; არ ცდილობენ, მისგან ფეტიში შექმნან, მაგრამ ამ წუთას ის მათი გულებიდან გაძევებული არ არის.
ასე რომ, ალასანიაზე გარკვეულ იმედებს ამყარებენ, სააკაშვილს კი სტატუს-კვოს უნარჩუნებენ. სააკაშვილს აგრძნობინებენ, რომ თუკი მათ კლუბში ყოფნა სურს, მეტი დემოკრატია არის საჭირო. სააკაშვილი ამას როგორ გაიგებს და რას გააკეთებს, თქვენც იცით მშვენივრად: მეტი დემოკრატია თუ იქნება, ამ არჩევნებზე ვნახავთ. გაყალბება რომ არ სჭირდებოდეს, მაინც გააყალბებს. უკვე აყალბებს; უკვე იყენებს სახელმწიფო რესურსს. "არ გათეთრდების ყორანი".
- თუ ასეა, რატომ მიდიხართ არჩევნებზე?
- როგორ - რატომ მივდივართ? მიხეილ სააკაშვილი არ გამოსწორდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე მისი დამარცხება შეუძლებელია.
მნიშვნელოვანი იქნება საკრებულოში იმ ადამიანების გამოჩენა, ვინც შეძლებს, იქ ამინდის შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ. წინა არჩევნებზე ხელისუფლებამ თინა ხიდაშელის ადგილი, უბრალოდ, წაგვართვა. და "მრეწველებს" აჩუქა, თუ გახსოვთ. ყველა კანონის დარღვევით. მაშინ "მრეწველებს" მცირედი პოლიტიკური სინდის-ნამუსიც არ გამოუჩენიათ; თქვეს: "ჩვენ ასე ვკითხულობთ კანონს - იმიტომ, რომ იქ ტყემელაძის შვილი უნდა დავსვათ"...
* * *
...ჩვენი დედაქალაქი, ვატყობ, მოახერხებს და ჩემს მეზობელ მამუკა ახვლედიანს აირჩევს.
ტემპერატურა ჩვენს საზოგადოებაში ნორმაზე ზემოთაა: ის ავად არის - სიცხე აქვს. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ ოპოზიცია წმინდანები ვართ და ხალხი არ ვარგა. ვფიქრობ, რომ ყველას ერთნაირად გვაქვს პრობლემა. აზროვნება კი ერთ დღეში არ გარდაიქმნება.
ჩვენს ქვეყანაში ბატონობს ავადმყოფური აზროვნების, ექსპერიმენტატორების წრე. "დამპატიჟე" ჰქვია მოთხრობას იმაზე, რასაც ესენი აკეთებენ.
მიხეილ სააკაშვილს იდეა აქვს ასეთი: პირველი კლასიდანვე, ბავშვებს ხელიდან წიგნი გამოღლიტოს. მათ კიდევ, ნუ იტყვით, როგორ აქვთ ჩაბღუჯული!
სკოლაში მანდატურები - პოლიციელები შეიყვანეს. საზოგადოება კი, ძირითადად, ითმენს. 51-ე სკოლა, სააკაშვილმა რომ დაამთავრა, ითმენს. 24-ე - არ ითმენს. მანდატურები თავხედურად იქცევიან. ჯერ ერთი, რა უნდა პოლიციელს სკოლაში? მასწავლებელს გაკვეთილზე რომ შეეჭრება ვიღაც ტიპი და ეტყვის, - მე ვიცი სიის გამოკითხვა შენზე უკეთესადო!
- მათ გაკვეთილზე შესვლის უფლება ხომ არ აქვთ?
- არ აქვთ, მაგრამ შედიან. არც მღვდლებს აქვთ უფლება, მაგრამ შედიან. სასწავლო პროცესში არავინ უნდა ერეოდეს. მასწავლებლის ავტორიტეტი შეუვალი უნდა იყოს. ჩვენთან კი, ვიღაც მანდატურები, ვანო მერაბიშვილის მიერ სკოლაში მიჩენილი ხალხი, თანაც, ახალგაზრდები - თავხედურად იქცევიან. 850 ლარი აქვთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი კი 200 ლარზე დაბალია. კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ვიღაც ტიპები შედიან გაკვეთილებზე მასწავლებლებს საქმეებს ურჩევენ. ასეთ შემთხვევაში, ბავშვები საით გადაიხრებიან? არ გააჩენენ ეს მანდატურები სკოლაში, ბავშვებს შორის საიდუმლო აგენტების ქსელს? ამბობენ, ეგ შაშკინის კი არა, "თავისუფლების ინსტიტუტის" იდეაა, რომლითაც იგი შაშკინს აკონტროლებსო. მე კი მგონია, რომ მშვენივრად უგებენ ერთმანეთს. საზოგადოება კი ამას ითმენს.
არველაძე და წამალაშვილი თავიანთ ადგილებზე რომ სხედან, ეს მიუთითებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაცილებით დიდი პრობლემებია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებში.
ამას წინათ სააკაშვილმა ერთ-ერთი ოპონენტის ტუჩებზე ილაპარაკა. ის მართალი იყო: ხალხს რაც აინტერესებს, იმაზე ისაუბრა. ალასანიას ტუჩების ბრალია, საქმე ცუდად რომ არის საქართველოში? მთავარი პრობლემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ცხვირიდან ხელს არ იშორებს და ალასანიას ხალი აქვს? მთავარი პრობლემა ის არის, რომ საზოგადოებას არ უნდა, სარკეში ჩაიხედოს.
Комментариев нет:
Отправить комментарий